Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ვ-922-შ-50-04 29 მაისი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),

მ. ცისკაძე

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის ალანიის ქ.ვლადიკავკაზის საბჭოთა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე კ.გ-ევის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი ამავე სასამართლოს 2004წ. 20 აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ მოქალაქე დ. ს-ევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმის დაკისრების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს მოქალაქე დ. ს-ევმა 1999 წელს ვიზის საფუძველზე გადალახა რუსეთის ფედერაციის საზღვარი. ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ცხოვრებას განაგრძობდა ქ.პიატიგორსკში, სადაც ასრულებდა კერძო სამუშაოებს.

2004წ. 12 აპრილს იგი დაკავებულ იქნა ქ.ვლადიკავკაზის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე რუსეთის ფედერაციაში ყოფნის რეჟიმის დარღვევის გამო.

რუსეთის ფედერაციის ალანიის ქ.ვლადიკავკაზის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 აპრილის დადგენილებით რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 18.8 მუხლის დარღვევის გამო დ. ს-ევს დაეკისრა ჯარიმა 500 რუბლის ოდენობით.

რუსეთის ფედერაციის ალანიის ქ.ვლადიკავკაზის საბჭოთა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე კ.გ-ევმა შუამდგომლობით მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ალანიის ქ.ვლადიკავკაზის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ალანიის ქ.ვლადიკავკაზის საბჭოთა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე კ.გ-ევის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

«სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. 22 იანვრის მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ კონვეციით გათვალისწინებული პირობებით ცნობს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე გამოტანილ შემდეგ გადაწყვეტილებებს: ა) იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებებს სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე, ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო შეთანხმებების და ნოტარიალური აქტების ჩათვლით ფულად ვალდებულებათა მიმართ; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ზარალის ანაზღაურების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი მოითხოვსრუსეთის ფედერაციის ალანიის ქ.ვლადიკავკაზის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, რომელიც ადგენს მოქალაქე დ. ს-ევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმის დაკისრებას.

როგორც ზემოთ მითითებული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. 22 იანვრის მინსკის კონვენცია არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე გამოტანილი საპროცესო დოკუმენტების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ალანიის ქ.ვლადიკავკაზის საბჭოთა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე კ.გ-ევის შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე მუხლით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. 22 იანვრის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რუსეთის ფედერაციის ალანიის ქ.ვლადიკავკაზის საბჭოთა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე კ.გ-ევის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2004წ. 20 აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.