საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-270(კ-25) 4 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ა. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი (ასკ - 16.2 მუხ.) – გ. კ-ი
დავის საგანი – რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. კ-მა 2024 წლის 15 აპრილს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ს/კ ... რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებში ცვლილების შეტანა, რომელიც გულისხმობს საკუთრების უფლების რეგისტრაციას გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1295 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 1279 კვადრატული მეტრის ნაცვლად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 აგვისტოს №... ადგილზე დათვალიერების ოქმით განსაზღვრული დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებისა და 2023 წლის 25 აგვისტოს შედგენილი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2023 წლის 21 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ...ი, ს/კ ..., ფართი 1279 კვ.მ საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე. თუმცა, საკუთრების უფლება უნდა დარეგისტრირებულიყო არა 1279 კვ.მ არამედ 1295 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე. მოპასუხემ უსწოროდ მიუთითა ე.წ. „ყვითელ ფენით“ დაცულ მონაცემებზე, რადგან საინვენტარიზაციო გეგმა არ ადასტურებს მოპასუხის შეფასებების საფუძვლიანობას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, ა. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებსა და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი დასკვნები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ ხდის მარეგისტრირებელი ორგანოს რეგისტრაციის განხორციელებაზე უარს, რომელიც წარდგენილია საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის 16 კვ.მ ფართის ნაწილში და ითხოვს აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც სადავო უძრავ ნივთზე 1279 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაცვლად დარეგისტრირდება 1295 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მხარის მითითებით, საკუთრების უფლებას 1295 კვ.მ ფართობზე ადასტურებს თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმი, ადგილზე არსებული მყარი მიჯნა და სხვა მტკიცებულებები. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (ქართულ-გერმანული KFW-ის თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში შესრულებული სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზა (ე.წ. „ყვითელი ფენა“), რომლის მიხედვით, №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა 0.69% შეესაბამება კ-ი შ. სახელზე დაცულ გრაფიკულ მონაცემს, სწორედ იმ ნაწილში, რომელშიც №... განაცხადით მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გ. კ-ის მიერ და რომელიც წარმოადგენდა სადავო ტერიტორიას. ასევე, შ. კ-ის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვითაც, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შ. კ-ის საკუთრებას, რომლის მემკვიდრესაც წარმოადგენს გ. კ-ი. ამავდროულად, კანონიერ ძალაში შესული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ადგილმდებარეობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (ქართულ-გერმანული KFW-ის თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში შესრულებული სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზის (ე.წ. „ყვითელი ფენა“) შესაბამისად. რამდენადაც ე.წ. „ყვითელი ფენა“ დაცულია საჯარო რეესტრის სამსახურში და ამასთანავე, არ არსებობს სხვა მონაცემები (მაგ.:, სისტემური რეგისტრაციები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები და ა.შ.), ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მხედველობაში მიეღო ეს მონაცემები. შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (სუსგ №ბს-262(კ-19), 07.12.2020წ.) მითითებით, სწორად არ დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას ე.წ. „ყვითელი ფენის“ გაუზიარებლობასთან დაკავშირებით, მხარეთა ყურადღება კი, მართებულად გაამახვილა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შინაარსზე, რომლითაც მიჩნეულ იქნა მოცემულ უძრავ ქონებაზე ,,ყვითელი ფენის“ არსებობის პირობებში მიწის ნაკვეთის ა. კ-ის სახელზე რეგისტრაციის შეუძლებლობა. ხსენებულის შესაბამისად, მოპასუხის მიერ მოსარჩელის სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაცია განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტაციის, აგრეთვე, მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტებისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. ხოლო, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო ცნობები, რომლითაც მოხდებოდა სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას ინტეგრირებული გრაფიკული მონაცემების ბაზაში (ე.წ. „ყვითელი ფენა“) დაცული მონაცემების გაქარწყლება, ასევე სადავო 16 კვ.მ ფართზე მოსარჩელის საკუთრების დადასტურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. კ-ის მიერ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორის მითითების მიხედვით, სააპელაციო პალატამ სადავო საკითხი გადაწყვიტა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 32-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, ასევე ამავე ინსტრუქციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-12 პუნქტების მხედველობაში მიუღებლად, იმის მიუხედავად, რომ კასატორმა კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტურა აღნიშნული ნორმებით განსაზღვრული ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა. კასატორი არ ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე №ბს-262(კ-19) 2020 წლის 07 დეკემბრის განჩინებით გათვალისწინებული სტანდარტის მის შემთხვევაზე გავრცელებას, ვინაიდან აღნიშნული განჩინება უკავშირდება შემთხვევას, როდესაც ე.წ. „ყვითელი ფენა” შეიცავს ზუსტ მონაცემებს და წარმოადგენს ქონების მდებარეობისა და საზღვრების დასადგენად გამოსაყენებელ ექსკლუზიურ დოკუმენტს. კასატორის შეფასებით კი, განსახილველ შემთხვევაში ე.წ. “ყვითელი ფენის” მონაცემები დაუზუსტებელ და ამავდროულად უსწორო მონაცემებს წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, დასტურდება საქმეში არსებული ცნობებით. უსაფუძვლოა საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებაც, რომელიც გაცემულია არა მესამე პირის გ. კ-ის (პ/ნ ...) მამის შ. კ-ის, არამედ გ. კ-ის (პ/ნ ...) მამის შ. კ-ის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ პროცესუალურ ვალდებულებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, კასატორი ვალდებულია უშუალოდ მიუთითოს, დააფიქსიროს ან სულ მცირე შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინც, განაცხადოს იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებმაც არსებითი ზეგავლენა იქონიეს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Fu Quan, S.R.O. V. the Czech Republic, App. No. 24827/14, §§145,172.). ეს უკანასკნელი, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის ნორმატიული მნიშვნელობის მიზნებისათვის, პირდაპირ, უშუალოდ უკავშირდება სასამართლოთა ვალდებულებას უპასუხონ პირის „საკვანძო მოსაზრებებს ... აგრეთვე, მნიშვნელოვან, რელევანტურ და კონკრეტულ არგუმენტებს“ (იხ. ევროსასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (იხ. ევროსასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; იხ. აგრეთვე., ევროსასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen v. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (იხ. ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული კვალიფიციური საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
უპირველესად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივლისის №... გადაწყვეტილებით, გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 1313.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები N1, N2, N3, N4, N5 და N6 (ს/კ ...) დარეგისტრირდა ა. კ-ის, ლ. ს-ის, მ. კ-ის, ნ. კ-ის და ს. კ-ის თანასაკუთრებად და გაიცა შესაბამისი ამონაწერი. 2018 წლის 22 ოქტომბერს ა. კ-მა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და 2018 წლის 22 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა ს/კ ... რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წარდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, ლ. ს-მა, მ. კ-მა, ნ. კ-მა და ს. კ-მა უძრავი ქონება აჩუქეს ა. კ-ს. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, ს/კ ... უძრავი ქონება დარეგისტრირდა ა. კ-ის საკუთრებად. კანონიერ ძალაში შესული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, გ. კ-ის წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, 2017 წლის 08 ივნისის გარდაბნის მერის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00162 ოქმი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 31 იანვრის №04/755 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოები ფორმალურად მიუდგნენ საკითხის განხილვას, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ ყოფილან მიწვეულნი დაინტერესებული პირები, მოწმეები (მესაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები), მესამე პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მტკიცებულებები არ ყოფილა განხილული ერთობლიობაში და არ დადგენილა მიწის ნაკვეთის ნამდვილი ადგილმდებარეობა, ასევე არ მომხდარა ა. კ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის შედარება საჯარო რეესტრში დაცული მიწის ნაკვეთის ,,ყვითელი ფენასთან“.
საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ 2022 წლის 19 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ა. კ-მა, გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ჩატარების თაობაზე. 2022 წლის 27 ივლისს გ. კ-მა მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა განცხადება და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს განხორციელდა ა. კ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და შედგენილი სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N... ოქმის მიხედვით, მიწის ნაკეთის ფართობი შეადგენდა 1295 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 30 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საჯაროდ გამოქვეყნდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების 2022 წლის 11 აგვისტოს №... ოქმი. 2022 წლის 03 ოქტომბერს ა. კ-მა მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დადგენისათვის ადგილზე დათვალიერების ოქმზე თანხმობა, სადაც ს. ნ-ი, ა. ბ-ი და გ. ს-ი უთითებდნენ, რომ გაეცნენ სარეგისტრაციო ბლოკის №009 გეგმას, მასში შემავალი მიწის ნაკვეთების მდებარეობას, ამ ბლოკში ა. კ-ის მფლობელობაში აგეგმილი უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის შედეგებს, აღნიშნული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებისას შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმს და ადასტურებენ, ა. კ-ის მიერ მოთხოვნილი და ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობას. ასევე, ადასტურებენ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით), უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემისა და ოქმის შედგენის თარიღებისთვის დაინტერესებული პირის მიერ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 ოქტომბრის №..., 2022 წლის 20 ოქტომბრის №..., 2022 წლის 31 ოქტომბრის №... და 2022 წლის 02 ნოემბრის №... გადაწყვეტილებებით მოთხოვნილ იქნა გ. კ-ის მოსაზრების წარდგენა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ ვინაიდან ამავე მიწის ნაკვეთზე მოდავე მხარეა გ. კ-ი, წარსადგენი იყო მისი მოსაზრება/პოზიცია. თუ გ. კ-ს არ ექნებოდა წარდგენილი მოსაზრება/პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნულ რეგისტრაციაზე სააგენტო იმსჯელებდა მისი კომპეტენციის ფარგლებში. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 09 იანვრის №... გადაწყვეტილებით მოთხოვნილ იქნა იმავე სარეგისტრაციო ბლოკში რეგისტრირებული 3 მიწის ნაკვეთის მესაკუთრის განცხადებაც იმის თაობაზე, რომ მიმდინარე განაცხადით წარმოდგენილ მიწის ნაკვეთთან აქვს თუ არა რაიმე კავშირი ე.წ. „ყვითელ ფენაში“ დაფიქსირებულ პირს, ვ. კ-ს. 2023 წლის 17 იანვარს მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა ა. კ-ის, თ. ო-ის, ს. ნ-ის და ა. ბ-ის განცხადებები, რომელთაც, თავის მხრივ, განმარტეს, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან ვ. კ-ს ან გ. კ-ს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 08 თებერვლის №... გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 30 აგვისტოს განმცხადებელმა ა. კ-მა წარმოადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მის.: გარდაბანი, სოფ. ...ი, 1295 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით დადგენილი მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით, საჯარო რეესტრის №... გადაწყვეტილებით დაინიშნა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. 2022 წლის 11 აგვისტოს საჯარო რეესტრის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა გარდაბანში, სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი №..., საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 371-373, 376 და 377 მუხლების შესაბამისად, ადგილზე დათვალიერების ფარგლებში იმავე საკადასტრო ბლოკში მდებარე 3 მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ დაადასტურა, რომ ა. კ-ის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი და უფლების დამდგენი დოკუმენტი ერთმანეთის იდენტურია. 2022 წლის 27 ივლისს წარდგენილი იქნა გ. კ-ის №... განცხადება და ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება. მხარეს განემარტა, რომ მოთხოვნის დასასაბუთებლად აუცილებელი იყო იმავე საკადასტრო ბლოკში მდებარე 3 მიწის ნაკვეთის მესაკუთრის პოზიციის წარდგენა, რომ ა. კ-ი მიწის ნაკვეთს ფლობდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) და ფლობს დღემდე. 2023 წლის 20 თებერვალს მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა ს. ნ-ის, თ. ო-ის და ა. ბ-ის განცხადებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ა. კ-ი 2007 წლამდე ფლობდა და დღემდე ფლობს 1295 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე არსებული სახლით.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილებით განისაზღვრა შემდეგი მოცემულობა: 1. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა გ. კ-მა, რომლის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, ზედდება დაფიქსირდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან (მესაკუთრე ა. კ-ი). 2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის N3-262-18 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ... საკადასტრო კოდზე რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება. 3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (ქართულ-გერმანული KFW-ის თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში შესრულებული სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზა (ე.წ. „ყვითელი ფენა“), რის მიხედვითაც, №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა 0.69% შეესაბამება კ-ი შ. სახელზე დაცულ გრაფიკულ მონაცემს, სწორედ იმ ნაწილში, რომელშიც №... განაცხადით მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია გ. კ-ის მიერ და რაც წარმოადგენს სადავო ტერიტორიას. 4. შ. კ-ის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შ. კ-ის საკუთრებას, რომლის მემკვიდრესაც წარმოადგენს გ. კ-ი. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი №... განაცხადით წარმოდგენილი (სადავო ტერიტორიის) ნახაზის გადაფარვის ნაწილში. ამდენად, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთი, მდებარე, გარდაბანი, სოფელი ...ი, საკადასტრო კოდით ..., ფართით 1279 კვ.მ საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ა. კ-ის სახელზე და გაიცა შესაბამისი ამონაწერი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის რუსთავის არქივის 2016 წლის 06 ივნისის NAA2016045435-03 საარქივო ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 25 აგვისტოს სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №... და 2018 წლის 22 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. 2023 წლის 29 აპრილს ა. კ-ის წარმომადგენელმა ქ. მ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა განმარტება თუ რატომ მოხდა ა. კ-ის სახელზე 1279 კვ.მ ფართის რეგისტრაცია, 1295 კვ.მ ფართის ნაცვლად. აღნიშნულის პასუხად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 15 მაისის №... წერილით განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იგი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე №ბს-262(კ-19) 2020 წლის 07 დეკემბრის განჩინებაში მოხმობილ იურიდიულ თეზისზე, რის მიხედვითაც „იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორების (მესამე პირების) სადავო და მოსარჩელის უძრავი ქონების ადგილმდებარეობისა და საზღვრების დასადგენად რეესტრში დაცულ ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე (KFW) შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები, მართებულია დავის გადაწყვეტა სწორედ ამ ნახაზებზე დაყრდნობით. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მხარეებს არ წარმოუდგენიათ მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის და საზღვრების დამადასტურებელი სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება.“ საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სსკ-ის 266-ე მუხლის, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის და 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სისტემური შინაარსით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები „პრეიუდიციული“ მნიშვნელობით აღიჭურვება როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ საქმეებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები განასახიერებს სამართლის პრინციპს - „დავა გადაწყვეტილია“ (“res judicata”), უფლებები, ურთიერთობები, ვალდებულებები და ამრიგად, ის ფაქტები, რომლებიც მათ წარმოშობას უდევს საფუძვლად, არ შეიძლება მუდმივად დავის საგანი იყოს. ამდენად, ფაქტები, რომლებიც კონფლიქტს იწვევს, ვერ იქნება უთანხმოების მუდმივი წყარო, სამართლებრივი განსაზღვრულობა საჭიროებს ასეთი ფაქტების სტაბილურობას, აღნიშნული ასახავს სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის, მისი „საბოლოობის“ ობიექტურ ნიშანს (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 01.12.2020წ. გადაწყვეტილება საქმეზე Guðmundur Andri Ástráðsson v. Iceland, App. No. 26374/18, §238.). ამასთანავე, სსკ-ის 266-ე მუხლი სახელდებით მოიხსენიებს იმ „სამართლებრივ ურთიერთობებს“, რომელიც ვეღარ გახდება სადავო გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (სუსგ., ბს-376(კ-24), 2025 წლის 16 დეკემბერი.). ამდენად, ვინაიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მითითების შესაბამისად, განისაზღვრა სადავო უძრავ ნივთზე ე.წ. ,,ყვითელი ფენის“ არსებობის პირობებში მიწის ნაკვეთის კასატორის სახელზე რეგისტრაციის შეუძლებლობა, ხოლო, საქმეში დაცული მასალების სრულყოფილი ანალიზით არ გამოიკვეთა სხვა სათანადო ცნობების არსებობა (მაგ.: სისტემური რეგისტრაციები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები და ა.შ.), პრეიუდიციული შინაარსის შემცველია გარემოება მასზედ, რომ უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის და საზღვრების დასადგენად მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები. მაშასადამე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას სადავო შემთხვევის სწორედ ამ ნახაზებსა და მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტასთან დაკავშირებით. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მიერ საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, ამავე ინსტრუქციის 371 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მნიშვნელობის შესაბამისად, უდავოა, რომ კასატორს არ წამოუყენებია კვალიფიციური და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ (სსკ-ის 407.2 მუხ.). კასატორის შეფასების მართებულობის პირობებშიც, არაა წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული იმგვარი სათანადო საინვენტარიზაციო გეგმა, რომელიც შეიცავს გრაფიკულ-ტექსტურ ინფორმაციას და ამყარებს კასატორის ვერსიას სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრების კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, ე.წ. „ყვითელ ფენაში“ დაცული ზემოაღნიშნული მონაცემები ინარჩუნებს კვლავინდებურ იურიდიულ ძალას.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, ა. კ-ის (პ/ნ ...) მიერ 06.05.2025წ. №9143 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა. კ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. ა. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.05.2025წ. №9143 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე