საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-313(კ-კს-23) 2 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ა..."’
სარჩელზე მოპასუხე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს ,,ა...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2014 წლის 5 ნოემბრის N04-39/მ და 2015 წლის 18 თებერვლის N04-15/მ ბრძანებების საფუძველზე, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტებმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის შტატგარეშე თანამშრომლებმა შპს ,,ა...ს’’ სიღნაღის ფილიალისა და შპს ,,ა...ს’’ ლაგოდეხის ფილიალში ჩაატარეს 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდში ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმება. შემოწმება დაიწყო 2015 წლის 25 თებერვალს და დამთავრდა 2015 წლის 2 აპრილს სიღნაღის კლინიკაში, ხოლო 3 აპრილს -ლაგოდეხის კლინიკაში. შემოწმების შედეგად სააგენტომ შერჩევით შემოწმების აქტების საფუძველზე, დასკვნითი ნაწილით განსაზღვრა, რომ მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საჯარიმო სანქციები, შპს ,,ა...ს’’ სიღნაღის ფილიალში - 76755.902 ლარი, მათ შორის: უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას უკან დასაბრუნებელი თანხა - 51479.54 ლარი და დამატებითი ფინანსური ჯარიმა - 25276.36 ლარი, ხოლო შპს ,,ა...ს’’ ლაგოდეხის ფილიალში - 67415.03 ლარი, მათ შორის: უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას უკან დასაბრუნებელი თანხა - 46478.45 ლარი და დამატებითი ფინანსური ჯარიმა - 20936.58 ლარი. აღნიშნული შემოწმების აქტები მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2015 წლის 06 აგვისტოს N04/58128 გადაწყვეტილებით შპს ,,ა...ს’’ 2015 წლის 4 მაისის N39602 და N39611 ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციები ორივე შემოწმების ფარგლებში ჯამურად განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: დასაბრუნებელი თანხა - 56 478,26 (22846,68+336 31,58) ლარის ოდენობით, ხოლო დამატებით ფინანსური ჯარიმა - 41972,76 (22143,07+19 559,69) ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების საფუძველზე შპს ,,ა...“ ლაგოდეხის ფილიალში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევის N09 შემოწმების აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 02 აპრილის შპს ,,ა...“ სიღნაღის ფილიალში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევის N06 შემოწმების აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 20 იანვრის N04/3894 გადაწყვეტილების - შპს ,,ა...ს“ 2015 წლის 04 მაისის N39602 და N39611 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე 2015 წლის 06 აგვისტოს N04/58128 გადაწყვეტილების (საჩივრების განმხილველი კომისიის 2015 წლის 24 ივნისის N5 ოქმი) დაზუსტების თაობაზე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 06 აგვისტოს N04/58128 გადაწყვეტილების შპს ,,ა...ს“ 2015 წლის 04 მაისის N39602 და N39611 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ა...ს"’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 06 აგვისტოს N04/58128 გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ა...ს“ 2015 წლის 04 მაისის N39602 და N39611 ადმინისტრაციული საჩივრები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 20 იანვრის N04/3894 გადაწყვეტილება შპს ,,ა...ს“ 2015 წლის 04 მაისის N39602 და N39611 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე 2015 წლის 06 აგვისტოს N04/58128 გადაწყვეტილების (საჩივრების განმხილველი კომისიის 2015 წლის 24 ივნისის N5 ოქმი) დაზუსტების თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N06 და N09 შემოწმების აქტები იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ა...ს“ 2015 წლის 04 მაისის N39602 და N39611 ადმინისტრაციული საჩივრები და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეები) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სიღნაღის საავადმყოფოს შემოწმების 2015 წლის 02 აპრილის N06 აქტის მიხედვით, 5.1.1, 5.1.2, 5.1.4-5.1.11, 5.1.13, 5.1.14, 5.1.16, 5.1.18-5.1.21, 5.1.23, 5.1.24, 5.1.27 პუნქტებში დაფიქსირებულ შემთხვევებში დავის საგანს შეადგენს სამედიცინო შემთხვევებზე ჰისტომორფოლოგიური კვლევების არასათანადო წარმოება და აღრიცხვა. კერძოდ, შემმოწმებლის პოზიციით, დასახელებულ შემთხვევაში არ იყო დროულად ნაწარმოები, ამასთან, აღრიცხული საოპერაციო მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევები, რითაც დაირღვა პროგრამის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N242/ნ ბრძანების მოთხოვნები, რის გამოც, პროგრამის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას. აქტში მითითებული 19 პაციენტთან მიმართებაში აღრიცხვის წესის დარღვევას მოსარჩელე იმით ხსნის, რომ ადგილი ჰქონდა მედპერსონალის მხრიდან ინფორმაციის გადაცემის შეფერხებას, რამაც განაპირობა ტექნიკური მიზეზით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, ამასთან, მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს თავად გამოკვლევის პასუხების არსებობა. ზემოაღნიშნული სახის დარღვევები ლაგოდეხის საავადმყოფოს შემოწმების 2015 წლის 03 აპრილის N09 აქტის ნაწილში დაფიქსირდა 5.1.1-5.1.5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მოპასუხის მიერ გამოსაკვლევია და დასაზუსტებელია, საჩივრის განმხილველი კომისიის ზემოაღნიშნული მსჯელობა არის თუ არა მითითება იმისა, რომ არცერთ განსახილველ შემთხვევაში არც უარყოფით ფინანსურ შედეგს და არც პაციენტთა მომსახურების ხარისხში რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ასევე განმარტებული უნდა იქნეს ინდივიდუალური შემთხვევების განხილვით რა გავლენას ახდენს ჰისტომორფოლოგიური კვლევების წარმოუდგენლობა კონკრეტულ დიაგნოზზე, როდესაც წარმოდგენილია პაციენტისათვის ჩატარებული კვლევები და მკურნალობის სრული პროცესი აღწერილია სამედიცინო ისტორიაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არის აღწერილი და გამოკვლეული, არც აქტის შემდგენი შემმოწმებლებისა და არც საჩივრის განმხილველი კომისიის მიერ, თითოეულ შემთხვევაზე მითითებით, რა დაგვიანებას ჰქონდა ადგილი და რა გავლენა მოახდინა ამან მომსახურების ხარისხზე. სააპელაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს, შეფასებას სადავო N06 შემოწმების აქტის 5.11-5.18 და 5.21-5.25 პუნქტებთან მიმართებაში, ყურადღება გაამახვილა ექსპერტ ს. ქ-ას მოხსენებით ბარათზე და განმარტა, რომ სპეციალისტის აღნიშნულ წერილობით განმარტებაზე საწინააღმდეგო პოზიცია ან მოსაზრება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს ,,ა...ს“ სიღნაღის ფილიალის N06 შემოწმების აქტი 5.9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შემმოწმებლის პოზიციით, შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს, ასევე 5.19 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შეტყობინებათა ელექტრონულ მოდულსა და სამედიცინო დოკუმენტაციით ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დონეები განსხვავებულია (I და II დონე), ამასთან, შემოწმების აქტის N06-ის 5.26, 5.26.1-5.26.8, 5.26.10, 5.26.11, 5.26.13-5.26.20, 5.26.22, 5.26.24-5.26.31, 5.26.33 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ადგილი აქვს ელექტრონულ მოდულში გადაცემული ამბულატორიული შემთხვევის ტიპით, პაციენტის კლინიკაში 24 საათზე მეტი დროით დაყოვნებას. ასევე, შემოწმების აქტი N09-ის 5.24.5-5.24.9 პუნქტების მიხედვით, კლინიკა აცრების სრულ კურსს განიხილავს მკურნალობის ერთ ეპიზოდად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებითაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოსაკვლევია ზემოაღნიშნული საკითხი და შესაფასებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული ინფორმაციის არაზუსტად მიწოდებით დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი თუ რომელიმე მხარეს მიადგა ისეთი ზიანი, რის გამოც აუცილებელია მოსარჩელის მკაცრად სანქცირება. სასამართლოს აზრით, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს მექანიკურ შეცდომას, რაც გამოსაკვლევია თითოეულ შემთხვევაზე მითითებით, საჩივრის განმხილველი კომისიის მიერ. სასამართლოს აზრით, ასევე შესაფასებელია ის გარემოება, ადგილი აქვს ელექტრონულ მოდულში გადაცემული ამბულატორიული შემთხვევის ტიპით პაციენტის კლინიკაში 24 საათზე მეტი დროით დაყოვნებას, თუ აცრის სრული კურსის მკურნალობის ერთ ეპიზოდად მიჩნევა წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს კლინიკის მხრიდან.
სააპელაციო სასამართლომ დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებითაც მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხეს არ შეუფასებია წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში და ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ) .
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება, სასამართლო უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს აქტი გამოცემული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის გარეშე, რომლის არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლო არ უთითებს, რომელი გარემოებაა ასეთი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების საფუძველზე, შპს ,,ა...ს“ სიღნაღისა და ლაგოდეხის ფილიალებში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლის დანართი №1-ის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში - რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მიზნებისათვის, ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. ამასთან, შემთხვევათა ზედამხედველობის ეტაპებს წარმოადგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი („პროგრამის“ 9.4 მუხლი). მითითებული „პროგრამის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 151.3 მუხლის შესაბამისად, კონტროლის განხორციელება შესაძლებელი იყო შერჩევითი შემოწმების გზით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კონტროლის განხორციელებისას ხდებოდა მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, კონტროლის განხორციელებისას უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენდა შემოწმების აქტს, პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომლითაც მიმწოდებელს შეიძლებოდა დაკისრებოდა ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.
მითითებული დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი; ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; გ) შემთხვევის (მათ შორის, ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში პროგრამული შემთხვევების) დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო; დ) პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისას მოსარგებლის დაწესებულებაში მიმართვის ფორმა და დასრულების სტატუსი, მათ შორის, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში გადაყვანის მიზეზი; ე) პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, გადამყვანი დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დააფიქსიროს პაციენტზე გაწეული მომსახურების ფაქტობრივი დანახარჯი არა უგვიანეს პაციენტის გადაყვანიდან 72 საათისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემთხვევის ეს ეპიზოდი არ ანაზღაურდება. ამავე დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ზემოაღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევათა კლასიფიკაცია შეიძლება ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ: ა) წარდგენილ შემთხვევაზე არ არის გაკეთებული შეტყობინება; ბ) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის: ბ.ა) სტაციონარული შემთხვევების დროს, მოსარგებლის სამედიცინო დოკუმენტაციით არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა; ბ.ბ) თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს; ბ.გ) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები შეტყობინებასა და წარდგენილ დოკუმენტაციაში ერთმანეთს არ ემთხვევა; გ) პირის დამადასტურებელი მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემებს; დ) შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია №1 დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები; ე) წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს; ვ) სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება; ზ) თუ სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი; თ) საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ არის შევსებული დადგენილი წესის შესაბამისად; ი) ადგილი აქვს დეტალურ კალკულაციაში წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობას მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან ან ჩატარებული მომსახურების მოცულობასთან.
საქმის მასალების თანახმად, შპს ,,ა...ს“ სიღნაღის ფილიალის შერჩევითი შემოწმების 2015 წლის 2 აპრილის N06 შემოწმების აქტის მიხედვით, 5.1.1, 5.1.2, 5.1.4-5.1.11, 5.1.13, 5.1.14, 5.1.16, 5.1.18-5.1.21, 5.1.23, 5.1.24, 5.1.27 პუნქტებში დაფიქსირებულ სამედიცინო შემთხვევებში დავის საგანია სამედიცინო შემთხვევებზე ჰისტომორფოლოგიური კვლევების არასათანადო წარმოება და აღრიცხვა. კერძოდ, შემმოწმებლის პოზიციით, დასახელებულ შემთხვევაში არ იყო დროულად ნაწარმოები ჰისტომორფოლოგიური კვლევები, რითაც დაირღვა პროგრამის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N242/ნ ბრძანების მოთხოვნები, რის გამოც, პროგრამის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას. ამავე შემოწმების აქტის მიხედვით, 5.2 -5.8 პუნქტებში დაფიქსირებულ შემთხვევებში, მომსახურების მოთხოვნილ ღირებულებაში გათვალისწინებულია ლაბორატორიული კვლევების საფასური, თუმცა ასეთი კვლევები არ არის სათანადოდ აღრიცხული შესაბამის ჟურნალში.
შპს ,,ა...ს“ ლაგოდეხის ფილიალის შემოწმების 2015 წლის 3 აპრილის N09 აქტის 5.1.1.-5.1.5. პუნქტების თანახმად, კლინიკის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების არასრულყოფილად წარმოება-აღრიცხვას, დარღვევის მედპერსონალის მხრიდან ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური მიზეზით შეფერხების გამო. ასევე შემოწმების აქტების თანახმად, დაწესებულება პროგრამის კომპონენტისა და საანგარიშო პერიოდის მიხედვით არ აწარმოებდა საოპერაციო მასალის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების აღრიცხვას, რითაც დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები მოსარჩელეს პროგრამის მე-19 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხების (1014326 ლარი) 1%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 11 524.26 ლარი.
ზემოხსენებულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო შემთხვევების დარღვევა გამოიხატება იმაში, რომ კლინიკა სრულყოფილად არ აწარმოებს ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების აღრიცხვას. აქტში მითითებული 19 პაციენტთან მიმართებაში აღრიცხვის წესის დარღვევას მოსარჩელე იმით ხსნის, რომ ადგილი ჰქონდა მედპერსონალის მხრიდან ინფორმაციის გადაცემის შეფერხებას, რამაც განაპირობა ტექნიკური მიზეზით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ამასთან, მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს თავად გამოკვლევის პასუხების არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებში სათანადო წესით ვერ მიუთითებს, ინდივიდუალური შემთხვევების განხილვით რა გავლენას ახდენს ჰისტომორფოლოგიური კვლევების წარმოუდგენლობა კონკრეტულ დიაგნოზზე, როდესაც წარმოდგენილია პაციენტისათვის ჩატარებული კვლევები და მკურნალობის სრული პროცესი აღწერილია სამედიცინო ისტორიაში. ასევე არ არის მითითებული თითოეულ შემთხვევაზე მითითებით, რა დაგვიანებას ჰქონდა ადგილი და რა გავლენა მოახდინა ამან მომსახურების ხარისხზე.
რაც შეეხება სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-17 პუნქტის გამოყენებას, მითითებული ნორმის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით, ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე, თუ მიმწოდებელი არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიმწოდებლებისადმი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებით განსაზღვრულ, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალურ მოთხოვნებს, საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით. ამავე დადგენილების მე-16 მუხლის მიხედვით კი, რევიზია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პრეროგატივაა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ამ ნორმით დარღვევის გამოვლენა ხდება სარევიზიო პერიოდში, ხოლო რევიზიის განმახორციელებელი არის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა შეაფასოს, რამდენად არის იგი უფლებამოსილი, გამოიყენოს დასახელებული ნორმით გათვალისწინებული სანქცია.
2015 წლის 2 აპრილის შპს ,,ა...ს“ სიღნაღის ფილიალის შერჩევითი შემოწმების N06 აქტის 5.11-5.18 და 5.21-5.25 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დარღვევად მიჩნეულია შემთხვევები, როდესაც შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, მოცემულ შემთხვევებში კლინიკამ ისარგებლა ხელოვნური კოდით-... გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი/კონსერვატიული მკურნალობა/გართულებული სისხლდენით’’. შპს ,,ა...ს“ ლაგოდეხის ფილიალის შემოწმების 2015 წლის 03 აპრილის N09 აქტში მსგავსი შემთხვევები გათვალისწინებული 5.4, 5.16, 5.18, 5.19 პუნქტებით.
აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ექსპერტ ს. ქ-ას მოხსენებით ბარათზე, რომლის თანახმად, გასტროდუოდენური სისხლდენის პერიოდში ძირითად და საბოლოო დიაგნოზებს შორის განსხვავება მკურნალობის საწყის და ძირითად ეტაპებზე პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას ვერ შეცვლიდა. სამკურნალო დანიშნულება დაიხვეწება საბოლოო დიაგნოზის საფუძველზე ამბულატორიული მკურნალობის ეტაპისათვის. გასტროდუოდენური სისხლდენის (საყლაპავი მილიდან, კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან) დიაგნოსტირების უპირველესი რგოლია ენდოსკოპური კვლევა. მკურნალობის ტაქტიკაც (სისხლდენის შეჩერება და სტაბილიზაცია) ასევე განისაზღვრა ენდოსკოპური ვიზუალიზაციის საფუძველზე. ეს კვლევა იძლევა ძირითადი დიაგნოზის გამოტანის საფუძველს, დამატებითი კვლევებით დიაგნოზის დაზუსტება (ანუ საბოლოო დიაგნოზის ფორმირება) იძლევა მკურნალობის ტაქტიკის დახვეწის საშუალებას, არსებული თანმხლები პათოლოგიების გათვალისწინებით, მკურნალობის შემდგომი ეტაპისთვის. საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ სპეციალისტის აღნიშნულ წერილობით განმარტებაზე საწინააღმდეგო პოზიცია ან მოსაზრება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დეტალურ გამოკვლევას.
შპს ,,ა...“ სიღნაღის ფილიალის შერჩევითი შემოწმების 2015 წლის 2 აპრილის N06 აქტის N06-ის 5.9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შემმოწმებლის პოზიციით, შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს, კერძოდ, სამედიცინო ისტორიით პაციენტის მდგომარეობა არ შეესაბამება შეტყობინებათა ელექტრონული მოდულით გადმოცემულ გადაუდებელ სტაციონარულ კომპონენტს. კერძოდ, შეტყობინების თანახმად, პაციენტის დიაგნოზი განისაზღვრა ორი კოდით: ... ... და ...-სხვა ოპერაციები ...ზე. კომისიის მოსაზრებით, მიმწოდებელი ვალდებული იყო ელექტრონულ მოდულში მიეთითებინა კოდი, რომელიც დაადასტურებდა გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, პაციენტი კლინიკაში შევიდა გადაუდებელი ტრავმული მოტეხილობით. კვლევის დროს რენტგენოლოგიურად დადასტურდა მოტეხილობაც და სიმსივნური წარმონაქმნის არსებობაც. სიმსივნურ წარმონაქმნზე მოტეხილობა იყო ფრაგმენტული, რის გამოც, პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და არა გეგმიური. წარდგენილი მასალების ანალიზის საფუძველზე, ასევე ამჟამად მოქმედი გაიდლაინებისა და კლინიკური სტანდარტების გათვალისწინებით, დასმულ კითხვებზე სპეციალისტის მიერ წარმოდგენილია შემდეგი წერილობითი პასუხები: ონკოლოგიურ პაციენტებში ხშირია ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა. მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობა უნდა მოხდეს სასწრაფო ან სასწრაფო- დაყოვნებული წესით. სპეციალისტის განმარტებით საკმაოდ ხშირია ოსტეოპოროზიულ და მეტასტაზირებულ ძვლებში მოტეხილობის განვითარება ე.წ. ,,პათოლოგიური მოტეხილობა’’.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები. ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს მიმწოდებლის მიერ პროგრამის განმახორციელებლისათვის მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტაციის და პროგრამულად შეტყობინების სისტემით წარდგენილი ინფორმაციის შედარებაში, მათი ურთიერთშესაბამისობის თუ შეუსაბამობის დადგენაში, რაც შემდგომ გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე.
რაც შეეხება შემოწმების აქტებში მოცემულ დონეებს შორის სხვაობას, შპს ,,ა...ს“ სიღნაღის ფილიალის შერჩევითი შემოწმების 2015 წლის 2 აპრილის შემოწმების აქტის N06 5.19 პუნქტით შეტყობინებათა ელექტრონულ მოდულსა და სამედიცინო დოკუმენტაციით ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დონეების განსხვავებულობას (I და II დონე), საჩივრის ავტორი ხსნის ლეტალური შემთხვევით (გარდაცვალებით). 5.26, 5.26.1, 5.26.1-5.26.8, 5.26.10, 5.26.11, 5.26.13-5.26.20, 5.26.22, 5.26.24-5.26.31, 5.26.33 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ადგილი აქვს ელექტრონულ მოდულში გადაცემული ამბულატორიული შემთხვევის ტიპით, პაციენტის კლინიკაში 24 საათზე მეტი დროით დაყოვნებას. მოცემულ შემთხვევებში მოსარჩელე აცრის სრულ კურს პაციენტზე განიხილავდა მკურნალობის ერთ ეპიზოდად. ამავე აქტის 5.27 პუნქტით წარმოდგენილ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ რეგისტრაციის მოდულში მითითებულია ,,სტაციონარი’’, კომპონენტი არის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხოლო პაციენტის კლინიკაში დაყოვნება 24 საათზე ნაკლებია. ასევე, შპს ,,ა...ს“ ლაგოდეხის ფილიალის 2015 წლის 3 აპრილის N09 შემოწმების აქტის 5.24.5-5.24.9 პუნქტების მიხედვით, კლინიკა აცრების სრულ კურსს განიხილავს მკურნალობის ერთ ეპიზოდად. სიღნაღის საავადმყოფოს შერჩევითი შემოწმების 2015 წლის 2 აპრილის N06 შემოწმების აქტის 5.2-5.8 პუნქტებში დაფიქსირებულ შემთხვევებში, მომსახურების მოთხოვნილ ღირებულებაში გათვალისწინებულია ლაბორატორიული კვლევების საფასური, თუმცა ასეთი კვლევები არ არის სათანადოდ აღრიცხული შესაბამის ჟურნალში. ლაგოდეხის საავადმყოფოს შემოწმების 2015 წლის 3 აპრილის N09 შემოწმების აქტის 5.2.-5.6, 5.9, 5.11-2.13, 5.14, 5.15 პუნქტების მიხედვით, ინტენსიური მკურნალობის დონეების დროები ელექტრონულ მოდულში და სამედიცინო დოკუმენტაციაში ერთმანეთს არ ემთხვევა. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემთხვევის (მათ შორის, ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში პროგრამული შემთხვევების) დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო), ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი თანხის უკან დაბრუნების საფუძველია თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.
ზემოხსენებულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო შემთხვევების დარღვევები გამოიხატება იმაში, რომ რიგ შემთხვევებში შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება ან ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს ან შემთხვევის შესახებ მონაცემები არ ასახავს სინამდვილეს, ან მოსარჩელე აცრის სრულ კურს პაციენტზე განიხილავდა მკურნალობის ერთ ეპიზოდად. შესაბამისად, სამედიცინო ისტორიებში მოცემულია აცრების კურსის დაწყებისა და დასრულების თარიღები, ზოგ შემთხვევაში რეგისტრაციის მოდულში მითითებულია ,,სტაციონარი’’, კომპონენტი არის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხოლო პაციენტის კლინიკაში დაყოვნება 24 საათზე ნაკლებია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მაკონტროლებლის მიერ სხვადასხვა შემთხვევებში გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სახდელები, მაგრამ შესაბამისი გამოკვლევის და შეფასების გარეშე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მონაცემების უზუსტობა გამოწვეულია თუ არა ტექნიკური ხარვეზით. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს მექანიკურ შეცდომას, რაც გამოსაკვლევია თითოეულ შემთხვევაზე მითითებით, საჩივრის განმხილველი კომისიის მიერ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო შემთხვევაში შესაფასებელია ის გარემოება, ადგილი აქვს ელექტრონულ მოდულში გადაცემული ამბულატორიული შემთხვევის ტიპით პაციენტის კლინიკაში 24 საათზე მეტი დროით დაყოვნებას, თუ აცრის სრული კურსის მკურნალობის ერთ ეპიზოდად მიჩნევა წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს კლინიკის მხრიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, სასამართლო უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუსგ Nბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და სათანადო გამოკვლევის გარეშე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-19 მუხლის გათვალისწინებით განსახილველ შემთხვევაში დაუდგენელია შემთხვევის მონაცემების უზუსტობა გამოწვეულია თუ არა ტექნიკური ხარვეზით. ამდენად, ზემოხსენებული ნორმატიული აქტის მე-19 მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების მართლზომიერებისა და კანონიერების დადგენის მიზნით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა განიხილოს და შეაფასოს თითოეული გასაჩივრებული შემთხვევა, ამავე ნორმატიული აქტის მე-15 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განსაზღვროს ადგილი აქვს თუ არა ასანაზღაურებელ შემთხვევას, ან სახეზეა თუ არა შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ან სრულად ანაზღაურებას, უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნებას, თუ დამატებითი ფინანსური ჯარიმის დაკისრებას. დადგენილი უნდა იქნას, თითოეულ სამედიცინო შემთხვევებზე, კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევებზე რა დარღვევას აქვს ადგილი, დადგენილი უნდა იქნეს დარღვევის შინაარსი და საფუძველი. უნდა განისაზღვროს შესაძლებელია თუ არა რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდეს ტექნიკური შეცდომის არსებობას. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა შეფასდეს და დასაბუთდეს, დიაგნოზისა და ჩარევის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის დადგენისას, რომელ სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს უტყუარად.
შესაბამისად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს მოცემული დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც წარმოშობს მოპასუხისათვის ამ გარემოებათა ხელახალი შესწავლა-შეფასების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საჭიროებას.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას შპს ,,ა...ს“ 2015 წლის 04 მაისის N39602 და N39611 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 06 აგვისტოს N04/58128 გადაწყვეტილების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 06 აგვისტოს N04/58128 გადაწყვეტილება შპს ,,ა...ს“ 2015 წლის 04 მაისის N39602 და N39611 გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შერჩევითი შემოწმების შუალედური აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 17.05.2023წ. N14146 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.05.2023წ. N14146 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე