ას-1001-1200-08 24 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ხ. ბ-ავა (მოპასუხე)
წარმომადგენელი - თ. ჯ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – ვ. პ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. პ-იამ, მოპასუხე ხ. ბ-ავას მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, ქ.ზუგდიდში, ... ქ. ¹105-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირება და სასამართლო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2008 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით, ვ. პ-იას სარჩელი ხ. ბ-ავას მიმართ, 2002 წლის 19 ივნისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურში ცვლილებების შეტანისა და მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. პ-იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. პ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგ ფაქტობრივ გარემოები:
2002 წლის 19 ივნისს, ვ. პ-იასა და ხ. ბ-ავას შორის, დაიდო ქ.ზუგდიდი, ... ქ. ¹105-ში მდებარე, ვ. პ-იას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, სანოტარო წესით დამოწმებული (გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნასყიდობის ფასი შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს, რაც ხელშეკრულების დამოწმების დღისათვის იყო 22 000 ლარის ექვივალენტი.
ხელშეკრულებით დადგენილი იქნა თანხის გადახდის გრაფიკი, კერძოდ 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების დამოწმებისთანავე, ხოლო 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი 2003 წლის 1 იანვრამდე;
ნასყიდობის დარჩენილ თანხას სარგებელი (პროცენტი) არ ერიცხებოდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე ნასყიდობის საგნის მყიდველი მესაკუთრედ აღირიცხებოდა საჯარო რეესტრში.
ასევე, ერთობლივი განცხადებით უნდა მიემართათ საჯარო რეესტრში ნასყიდობის საგანზე ყოველგვარი შეზღუდვის მოსახსნელად, ხოლო თუ გამყიდველი არ, ან ვერ შეძლებდა ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერას, მაშინ მყიდველი უფლებამოსილი იყო ნასყიდობის ფასი გადაეხადა ნოტარიუსისათვის, გამყიდველისათვის გადასაცემად;
მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის საგნის ფასის ნაწილი, 7000 აშშ დოლარი გადახდილია ვადის დაცვით, ხოლო 3000 აშშ დოლარი 2003 წლის 1 იანვრამდე გადახდილი არ ყოფილა;
2007 წლის 16 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ მყიდველმა ხ. ბ-ავამ, სადავო ქონებაზე - ქ.ზუგდიდი, ... ქ. ¹105-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე, 2002 წლის 21 ივნისს შეიძინა საკუთრების უფლება.
პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ფასის ზრდის გამო, ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესასრულებლად დამატებით ვადის დაწესება გაუმართლებელი იყო; სწორედ ამ აუცილებლობიდან გამომდინარეობდა ის შეთანხმება, რომ თუ დათქმულ ვადაში, გამყიდველი არ, ან ვერ შეძლებდა ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერას, მაშინ მყიდველი უფლებამოსილი იყო ნასყიდობის ფასი გადაეხადა ნოტარიუსისათვის, გამყიდველისათვის გადასაცემად;
პალატამ მიიჩნია, რომ გამყიდველის, ვ. პ-იას მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 508-ე, 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე საფუძვლიანია.
პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად მიმართა ნოტარიუსს, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით. 2007 წლის 05 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმითა და აღნიშნულ სხდომაზე დაკითხული ნოტარიუსის ჩვენებით ირკვევა, რომ ხ. ბ-ავამ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად ნოტარიუსს, მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მიმართა, მოწინააღმდეგე მხარეს კი ამ ფაქტის გასაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
პალატამ ასევე არ გაიზიარა მოწინაამდეგე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელთან დაკავშირებული წარმოება შესაწყვეტია, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა არა სამართლებრივად უვარგისი ქმედება, როგორც მას ადგილი ჰქონდა 2007 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დასრულებულ სამოქალაქო დავაზე, არამედ ნამდვილი გარიგებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ხ. ბ-ავას წარმომადგენელმა.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას განიხილა ადმინისტრაციული წესით განსახილველი მოთხოვნა- საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებისა და სხვა პირის მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ.
კასატორის წარმომადგენლის აზრით, სასამართლომ აღნიშნული უკანონო ქმედება ისე ჩაიდინა, რომ საჯარო რეესტრის სამსახური, რომლის მიერაც უნდა ხორციელდებოდეს კანონის საფუძველზე ყველა სახის რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე და რომელსაც გააუქმეს ჩანაწერი და თითქოსდა არაპირდაპირ დაავალდებულეს ახალი ჩანაწერის განხორციელება, მოპასუხედ არ ყოფილა ჩართული მოპასუხის მიერ, ხოლო სასამართლომ ვერ ან არ გაითვალისწინა ეს გარემოება, გააუქმა აქტი და დაავალდებულა ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიღება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ისე, რომ მოპასუხედ არ ყოფილა ჩართული საქმეში.
კასატორის წარმომადგენლის აზრით, მაშინ, როდესაც მოსარჩელე 2007 წლის 21 აგვისტოს შეტანილი სარჩელით ითხოვს ხელშეკრულების „ბათილად ცნობას“, ხოლო განმეორებით სარჩელში იგი ითხოვს იმავე ხელშეკრულების „გაუქმებას“ სასამართლო წესით, ხოლო სასამართლო იმის გამო რომ გაამართლოს თავისი წინასწარ განზრახული უკანონო გადაწყვეტილება არქმევს ამას ხელშეკრულების „მოშლას“ თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს ხელშეკრულების ბათილად ცნობას სასამართლო წესით, და ეს იდენტურია რა თქმა უნდა გაუქმებასთან. აგრეთვე, იდენტურია მოთხოვნები ორივე სარჩელში სადავო ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ ვ. პ-იას მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 508-ე, 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების გასვლის თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია. აღნიშნულ დასკვნამდე სასასმართლო მივიდა იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ ბ-ავამ მართალია ბინის საფასურის ნაწილი ხელშეკრულების შესაბამისად დროულად გადაიხადა, მაგრამ დარჩენილი 3000 აშშ დოლარი 2003 წლის 1 იანვრამდე გადახდილი არ ყოფილა, არც ნოტარიუსთან განხორციელებულა დეპონირება, არც ვალდებულების შესრულების გადავადებაზე შეთანხმებულან და უფრო მეტიც, დღემდე ვალდებულება შესრულებული არ არის.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაზიარებს. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების მხარე 405-ე მუხლს გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. როგორც აღნიშნული ნორმიდან იკვეთება, ხელშეკრულებიდან გასვლისათვის (ხელშეკრულებაზე უარის თქმისათვის) აუცილებელია სახეზე იყოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულება მისთვის დაკარგა ინტერესი. ვინაიდან მოცემულ შევმთხვევაში ადგილი აქვს ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შეუსრულებლობას, ასეთ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს კრედიტორის მიერ შესრულებისადმი ინტერესის დაკარგვის ფაქტი. მაგრამ ასეთ შემთხვევაში შესრულების ინტერესი არ უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ და მხოლოდ კრედიტორის სუბიექტური მოსაზრებიდან, არამედ იგი უნდა იკვეთებოდეს ობიექტური გარემოებებიდანაც, რომელთა გამოც კრედიტორის ვალდებულების შესრულება აზრს კარგავს.
სააპელაციო სასამართლომ კი უპირობოდ გაიზიარა ვ. პ-იას განცხადება იმის თაობაზე, რომ შესრულებამ მისთვის აზრი დაკარგა. სასამართლო არ უთითებს იმ არგუმენტებს, ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომელზე დაყრდნობითაც გააკეთა ასეთი სახის დასკვნა. ვ. პ-ია აღნიშნავდა, რომ ბინის გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილით სურდა ბინის ყიდვა, ნაწილით კი პრობლემების მოგვარება. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოერკვია თუ რამდენად შეუშალა ხელი აღნიშნულის განხორციელებაში ხ. ბ-ავას მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ. რამ განაპირობა, რომ ვალდებულების შესრულებამ დაკარგა აზრი.
ამასთან, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ ხ. ბ-ავა ცდილობდა ვალდებულების შესრულებას დეპონირების გზით. სასამართლოს არ შეუფასებია თუ რა ვადით გადააცილა ხ. ბ-ავამ შესრულების ვადა, ასევე გაერკვია ნოტარიუსის უარის მართლზომიერების საკითხი. თუ ხ. ბ-ავამ ნოტარიუსს ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებით მიმართ, ასეთ შემთხვევაში კრედიტორს წარმოეშობოდა ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უფლება სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად და იგი ყველა შემთხვევაში არ იწვევს ხელშეკრულებიდან გასვლას, როგორც ამას ითხოვს ვ. პ-ია.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ.
საქმის ხელახალი განხილვისას, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა შეაფასოს, ხ. ბ-ავას ბრალეულობის საკითხი ვალდებულების შეუსრულებლობაში და გამოიკვლიოს მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ განაპირობა თუ არა ვ. პ-იასთვის შესრულების ინტერესის დაკარგვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხ. ბ-ავას წარმომადგენლის თ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.