Facebook Twitter

ას-1000-1199-08 9 მარტი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ბ. ფ-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ რ. ფ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,ს.-ი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,ს.-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ფ-ძის მიმართ ზიანის _ 11915 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ბათუმის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა მოსარჩელე საზოგადოების ყოფილ თანამშრომელთა სარჩელი სს ,,ს.-ის” მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, რა დროსაც საზოგადოების წარმომადგენელ ბ. ფ-ძეს არაერთხელ დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. აღნიშნულის გამო რამდენიმე სასამართლო სხდომა გადაიდო, თუმცა ბ.ფ-ძეს სასამართლოს დავალება არ შეუსრულებია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სს ,,ს.-ს” დაეკისრა 12600 ლარის გადახდა. ბ. ფ-ძის განმარტებით, იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, რადგან გაემგზავრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, რაც სასამართლომ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა და ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, ბ.ფ-ძის მიერ სადავო დოკუმენტიციის წარუდგენლობამ მოსარჩელეს ზიანი მიაყენა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ სადავო სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით მას რაიმე დოკუმენტაცია არ გააჩნდა, შესაბამისად, მას ვერც სასამართლოს ვერ წარუდგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ.ფ-ძეს არანაირი ზიანი სს ,,ს.-ისათვის” არ მიუყენებია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სს ,,ს.-მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბ. ფ-ძეს დაეკისრა აპელანტის სასარგებლოდ 11915 ლარის გადახდა, რაც გაასაჩივრა ბ. ფ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ბ. ფ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს “ს.-ის” სააპელაციო საჩივრის ასლი ბ. ფ-ძეს გაეგზავნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა ორჯერ სასამართლო გზავნილი დაბრუნდა ადრესატისათვის ჩაუბარებლად იმ მოტივით, რომ ბ.ფ-ძის მეუღლემ უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე. სააპელაციო პალატის 2008 წლის 9 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-74-ე მუხლების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაევალა ზემოხსენებული გზავნილის ბ.ფ-ძისათვის ჩაბარებისა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის სააპელაციო პალატისათვის შეტყობინების უზრუნველყოფა. საქალაქო სასამართლომ სადავო გზავნილი ადრესატს ვერ ჩააბარა, რადგან ბ. ფ-ძე სამუშაოდ იმყოფებოდა უკრაინაში, ქ. ...-ში, მისი მისამართი ოჯახის წევრებისათვის უცნობია და მეუღლემ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, 75-ე მუხლით და გზავნილი ბ.ფ-ძისათვის ჩაბარებულად ჩათვალა. პალატის მითითებით, სასამართლო გზავნილით ბ.ფ-ძეს განემარტა, რომ სს “ს.-ის” სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 7 დღეში იგი ვალდებულია, წარადგინოს შესაგებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება. აღნიშნულის მიუხედავად, მხარეს შესაგებელი არ შეუტანია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში ბ. ფ-ძე პირადად მონაწილეობდა და მის მიმართ აღძრული სარჩელის შესახებ მხარისათვის ცნობილი იყო. პალატამ ბ.ფ-ძის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა მისი მეუღლის განმარტება, რომ მხარე საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ბ.ფ-ძეს შეეძლო, საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული წარმომადგენლის მეშვეობით, რაც მხარეს არ განუხორციელებია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ. ფ-ძის წარმომადგენელმა რ. ფ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლი, ვინაიდან მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო ბ.ფ-ძის მისამართი. სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 73-ე მუხლი და არ გამოიყენა მისი მერვე ნაწილი, რომლის შესაბამისად ბ.ფ-ძეს სასამართლო გზავნილი პირადად არ ჩაბარებია. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კურიერმა სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობის მინაწერი დაათარიღა 2008 წლის 9 ივლისით, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი მიღებულია ამავე წლის 16 ივლისს ისე, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის მიცემული სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენის 7-დღიანი ვადა არ გასულა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ზემოხსენებული ვადა გადიოდა 2008 წლის 17 ივლისს. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ბ.ფ-ძეს სასამართლო გზავნილი არ ჩაბარებია, რის გამოც, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შესაგებლის წარმოდგენის ვადა უნდა გაეგრძელებინა და გზავნილი ჩაებარებინა მითითებული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით, მხარისათვის საჯარო შეტყობინების გზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ბ.ფ-ძისათვის 7Dდღის ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგის განმარტების შესახებ, ვინაიდან ფაქტობრივად, კასატორს სადავო სასამართლო გზავნილი ჯერაც არ ჩაბარებია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ზემოხსენებული კოდექსის 74-ე მუხლით, არასწორად გამოიყენა ამ ნორმის მხოლოდ პირველი ნაწილი და სრულად არ შეაფასა იგი. სააპელაციო პალატას ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ სადავო შესაგებელი მხარემ საპატიო მიზეზის, კერძოდ, საზღვარგარეთ ყოფნის გამო ვერ წარადგინა. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა და დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მეშვიდე ნაწილი, 230-ე და 2321-ე მუხლები, როდესაც არ იმსჯელა აპელანტის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სს “ს.-ის” სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ბ. ფ-ძეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ასლი და სასამართლო გზავნილით დაევალა მისი ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნიმუშის მიხედვით შედგენილი შესაგებლის წარდგენა, ამასთან, ამავე გზავნილით მხარეს განემარტა შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგები.

სასამართლო გზავნილი ბ.ფ-ძეს არაერთხელ გაეგზავნა, თუმცა ვერ ჩაბარდა ადრესატის არყოფნის გამო. საქმეში წარმოდგენილ გზავნილზე სასამართლოს კორესპოდენციების დამტარებლის მიერ შესრულებული მინაწერით დასტურდება, რომ 2008 წლის 9 ივლისს გზავნილი წარედგინა ბ.ფ-ძის მეუღლეს, რომელმაც მის მიღებაზე უარი განაცხადა ბ.ფ-ძის არყოფნის მოტივით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს, დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისათვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრება სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. ამასთან, სასამართლო აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ. ამავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, უზრუნველყოს სააპელაციო საჩივრისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლების მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნა, თავისი განჩინებით დაუდგინოს მხარეს ვადა სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარსადგენად და განუმარტოს მხარეს შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 21 აპრილის განჩინებით წარმოებაში მიიღო რა სს “ს.-ის” სააპელაციო საჩივარი, ამავე განჩინებით მოწინააღმდეგე მხარისათვის სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარსადგენად ვადა არ დაუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები არ განუმარტავს, არამედ აღნიშნული შესახებ მხარეს ეცნობა მხოლოდ სასამართლო გზავნილის მეშვეობით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ზემოხსენებული კანონის დანაწესი, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს განჩინება, რომლითაც ბ. ფ-ძეს სს “ს.-ის” სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენის ვადა განესაზღვრა და განემარტა, რომ მის მიერ აღნიშნული შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ ასეთ პირობებში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გაუმართლებელი იყო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის ასლის გზავნილი ბ.ფ-ძეს კანონის დადგენილი წესით არ ჩაბარებია, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება ან გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ უშუალოდ მხარემ, ან მისი არყოფნისას, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა უარი განაცხადა მის მიღებაზე.

დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა იმის შესახებ, რომ სს “ს.-ის” სააპელაციო საჩივრის ასლი ბ. ფ-ძეს ჩაბარდა 2008 წლის 9 ივლისს, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მითითებულ დროს სასამართლო გზავნილი წარედგინა ბ.ფ-ძის ოჯახის სრულწლოვან წევრს, მის მეუღლეს, რომელმაც გზავნილის მიღებაზე უარი განაცხადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ამასთან, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

მოცემულ შემთხვევაში საპროცესო მოქმედების შესრულების _ სს “ს.-ის” სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის შეტანის 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2008 წლის 9 ივლისის სასამართლო გზავნილის მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარების მომდევნო დღიდან _ 2008 წლის 10 ივლისიდან და ბ.ფ-ძეს უფლება ჰქონდა, შესაგებელი შეეტანა ამავე წლის 16 ივლისის ჩათვლით, 16 ივლისის ოცდაოთხ საათამდე.

სააპელაციო სასამართლომ, სს “ს.-ის” სააპელაციო საჩივარზე ბ.ფ-ძის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით, 2008 წლის 16 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რა სააპელაციო საჩივარი, დაარღვია ზემოხსენებულ ნორმათა დანაწესი და მხარეს შეუზღუდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7-დღიანი ვადის მიწურულს, მეშვიდე დღის ოცდაოთხ საათამდე, შესაგებელი შეეტანა სს “ს.-ის” სააპელაციო საჩივარზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას ზემოხსენებული გარემოება სათანადოდ არ შეუფასებია, რაც ასევე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.