საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-708(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ო...“
მესამე პირი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 14 ნოემბერს შპს „ო...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2023 წლის 13 ივლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ო...ს“ შორის გაფორმდა №109 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა დროის აღრიცხვის სისტემის არსებულ აპარატთან დასწრების ელექტრონული პლატფორმის პროგრამული უზრუნველყოფისა და პროგრამის ინტეგრაციის მომსახურების (უზრუნველყოფს თანამშრომლის ნამუშევარი დროის, გაცდენებისა და შვებულების მიმდინარე რეჟიმში აღრიცხვა) შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაიწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება და მოახდინა პროგრამული უზრუნველყოფის ჩაწერა შემსყიდველის კუთვნილ კომპიუტერში, თუმცა პროგრამული უზრუნველყოფა არათავსებადი აღმოჩნდა შემსყიდველის აპარატის ფუნქციებთან, რის გამოც მიმწოდებელმა შემსყიდველისგან მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება, რათა სრულად და კეთილსინდისიერად შეესრულებინა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის საკუთარი დანახარჯის გაზრდის საფუძველზეც კი. ამასთან, შემსყიდველი გააფრთხილა, რომ მიუხედავად ვადის გახანგრძლივებისა, შეიძლება მაინც ვერ მომხდარიყო პროგრამული უზრუნველყოფის აპარატთან დაკავშირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა პროგრამული უზრუნველყოფის დაკავშირება შემსყიდველის აპარატთან. აღნიშნულის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს დამატებით შესთავაზა ახალი აპარატის მიწოდება/გადაცემა, რომელთანაც უპრობლემოდ დაკავშირდებოდა პროგრამული უზრუნველყოფა, თუმცა შემსყიდველმა აღნიშნულზე განაცხადა უარი, რის შემდეგაც მოსარჩელის განმარტებით, მან სთხოვა შემსყიდველს - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ორმხრივი შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, რასაც ითვალისწინებდა მხარეთა შორის 2023 წლის 13 ივლისს დადებული №109 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, მაგრამ შემსყიდველმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, დააკისრა პირგასამტეხლო მიმწოდებელს და მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ო...ს“ შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ახსნა-განმარტების მიღების მოთხოვნით მიმართა შპს „ო...ს“. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ო...მა“ წერილობითი ახსნა-განმარტებით მიაწოდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყველა ის ობიექტური და მისგან დამოუკიდებელი მიზეზი, რამაც განაპირობა მიმწოდებლისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიმწოდებლის წინააღმდეგ მიღებული ყველაზე მკაცრი სანქცია შეიძლება ყოფილიყო მიმწოდებლის გაფრთხილების გადაწყვეტილება, სააგენტომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ო...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 1 ნოემბრის №2943 განკარგულების ბათილად ცნობა და შპს „ო...ს“ შავი სიიდან ამოღება. ამავე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა სადავო განკარგულების მოქმედების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ო...ს’’ შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 01 ნოემბრის №2943 განკარგულების მოქმედება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება, რომლითაც შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2023 წლის 01 ნოემბრის №2943 განკარგულების მოქმედება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და შპს ,,ო...ს’’ შუამდგომლობა სადავო აქტის შეჩერებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ო...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი „შპს ,,ო...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 1 ნოემბრის №2943 განკარგულება და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების საფუძვლიანად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელესთან მიმართებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შავი სიის წარმოების წესსა და პირობებზე’’, რომლის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესის თანახმად, საწარმოს შავ სიაში რეგისტრაციის ნაცვლად უნდა განხორციელდეს მისთვის გაფრთხილების მიცემა იმ შემთხვევაში, თუ შავ სიაში რეგისტრაციით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი, ხოლო თანაზომიერების პრინციპის დარღვევის ერთ-ერთ შემთხვევად მიიჩნევა ისეთი მოცემულობა, როდესაც საწარმოს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 20 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება აქვს დადებული და შესრულებული. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“ უნდა იქნეს მინიჭებული კონკრეტული შემსყიდველი ორგანოს მიერ. მიმწოდებელს ამგვარი სტატუსის მინიჭების უფლება არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული პოზიციის წარდგენის პირობებში სააგენტომ მხოლოდ ელექტრონული პროგრამის მონაცემებით არ უნდა იხელმძღვანელოს, რადგან ალბათობა იმისა, რომ შემსყიდველი ორგანოს გამო არ აქვს კონკრეტულ ხელშეკრულებას სტატუსი ,,შესრულებულია“ მინიჭებული და რეალურად ხელშეკრულება მართლაც შესრულებულია, არსებობს. შესაბამისად, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს მიმწოდებელი მეწარმე სუბიექტის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული და შესრულებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების თაობაზე რეალური მდგომარეობა და გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულება შესრულებულად მიიჩნევა, თუ ხელშეკრულების მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტით დაადასტურეს მომსახურების შესრულება და ამისათვის სახელმწიფო ორგანომ, მიმწოდებელს უკვე აუნაზღაურა მომსახურების საფასური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ნორმის განმარტება ეწინააღმდეგება, როგორც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს, ასევე, ამავე კანონით დადგენილ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილებას. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. ამ პუნქტის მიზნებისთვის, თანაზომიერების პრინციპი დაირღვევა, თუ: ა) მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სულ მცირე, 50%; ბ) მიმწოდებელს ჯეროვნად აქვს შესრულებული წერილობითი შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის დღისათვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20 ხელშეკრულება. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი ,,შესრულებული ხელშეკრულება“. სააგენტოს მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით კი, ნათლად ჩანს, რომ შესრულებულია 13 ხელშეკრულება, რაც დასტურდება მინიჭებული სტატუსებით, არის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია 2023 წელს და მათ აქვთ სტატუსი „მიმდინარე ხელშეკრულება“. ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებულ ხელშეკრულებას აქვს სტატუსი „მიმდინარე“ და აღნიშნული ხელშეკრულება ვერ მოხვდებოდა იმ ხელშეკრულებების ჩამონათვალში, რომელსაც აქვს მინიჭებული „შესრულებული“ ხელშეკრულების სტატუსი. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულება დღემდე არის მიმდინარე და ატვირთულია მხოლოდ ერთი მიღება- ჩაბარების აქტი, რომელიც არის 125 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს, რომ ხელშეკრულება არ არის შესრულებული, რადგან თანხა არ არის ანაზღაურებული.
კასატორის განმარტებით, ასევე არასწორია სასამართლოს პოზიცია, იმასთან მიმართებაში, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებას თუ არ აქვს სტატუსი ,,შესრულებული ხელშეკრულება" მინიჭებული, ასეთ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია აღნიშნული ფორმალობის მიღმა შეამოწმოს ხელშეკრულებები და ნახოს რამდენად სრულდება სახელშეკრულებო ვალდებულებები. აპელანტმა მიიჩნია, რომ ხსენებულით დაირღვა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, სააგენტოს უფლებამოსილება არის განახორციელოს შესყიდვის პროცედურის ზედამხედველობა და მას არ აქვს უფლება ჩაერიოს ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში, რადგან მხარემ შესაძლებელია ცვლილება შეიტანოს ხელშეკრულების შესაბამის მუხლებში, რაც მხარეთა შეთანხმებით უნდა დადასტურდეს. სააგენტო ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი და გამოვლენილ დარღვევაზე მოახდინოს რეაგირება.
კასატორმა ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა შეესწავლა აპარატის მახასიათებლები და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების დადების თაობაზე. სასამართლომ უგულებელყო წარმოების დროს, შპს ,,ო...ს" მიერ გაკეთებული განმარტება და დაეყრდნო დადებული ხელშეკრულებების რაოდენობას. შპს ,,ო..." სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების დროს განმარტებას აფუძნებდა სხვა გარემოებაზე, ხოლო სასამართლოში დაეყრდნო შეუსრულებელ ხელშეკრულებებს, რაც ცალსახად გაიზიარა სასამართლომ, ისე რომ უგულებელყოფილი იქნა მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნები, რადგან სასამართლოს მითითებით ნორმატიულ აქტში არსებული ჩანაწერი არის ფორმალური ხასიათის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, სასამართლომ ისე შეაფასა მტკიცებულებები, რომ არ შევიდა მის შინაარსში და მხოლოდ მხარის განმარტებას დაეყრდნო და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს იმგვარი მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც გამოკვლეულია და მათზე დაყრდნობით იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას, გვერდი აუარა დადგენილ სამართლებრივ ნორმებს და შეფასება მისცა საქმეს, რომ თითქოს შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლების განხილვის დროს სისტემაში ხელშეკრულებისთვის მინიჭებული სტატუსი არის ფორმალური ხასიათის. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ 15.2 მუხლის დანაწესიდან ირკვევა, რომ სააგენტოს თავისი ინიციატივით არ აქვს მინიჭებული სტატუსის შეცვლის უფლებამოსილება, სტატუსის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე, სასამართლოს მითითება კი, სცილდება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს შპს ,,ო...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
საკასაციო პალატა მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესსა და პირობებზე“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესისა და პირობების 3.4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია თუ: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება; ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. მითითებული წესისა და პირობების 4.1 მუხლის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.
ამავე წესისა და პირობების 4.4 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ) ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ზემოთ დასახელებული წესისა და პირობების მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-3 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების ან/და შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტებს. ამავე წესის მე-4 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. ამ პუნქტის მიზნებისთვის, თანაზომიერების პრინციპი დაირღვევა, თუ: ა) მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სულ მცირე, 50%; ბ) მიმწოდებელს ჯეროვნად აქვს შესრულებული წერილობითი შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20 ხელშეკრულება. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“. მე-6 პუნქტის შესაბამისად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა, იკვლევს, აკმაყოფილებს თუ არა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი, სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების, დარეგისტრირებაზე უარის და/ან გაფრთხილების თაობაზე. საწარმოს შავ სიაში რეგისტრაციის ნაცვლად უნდა განხორციელდეს მისთვის გაფრთხილების მიცემა იმ შემთხვევაში თუ შავ სიაში რეგისტრაციით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი, ხოლო თანაზომიერების პრინციპის დარღვევის ერთ-ერთ შემთხვევად მიიჩნევა ისეთი ვითარება, როდესაც საწარმოს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 20 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება აქვს დადებული და შესრულებული, რაც გულისხმობს იმას, რომ საწარმო მითითებულ შემთხვევაში მიიჩნევა კეთილსინდისიერ მიმწოდებლად და კონკრეტული ხელშეკრულების დარღვევა შესაძლოა გამოწვეული იყოს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და ეს არ შეიძლება პირველივე შემთხვევაში გახდეს უკიდურესი ღონისძიების - შავ სიაში რეგისტრაციის წინაპირობა. აღნიშნული ვალდებულების ზედმიწევნით შესრულება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,ო...ს“ არ ჰქონია მიღებული გაფრთხილება და არ ყოფილა რეგისტრირებული შავ სიაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული წარმოების დროს, მოსარჩელე შპს „ო...ს“ დადებული და შესრულებული ჰქონდა 20-ზე მეტი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლისთვისაც ანაზღაურებული ჰქონდა შესყიდვის საფასური, თუმცა შესაბამის პროგრამაში 13-ზე მეტ სახელმწიფო შესყიდვას მინიჭებული არ ჰქონდა შესრულებულის სტატუსი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვების პროგრამიდან ამონაწერი კი, საერთოდ არ შეიცავს ინფორმაციას შპს „ო...ს“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2023 წლის 27 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც მის მიერ შესრულებულია და ანაზღაურებულია შესყიდვის ღირებულება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დადასტურება, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მითითებული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენის პირობებში სააგენტომ მხოლოდ ელექტრონული პროგრამის მონაცემებით არ უნდა იხელმძღვანელოს. შესაბამისად, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს მიმწოდებელი მეწარმე სუბიექტის მიერ დადებული და შესრულებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების თაობაზე რეალური მდგომარეობა და გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულება შესრულებულად მიიჩნევა, თუ ხელშეკრულების მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტით დაადასტურეს მომსახურების შესრულება და ამისათვის სახელმწიფო ორგანომ, მიმწოდებელს უკვე აუნაზღაურა მომსახურების საფასური.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, სასამართლო უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუსგ Nბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს მოცემული დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც წარმოშობს მოპასუხისათვის ამ გარემოებათა ხელახალი შესწავლა-შეფასების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე