საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-478(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - გ. გ-ი (ლ. გ-ის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების
ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 3 ივნისს ლ. გ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1993 წელს გარდაბნის სამგორის მევენახეობიდან გადაეცა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც დღემდე ფლობს და სარგებლობს, რაც დასტურდება ასევე ნოტარიულად დამოწმებული მეზობლების განცხადებებით. მან 2021 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ში, სოფელ ...ში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას ერთოდა შესაბამისი დოკუმენტაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის N... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, ისე რომ სარეგისტრაციო სამსახურს განცხადება არ განუხილავს და არც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის გადაუგზავნია. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომლის დაკმაყოფილებაზეც ასევე ეთქვა უარი.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის N... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 6 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებზე და განმარტა, რომ რეგისტრაცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი უფლების წარმომშობი დოკუმენტის საფუძველზე. რეგისტრირებული მონაცემები გამომდინარეობს სწორედ უფლების დამდგენი დოკუმენტებიდან. საქმის მასალებით კი, დადასტურებულია, რომ ლ. გ-იმა, ქალაქ თბილისში, ...ში, სოფელ ...ში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, თუმცა რაიმე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მის მიერ წარდგენილი არ ყოფილა, აღნიშნული დოკუმენტი არც სამგორის რაიონის გამგეობაშია დაცული. რაც შეეხება აპელანტის აპელირებას 1993 წლის 09 მარტის სალაროს შემოსავლის ქვითარზე, აღნიშნულთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხოლოდ დასახელებული დოკუმენტი ცალკე არ წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც აღნიშნულ ქვითარში მითითებულ ინფორმაციასთან იქნებოდა შესაბამისობაში, საქმის მასალებს არ ერთვის. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სალაროს ქვითარი, რომლითაც ლ. გ-ის მიერ გადახდილია 7500 ლარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სარწყავი სისტემის მოსაწყობად, არ ადასტურებს ზუსტად იმ მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობას, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო თუ საჯარო რეესტრი ადგილმდებარეობის დადგენას ახდენს იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებულ პირს წარდგენილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი და არ ირკვევა ზუსტი ადგილმდებარეობა. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთი დოკუმენტი აპელანტს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ წარუდგენია და ვერც ადმინისტრაციული წარმოებისას იქნა მოძიებული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია, აპელანტის მითითება, რომ გამგეობას უნდა დაედასტურებინა აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის შესაბამისობა ფაქტობრივად მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.
რაც შეეხება სარეგისტრაციო ორგანოს ლ. გ-ის მიერ წარდგენილი საქმის მასალების აღიარების კომისიისათვის გადაგზავნას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითა, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, ასევე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ მიუთითებდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) არსებობაზე და როდესაც უკვე არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 9 დეკემბრის N2613 განკარგულება ლ. გ-ისთვის 1500 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, არ არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ლ. გ-ის განცხადების აღიარების კომისიაში გადაგზავნის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ის წარმომადგენელმა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 21 იანვრის N... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა შეიქმნა 2013 წლის 1 მარტს, „ქ. თბილისის რაიონის საზღვრების დადგენისა და შესაბამისის ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N1-4 გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ერთეულების - რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ~ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-41 დადგენილების შესაბამისად, საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები) და სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტები სამგორის რაიონის გამგეობაში არ შესულა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის დადასტურება, ვინაიდან სამგორის რაიონის გამგეობა არ წარმოადგენს აღნიშნული აქტის - უფლების დამდგენი დოკუმენტის - გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
კასატორის განმარტებით, როდესაც მისი მიწის ნაკვეთი მდებარეობს სამგორის რაიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, გამგეობას უნდა მოეხდინა იდენტიფიკაცია - აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა თუ არა ფაქტობრივად ლ. გ-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთს, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გაუკეთებია.
კასატორის განმარტებით, 2021 წლის 08 ივნისს N... განაცხადით მოითხოვა ...ში სოფელ ...ში 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. კერძოდ, 1993 წელს, 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა გარდაბნის სამგორის მევენახეობამ და შესაბამისად, გადაიხადა 7500 ლარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სარწყავი სისტემის მოსაწყობად. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს დღემდე ფლობს და სარგებლობს როგორც საკუთარს, რასაც ადასტურებენ მომიჯნავე მეზობლები ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 29 მარტს ისე უთხრა უარი რეგისტრაციაზე, რომ არც კი განიხილა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და არც გადაუგზავნა აღიარების კომისიას განსახილველად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება კასატორის - ლ. გ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება; კასატორის - ლ. გ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო შვილი - გ. გ-ი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. გ-ის საკასაციო საჩივარი; გ. გ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). თუმცა საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ მხარის იმ მატერიალურ ან საპროცესო-სამართლებრივ პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი უცილობლად უნდა გაეცეს „სრულად და ამომწურავად“ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადავო შემთხვევა უკავშირდება ევროკონვენციით დაცული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ შედავებებს (ევროსასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, App. No. 76240/01, §96; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30; აგრეთვე, ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Tatishvili v. Russia, App. No.1509/02, §62).
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის N... გადაწყვეტილების, რომლითაც გ. გ-ის (ლ. გ-ის უფლებამონაცვლე) უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ში, სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის უფლებათა სპორადულ რეგისტრაციაზე, იმ საფუძვლით, რომ უძრავ ნივთზე არ დგინდება საკუთრების მართლზომიერი მფლობელობა და ამასთან, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ნივთი არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის დაწესებულ პირობებს, კანონიერების შემოწმება და ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 6 მაისის N ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, მას 1993 წელს სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა გარდაბნის სამგორის მევენახეობისგან, რის გამოც საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სარწყავი სისტემის მოსაწყობად გადაიხადა 7500 ლარი, სწორედ 1993 წლის 09 მარტის სალაროს შემოსავლის ქვითარზე და მეზობლების ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე მიუთითებს მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო-სამართლებრივი უფლებები, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
2009 წლიდან მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც უკვე ძალადაკარგული, ისე მოქმედი ნორმატიული აქტებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამდენად, რეგისტრაცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი უფლების წარმომშობი დოკუმენტის საფუძველზე. რეგისტრირებული მონაცემები გამომდინარეობს სწორედ უფლების დამდგენი დოკუმენტებიდან. ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (21-ე-23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 08 ივნისს ლ. გ-ის წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ში, სოფელ ...ში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას ერთოდა საკადასტრო აგეგმვითი აზომვითი ნახაზი, ელ. ვერსიით, ქვითრის ასლი, განცხადების ასლი და ასევე მითითებულ იქნა, რომ აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული უძრავი ნივთი წარმოადგენს საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად 2007 წლის 20 სექტემბრამდე გადაცემულ მიწის ნაკვეთს.
2021 წლის 25 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომელშიც მითითებულ იქნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 25 აგვისტოს ... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სამგორის რაიონის გამგეობიდან და სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა ზემოაღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 21 იანვრის N... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა შეიქმნა 2013 წლის 1 მარტს, „ქ. თბილისის რაიონის საზღვრების დადგენისა და შესაბამისის ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N1-4 გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ერთეულების - რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-41 დადგენილების შესაბამისად, საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები) და სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტები სამგორის რაიონის გამგეობაში არ შესულა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის დადასტურება, ვინაიდან სამგორის რაიონის გამგეობა არ წარმოადგენს აღნიშნული აქტის - უფლების დამდეგი დოკუმენტის - გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ინსტიტუციური მეხსიერება და ასევე არ ჰყავს ინსტიტუციური მეხსიერების მქონე თანამშრომელი.
2022 წლის 7 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ თანხმობის წარდგენის შემთხვევაში საჯარო რეესტრი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის საკითხს.
2022 წლის 16 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ლ. გ-იმა, რომლითაც დააზუსტა №... განცხადებით წარდგენილი მოთხოვნა და მიუთითა, რომ აზომვითი ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს და განაცხადა თანხმობა, რომ საჯარო რეესტრს განეხილა აღიარების საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილებით, ლ. გ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ლ. გ-ის მიერ წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 06 მაისის N... გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ. გ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში რაიმე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მის მიერ წარდგენილი არ ყოფილა. ასევე დასტურდება, რომ აღნიშნული დოკუმენტი არც სამგორის რაიონის გამგეობაში არის დაცული. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას 1993 წლის 09 მარტის სალაროს შემოსავლის ქვითართან მიმართებაში, რომ მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტი ცალკე არ წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც აღნიშნულ ქვითარში მითითებულ ინფორმაციასთან იქნებოდა შესაბამისობაში, საქმის მასალებს არ ერთვის. აღნიშნული ქვითარი ასევე არ ადასტურებს ზუსტად იმ მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობას, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე). ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ სააგენტო კომისიას შუამდგომლობით არ მიმართავს, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული/მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით უტყუარად დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამასთან, დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვაზე უარის თქმა დაინტერესებულ პირს არ უზღუდავს უფლებას, თავად მიმართოს კომისიას საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული. ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 375 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არსებობს თუ არა მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არსებობს, სააგენტო განიხილავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით, სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ, რომელიც ტარდება ამ თავით დადგენილი წესით. ინსტრუქციის 375 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას აღიარებს, თუ მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს ასევე, თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. ამ შემთხვევაში, ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკუთრების უფლების აღიარება ხდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.
მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ მიუთითებდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) არსებობაზე, ასევე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ აღემატებოდა 1.25 ჰა-ს, ამასთან, როდესაც უკვე არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 9 დეკემბრის N2613 განკარგულება ლ. გ-ისთვის 1500 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიაჩნია, რომ არ არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ლ. გ-ის განცხადების აღიარების კომისიაში გადაგზავნის საფუძველი.
საკასაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 6 მაისის N ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. გ-ის (ლ. გ-ის უფლებამონაცვლე) ადმინისტრაციული საჩივარი და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებული აქტი კანონიერია და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლები და მასთან დაკავშირებული საკითხები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სრულად იქნა შესწავლილი, საკასაციო პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 185-ე და 201-ე მუხლებზე დაყრდნობით იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ არ არსებობს ზემოხსენებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის (ლ. გ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე