Facebook Twitter

საქმე №ბს-363(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირები - ნ. დ-ე, თ. მ-ე, ა. მ-ე, შპს „ბ...“, შპს „U...“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – დაყოფის საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ. ხ-იმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 06.10.2011წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.07.2020წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. დ-ე, თ. მ-ე, ა. მ-ე და შპს „ბ...“, ხოლო ამავე სასამართლოს 02.03.2023წ. განჩინებით - შპს „U...“.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:

4.1. მოსარჩელე ითხოვს რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 06.10.2011წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც განხორციელდა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №5-ში მდებარე ფართზე (სართული 1, ბლოკი ... ...- 75 კვ.მ.), დარეგისტრირდა შპს „ბ...ს“ საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). აღნიშნული აქტის ბათილად ცნობას, მოსარჩელე უკავშირებს იმ გარემოებას, რომ დასახელებული გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ საკუთრებაში დარეგისტრირდა საერთო სარგებლობის ჰოლი. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტა არსებითად უკავშირდება სადავო ქონების დანიშნულების დადგენას.

4.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „ბ...ს“ 09.11.2007წ. კრების ოქმის დანართში (განშლა) მითითებული პირველ სართულზე მდებარე ... ფართი, რომელიც შეადგენს 1247 კვ.მ.-ს, მოიცავს სადავო ფართს, კერძოდ, საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე ...ფართი შედიოდა ... ფართის შემადგენლობაში, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო კომერციულ ფართად. უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილ უძრავ ქონებრივ ერთეულებზე კი უცვლელად გადავიდა შპს „ბ...ს“ საკუთრების უფლება.

4.3. მ. ხ-ის მიერ №S1/4 უძრავი ქონების შეძენის მომენტში, ფართი ..., პარტნიორთა კრების ოქმისა და არქიტექტურულ ნახაზებში აღნიშნული იყო, როგორც კომერციული ფართი და შემდგომ განხორციელებულ რეგისტრაციასაც საფუძვლად უდევს სწორედ 09.11.2007წ. პარტნიორთა კრების ოქმი და მითითებული არქიტექტურული ნახაზები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელისათვის უძრავი ნივთის შეძენის მომენტში უკვე ცნობილი იყო, რომ მისი მომიჯნავე არც ერთი ფართი და მით უმეტეს, სადავო ფართი არ წარმოადგენდა ჰოლს და იყო კომერციული ფართი.

4.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2023წ. განჩინებაზე, რომლითაც მ. ხ-ის სარჩელზე, მოპასუხეების შპს „ბ...ს“, ა. მ-ეის, თ. მ-ეის და ნ. დ-ეის მიმართ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №5-ში, პირველ სართულზე მდებარე 75 კვ.მ. ფართზე (საკადასტრო კოდი ...) შპს „ბ...სა“ და ნ. დ-ესა და თ. მ-ეს შორის დადებული 27.01.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ამავე ქონების მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული ჰოლის ნაწილად დადგენის თაობაზე, საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო მ. ხ-ის სარჩელი, ნ. დ-ეს, თ. მ-ესა და ა. მ-ეს შორის 07.08.2015წ. დადებული უძრავ ნივთის (საკადასტრო კოდი ...) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, დატოვებული იქნა განუხილველად. საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ფართის საერთო საკუთრებად აღიარების შესახებ მოთხოვნაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 30.04.2018წ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სადაც მესამე პირის პროცესუალური სტატუსით მონაწილეობდა მ. ხ-ი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.03.2019წ. განჩინებით, სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.04.2018წ. გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

4.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ჰოლი წარმოადგენს სწორედ ზემოთ ხსენებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებში მითითებულ პირველ სართულზე მდებარე №... კომერციული ფართის (1247 კვ.მ.) ნაწილს. სადავო ფართი პირველ სართულზე მდებარე №... კომერციული ფართის ნაწილია და არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს მასზე, რომ იგი საერთო სარგებლობის ჰოლს წარმოადგენდა.

4.6. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების უკანონობა მოცემულ შემთხვევაში დამოკიდებულია სადავო ფართის დანიშნულებისა და მის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (მესაკუთრის) დადგენაზე, რაც არ გამოირიცხება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დასადგენ საკითხთა წრიდან. მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს (საქმე №ბს-856(2კ-23), 21.03.2024წ.) მსჯელობის გათვალისწინებით, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დადგენილ გარემოებებს, პრეიუდიციული ძალა შეიძლება მიენიჭოთ წინამდებარე ადმინისტრაციული საქმისთვის, შესაბამისად უტყუარად დგინდება, რომ სადავო ფართი ყოველთვის იყო ერთი მთლიანი კომერციული ფართის ნაწილი, რომელიც მესაკუთრემ შემდგომში დაყო და განკარგა.

4.7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესი სადავო ინდივიდუალური აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ არის კანონიერი და დაცვის ღირსი, რამდენადაც სადავო აქტის ბათილად ცნობა არ წარმოშობს რაიმე სახის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს მოსარჩელის მიერ თავისად დაგულვებული სამომავლო მესაკუთრის/მოსარგებლის ინტერესების ჭრილში.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5.1. კასატორმა მიუთითა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გამოიხატა სასამართლოსთვის მიმართვის გზით უფლების დაცვის მოთხოვნის უფლების შეზღუდვაში. სასამართლომ პრეიდიციული მნიშვნელობა მიანიჭა ისეთი სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ გარემოებებს, რომლებშიც კასატორი მ. ხ-ი არ ყოფილა უშუალოდ ჩართული და შეზღუდული ჰქონდა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა. სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.04.2018წ. გადაწყვეტილებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.03.2019წ. განჩინებაზე, თუმცა ამ დავის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნები ემყარებოდა სხვა საფუძვლებს, აგრეთვე საქმეში მესამე პირად დასახელების მიუხედავად მ. ხ-ი არ გაცნობია საქმის მასალებს და არ მიუღია მონაწილეობა პროცესში. გასაჩივრების ერთთვიანი ვადა უნდა ათვლილიყო იმ მომენტიდან, როდესაც მ. ხ-იმა შეიტყო მისი უფლებების შემლახველი ადმინისტრაციული აქტის შესახებ, ამასთან სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მ. ხ-ის მიერ აღნიშნული აქტის თაობაზე ინფორმაციის შეტყობის მომენტი.

5.2. კომერციული ფართისთვის შესასვლელებისა და ქუჩიდან მისასვლელის გაუქმება ამცირებს კომერციული ფართის ღირებულებას და ამ ფართში საქმიანობის შედეგად მისაღებ შემოსავალს. სასამართლოს უნდა ემსჯელა გასაჩივრებული აქტით მოსარჩელისთვის ფინანსური შედეგების დადგომის თაობაზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ არ მოახდინა განშლის ოქმისა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის ურთიერთშედარება, რის გამოც ჰოლის ნაწილი კერძო საკუთრების ობიექტად დარეგისტრირდა. სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის ფართს. იგი უშუალოდ ემიჯნება კომპლექსის მთავარ და ორი კომერციული ფართის შესასვლელს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია მანამ, სანამ ის შედავებული არ იქნება. აღნიშნული ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება ზიანის მიმყენებელი და უფლების შემლახველი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური შემფასებლისთვის აშკარაა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებში უზუსტობაა, ამ უზუსტობით სარგებლობა არაკეთილსინდისიერად უნდა ჩაითვალოს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაციის მართლზომიერება.

10. საქმის მასალებში დაცული შპს „ბ...ს“ 09.11.2007წ. პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ამავე საზოგადოების საკუთრებაში არსებული მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსის ბინების და კომერციული ფართების ნუმერაცია და ფართები განისაზღვრა ამავე ოქმზე თანდართული განშლის შესაბამისად. სხვა ფართებს შორის, პირველ სართულზე განისაზღვრა 1247კვ.მ. ოდენობის კომერციული ფართი (ტ. 2, ს.ფ. 326-331, ტ. 6, ს.ფ. 175). მითითებული კრების ოქმის საფუძველზე განხორციელდა დაყოფის რეგისტრაცია და შპს „ბ...ს“ საკუთრების უფლება 17.02.2011წ. დარეგისტრირდა პირველ სართულზე მდებარე 1247კვ.მ. ... კომერციულ ფართზე (ტ. 3, ს.ფ. 3-5). უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი .... სარეგისტრაციო წარმოების მასალებში დაცულია აგრეთვე 1247კვ.მ. ფართის ამსახველი ნახაზი (ტ. 2, ს.ფ. 332).

11. შპს „ბ...ს“ 13.04.2011წ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმით მიღებული იქნა გადაწყვეტილება 1247კვ.მ. ... კომერციული ფართის შვიდ უძრავ ნივთად დაყოფის თაობაზე (ტ. 3, ს.ფ. 12-15) და 14.04.2011წ. განცხადებების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელდა ამ უძრავი ნივთის შვიდ ნაწილად დაყოფის რეგისტრაცია. მოგვიანებით კვლავ განხორციელდა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში პირველ სართულზე მდებარე ფართის რამდენიმე ნაწილად დაყოფა და მათ შორის, გასაჩივრებული საჯარო რეესტრის 06.10.2011წ. №... გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, შპს „ბ...ს“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა პირველ სართულზე მდებარე 75კვ.მ. ფართზე (ბლოკი C, .../8). უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი .... სარეგისტრაციო წარმოებისას წარდგენილი იქნა სადავო, 75 კვ.მ. ...ფართის ნახაზი, რომელიც იძლევა პირველ სართულზე, C ბლოკში მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას (ტ. 3, ს.ფ. 211-212).

აღნიშნულ უძრავ ნივთზე გამყიდველს შპს „ბ...სა“ და მყიდველებს ნ. დ-ესა და თ. მ-ეს შორის 27.01.2012წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში 27.01.2012წ. დარეგისტრირდა ნ. დ-ეის და თ. მ-ეის თანასაკუთრების უფლება. გამყიდველებს თ. მ-ესა და ნ. დ-ეს და მყიდველს ა. მ-ეს შორის 07.08.2015წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კი ამავე უძრავ ნივთზე 13.08.2015წ. დარეგისტრირდა ა. მ-ეის, თ. მ-ეის და ნ. დ-ეის თანასაკუთრების უფლება.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროისთვის მოქმედებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“ (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით), რომლის მე-16 მუხლი ადგენდა უძრავი ნივთის დაყოფის წესს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად უძრავი ნივთის დაყოფისას, უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე რეგისტრირებული უფლება ან ვალდებულება მათი სარეგისტრაციო მონაცემების უცვლელად გადადიოდა დაყოფის შედეგად შექმნილ შესაბამის უძრავ ნივთზე (ნივთებზე) ან მის (მათ) ნაწილზე (ნაწილებზე), თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობდა. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ დაყოფის რეგისტრაციამდე უძრავი ნივთი წარმოადგენდა შპს „ბ...ს“ საკუთრებას, შესაბამისად დაყოფის შედეგად შექმნილ უძრავ ნივთებზე, მათ შორის სადავო ფართზე, უცვლელად გადავიდა მესამე პირის საკუთრების უფლება.

13. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთი ექცევა შპს „ბ...ს“ საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში, პირველ სართულზე მდებარე 1247კვ.მ. ... კომერციულ ფართის ფარგლებში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერში 1247კვ.მ. ფართზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად მიეთითა შპს „ბ...ს“ 09.11.2007წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ტ. 3, ს.ფ. 4-5). თავის მხრივ, პარტნიორთა გადაწყვეტილება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა (სკ-ის 50-ე მუხ.), რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს (სუსგ №ას-1128-2019, 17.02.2021წ.; №ას-1546-2023, 23.01.2025წ.). მართალია, განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს 1247კვ.მ. კომერციულ ფართზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის მართლზომიერება, თუმცა ამ რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული 09.11.2007წ. პარტნიორთა კრების ოქმის შინაარსისა და იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ფართი არის 1247კვ.მ. კომერციული ფართის შემადგენელი ნაწილი, მნიშვნელოვანია მითითებული კრების ოქმის კანონიერებასა და აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით წარმოებული სასამართლოს დავის შედეგები.

14. სამოქალაქო საქმეზე, სადაც სხვა სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად, დავის საგანს შეადგენდა შპს „ბ...ს“ 09.11.2007წ. პარტნიორთა კრების ოქმის ნაწილობრივ და ამავე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 13.04.2011წ. სხდომის ოქმის სრულად ბათილად ცნობა, შპს „ბ...ს“, თ. მ-ეს და ნ. დ-ეს შორის 27.01.2012წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქ. ბათუმში, ...ის ქ. №5-ში მდებარე მრავალსართულიანი კომპლექსის C ბლოკის 0.00 ნიშნულიდან 4.20 ნიშნულამდე 1248კვ.მ. ...ს ბმა „ქ. ბათუმში, ...ის 5“-ის საერთო საკუთრებად აღიარება, მ. ხ-ი მონაწილეობდა მესამე პირის სახით, შესაბამისად კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საქმეზე წარმოებულ დავაში იგი ჩაბმული არ ყოფილა, უსაფუძვლოა. რაც შეეხება საქმის მასალების გაცნობისა და საქმეში მონაწილეობის უფლებას, აღნიშნული უფლება გარანტირებულია სსკ-ის 83-ე მუხლით და მათი რეალიზება სსკ-ის მე-3 მუხლიდან გამომდინარე დამოკიდებულია მხარის ნებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.04.2018წ. გადაწყვეტილებით, მითითებულ საქმეზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ბ...ს“ სრული უფლება გააჩნდა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი არ უზღუდავდა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში, პირველ სართულზე მდებარე ... 1247კვ.მ. კომერციული ფართის შვიდ ნაწილად დაყოფასა და შემდეგში გასხვისებას, შპს „ბ...მ“ დაყო და გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ფართები. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ გარიგებების ბათილად ცნობით და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ქონება მოსარჩელეთა საერთო საკუთრებად ვერ აღირიცხება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2019წ. განჩინებით დარჩა განუხილველი.

15. მ. ხ-იმა აღძრა სარჩელი სამოქალაქო საქმეზე მოპასუხეების ა. მ-ეის, თ. მ-ეის, ნ. დ-ეის და შპს „ბ...ს“ მიმართ და მოითხოვა შპს „ბ...ს“, თ. მ-ეს და ნ. დ-ეს შორის 27.01.2012წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნ. დ-ეს, თ. მ-ეს და ა. მ-ეს შორის 07.08.2015წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 75კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი ...) პირველზე სართულზე არსებული ჰოლის ნაწილად დადგენა, ასევე მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

27.01.2012წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და 75კვ.მ. ფართის ჰოლის ნაწილად დადგენის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2023წ. განჩინებით, საქმის წარმოება შეწყდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში არსებობს კანონიერ ძალაში შესული თბილსის საქალაქო სასამართლოს 30.04.2018წ. გადაწყვეტილება. სადავო ჰოლი წარმოადგენს სწორედ ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ პირველ სართულზე მდებარე ... კომერციული ფართის 1247კვ.მ. ნაწილს. შპს „ბ...ს“ ინდივიდუალური საკუთრების უფლების კანონიერება სადავო ფართზე შეფასებული იქნა სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, სადაც მ. ხ-ი მონაწილეობდა მესამე პირის პროცესუალური სტატუსით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ხ-ის, როგორც მესამე პირს, ჰქონდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების, ახსნა-განმარტებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცესუალური უფლება, ასევე იმ შემთხვევაში თუ იგი არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მას ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.04.2018წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

16. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო ფართი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს საერთო სარგებლობის ფართს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 8). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს (მუხ. 1). ამდენად, მითითებული კანონი აწესრიგებს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს, რომელთა შეფასება და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენა შესაბამისი იურისდიქციის სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში კასატორის ინტერესს ქონების ამხანაგობის თანასაკუთრებად გარდაქმნა და საბოლოოდ, ამ ქონებით, როგორც ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ სარგებლობის უფლების მოპოვებას უკავშირდება (კასატორის მითითებით სადავო ფართი წარმოადგენს კომერციული ფართ(ებ)ის შესასვლელს). სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით კი შესაბამისი იურისდიქციის სასამართლომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში, პირველ სართულზე მდებარე ... 1247კვ.მ. კომერციული ფართის, რომელიც მოიცავს სადავო ფართს, ამხანაგობის საერთო საკუთრებად აღიარების მოთხოვნაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსკ-ის 266-ე მუხ.). კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების დაძლევა არ ხდება ახალი სარჩელის შეტანით. პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, საზედამხედველო წარმოების წესებს. სსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება (სუსგ №ბს-1103(კ-24), 24.02.2025წ.).

18. სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/531, II - 25).

19. პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას, ანუ სავალდებულო ძალის მქონედ მიიჩნევა არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი უკლებლივ ყველა გარემოება, არამედ მხოლოდ ისინი, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ემყარება (სუსგ საქმე №ას 827-791-2014, 13.11.2015წ., №ას-895-845-2015, 29.01.2016წ.).

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას პირი ითხოვს თავისი უფლების ან კანონიერი ინტერესის დასაცავად (სასკ-ის 22.2 მუხ.). უფლების დაცვის რეალიზება ხდება კონკრეტული პირადი უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევის შემთხვევაში. მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისთვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული (სუსგ საქმე №ბს-467(კ-19), 25.11.2021წ.). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობას გამორიცხავს ზემოთ მითითებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი - სადავო ფართის ამხანაგობის საერთო საკუთრების აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი, რომლის საბოლოობა უზრუნველყოფილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალით.

21. საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ სადავო უძრავი ნივთი გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდეც წარმოადგენდა ინდივიდუალური საკუთრების საგანს და შედიოდა შპს „ბ...ს“ სახელზე რეგისტრირებული 1247კვ.მ. კომერციული ფართის ფარგლებში, ამდენად, კასატორის მითითება სადავო რეგისტრაციით მის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართების ღირებულების შემცირების თაობაზე არის უსაფუძვლო.

22. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების თაობაზე, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სამართლებრივი შეფასება მისცეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას ამ მიმართებით.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2024 წლის განჩინება.

3. მ. ხ-ის (პირადი ნომერი ...) უკან დაუბრუნდეს ბ. ბ-ის (პირადი ნომერი ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №8076, გადახდის თარიღი 13.05.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე