Facebook Twitter

3კ-381-02 5 მარტი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

სხდომის მდივანი _ ვ. ბოკუჩავა

საკასაციო საჩივრის ავტორები – ვ. ლ. ზ. მ-შვილები და სხვები

წარმომადგენელი _ ლ. ქ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-შვილი

წარმომადგენელი _ მ. ბ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის განჩინება.

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან საერთო სარგებლობის გზის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2000 წლის 3 ოქტომბერს ვ. ლ. ზ. მ-შვილებმა და სხვებმა სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ საამართლოს მოპასუხე ი. მ-შვილის მიმართ და აღნიშნეს, რომ სოფელ ...-ში 1992 წელს პრივატიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაწილდა მიწის ნაკვეთები. ი. მ-შვილს მიწის ნაკვეთი გამოუყვეს ქ. მ-შვილის მიწის ნაკვეთის დასავლეთით, რომელმაც მიწა 1987 წელს მიიღო. 1999 წელს ი. მ-შვლმა მიწის ნაკვეთი გაუცვალა ქ. მ-შვილს, რაზეც შედგა აქტი, მაგრამ კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა ამ ფაქტის გაფორმება. საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთები აღნიშნულ პირებზე არ იყო რეგისტრირებული. მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. მ-შვილისა და ი. მ-შვილის მიწის ნაკვეთებს შორის მდებარეობს საუბნო გზა, რომელიც თვითნებურად დაიკავა მოპასუხემ და მოსარჩელეებს არ აძლევს ამ გზით სარგებლობის უფლებას. ზემოაღნიშნულის გამო, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ი. მ-შვილისაგან უკანონო მფლობელობიდან საერთო სარგებლობის გზის გამოთხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ლ. ზ. მ-შვილებისა და სხვების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეაწრმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ლ. ზ. მ-შვილებმა და სხვებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, კასატორთა წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ გორის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული წესით იხილებოდა საქმე, რომლის შედეგსაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა განსახილველი დავისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატოს 2002 წლის 13 სექტემბრის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა საქმის წარმოება მ-შვილების სარჩელზე გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე.

გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. და ლ. მ-შვილების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 14 ნოემბერს გაცემული ცნობა ¹280 მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, ცვლილება შევიდა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელიც დადებულ იქნა ქ. მ-შვილსა და ი. მ-შვილს შორის და ნაცვლად 2917 კვ.მეტრისა, დაფიქსირდა _ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, ი. მ-შვილს დაევალა გორის რაიონის სოფელ ...-ში, ბაღის მიმდებარედ მდებარე 11 მეტრი სიგანისა და 118 მეტრი სიგრძის მიწის ნაკვეთის გამონთავისუფლება, ცვლილება შევიდა ი. მ-შვილის მიმართ გაცემულ საკადასტრო რუკაში, ნაცვლად 2917 კვ.მ დაფიქსირდა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის რაიონის სოფელ ...-ის საკრებულომ და ი. მ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინებით ი. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის განჩინებით ი. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ლ. მ-შვილისა და სხვების წარმომადგენელმა ლ. ქ-ძემ და მოითხოვა შეჩერებული საქმის წარმოების განახლება და საქმის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე დამთავრდა დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების გზით იხილებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მარტის საოქმო განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იგივე სარჩელზე. სარჩელი იგივე, თუ იგივეა სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელის საფუძველი და იგი აღძრულია იმავე მხარეებს შორის.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა ი. მ-შვილის უკანონო მფლობელობაში არსებული საერთო სარგებლობის გზის გამოთხოვა. ხოლო, გორის რაიონული სასამართლოში კი ადმინისტრაციული სამართლაწარმოების წესით იმავე მხარეებს შორის განხილულ იქნა დავა, სადაც სხვა მოთხოვნებთან ერთად დავის ერთ-ერთ საგანს მხარეებს შორის წარმოადგენდა ი. მ-შვილისაგან საერთო სარგებლობის გზის მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, რაც 2003 წლის 6 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. ვინაიდან ორივე შემთხვევაში მონაწილობდნენ იგივე მხარეები, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, კერძოდ, ლ. მ-შვილისა და სხვათა საკასაციო საჩივარი ეხება ი. მ-შვილისაგან უკანონო მფლობელობიდან საერთო სარგებლობის გზის მიწის ნაკვეთის გამოთხოვას, რაც გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ი. მ-შვილისაგან გამოთხოვილ იქნა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ლ. მ-შვილისა და სხვების საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შეწყდეს საქმის წარმოება ლ. მ-შვილისა და სხვათა საკასაციო საჩივარზე;

2. გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.