საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-266(კ-25) 2 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – დ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი (ასკ - 16.2 მუხ.) – მ. გ-ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ხ-ემ 2023 წლის 21 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. ამავე სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განჩინებით დ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები და ისინი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 21 თებერვლის N... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 დეკემბრის N... გადაწყვეტილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ს/კ ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ჭის კორექტირების ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 ნოემბრის N... გადაწყვეტილება და დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც სადავო ფართი აღირიცხება მოსარჩელე დ. ხ-ის საკუთრებად. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა რწმუნებულის განმარტება ჭის საერთო სარგებლობის შესახებ, რადგან ჭა წარმოადგენდა მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებას.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, დ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, დ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებსა და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი დასკვნები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლი და მესამე პირის პრეტენზიის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების გზით კორექტირება შეიტანა დ. ხ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებში. კერძოდ, რეგისტრაციის შესახებ №... (23.12.2022) გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში და შემცირდა მიწის ნაკვეთის ფართი სადავო ჭის ტერიტორიის ნაწილში და უძრავი ნივთის ფართობი გახდა 4118 კვ.მ, რომელიც ასევე უცვლელად იქნა დატოვებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2022 წლის 29 ნოემბერს მიღებული №... გადაწყვეტილებით, ასევე არ დაკმაყოფილდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (26.10.2022) გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით დ. ხ-ის მიერ წარდგენილი საჩივარი, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურდა ჭით საერთო სარგებლობის ფაქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ხ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორმა მიუთითა სარჩელის ფარგლებში მოყვანილ არგუმენტაციაზე, დამატებით კი უსაფუძვლოდ მიიჩნია 2024 წლის 27 ნოემბერს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაზე მესამე პირის მ. გ-ის ახსნა-განმარტება, რომ იგი სხვა მოსახლეებთან ერთად სარგებლობს სადავო ჭით. კასატორმა მიუთითა, რომ მ. გ-ემ მიწის ნაკვეთი შეიძინა დაახლოებით 1985 წელს. 2001 წელს კი მ. გ-ემ თვითნებურად შეცვალა მყარი მიჯნა. სააპელაციო პალატას დაწვრილებით უნდა გამოეკვლია სარეგისტრაციო მასალები, რომლითაც დგინდება, რომ სადავო ჭა მდებარეობს დ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. კასატორის განმარტებით, გზის პირას ჭის მდებარეობა არ ადასტურებს საერთო სარგებლობის ფაქტს. კასატორის მითითებით, ჭის დამოუკიდებელი საზღვრები იმ ფაქტით აიხსნება, რომ კასატორმა, როგორც კეთილსინდისიერმა მეზობელმა, ჭით სარგებლობის უფლება დართო მ. გ-ეს. კასატორი აღნიშნავს, რომ ადგილზე დათვალიერებისას არ მომხდარა ჭის მფლობელის ვინაობის გამოკვლევა, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ პროცესუალურ ვალდებულებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, კასატორი ვალდებულია უშუალოდ მიუთითოს, დააფიქსიროს ან სულ მცირე შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინც, განაცხადოს იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებმაც არსებითი ზეგავლენა იქონიეს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Fu Quan, S.R.O. V. the Czech Republic, App. No. 24827/14, §§145,172.). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (იხ. ევროსასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; იხ. აგრეთვე., ევროსასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen v. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (იხ. ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული კვალიფიციური საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
უპირველესად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე. 2016 წლის 11 იანვარს, მოსარჩელე დ. ხ-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა 4137 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ჭიათურის რაიონის სოფელ ...ში (ს/კ ...), რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 22.12.2015წ. №151379562 სამკვიდრო მოწმობა და უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. №... განცხადებით და 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ცვლილების რეგისტრაციის შედეგად, უძრავი ნივთის ს/კ ... ფართობი განსაზღვრა 4124 კვ.მ ოდენობით. საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით ასევე ირკვევა, რომ დ. ხ-ის მიერ უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირების შემდეგ, მის საკუთრებაში მოექცა ჭა, რომლის საკუთრებაში აღრიცხვაც წარმოადგენს მოცემულ საქმეზე ძირითად სადავო საკითხს. აპელანტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ჭა მოსარჩელის საკუთრებაა, ვინაიდან უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ...), რომელიც ასევე მოიცავდა სადავო ჭას, თავდაპირველად რეგისტრირებული იყო ე. გ-ის სახელზე საარქივო ცნობისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ იგი აღირიცხა მოსარჩელე დ. ხ-ის სახელზე. აღნიშნულს არ ეთანხმება მესამე პირი მ. გ-ე და მიუთითებს, რომ ჭა იყო საგვარეულო და საერთო სარგებლობის. იგი გაკეთებულია დაახლოებით 120 წლის წინ მისი დიდი ბაბუისა და ბაბუის ძმის მიერ, რომლის უძრავ ქონებასაც ამჟამად დაუფლებულია დ. ხ-ე. ჭის დიდი სიღრმის (15 მეტრი) გამო, ჭით სარგებლობდნენ ასევე მეზობლები და საერთო სარგებლობა არასდროს გამხდარა სადავო. მისთვის ჭის საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ ცნობილი გახდა 2018 წელს, რაც გახადა სადავოდ და მიმართა კიდეც ადმინისტრაციულ ორგანოს. 2024 წლის 04 აგვისტოს №... სარეგისტრაციო განცხადებით, მ. გ-ის მიერ მოთხოვნილი იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3086 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაცია (ს/კ ...). სიტუაციის ამსახველი ნახაზის თანახმად, დადგინდა ზედდება №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ... საკადასტრო კოდით დ. ხ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის. №... სარეგისტრაციო წარმოებაზე ჩატარდა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება და შედგა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №231797 (03.10.2022) ოქმი. აღნიშნული ოქმის თანახმად, მ. გ-ე ფაქტობრივად ფლობს მიწის ნაკვეთს. ამასთან, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, მიწის ნაკვეთზეა განთავსებულია საერთო სარგებლობის ჭა, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები და სოფლის გამგებელი - ბ. ჭ-ე. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ... (26.10.2022) გადაწყვეტილება, რომლის 1.5. მუხლის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის ფიქსირდებოდა ზედდება. ამასთან, სადავო ფართს წარმოადგენდა ტერიტორია, სადაც მდებარეობდა საერთო სარგებლობის ჭა. შესაბამისად, უნდა მომხდარიყო ორივე ნაკვეთის აზომვა საერთო სარგებლობის ჭის გარეშე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა დ. ხ-ის მიერ, რომელიც არ დაკმაყოფილდა №... (29.11.2022წ.) გადაწყვეტილებით, ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა ზემდგომმა თანამდებობის პირმა დადგენილად მიიჩნია ჭის საერთო სარგებლობის ფაქტი და გაიზიარა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის პოზიცია. რეგისტრაციის შესახებ №... (23.12.2022) გადაწყვეტილებით კი, ცვლილება შევიდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში, კერძოდ, შემცირდა მიწის ნაკვეთის ფართი სადავო ჭის ტერიტორიის ნაწილში და უძრავი ნივთის ფართობი გახდა 4118 კვ.მ. დ. ხ-ემ გაასაჩივრა რეგისტრაციის შესახებ №... (23.12.2022) გადაწყვეტილება, რომელიც არ დაკმაყოფილდა იგივე საფუძვლებით.
სააპელაციო წესით საქმის განხილვისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ თავდაპირველად ე. გ-ისათვის უძრავი ქონების დარეგისტრირება განხორციელდა საარქივო ცნობისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო დ. ხ-ემ იგივე ქონება მიიღო მემკვიდრეობით მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და სამკვიდრო მოწმობის შედეგად. მართალია დ. ხ-ეს უძრავი ქონება დაურეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემით, თუმცა დარეგისტრირების შემდეგ მესამე პირმა სადავო გახადა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ჭა, რაც წარმოადგენდა ადგილზე დათვალიერების ჩატარების საფუძველს. სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა დაადასტურეს ჭის საერთო სარგებლობაში არსებობის ფაქტი. აღნიშნული საკითხის გადამოწმების მიზნით საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მიმართეს სოფლის გამგეობას. სოფლის გამგებელმა ბ. ჭ-ემ, ასევე დაადასტურა, რომ ჭა იყო საერთო სარგებლობის. დასახელებული გარემოებები დაედო საფუძვლად დ. ხ-ის საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებში კორექტირების შეტანას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტის მიზნით, არსებითი მნიშვნელობის მქონეა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილება. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მტკიცების ტვირთის დაკისრება არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისგან. მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილება დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების შინაარსზე (იხ. სუსგ., საქმე №ბს-1042(კ-24), 27.12.2024წ.). მოთხოვნის შინაარსის მატერიალური საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების უფლება. დაცვას ბუნებრივია ექვემდებარება საკუთრების მხოლოდ კანონის შესაბამისად მოპოვება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოცემული დავის კონტექსტში დეტალურად გაანალიზეს „საჯარო რეესტრის“ შესახებ კანონის მარეგულირებელი ნორმები, მათი იურიდიული შინაარსი, გულისხმიერებით შეაფასეს ადმინისტრაციული წარმოების თითოეული ეტაპის ფარგლებში განხორციელებული იურიდიული მოქმედებების მნიშვნელობა და მათი მიმართება კასატორის მოთხოვნასთან. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულებები, რაც უტყუარად დაადასტურებდა კასატორის საკუთრების ექსკლუზიურ უფლებას სადავოდ გამხდარ ჭაზე. უდავო ფაქტია, რომ კასატორი შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით. კასატორს საქმის განხილვისას არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა მოპასუხის სასარგებლოდ ნაგულვებ ფაქტობრივ გარემოებებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის განმარტება, ვერ ჩაანაცვლებს სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შეცვლის შესახებ სააგენტოს უფლებამოსილებას, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული მონაცემების ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს ზემოაღნიშნული უფლებამოსილების სამართლებრივ შედეგებს, რომლითაც სააგენტო აღჭურვილია მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემების ცვლილების, ასევე ნივთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოყვანის უფლებამოსილებებით. საკასაციო პალატა შენიშნავს იმასაც, რომ სადღეისოდ ჭა მოქცეულია საერთო სარგებლობაში, რომელზედაც წვდომა სხვა მოსახლეებთან ერთად, კასატორსაც გააჩნია.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, დ. ხ-ის (პ/ნ ...) მიერ 13.06.2025წ. №27793560875 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ხ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
3. დ. ხ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.06.2025წ. №27793560875 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე