Facebook Twitter

საქმე №ბს-77(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – გ. მ-ი, მ. კ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს მთავრობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანამდებობიდან გათავისუფლება, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ. მ-მა და მ. კ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოითხოვეს:

1.1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურაში შემავალი სამთავრობო ზედამხედველობის სამსახურის გაუქმების ნაწილში საქართველოს მთავრობის 09.06.2021წ. №279 დადგენილების ბათილად ცნობა;

1.2. „გ. მ-ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამთავრობო ზედამხედველობის სამსახურის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის 12.07.2021წ. GOV 0 21 00000470 ბრძანების ბათილად ცნობა;

1.3. გ. მ-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

1.4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გ. მ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება თვეში 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით 2021 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით განსახილველ საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.5. „მ. კ-ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის 12.07.2021წ. GOV 5 21 00000475 ბრძანების ბათილად ცნობა;

1.6. მ. კ-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

1.7. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის მ. კ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება თვეში 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით 2021 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით განსახილველ საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.12.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:

3.1. საქართველოს მთავრობის 26.06.2018წ. №340 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანდართული დებულება, რომლის მე-4 მუხლით განისაზღვრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, კერძოდ, მითითებული მუხლის „ბ“ პუნქტის (2019 წლის პირველი ნოემბრიდან 2021 წლის 12 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა სამთავრობო ზედამხედველობის სამსახური.

3.2. საქართველოს მთავრობის 09.06.2021წ. №279 დადგენილების თანახმად, ცვლილება შევიდა მთავრობის ადმინისტრაციის დებულებაში და დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდა შეცვლილი რედაქციით, კერძოდ, აღნიშნული მუხლი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულად აღარ განსაზღვრავს სამთავრობო ზედამხედველობის სამსახურს.

3.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუსგ საქმე №ბს-1102-1096(კ-17), 12.04.2018წ.).

3.4. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული - სამთავრობო ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენდა უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშემწყობ სტრუქტურულ ერთეულს. სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ექსკლუზიურ კომპეტენციას შეადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს სრული, ეფექტური და მაქსიმალურად ... ფუნქციონირებისათვის აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის არსებობის საჭიროების განსაზღვრა.

3.5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

3.6. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის 28.04.2021წ. GOV 4 21 00000186 ბრძანების თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის, ოპტიმიზაციის, ფუნქციონალური მოქნილობის გაუმჯობესების მიზნით, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამოცხადდა რეორგანიზაცია.

3.7. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის 12.07.2021წ. GOV 0 21 00000470 ბრძანების თანახმად, გ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამთავრობო ზედამხედველობის სამსახურის ...ის თანამდებობიდან (რანგი ... - ... სტრუქტურული ერთეულის ...ი), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, 2021 წლის 12 ივლისიდან.

3.8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არსებობდა გ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან დაწესებულების რეორგანიზაციის დროს გაუქმდა სწორედ ის სტრუქტურული ერთეული - სამთავრობო ზედამხეველობის სამსახური, რომელშიც გ. მ-ი მუშაობდა.

3.9. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის 12.07.2021წ. GOV 5 21 00000475 ბრძანების თანახმად, მ. კ-ი გათავისუფლდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტის ...ის თანამდებობიდან (რანგი ... - ... სტრუქტურული ერთეულის ...ი), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლისა და შტატებით გათვალისწინეულ თანამდებობათა შემცირების გამო, 2021 წლის 12 ივლისიდან.

3.10. საქართველოს მთავრობის 26.06.2018წ. №340 დადგენილებით მთავრობის ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილების განხორციელების შედეგად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს აღარ წარმოადგენს „... დეპარტამენტი“, ამასთან, აღნიშნული ცვლილებით ადმინისტრაციაში გაჩნდა ახალი სტრუქტურული ერთეული - „... დეპარტამენტი“, რომლის ფუნქციები და სამსახურები მოიცავს „... დეპარტამენტის“ ფუნქციებს და მასში არსებულ სამსახურებს და ამავდროულად მას დაემატა ცვლილების განხორციელებამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული „... დეპარტამენტის“ რამდენიმე ფუნქცია, ასევე „... დეპარტამენტს“ დაემატა ახალი სამსახური - „... სამმართველო“.

3.11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ „... დეპარტამენტს“ შეეცვალა სახელწოდება, დაემატა ახალი სამმართველოები (შესაბამისად დაემატა ახალი ფუნქცია-მოვალეობები) და აღნიშნულის გათვალისწინებით შეიცვლა ... დეპარტამენტის უფროსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შესაბამისად დაუსაბუთებელია აპელანტის მითითება მასზე, რომ ... დეპარტამენტის უფროსის და ახალი სტრუქტურული ერთეულის - ... დეპარტამენტის უფროსის შტატი (ფუნქცია-მოვალეობები) იდენტურია.

3.12. კანონმდებლობა სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას უკავშირებს პირის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, შესაბამისად სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს გ. მ-მა და მ. კ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნება.

4.1. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არამართებულად მიუთითეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.04.2018წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-1102-1096(კ-17)), ვინაიდან მითითებული განჩინების ფარგლებში განხილული და განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებები არ არის იდენტური. №ბს-1102-1096(კ-17) საქმეზე სადავო საკითხი ეხებოდა 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედ და არა სადავო აქტის გამოცემისა და დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებს. 2015 წელს ხანგრძლივი რეფორმის შედეგად მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს რეორგანიზაციის ჩატარების მიზანი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით.

4.2. განსახილველი დავის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხებს არ ემთხვევა მანამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებით განხილული ფაქტობრივი გარემოებები და მათგან გამომდინარე სამართლებრივად შესაფასებელი საკითხი (სუსგ №ბს-695(კ-24), 24.10.2024წ., №ბს-466(კ-22), 18.09.2023წ., №ბს-607(კ-19), 28.10.2021წ., №ბს-762(კ-20), 25.03.2021წ. და №ბს-770(კ-20), 21.01.2021წ.), რაც ამ საფუძვლით საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველს ქმნის.

4.3. განსახილველ შემთხვევაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, იმ სტრუქტურულ ერთეულს, სადაც ...ის თანამდებობა ეკავა მ. კ-ს, შეეცვალა სახელწოდება და „... დეპარტამენტის“ ნაცვლად ეწოდა „... დეპარტამენტი“ და დაეკისრა რამდენიმე ახალი ფუნქცია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება აგრეთვე „... უფროსის“ ფუნქციებისა და საკვალიფიკაციო მოთოხვნების ცვლილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნების იდენტურობა დასტურდება საკონკურსო კომისიის 12.07.2021წ. №12/21-1 ოქმით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში ფაქტობრივად რეორგანიზაცია არ განხორციელებულა და არც მ. კ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა გაუქმებულა.

4.4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეიქმნა იმის გამო, რომ მთავრობის საქმიანობა იყოს ორგანიზაციულად უზრუნველყოფილი და ეფექტიანად განხორციელდეს მთავრობის გადაწყვეტილებათა კონტროლი. დღეისათვის კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არ არსებობს არც პირი და არც სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას. აღნიშნული უარყოფითად აისახება მთავრობის ადმინისტრაციის სისტემურ და ეფექტიან მმართველობაზე. სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად მიზნის მიღწევა, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლიდან გამომდინარე გამოსარკვევ გარემოებას წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში რეორგანიზაცია განხორციელდა კანონით გათვალისწინებული მიზნის გარეშე, დასაქმებულ პირთა გათავისუფლების გასამართლებლად.

4.5. სასამართლოს ძველი და ახალი ფუნქცია-მოვალეობების შედარების გზით უნდა დაედგინა რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობა, რეორგანიზაციით სამსახურის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა და კონკრეტული საჯარო ინტერესი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არ არსებობს მოხელეთა ფუნქციათა-მოვალეობათა განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტი, შესაბამისად სასამართლოს მითითება მოპასუხის მიერ საჯარო მმართველობის ეფექტიანად განხორციელებაზე, დაუსაბუთებელია.

4.6. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს სასამართლოს მითითება მასზე, რომ ... დეპარტამენტში გაჩნდა ახალი სამსახური - ... სამმართველო, ვინაიდან ... სამმართველოს ფუნქციები რეორგანიზაციამდე იყო ... დეპარტამენტის ... სამმართველოს ფუნქცია, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ ... სამმართველოს გამოეყო აღნიშნული ფუნქცია და მოდიფიცირდა ... სამმართველოდ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

7. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

8. განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების, მათი აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების წინაპირობების არსებობა.

9. ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 6.1 მუხლის, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად სახელმწიფოს ვალდებულებას შეადგენს შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი ადგენს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.05.2014 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/574, II-19). შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული.

10. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102.1 მუხლი, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, ითვალისწინებს რეორგანიზაციის შესაძლებლობას. ამავე კანონის 103.1 მუხლის თანახმად რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

11. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის 28.04.2021წ. №GOV 4 21 00000186 ბრძანებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის, ოპტიმიზაციის, ფუნქციონალური მოქნილობის გაუმჯობესების მიზნით, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამოცხადდა რეორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელობის მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია (ტ. 1, ს.ფ. 15-16).

12. საქართველოს მთავრობის 26.06.2018წ. №340 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების“ მე-4 მუხლის მიხედვით (სადავო აქტების გამოცემამდე არსებული რედაქციით) „სამთავრობო ზედამხედველობის სამსახური“ (4.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ.) და „... დეპარტამენტი“ (4.1 მუხ. „ვ“ ქვ.პ.) წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს. საქართველოს მთავრობის 09.06.2021წ. №279 დადგენილებით (ამოქმედდა 2021 წლის 12 ივლისიდან) აღნიშნულ დებულებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც მითითებული სტრუქტურული ერთეულები არ იქნა გათვალისწინებული.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა შექმნა, მათ შორის ფუნქციების განაწილება, ორგანოთა გაუქმება წარმოადგენს ხელისუფლების დისკრეციის სფეროს, რაც არ იწვევს სახელმწიფო ფუნქციებისა და ამოცანების მთლიანად გაუქმებას, შესაბამისად სახელმწიფო პასუხისმგებლობის გაუქმებას (სუსგ №ბს-993(კ-19), 02.12.2021წ.), ამასთანავე, რეორგანიზაციის ფაქტი თავისთავად არ ქმნის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება (სუსგ №ბს-993(კ-19), 02.12.2021წ., №ბს-1337(2კ-20) 21.12.2021წ., №ბს-774(კ-21), 28.06.2022წ.).

14. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის 12.07.2021წ. №GOV 0 21 00000470 ბრძანებით გ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამთავრობო ზედამხედველობის სამსახურის ...ის თანამდებობიდან (რანგი ... – ... სტრუქტურული ერთეულის ...ი), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, 2021 წლის 12 ივლისიდან, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მიეცა კომპენსაცია სამი თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ტ. 1, ს.ფ. 17-18).

15. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის 12.07.2021წ. №GOV 5 21 00000475 ბრძანებით მ. კ-ი გათავისუფლდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ... ...ის თანამდებობიდან (რანგი ... – ... სტრუქტურული ერთეულის ...ი), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, 2021 წლის 12 ივლისიდან, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მიეცა კომპენსაცია სამი თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ტ. 1, ს.ფ. 19-20).

16. დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არამართლზომიერებას არ ადასტურებს კასატორების მითითება „სამთავრობო ზედამხედველობის სამსახურის“ გაუქმებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების შეუძლებლობაზე. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე კონკრეტულ არგუმენტებზე, ხსენებული სამსახურის გაუქმების გამო, მთავრობის ადმინისტრაციის სხვა სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, მთავრობის ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შეუძლებლობაზე. საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სამთავრობო ზედამხედველობისა და მონიტორინგის დეპარტამენტი“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 21.11.2018წ. №556 დადგენილებით (დებულების 4.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), რომელსაც შემდეგში ეწოდა „სამთავრობო ზედამხედველობის სამსახური“ (საქართველოს მთავრობის 01.11.2019წ. №513 დადგენილება). ხსენებული სამსახურის შექმნამდეც კანონმდებლობა ითვალისწინებდა მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის მექანიზმს, კერძოდ, 11.02.2004წ. მიღებული იქნა საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, რომლის 13.1 მუხლის თანახმად მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადებას, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა მთავრობის კანცელარია (ამჟამინდელი სახელწოდება - მთავრობის ადმინისტრაცია), ამდენად, აღნიშნული სამსახურის არსებობის ვადისა და იმის გათვალისწინებით, რომ კასატორები ვერ მიუთითებენ ამ სამსახურის არარსებობის გამო მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მისი ფუნქციების განხორციელების შეუძლებლობის კონკრეტულ შემთხვევებზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ სამთავრობო ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენდა უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშემწყობ სტრუქტურულ ერთეულს და მისი არსებობის საჭიროების განსაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს ექსკლუზიურ კომპეტენციას შეადგენდა.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეული კონკრეტული შტატის შემცირება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ავალდებულებს ყველა საჯარო მოხელიდან საუკეთესოს შერჩევის პრინციპის საფუძველზე განახორციელოს დარჩენილ შტატებზე საუკეთესო კანდიდატების დასაქმება. აღნიშნული მნიშვნელოვნად გაართულებდა და შეაფერხებდა საჯარო სამსახურში საკადრო ოპტიმიზაციის პროცესს. მეორე მხრივ, ასეთ დროს გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს რომელიმე მოხელის არაკომპეტენტურობა ან არაკვალიფიციურობა. რეორგანიზაციის შედეგად მოხელის გათავისუფლების საფუძველია იმ თანამდებობის გაუქმების შედეგად დასაქმების ადგილის ფაქტობრივი არარსებობა, რომელზეც მოხელე დასაქმებული იყო რეორგანიზაციის განხორციელებამდე. რეორგანიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს საუკეთესოს შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით (სუსგ საქმე №ბს-179(2კ-19), 13.02.2020წ.).

18. საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაციას შესაძლოა მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. რეორგანიზაციის შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შესაძლოა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით შეფასებას საჭიროებს ძირითად უფლებათა წრე და მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად (სუსგ №ბს-595-595(2კ-18), 17.04.2019წ.).

19. საქართველოს მთავრობის 09.06.2021წ. №279 დადგენილებით „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულებაში“ განხორციელებული ცვლილებით შეიქმნა „... დეპარტამენტი“, რომლის ძირითადი ამოცანები მოიცავს არა მხოლოდ დებულებაში ცვლილების განხორციელებამდე არსებულ „... დეპარტამენტის“ ამოცანებს, არამედ აგრეთვე „... დეპარტამენტის“ ამოცანების ნაწილს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მ. კ-ს ეკავა „... დეპარტამენტის“ ...ის თანამდებობა, ხოლო რეორგანიზაციისა და დებულებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად აღნიშნული დეპარტამენტი გათვალისწინებული არ იქნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 01.11.2019წ. №441 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის მიხედვით „... დეპარტამენტი“ მოიცავდა „... სამმართველოსა“ და „... სამმართველოს“ (ტ. 1, ს.ფ. 223). საქართველოს პრემიერ-მინისტრის 09.06.2021წ. №226 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის თანახმად კი „... დეპარტამენტი“ მოიცავს: „... სამმართველოს“, „... სამმართველოს“, „... სამმართველოს“ და „... სამმართველოს“ (ტ. 1, ს.ფ. 87-88). ამდენად, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ „... დეპარტამენტს“ დაეკისრა არა მხოლოდ მანამდე არსებული „... დეპარტამენტის“ ამოცანების შესრულება, არამედ აგრეთვე არსებითად განსხვავებული ფუნქციების განხორციელება.

20. სადავო აქტების გამოცემის პერიოდში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110.1 მუხლის რედაქცია ითვალისწინებდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მოხელის მობილობა იყო შეუძლებელი. სადავო პერიოდში ამავე კანონის 52-ე მუხლი საჯარო დაწესებულებას ავალდებულებდა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელის მიმართ მობილობის პროცედურების დაწყებას, რაც გულისხმობდა გასათავისუფლებელი მოხელის გადაყვანას, მისივე თანხმობით, იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა ვერ უზრუნველყვეს შიდა მობილობისთვის დადგენილი პროცედურული დარღვევების და იმავე საჯარო დაწესებულებაში მათ მიერ დაკავებულ თანამდებობათა ტოლფასი ან კომპეტენციის შესაბამისი დაბალი თანამდებობის არსებობის დადასტურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუშაკის სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება (სუსგ №ბს-993(კ-19), 02.12.2021წ.). შიდა მობილობის განუხორციელებლობის გამო ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეთა გარე მობილობის მიზნით მიმართა შესაბამის სამსახურს, კერძოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 10.06.2021წ. წერილით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს, მოსარჩელეთა მიმართ საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით (ტ. 1, ს.ფ. 68-69). საქმის მასალებში დაცული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეცნობა გარე მობილობის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 113, 116, 122). ამდენად, კასატორები ჩაირიცხნენ რეზერვში და დადგინდა მათზე კომპენსაციის გაცემა.

21. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). არ არსებობს აგრეთვე სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან არ დადგინდა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უმართლობა.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ-ის და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2024 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე