Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №270აპ-15 ქ. თბილისი

ც-ა პ.-270აპ-15. 20 ნოემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა. წ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განაჩენით პ. ც-ა, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის განაჩენით დანიშნული და სენაკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინებით აღსასრულებლად მიქცეული თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 3 ივლისიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განაჩენით შეიცვალა: პ. ც-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 9 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 3 ივლისიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს ­­– წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ ა. წ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე