საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-1000-1301-07 28 მარტი, 2008წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ გ. ს-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ე. პ-ანი, ვ. ვ-ოვა, ნ. კ-შვილი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან არასაცხოვრებელი ფართის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ნ. კ-შვილმა, ე. პ-იანმა და ვ. ვ-ოვამ მოპასუხეების _ გ. ს-შვილისა და თ. მ-შვილის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეების მფლობელობიდან უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთხოვა და აღნიშნული ფართიდან მოპასუხეთა გამოსახლება (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. კ-შვილის, ე. პ-ისა და ვ. ვ-ვას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო, გამოთხოვილ იქნა გ. ს-შვილისა და თ. მ-შვილის უკანონო მფლობელობიდან თბილისში, …ის მე-3 მ/რ-ის 88-ე კორპუსის სხვენში მოპასუხეთა მიერ დაკავებული ფართი (ს.ფ. 90-92).
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ. ს-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება (ს.ფ. 97).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინებით გ. ს-შვილის საჩივარი 2006 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 115-117).
აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (ს.ფ. 126).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინება (ს.ფ. 160-164).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-შვილმა (წარმომადგენელი ჯ. მ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (ს.ფ. 173-175).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის განჩინებით გ. ს-შვილის (წარმომადგენელი ჯ. მ-შვილი) საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
2008 წლის 27 მარტს საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორმა გ. ს-შვილმა, რომელმაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და ითხოვა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება (ს.ფ. 212).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კასატორის შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა _ გ. ს-შვილმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე, 272-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ გ. ს-შვილის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საკასაციო საჩივრის წარმოება.
საკასაციო სასამართლო 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე განუმარტავს კასატორს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-შვილის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს გ. ს-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოება;
3. განემარტოს კასატორს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით;
4. გ. ს-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.