საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #266ap-15 ქ. თბილისი
გ-ი ჯ 266აპ-15 4 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განაჩენზე.
ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განაჩენით:
ჯ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ: 1. ეპიზოდში აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს მიერ 1999 წლის ოქტომბერში ქ-ს რაიონის სოფელ კ-ი მდებარე მინერალური წყლის ჩამომხსმელი საამქროს რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილი 11.220 ლარის მითვისების ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით; სამუშაო კაბინეტში დამონტაჟებული 130 ლარად ღირებული წყლის გამაცხელებლის მითვისების ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით; ეპიზოდი 2001 წლიდან 2004 წლის იანვრამდე რაიონის ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთის შეუვსებლობის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ–ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გამართლდა სსკ–ის 28–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ჯ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 218–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 332–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაპატიმრების დროიდან.
საქართველოს სსკ–ის 41–ე მუხლისა და 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ჯ. გ-ს დაენიშნა დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 10000 ლარი. ჯარიმის თანხა შეტანილ უნდა იქნეს ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - ..., სახაზინო კოდი - ...., ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში - .....
ჯ. გ-ს დაეკისრა 45155 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო 49995 ლარი ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ.
მასვე უნდა ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება სასჯელის მოხდის შემდეგ 3 წლის ვადით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ჯ. გ-ს გაუნახევრდა ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დაუდგინდა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე გაუნახევრდა ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 218–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დაუდგინდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ჯ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 332–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დაუდგინდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განაჩენით სსკ–ის 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დაუდგინდა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დარჩა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლისა და 3 თვის ვადით. საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ჯ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში (ავტომანქანის მოვლა-შენახვისათვის დადგენილი ლიმიტისა და სატელეფონო ლიმიტის გადამეტების ეპიზოდი).
ჯ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (საარქივო მომსახურების საფასურის გადასახადისაგან გათავისუფლების ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის პირველ ნაწილზე.
ჯ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ, „დ“ ქვეპუნქტებიდან (ხე-ტყის რაიონის ფარგლებს გარეთ გატანაზე მოსაკრებლის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ჯ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 300 დღიური ანაზღაურების ოდენობით, დღიურ ანაზღაურებად განესაზღვრა 10 ლარი, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მეექვსე ნაწილის შესაბამისად, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის შეწყალების შესახებ №.... განკარგულებით ჯ. გ-ი გათავისუფლებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ჯ. გ-ს დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის - 10000 ლარის დაკისრების შესახებ.
ჯ. გ-ს 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და ჯ. გ-ს დაეკისრა 21673 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო 49995 ლარის გადახდა - ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ.
განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა მოეხსნას ყადაღა:
1. ხ-ს რაიონის სოფელ ქ. ს-ი ჯ. გ-ს ორსართულიან, ქვის კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს სარდაფითა და 0,07 ჰა მიწის ნაკვეთით.
2. ხ-ს რაიონის სოფელ ს-ი ჯ. გ-ს მეუღლის – გ. დ-ს სახელზე რიცხულ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთს.
3. ხ-ს რაიონში, „ბ-ს“ ტერიტორიაზე მდებარე №.... სააგარაკო სახლს.
4. ჯ. გ-ს სახელზე რიცხულ ავტომანქანას უაზ 469, სახ. №.....
5. ქ. ბ-ი, გ-ს ქუჩის №-ში მდებარე ორსართულიან, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლს, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია პურის საცხობი და სუპერმარკეტი და ირიცხება ჯ. გ-ს სიმამრის გ. დ-ს სახელზე.
6. ქ-ს რაიონის სოფელ მ-ი ჯ. გ-ს საცხოვრებელ, ქვის კაპიტალურ სახლს და 1,006 ჰა მიწის ნაკვეთს.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე