Facebook Twitter

საქმე №ბს-792(2კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „...ი“ (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელმწიფო საწარმოს პრივატიზების შედეგად უძრავ ნივთზე (შენობა-ნაგებობებზე) საკუთრების უფლების წარმოშობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „...მა“ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ საბოლოოდ მოითხოვა:

1.1. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის 06.06.2022წ. №..., 15.06.2022წ. №..., 15.06.2022წ. №... და 27.06.2022წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა;

1.2. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის 18.07.2022წ. №..., 07.07.2022წ. ͏№..., 18.07.2022წ. №... და 28.07.2022წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა;

1.3. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის 20.07.2022წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

1.4. №..., №..., №... და №... განცხადებებზე, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯარო რეესტრისთვის გამოცემის დავალება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15.11.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.2024წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2025 წლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:

5.1. სს „...ის“ წარმომადგენელმა 19.04.2022წ. №..., №..., №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში, ... ქ. №4-ში მდებარე 380 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, ... ქუჩის №2-ში მდებარე 190 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ერთსართულიან არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობაზე, ... (...) ქუჩის №8-ში მდებარე 176 კვ.მ. უძრავ ნივთზე და ... ქუჩის №2-ში მდებარე 9 კვ.მ. უძრავ ნივთზე სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

5.2. სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს განესაზღვრა ვადა უფლების დამდგენი დოკუმენტის წარმოსადგენად. წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

5.3. საჯარო რეესტრის 20.07.2022წ. №... გადაწყვეტილებით, სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრები, გასაჩივრებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

5.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 09.08.1991წ. საქართველოს რეპუბლიკის კანონის პირველ, მე-3, მე-16 მუხლებზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებულ „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულების“ მე-6, მე-10, მე-13-მე-14 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საწარმოთა პრივატიზებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მიზნად ისახავდა აქციების პრივატიზებით ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების (როგორც სახელმწიფო ქონების) სააქციო საზოგადოებაზე გადაცემას (გარდა მიწის ნაკვეთებისა).

5.5. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილის ი. ქ-ის 14.11.2000წ. №06-983/7 წერილით დასტურდება, რომ 2000 წლის მდგომარეობით სს ,,...ის’’ საწესდებო კაპიტალის აქციების 100% სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია და იმყოფება კერძო მფლობელობაში. ამავე წერილით დადგენილია, რომ სს „...ს“ დაფუძნების მომენტში საწესდებო კაპიტალში შესული ქონების ჩამონათვალი, მათ შორის შენობა-ნაგებობები მოცემული იყო სააქციო საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში (ქონების შეფასების აქტები), რომლის ეგზემპლიარიც ინახებოდა სააქციო საზოგადოებაში. საჯარო რეესტრის 14.11.2018 წლის №... ცნობა-დახასიათებით კი დადგენილია, რომ სს „...ს“ გადაეცა ქ. ზუგდიდში, ... ქ. №4-ში მდებარე 380 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით, ასევე ... ქ. №2-ში მდებარე 190 კვ.მ. უძრავი ნივთი, ... (...) ქ. №8-ში მდებარე 176 კვ.მ. უძრავი ნივთი და ... ქ. №2-ში მდებარე 9 კვ.მ. უძრავი ქონება. ამდენად, მოსარჩელეს აქვს მის მიერ მითითებული შენობების პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შესაბამის მიწის ნაკვეთებზე მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს და ამ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 31.05.2022წ. №6/30121 წერილში მითითებული ინფორმაცია, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებლი ორგანოს მიერ ადგილი ჰქონდა არა უძრავი ქონების, არამედ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის - საწარმოს აქციების პრივატიზებას, ამასთან, ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობათა და სხვა) ღირებულების შეფასების აქტში (1993) ზუგდიდის ...ის შესახებ რაიმე სახის ჩანაწერი არ ფიქსირდება. სარეგისტარციო წარმოებისას ან/და სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ დგინდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ და მის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული უძრავი ნივთების იდენტურობა. კასატორმა მიუთითა, რომ სს „...მა“ მოითხოვა სრულად შენობა-ნაგებობებით დაკავებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, ამასთან ოთხივე შენობა-ნაგებობა წარამოდგენს ...ის ობიექტებს.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა მიუთითა, რომ სააგენტოს არქივში არსებული ინფორმაციით საზოგადოების აქციები ეტაპობრივად პრივატიზებული იქნა მათი განკარგვისას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ადგილი ჰქონდა არა უძრავი ქონების, არამედ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის - საწარმოს აქციების პრივატიზებას. სარეგისტრაციო უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხი ვერ გადაწყდებოდა საკუთრების უფლების აღიარების მომწესრიგებელი კანონმდებლობით, ვინაიდან „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-74 მუხლის თანახმად, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება და საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. საკასაციო საჩივარში აგრეთვე მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოთხივე შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ...ის ობიექტს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

11. საქმეში დაცული მასალებითა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ სს „...ის“ წარმომადგენელმა 19.04.2022წ. №..., №..., №... და №... განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ქ. ზუგდიდში ... ქ. №4-ში მდებარე 380 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ორსართულიან შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართობი 379,97კვ.მ.), ... ქ. №2-ში მდებარე 190 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მაზე განთავსებულ ერთსართულიან არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართობი 190,44კვ.მ.), ... (...) ქ. №8-ში მდებარე 176 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ერთსართულიან არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართობი 175,86კვ.მ.) და ... ქ. №2-ში მდებარე 9 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ერთსართულიან არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართობი 9.11კვ.მ.) საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ. 1, ს.ფ. 242). მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი წარმოადგენს ... სამართალმემკვიდრეს, რომლის საწესდებო კაპიტალის აქციათა 100% პრივატიზებულია, ამასთან, მოსარჩელის საწესდებო კაპიტალში გაერთიანებულია ... ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, რომელთა ჩამონათვალს შეიცავს „ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობათა და სხვა) ღირებულების შეფასების აქტი“, კერძოდ, სარეგისტრაციო განცხადებებით მოთხოვნილი უძრავი ნივთები შეესაბამება შეფასების აქტში №110, №114, №111 და №112 ნომრებით მითითებულ შენობა-ნაგებობებს (ტ.1, ს.ფ. 221-223). გასაჩივრებული აქტებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნით. საბოლოოდ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.07.2022წ. №... გადაწყვეტილებით, სს „...ის“ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი, სარეგისტრაციო შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სააგენტომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარმოადგენს ისეთ სარეგისტრაციო დოკუმენტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობდა სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს შეადგენს სახელმწიფო საწარმოს პრივატიზების შედეგად შესაბამის შენობა-ნაგებობებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლების არსებობა.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 09.08.1991წ. საქართველოს რესპუბლიკის კანონზე (ძალადაკარგულია 30.05.1997წ. №743 საქართველოს კანონით), რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებსა და წესს. პრივატიზება განიმარტებოდა, როგორც მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რომლის შედეგად ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს (1.1 მუხ.). პრივატიზების შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტის) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას (1.2 მუხ.). პრივატიზების ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი (3.3 მუხ.). სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება კი შესაძლებელი იყო აქციების (პაის) გაყიდვის გზით. ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმო წინასწარ უნდა გარდაქმნილიყო სახელმწიფო სააქციო საზოგადოებად (ამხანაგობად), ხოლო მათი რეგისტრაციის შემდეგ, საწარმოთა აქციების პაკეტი გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდს, საკონკურსო საწყისებზე გაყიდვის მიზნით (16 მუხ.). სახელმწიფო საწარმოს მყიდველი ხდებოდა მის ქონებრივ უფლება-მოვალეობათა სრული სამართალმემკვიდრე (21.2 მუხ.).

13. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილებით გადაწყდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და ამ დადგენილების შესაბამისად შექმნილი სააქციო საზოგადოების ყველა აქციის გაყიდვის ან გადაცემის შესაძლებლობა მხოლოდ პრივატიზების გზით (პუნქტი 5). ამავე დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულებით“ (დანართი №1) განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის წესი, რომლითაც სავალდებულოდ ჩაითვალა ქონების შეფასების აქტის დამტკიცება (ნაწილი 1, პუნქტი 6). შეფასების აქტში აისახებოდა სააქციო საზოგადოების ქონების შემადგებლობა მისი დაარსების მომენტში (ნაწილი 1, პუნქტი 10), რომელსაც 1993 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ადგენდა და ხელს აწერდა პრივატიზაციის სამუშაო კომისია. კომისია ასევე განსაზღვრავდა სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალს (ნაწილი 3, პუნქტი 12).

14. ამდენად, მითითებულ პერიოდში სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა, რაც გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობის, განკარგვის უფლების დაკარგვას (შდრ. იხ. სუსგ №ბს-1274(2კ-19), 20.01.2021წ.).

15. „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ 25.07.1991წ. საქართველოს რესპუბლიკის კანონის (ძალადაკარგულია 1995 წლის პირველი მარტიდან 28.10.1994წ. №578 საქართველოს პარლამენტის დადგენილებით) 37-ე მუხლის თანახმად საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებდნენ რაიონის და ქალაქის მმართველობის ორგანოები, ხოლო რაიონული დაყოფის მქონე ქალაქებში - მმართველობის რაიონული ორგანოები. საქმის მასალებში დაცული ქ. თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 23.12.1994წ. ͏№1072 განკარგულებით, რეგისტრაციაში გატარდა ... ბაზაზე შექმნილი სს „...ის“ წესდება (ტ. 1, ს.ფ. 160). სამეწარმეო რეესტრში კი მოსარჩელე დარეგისტრირდა 04.09.1996წ. „მეწარმეთა შესახებ“ 28.10.1994წ. საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე მიღებული დიდუბის რაიონული სასამართლოს №2/5-61 გადაწყვეტილებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 15).

16. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 14.11.2000წ. №06-983/7-ი წერილის მიხედვით სს „...ის“ საწესდებო კაპიტალის აქციების 100% სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია და იმყოფება კერძო მფლობელობაში, ამასთან, დაფუძნების მომენტში საწესდებო კაპიტალში შესული ქონების ჩამონათვალი, მათ შორის შენობა-ნაგებობები მოცემულია სააქციო საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში (ქონების შეფასების აქტები), რომლის ეგზემპლიარიც ინახება სააქციო საზოგადოებაში (ტ. 1, ს.ფ. 181). ... ბაზაზე მოსარჩელის დაფუძნების ფაქტი დასტურდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 31.05.2022წ. №6/30121 წერილითაც. საქმის მასალებში წარმოდგენილია აგრეთვე ... ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობები და სხვა) ღირებულების (01.04.1993წ. მდგომარეობით) შეფასების აქტი ობიექტთა დასახელებების მითითებით (ტ. 1, ს.ფ. 163-173).

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება იმავდროულად ნიშნავს სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას (განკარგვას), ვინაიდან ამ დროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება საკუთრებაში კერძო სამართლის იურიდიულ პირს გადაეცემა (იხ. სუს დიდი პალატის 06.11.2003წ. №3გ-ად-15-გ-03 განჩინება). ... სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა მიზნად ისახავდა ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების (გარდა მიწის ნაკვეთებისა), აქციების პრივატიზების გზით, სააქციო საზოგადოებაზე გადაცემას (შდრ. იხ. №ბს-462(2კ-19), 18.03.2021წ., №ბს-99(2კ-19), 17.06.2021წ.). აქცია ქონების ცნების კატეგორიაში მოიაზრება და საზოგადოების კაპიტალის წილს აღნიშნავს (ბურდული ი., სააქციო სამართლის საფუძვლები, I ტომი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2010წ., გვ.264, 259). სამეწარმეო საზოგადოების აქციონერი/პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების წილის შეძენასთან ერთად მის წილთან დაკავშირებულ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს იძენს (საქმე №ას-1-2022, 24.09.2024წ.). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით დაუსაბუთებელია კასატორების პრეტენზია სახელმწიფო საწარმოს აქციათა პრივატიზების შედეგად უძრავი ნივთის (შენობა-ნაგებობების) პრივატიზაციის ფაქტის დაუდგენლობის თაობაზე.

18. უსაფუძვლოა აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლზე მითითება, რომლის თანახმად 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს არა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას, არამედ უკვე პრივატიზებულ უძრავ ქონებაზე (შენობა-ნაგებობებზე) საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილი იქნა მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების განაშენიანების გათვალისწინებით. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 12.2 მუხლის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმით გათვალისწინებულია რეგისტრაციის შესაძლებლობა ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებული შენობა-ნაგებობა სახელმწიფოს მიერ იქნა განკარგული.

19. საკასაციო საჩივრის დაშვების საკმარის საფუძველს არ ქმნის კასატორის საჯარო რეესტრის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობათა და სხვა) ღირებულების შეფასების აქტში (1993) ზუგდიდის ...ის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სააქციო საზოგადოების ზუგდიდის ფილიალი შეიქმნა 19.09.1999წ. სს „...ის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით (ტ. 1, ს.ფ. 161-162), რომელიც რეგისტრაციაში გატარდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 30.12.1999წ. დადგენილებით. ამდენად, შეფასების აქტის (1993) შედგენის დროისთვის ზუგდიდის ფილიალი არ ყოფილა რეგისტრირებული. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ზუგდიდის ფილიალის შექმნის შემდგომ, შეფასების აქტში (1993) ასახული ობიექტები, კერძოდ, მის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ნივთები, ამ უკანასკნელს გადაეცა განკარგულებაში (ტ. 1, ს.ფ. 157). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 30.12.1999წ. დადგენილებაში ფილიალის მისამართად მითითებულია ქ. ზუგდიდი, ... ქ. №8, ხოლო საქმიანობის საგნად განისაზღვრა ... უზრუნველყოფა და მომსახურება (ტ. 1, ს.ფ. 63). ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ამავე მისამართზე - ზუგდიდში, ... (...) ქ. №8-ში მდებარე შენობა-ნაგებობებზე აღრიცხულია სადგურ ზუგდიდის ...ის უფლება (იხ. საჯარო რეესტრის 14.11.2020წ. №... ცნობა-დახასიათება, ტ. 1, ს.ფ. 152-153). ამდენად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი და მოსარჩელის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ასახული უძრავი ნივთების იდენტურობის არარსებობაზე კასატორების მითითება არ არის დასაბუთებული, მათ აგრეთვე არ მიუთითებიათ შეფასების აქტში (1993) ასახული ობიექტების (№110, №114, №111 და №112) განსხვავებულ ადგილმდებარეობაზე, ამასთანავე კასატორები ადასტურებენ იმას, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ოთხივე შენობა-ნაგებობა ...ის ობიექტს წარმოადგენს.

20. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2025 წლის განჩინება.

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ: 202238621) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №33380, გადახდის თარიღი 17.07.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე