საქმე №ბს-218(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი (მოპასუხე)
მესამე პირები - მ. ჯ-ე, ამხანაგობა „პ...“, შპს „გ...“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ. მ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 24.11.2017წ. ͏№... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში, მე-8 სართულზე მდებარე ბინა 40-ზე (საკადასტრო კოდი ...) მ. მ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.07.2021წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „გ...“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „პ...“.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.01.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
4.1. ამხანაგობა „პ...ს“ („დამკვეთი“) და შპს „გ...ს“ („მენარდე“) შორის 09.11.2010წ. დადებული ნარდობის ხელშეკრულებით „მენარდემ“ იკისრა დამკვეთისთვის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენების ვალდებულება, ხოლო „დამკვეთმა“ იკისრა „მენარდისთვის“ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ასაშენებელი ფართის ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
4.2. ამხანაგობა „პ...ს“ წევრთა 26.06.2012წ. საერთო კრების ოქმით ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ამხანაგობის კუთვნილი მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი ...) საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამავე კრების ოქმის მიხედვით მერვე სართულზე ფართები განაწილდა შემდეგნაირად: ბინა №39 - შპს „გ...“ (ს/ნ ...) – 66 კვ.მ.; ბინა №40 - მ. მ-ე (პ/ნ ...) – 56 კვ.მ.; ბინა №41 - შპს „გ...“ (ს/ნ ...) – 81.00 კვ.მ.; ბინა №42 - თ. მ-ე (პ/ნ ...) – 120 კვ.მ.; ბინა №... - შპს „გ...“ (ს/ნ ...) – 90 კვ.მ..
4.3. მ. ჯ-ესა და შპს „გ...ს“ შორის 28.12.2012წ. გაფორმდა უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შესაბამისი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ შპს „გ...მა“ აიღო მყიდველისთვის მ. ჯ-ეისთვის ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე, 78 კვ.მ. ფართობის მქონე ბინა №39-ის გადაცემის ვალდებულება.
4.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.11.2016წ. №2-883/2016წ. გადაწყვეტილებით მ. ჯ-ეის სარჩელი შპს „გ...ს“ მიმართ დაკმაყოფილდა, მ. ჯ-ეის მიერ სამომავლო საკუთრების უფლებით შეძენილი უძრავი ქონება - ქ. ბათუმში, ...ს ქუჩების №...-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე, ბინა №39-დან დარჩენილი 45 კვ.მ. ფართი (ინდმეწარმე ბ. ლ-ეის მიერ 28.11.2016წ. შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით), რომელიც ირიცხებოდა შპს „გ...ს“ საკუთრებაში, აღიარებულ იქნა მოსარჩელის საკუთრებად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 1040 აშშ დოლარის გადახდა, სარჩელი იბა „პ...ს“ მიმართ, არ დაკმაყოფილდა.
4.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ 24.11.2017წ. №... გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ბინა №40-ზე (ფართი 45 კვ.მ., მშენებარე) აღირიცხა მ. ჯ-ეის საკუთრების უფლება.
4.6. აჭარის რეგიონული ოფისის 01.05.2019წ. №... გადაწყვეტილებით მ. მ-ეს სარეგისტრაციო წარმოებაზე ეთქვა უარი, ვინაიდან სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე - ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ბინა №40-ზე რეგისტრირებული იყო სხვა პირის (მ. ჯ-ეის) უფლება.
4.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.04.2020წ. განჩინებით იბა „პ...ს“ წევრების - ა. ბ-ეის, ფ. ვ-ეის, ი. ა-ეის, ა. ც-ეის, დ. მ-ეს, ლ. გ-ეის, ვ. მ-ეის და მ. მ-ეის განცხადება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.11.2016წ. გადაწყვეტილების (საქმე №2-883/2016) ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ძალაში დარჩა ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ბინა №40-ზე (ფართი 45 კვ.მ., მშენებარე) მ. ჯ-ეის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.11.2016წ. გადაწყვეტილება (საქმე №2-883/2016).
4.8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მ. ჯ-ეის საკუთრებაში დასარეგისტირებელი 45 კვ.მ. ფართის სახელმძღვანელო დოკუმენტს, მისი ოდენობის/მდებარეობის დადგენის თვალსაზრისით, წარმოადგენდა კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილება და მისი შემადგენელი ნაწილი -ინდმეწარმე ბ. ლ-ეის მიერ შედგენილი 28.11.2016წ. აზომვითი ნახაზი, რომლითაც იდენტიფიცირებულია მ. ჯ-ეის საკუთრებად აღიარებული კონკრეტული ფართობი. აღნიშნულ აზომვით ნახაზზე დატანილი 45 კვ.მ. ფართი ექცეოდა, შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული, სახლის მე-8 სართულზე განთავსებული, №39, 78 კვ.მ. ფართის იმ ბინის საზღვრებში, რომელზეც მ. ჯ-ეს შპს „გ...თან“ 28.12.2012წ. გაფორმებული ჰქონდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. გარდა აღნიშნულისა, საჯარო რეესტრში დაცულ, მშენებლობის შეთანხმებულ პროექტში მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული 56 კვ.მ. ფართის ბინა არ არის მოცემული, ხოლო იბა „პ...ს“ 26.06.2012წ. კრების ოქმის განშლით ბინების ნუმერაცია და შეთანხმებული პროექტით განსაზღვრული ბინები, ერთმანეთთან არ მოდის შესაბამისობაში.
4.9. საჯარო რეესტრმა გამოიკვლია, რომ ინდმეწარმე ბ. ლ-ეის 28.11.2016წ. აზომვით ნახაზზე დატანილი ფართი არ იყო აღრიცხული სხვა პირის საკუთრებაში, ხოლო საჯარო რეესტრში დაცული მშენებლობის ნებართვაზე დართული, შეთანხმებული პროექტის მე-8 სართულის გეგმით შესაძლებელი იყო ნახაზზე დატანილი, მ. ჯ-ეისთვის გადასაცემი ფართის იდენტიფიცირება. საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილია ისიც, რომ საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე მდებარე, შეთანხმებული პროექტით განსაზღვრული რიგი ფართების გაყოფა-გაერთიანების ხარჯზე, ბინა №39-ის ნაწილი (78 კვ.მ.-დან 33 კვ.მ.) მიერთებული იყო, მის უკან 1-2 – „გ“ და „ე“ ღერძებს შორის არსებულ - 33 კვ.მ. ფართთან და აღნიშნული 66 კვ.მ. ფართი, ბინა №39-ად რეგისტრირებული იყო სხვა პირის, სახელზე, 78 კვ.მ. ფართიდან კი 45 კვ.მ. ფართი იყო თავისუფალი. სწორედ ნუმერაციის გაორების თავიდან არიდების მიზნით, მ. ჯ-ეის საკუთრებაში დასარეგისტრირებელ ბინას მიენიჭა ნომერი 40. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო დავის პროცესში ამხანაგობა „პ...ს“ სადავოდ არ გაუხდია ინდმეწარმე ბ. ლ-ეის 28.11.2016წ. აზომვითი ნახაზის შესაბამისი ფართის მ. ჯ-ეის საკუთრებად აღიარება.
4.10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ეის საკუთრებად იქნა აღიარებული მის მიერ სამომავლო საკუთრების უფლებით შეძენილი უძრავი ქონება - ქ. ბათუმში, ...ს ქუჩების №...-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე მდებარე, ბინა №39-დან დარჩენილი 45 კვ.მ. ფართი (ინდმეწარმე ბ. ლ-ეის მიერ 28.11.2016წ. შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით), რომელიც ირიცხებოდა შპს „გ...ს“ საკუთრებად.
4.11. სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებზე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, მე-8-მე-9 მუხლებზე, 23-ე მუხლის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 82-ე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულობა და კანონმდებლობით მისი იძულებითი აღსრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს (სუსგ 07.10.2020წ. საქმე №ბს-1294(2კ-19)).
4.12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და მ. მ-ეის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობის დადგენილება არ მიუთითებენ სადავო გადაწყვეტილების კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიღებაზე. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიუხედავად არ გამოირიცხება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა უფლების დამდგენი დოკუმენტი ქ. ბათუმში, ...ს ქ. №.../...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, მე-8 სართულზე მდებარე 56 კვ.მ. ფართზე, თუმცა მ. მ-ეის მიერ საკუთრების უფლების რეალიზაციის ხელისშემშლელი გარემოება არ წარმოადგენს მოცემულ დავაზე შესაფასებელ საკითხს და უნდა გადაწყდეს სხვა სახის სამართალწარმოების დროს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5.1. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. საჯარო რეესტრმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა კანონდარღვევით, რითაც შელახა იბა „პ...ს“ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება და მ. მ-ეის მომავალი საკუთრების უფლება, რომელიც შპს „გ...სა“ (მენარდეს) და მ. ჯ-ეს შორის სადავო მომავალი საკუთრების უფლების წარმოშობამდე არსებობდა.
5.2. მ. ჯ-ემ სამშენებლო კომპანიასთან აწარმოა დავა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მას გადაეცა შპს „გ...ზე“ რიცხული ბინა 39-დან დარჩენილი ფართი, ხოლო სადავო საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით მისი საკუთრების უფლება აღირიცხა იბა „პ...ს“ საკუთრებაში არსებულ ბინა 40-ზე, ამასთან, სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია 29.11.2016წ., ხოლო მ. ჯ-ემ აზომვითი ნახაზი სასამართლოში წარადგინა 05.12.2016წ., ანუ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. აღნიშნული ნახაზი წინააღმდეგობაშია, როგორც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებასთან. ზედდების არსებობა და ინდმეწარმე ბ. ლ-ეის 28.11.2016წ. აზომვითი ნახაზის უსწორობა დასტურდება ექსპერტიზის დასკვნებით. გარდა ამისა, სამოქალაქო საქმეზე სასამართლომ იმსჯელა „ბ. ლ-ეის“ ნახაზით, ხოლო საჯარო რეესტრმა სადავო რეგისტრაცია „ბ. ლ-ეის“ ნახაზის საფუძველზე განახორციელა. აღნიშნული შეუსაბამობა სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ტექნიკურ შეცდომად.
5.3. სასამართლომ არ გამოიყენა გადაწყვეტილების აღსრულების დროს მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15-მე-151 მუხლები და არ განმარტა „კრედიტორისა“ და „მოვალის“ ინსტიტუტი. საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილება აღასრულა არამოვალე პირის მიმართ და იმ პირის უძრავი ქონების ხარჯზე, რომლის მიმართაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.4. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი და არ დაუდგენია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები. მ. ჯ-ემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნაცვლად ბინა 39-ისა მოითხოვა ბინა 40-ზე, რაც წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა. საჯარო რეესტრმა არ გაითვალისწინა, რომ მ. ჯ-ეის მიერ წარდგენილი 28.11.2016წ. აზომვითი ნახაზით განსაზღვრული 45კვ.მ. ფართი არ ექცეოდა მშენებარე საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულის საბოლოო განშლის ოქმის მიხედვით რეგისტრირებულ ნახაზებში. საჯარო რეესტრმა რეგისტრაციის დროს იხელმძღვანელა არა საჯარო რეესტრში დაცული საბოლოო 26.06.2012წ. კრების ოქმითა და ნახაზებით, არამედ ძველი ტექნიკური დოკუმენტით (პროექტით), რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას იყო გაუქმებული, ამასთან, ძველ პროექტში ხსენებული ფართები არ იყო დანომრილი, შესაბამისად გაუგებარია საჯარო რეესტრის დასკვნა 78კვ.მ. ფართობის მქონე ბინის №39 ბინად მიჩნევის თაობაზე. საჯარო რეესტრს არ გააჩნდა ამხანაგობის ბინებისთვის ნუმერაციის თვითნებურად მინიჭების უფლება.
5.5. კასატორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე იგი ცნობილი იქნა დაზარალებულად და მიმდინარეობს გამოძიება დოკუმენტაციის სიყალბისა და თაღლითობის ფაქტზე, ხოლო საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაში მან ასევე მიუთითა პროკურორის დადგენილების საფუძველზე მესამე პირისათვის მ. ჯ-ეისთვის ბრალის წარდგენის შესახებ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. კასატორმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქმეზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 05.03.2025წ. №5001274425 ექსპერტიზის დასკვნის დართვის მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
10. საქმის მასალებში დაცული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.11.2016წ. გადაწყვეტილებით მ. ჯ-ეის სარჩელი შპს „გ...ს“ მიმართ დაკმაყოფილდა, მ. ჯ-ეის მიერ სამომავლო საკუთრების უფლებით შეძენილი უძრავი ქონება - ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი ...) მე-8 სართულზე, ბინა 39-დან დარჩენილი 45კვ.მ. ფართი (ინდმეწარმე ბ. ლ-ეის მიერ 28.11.2016წ. შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით), რომელიც ირიცხება შპს „გ...ს“ საკუთრებაში, აღიარებული იქნა მ. ჯ-ეის საკუთრებად, შპს „გ...ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 1040 აშშ დოლარის გადახდა, სარჩელი იბა „პ...ს“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.
მ. ჯ-ემ 10.10.2017წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და ხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ბინა 40-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ. 3, ს.ფ. 89). მარეგისტრირებელ ორგანოს ასევე წარედგინა სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული ინდმეწარმე ბ. ლ-ეის მიერ 28.11.2016წ. შესრულებული აზომვითი ნახაზი (ტ. 3, ს.ფ. 105). მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ 24.11.2017წ. მიიღო სადავო რეგისტრაციის შესახებ ͏№... გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში, მე-8 სართულზე მდებარე, 45კვ.მ. ფართობის მქონე ბინა 40-ზე (საკადასტრო კოდი ...) აღირიცხა მ. ჯ-ეის საკუთრების უფლება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მართლზომიერება.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულობა აგრეთვე დადგენილია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით.
12. სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/531, II - 25).
13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის 6.1 მუხლი იცავს საბოლოო, სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას (mutatis mutandis, Ouzounis and Others v. Greece, 2002, §21). მითითებული მუხლის მიზნებისთვის ასეთი გადაწყვეტილებების აღსრულება „საქმის განხილვის“ უფლების განუყოფელი ნაწილია (Hornsby v. Greece, 1997, § 40; Scordino v. Italy (no. 1) [GC], 2006, §196). აქედან გამომდინარე სამართალწარმოებაში მონაწილე მხარის ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებას (Hornsby v. Greece, 1997, §41; mutatis mutandis, Kyrtatos v. Greece, 2003, §32).
14. კანონიერ ძალაში მყოფი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.11.2016წ. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს „გ...ს“ მ. ჯ-ეის მიმართ ვალდებულება არ შეუსრულებია, მასზე გადასაცემი მე-8 სართულზე არსებული 78კვ.მ. ფართიდან ნაწილი საკუთრებაში სხვა პირს გადაეცა და დარჩა 45კვ.მ. (იხ. ინდმეწარმე ბ. ლ-ეის მიერ 28.11.2016წ. შედგენილი აზომვითი ნახაზი) ფართი, შესაბამისად მ. ჯ-ემ მოითხოვა 45 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლების აღიარება, ამ ქონებაზე იბა „პ...ს“ პრეტენზია არ აქვს (იხ. 3.2.1.-3.2.2. პუნქტები). ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის მოვალე, ასევე მითითება მასზედ, რომ აღსრულება განხორციელდა ამხანაგობა „პ...ს“ საკუთრებიდან, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსკ-ის 266-ე მუხ.). კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების დაძლევა არ ხდება ახალი სარჩელის შეტანით. პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, საზედამხედველო წარმოების წესებს. სსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება (სუსგ №ბს-1103(კ-24), 24.02.2025წ.).
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. მ-ემ და იბა „პ...ს“ სხვა წევრებმა განცხადებებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.11.2016წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლების მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განიკარგა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით მ. მ-ეზე გადაცემული ქონება, თუმცა ამხანაგობის წევრები, მათ შორის მ. მ-ე, დავის განხილვისას მიწვეული არ ყოფილან. საბოლოოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.04.2020წ. განჩინებით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სამოქალაქო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ჯ-ეის სარჩელთან დაკავშირებით მიმდინარე სამოქალაქო დავაზე მოპასუხედ დასახელებული იბა „პ...ს“ თავმჯდომარის სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა და მის მიერ შესაგებლის წარდგენა ადასტურებს, რომ ამხანაგობის ყველა წევრი კანონით დადგენილი წესით იყო მიწვეული და ინფორმირებული სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ და გააჩნდათ დავის განხილვაში პირადად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. პალატამ არ გაიზიარა აგრეთვე განმცხადებლების პრეტენზია იმაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს ისეთ აზომვით ნახაზზე მითითებას, რომელიც დავის არსებითი განხილვისას წარდგენილი და შეფასებული არ ყოფილა. პალატამ მიიჩნია, რომ იბა „პ...ს“ წევრებს შეეძლოთ ამ მოტივით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება, რაც არ განუხორციელებიათ.
17. საქმის მასალებში დაცული 28.12.2012წ. უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „გ...მა“ აიღო მ. ჯ-ეისთვის ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე, ბინა №39, 78კვ.მ. საცხოვრებელი ფართის გადაცემის ვალდებულება. პროექტის მთავარი არქიტეტორის მ. ქ-ეის მიერ შესრულებული ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში ასაშენებელი რვასართულიანი საცხოვრებელი სახლის „ტექნიკური სპეციფიკაციის“ თანახმად, (VI-VII-VIII სართულების) თითოეულ სართულზე გათვალისწინებული იქნა 78კვ.მ. ფართის ოდენობის ოროთახიანი ერთი ბინა (ტ. 3, ს.ფ. 86). ქ. ბათუმის მერის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 12.03.2012წ. შეთანხმებული №102 პროექტი შეიცავს მე-8 სართულის სართულებრივ გეგმას (ტ. 2, ს.ფ. 301), რომელზეც ასახულია 78 კვ.მ. ფართობის ოდენობის მხოლოდ ერთი ბინა. ამდენად, საქმეში დაცული მასალები იძლევა 78 კვ.მ. ფართის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების საშუალებას, რომელიც მესამე პირის მ. ჯ-ეის მითითებით შეადგენდა 28.12.2012წ. უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს.
18. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ №102 საცხოვრებელი სახლის პროექტის (არქიტექტურული ნაწილი) შეთანხმების დროისთვის მოქმედებდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილება (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 02.03.2020წ. №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს (1.1 მუხ.). აღნიშნული დადგენილების 46-ე მუხლი ითვალისწინებდა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას. პროექტის შემადგენლობა მოიცავდა შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს (47.1 მუხ. „ა.გ.ე“ ქვ.პ.), ამდენად, არქიტექტურული პროექტი, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავდა ბინების ფართობების შესახებ ინფორმაციას.
19. მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ 12.03.2012წ. შეთანხმებულ №102 პროექტში მე-8 სართულზე ასახულია შემდეგი ოდენობის ფართები: 33კვ.მ., 78კვ.მ., 41კვ.მ., 39კვ.მ., 40კვ.მ., 92კვ.მ., 90კვ.მ., ხოლო ამხანაგობა „პ...ს“ წევრთა საერთო კრების 26.06.2012წ. ოქმში ფართები განაწილდა შემდეგნაირად: 66კვ.მ. (ბინა №39 – შპს „გ...“), 56კვ.მ. (ბინა №40 – მ. მ-ე), 81 კვ.მ. (ბინა №41 - შპს „გ...“), 120 კვ.მ. (ბინა №42 – თ. მ-ე), 90 კვ.მ. (ბინა №... - შპს „გ...“). ამდენად, შესაბამისი სამსახურის მიერ შეთანხმებული №102 პროექტისა და ამხანაგობა „პ...ს“ წევრთა საერთო კრების 26.06.2012წ. ოქმის შეუსაბამობის გათვალისწინებით კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირის სახელზე დარეგისტრირდა მოსარჩელისთვის გათვალისწინებული ბინა №40, არ არის დასაბუთებული, ამასთან, სათანადო ორგანოს მიერ შეთანხმებული პროექტი არ შეიცავს 56კვ.მ. ფართობის მქონე ბინას. გარდა ამისა, ამხანაგობა „პ...ს“ წევრთა საერთო კრების 26.06.2012წ. ოქმს არ ერთვის 56 კვ.მ. ფართის მქონე ბინის გრაფიკული გამოსახულება, აზომვითი ნახაზი.
20. რაც შეეხება კასატორის მითითებას საჯარო რეესტრის მიერ ბინებისთვის ნუმერაციის მინიჭების დაუშვებლობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, ბინების ან სხვა ობიექტების ნუმერაცია („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 202.2 მუხ.). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის 24.02.2016წ. წერილის თანახმად, პროექტზე მითითებული 78კვ.მ.-დან 33კვ.მ. გაუერთიანდა ბინა 39-ს (ტ. 4, ს.ფ. 71), რომლის საერთო ფართობი დღეის მდგომარეობით შეადგენს 66კვ.მ.-ს და მასზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სხვა პირზე (საკადასტრო კოდი ...). საჯარო რეესტრის წარმომადგენლის განმარტებით კი მ. ჯ-ეის საკუთრებაში დასარეგისტრირებელ ბინას პირობითად ნომერი 40 მიენიჭა სწორედ ნუმერაციის გაორების თავიდან არიდების მიზნით. სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით) 302.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბინისთვის და სხვა სახის ობიექტისთვის ნომრის მინიჭება ან/და მასში ცვლილების შეტანა წარმოებდა, თუ მეორდებოდა ნომერი.
21. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს არ ქმნის აგრეთვე კასატორის მითითება ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 26.03.2024წ. და 02.07.2024წ. ექსპერტიზის დასკვნებზე. აღნიშნული დასკვნებით არ გამოირიცხება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის მერის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 12.03.2012წ. შეთანხმებული №102 პროექტში მე-8 სართულზე ასახული 78 კვ.მ. ფართი მოიცავს ინდმეწარმე ბ. ლ-ეის მიერ 28.11.2016წ. შესრულებულ აზომვით ნახაზზე ასახულ 45 კვ.მ. ფართს, ამასთან, სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული ხსენებული აზომვითი ნახაზი იძლევა სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირისთვის საკუთრებაში გადაცემული 45კვ.მ. ფართის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ასევე დადგენილია, რომ ინდმეწარმე ბ. ლ-ეის მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზი წარმოადგენს სამოქალაქო საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს, ხოლო კასატორმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი სათანადო პრეტენზიის წარმოდგენა.
22. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ძირითად შეიცავს ერთი და იგივე პრეტენზიების მრავალჯერ გამეორებას. იგი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე მ. ჯ-ეისთვის ბრალის წარდგენასა ან/და მოსარჩელის დაზარალებულად ცნობას, აღნიშნული გარემოებები აგრეთვე არ არის საკმარისი კანონიერ ძალაში მყოფი სამოქალაქო საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის არამართლზომიერების დასადასტურებლად.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. სსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო წარმოებაში არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო ინსტანციაში არ ხდება ფაქტების დადგენა, შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რის გამო საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე და შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ. იხ. სუსგ №ბს-1223(კ-19), 19.02.2021წ.; №ბს-475(კ-21), 16.11.2021წ.; №ბს-271(კ-22), 28.06.2022წ.; №ბს-1135(კ-22), 26.09.2023წ.).
26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 400 ლარის ოდენობით, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 100 ლარი და საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2024 წლის განჩინება.
3. მ. მ-ეს (პირადი ნომერი ...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 400 ლარიდან (საგადახდო მოთხოვნა №25921930869, გადახდის თარიღი 13.02.2025წ.) ზედმეტად გადახდილი 100 ლარი და 300 ლარის 70% – 210 ლარი, სულ ჯამში 310 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. მ. მ-ეის შუამდგომლობა მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე