საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-793(3კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. გ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. გ-მა 2023 წლის 26 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063434 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 7 ნოემბრის №1052 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 7 დეკემბრის №002350 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 9 მარტის №264 ბრძანების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ლ. გ-ის 2022 წლის 7 ივლისის AR1911033 განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე) გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 9 მარტის №264 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 7 დეკემბრის №002350 დადგენილება დემონტაჟის დავალების ნაწილში; 8 000 ლარის ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 22- ე მუხლის საფუძველზე ლ. გ-ი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 7 ნოემბრის №1052 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063434 ბრძანება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. გ-ის 2022 წლის 7 ივლისის AR 1911033 განცხადებასთან დაკავშირებით. ლ. გ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ 122-ე, 123-ე, 124-ე, 131-ე მუხლებზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ავტოფარეხი საკადასტრო კოდით ... ნამდვილად არის საკუთრების უფლების ობიექტი. 2015 წლის 06 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქალაქი თბილისში, ... ქუჩა №166-ში (კორპუსი 4) ავტოფარეხი შენობა №11-ზე (...), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...ას’’ N5 კრების ოქმის (დამოწმებული 07.08.2015წ) საფუძველზე რეგისტრირებულია ლ. გ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატის მსჯელობით სარწმუნოდ ადასტურებს 2015 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით ავტოფარეხის ამ სახით და ფუნქციური მახასიათებლებით არსებობას. პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ვინაიდან ლ. გ-ის საკუთრების უფლება სადავო შენობა - ნაგებობაზე (ავტოფარეხზე) რეგისტრირებულია, ასეთი ობიექტის დემონტაჟის დავალება ხელყოფს და გაუმართლებელ ჩარევას გამოიწვევს ფიზიკური პირის საკუთრების უფლებაში. ასევე გაიზარა სასამართლოს მითითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე და ის მსჯელობა, რომ იმ პირობებში, როდესაც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას ვერ იქნა წარდგენილი სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ლ. გ-ის მხრიდან ადგილი აქვს ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ 131-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მისი გათავისუფლება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
რაც შეეხება სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 9 მარტის N264 ბრძანებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ჯარიმისა და დემონტაჟის შესახებ მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 7 დეკემბრის N002350 დადგენილება, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ზემდგომ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მხედველობაში უნდა მიეღო საქმის ინდივიდუალური მახასიათებლები, ყურადღება გაემახვილებინა ავტოფარეხის მიმდებარედ არსებულ სიტუაციაზე (ავტოფარეხი N11 წარმოადგენს ერთ მწკრივში განლაგებულ, სხვა ავტოფარეხთა შორის მდებარე ნაგებობას. ვიზუალურად, იგი მსგავსია მოცემულ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანებისა), გარდა ამისა მხედველობაში უნდა მიეღო ნაგებობის საკუთრებად რეგისტრაციისა და საკუთრების უფლებაში ჩარევის მიზანშეწონილობა. აღნიშნული მსჯელობით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 178-ე და 201-ე მუხლებზე მითითებით, კონკრეტული სადავო აქტის ნაწილშიც სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, სადავო აქტის კანონშეუსაბამობის თაობაზე.
რაც შეეხება სადავო - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს N6063434 ბრძანებას, აღნიშნულზე მსჯელობის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 23 ივნისის N002350 მითითების გაცემის შემდგომ, ლ. გ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურს და მოთხოვნას წარმოადგენდა 2020 წლის 9 მარტის საქართველოს მთავრობის №153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ საფუძველზე, სადავო N11 ავტოფარეხის ლეგალიზება. სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს N6063434 ბრძანებით, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სადავო აქტი დასაბუთდა იმ არგუმენტაციაზე მითითებით, რომ ობიექტი არ შეესაბამება ქ. თბილისის განაშენიანების სამომავლო განვითარებისათვის მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს. სააპელაციო სასამართლომ გასათვალისწინებლად მიიჩნია თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1992 წლის 8 ივლისის №10.19.260 გადაწყვეტილება და დანართში მითითებული ის ჩანაწერი, რომ ქალაქ თბილისში ... ქუჩა №166, კორპუსი №4-ში საერთო სარგებლობის ეზოში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცალკეულ მესაკუთრეებს ნება დაერთოთ ერთიან რიგში ცხაურის ტიპის ავტოსადგომის მოწყობაზე, რომელთა შორისაა ბ. გ-ი რომელიც იყო ავტოფარეხის თავდაპირველი მესაკუთრე. მითითებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება და განმარტა, რომ საკითხი განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, სწორედ მას ევალება შეაფასოს საქმის არსებული გარემოებები და ვითარება და ამ შეფასების შედეგად, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მიუთითა, რომ სადავო აქტი არ სცემს დასაბუთებულ პასუხს ექცევა თუ არა აღნიშნული ნაგებობა 2020 წლის 9 მარტის საქართველოს მთავრობის №153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ მოქმედების სფეროში და შესაბამისად, არც ის საკითხია გამოკვლეული, ხომ არ ექცეოდა დასახელებული ობიექტი კანონით განსაზღვრულ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც შესაძლებელი იყო მისი ლეგალიზება.
იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063434 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე სახეზე იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 7 ნოემბრის №1052 ბრძანების კანონშეუსაბამობაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შინაარსს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. მიუთითებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 122-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს რომ ერთის მხრივ სასამართლო ადასტურებს სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის არსებობას იმით, რომ იყენებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლს და მცირემნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩადენილ დარღვევას, მაგრამ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სამართალდარღვევის ობიექტის დემონტაჟის დავალების ნაწილში აქტს ბათილად ცნობს, რაც წარმომადგენლის მსჯელობით წარმოადგენს ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. მიიჩნევს, რომ სიტყვიერი შენიშვნა უკავშირდება მარტო ჯარიმის ჩანაცვლებას, ხოლო დემონტაჟის ბათილად ცნობის ნაწილს სასამართლო ვერ ასაბუთებს. კასატორის მსჯელობით, ობიექტი ისევ უკანონოა სანამ არ მოხდება არქიტექტურის სამსახურის მიერ შენობა - ნაგებობის ლეგალიზება და ასეთ პირობებში დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობებს და დასკვნებს. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და შედეგს, დეტალურად მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ და „ყ“ ქვეპუნქტებზე და განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურული პროცესების მართვის, სამშენებლო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი პრაქტიკული რეალიზაციის, ასევე, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს არქიტექტურის სამსახურს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს ამა თუ იმ ობიექტის ლეგალიზების, მისი ექსპლუატაციისათვის ვარგისად აღიარების და არსებული განაშენიანების ნაწილად ქცევის მიზანშეწონილობა, რა დროსაც იგი უფლებამოსილია, მხედველობაში მიიღოს სალეგალიზებოდ წარდგენილი ობიექტის იერსახის შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან, აგრეთვე შეაფასოს თუ რამდენად დადებით გავლენას იქონიებს ობიექტის ლეგალიზება ქალაქის იერსახეზე. წარმომადგენლის მსჯელობით, განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას კონკრეტული ფიზიკური პირის ინტერესი, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის - ავტოფარეხის ლეგალიზების თაობაზე, მეორე მხარეს კი დგას საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება ქალაქ თბილისის მხატვრული იერსახის შენარჩუნებასა და დახვეწა - გაუმჯობესებაში.
კასატორის მსჯელობით, არქიტექტურის სამსახურმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, არსებული განაშენიანების ქალაქგეგმარებითი და ვიზუალური მახასიათებლების, მათი შენარჩუნებისა და სამომავლოდ განვითარების ინტერესის მხედველობაში მიღებით, სალეგალიზებოდ წარდგენილი ობიექტის ვიზუალური მხარისა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივის გადასინჯვის შედეგად, მიზანშეუწონლად მიიჩნია წარდგენილი ობიექტის ლეგალიზება, მისი არსებული განაშენიანებისა და ქალაქის სამომავლო პერსპექტიული განვითარების ხედვასთან შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან იგი წარმოადგენს უსახურ და განაშენიანებასთან შეუსაბამო ობიექტს, რომლის კანონიერად აღიარება გამოიწვევს ქალაქის იერსახის დამახინჯებას. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება არქიტექტურის სამსახურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა, ე.ი. კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო ბრძანებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა. კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოების მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებულ მიდგომაზე მოსარჩელის მიმართ და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ყოველი მხარე დაცულია თანასწორუფლებიანობის პრინციპით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებისათვის დისკრიმინაციისგან დაცვისა და რომელიმე მხარისთვის ნებისმიერი სახის უპირატესობის მინიჭებას ან მის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების აკრძალვას. წარმომადგენლის მსჯელობით, იმის გათვალისწინებით, რომ სალეგალიზებო ობიექტის მიმდებარედ ავტოფარეხის ლეგალიზების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს მომწესრიგებელ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რომელიც გაცემულია ადრესატის განცხადების საფუძველზე, კონკრეტული მოთხოვნისა და დოკუმენტაციის გათვალისწინებით, გამორიცხავს განსახილველ შემთხვევაზე თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევის ფაქტს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და შედეგს, დეტალურად მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის N153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვარმდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ 1-ლი მუხლის პირველ, მე-2, მე-6 პუნქტებზე და განმარტავს, რომ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების სამართლებრივი ბედი დამოკიდებულია იმ სავალდებულო პირობაზე, რომელიც გულისხმობს უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით მშენებლობის დაწყებასა და მის დასრულებას 2007 წლის 1 იანვრამდე. მიუთითებს, რომ კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის ლეგალიზება განაპირობებს უკანონო ხასიათის მქონე ობიექტების ან მათი ნაწილების ექსპლუატაციაში მიღებას, რითაც ამგვარი მშენებლობა სამართლებრივ ჩარჩოებში ექცევა. წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, არსებული განაშენიანების ქალაქგეგმარებითი და ვიზუალური მახასიათებლების, მათი შენარჩუნებისა და სამომავლოდ განვითარების ინტერესის მხედველობაში მიღებით, სალეგალიზებოდ წარდგენილი ობიექტის ვიზუალური მხარისა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივის გადასინჯვის შედეგად, შეუძლებლად მიიჩნია წარდგენილი ობიექტის ლეგალიზება, მისი არსებული განაშენიანებისა და ქალაქის სამომავლო პერსპექტიული განვითარების ხედვასთან შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან იგი წარმოადგენს უსახურ და განაშენიანებასთან შეუსაბამო ობიექტს, რომლის კანონიერად აღიარება გამოიწვევს ქალაქის იერსახის დამახინჯებას. კასატორი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება არქიტექტურის სამსახურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა, კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მისივე მსჯელობით სადავო ბრძანებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა. შესაბამისად მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს N6063434 ბრძანება გამოცემულია სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და სრულად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
რაც შეეხება სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 7 დეკემბრის №002350 დადგენილებას, კასატორი მიუთითებს "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის" კოდექსზე, განმარტავს, რომ აღნიშნული განეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის ერთ - ერთ შემადგენელ საკანონმდებლო აქტს, რომლის მიზანსაც სამშენებლო საქმიანობის კონტროლი, სამშენებლო სამართალდარღვევათა გამოვლენა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა წარმოადგენს. მიუთითებს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ - ერთ სპეციფიკურ სახეს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ნორმები და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არ დგინდება, თუ კონკრეტულად როდის განხორციელდა სადავო დადგენილებაში მითითებული სამუშაოები, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით, წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას რაც გულისხმობს დარღვევის დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. დამრღვევი სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის დაწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობა უკავშირდება დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტს და იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას.
საქმის მასალებზე მითითებით, მათ შორის დაკვალვის აქტზე და სადავო დადგენილების გამოცემის დროისთვის არსებული ვითარების ამსახველ ფოტომასალაზე დაყრდნობით, კასატორი მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩა N166, კორპუსი N4-ში (ს/კ ...) განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, აშენებულია კაპიტალური ავტოფარეხი (შენობა N11). მიიჩნევს, რომ ხსენებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელებას ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში ამგვარი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარდგენილი, კასატორის მსჯელობით ცალსახად მიუთითებს გასაჩივრებულ დადგენილებაში მითითებული ობიექტის უნებართვოდ განთავსების ფაქტზე, რაც მისივე მსჯელობით, სამართალდამრღვევზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. მისივე მსჯელობით, უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი ასევე დასტურდება მხარის მიერ 2022 წლის 7 ივლისს არქიტექტურის სამსახურში NAR1911033 განცხადების წარდგენით, რომლითაც მოთხოვნილია ქ. თბილისში, ... ქუჩა N166, კორპუსი N°4, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უნებართვოდ მოწყობილი ავტოფარეხის ლეგალიზება.
რაც შეეხება უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის დავალებას, კასატორი მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-3 ნაწილზე და განმარტავს, რომ ჯარიმის დაკისრებასთან ერთად სამართალდამრღვევისთვის უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალება წარმოადგენდა მუნიციპალური ინსპექციის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ემსახურება სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზანს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063434 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 7 ნოემბრის №1052 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 7 დეკემბრის №002350 დადგენილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 9 მარტის №264 ბრძანების შესაბამისობა კანონმდებლობასთან და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ლ. გ-ის 2022 წლის 7 ივლისის AR1911033 განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე) გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საკასაციო საჩივრები წარმოდგენილია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, ამდენად საკასაციო პალატა შეაფასებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონშესაბამისობას სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილზე.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2020 წლის პირველ დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავ ქონება (მდებარე - ქალაქი თბილისი, ... ქუჩა №166, კორპუსი №4, ბინა №18, 77.88 კვ.მ. ს/კ ...) რეგისტრირებულია ლ. გ-ის საკუთრების უფლებით. 2015 წლის 6 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავ ქონება, (მდებარე - ქალაქი თბილისი, ... ქუჩა №166, კორპუსი 4, ავტოფარეხი შენობა №11, 18.31 კვადრატული მეტრი, ს/კ ...) რეგისტრირებულია ლ. გ-ის საკუთრების უფლებით. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...ას’’ №5 კრების ოქმი.
თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1992 წლის 8 ივლისის №10.19.260 გადაწყვეტილებით და დანართით ირკვევა, რომ ქალაქ თბილისში ... ქუჩა №166, კორპუსი №4-ში საერთო სარგებლობის ეზოში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცალკეულ მესაკუთრეებს ნება დაერთოთ ერთიან რიგში ცხაურის ტიპის ავტოსადგომის მოწყობაზე, რომელთა შორის მითითებულია - ბ. გ-ი, რომელიც იყო თავდაპირველი მესაკუთრე სადავო ავტოფარეხის.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2022 წლის 23 ივნისს შედგა N002350 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქუჩა №166, კორპუსი 4-ის მიმდებარედ დაფიქსირდა სამართალდარღვევა. კერძოდ, მიეთითა, რომ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია კაპიტალური ავტოფარეხი შენობა №11 (ს/კ ...). დადგენილია, რომ ლ. გ-ს, სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში ობიექტზე განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ზემოხსენებული კაპიტალური ავტოფარეხის დემონტაჟის განხორციელება უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 9 აგვისტოს N002350 შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე ინსპექციის 2022 წლის 23 ივნისის N002350 მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის 2022 წლის 7 ოქტომბრის N4-3/306-გ/22 ბრძანებით, ამავე ინსპექციის 2022 წლის 23 ივნისის N002350 მითითების საფუძველზე ლ. გ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით, 2022 წლის 7 ოქტომბრიდან 2022 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ ლ. გ-ის მიერ არ შესრულდა 2022 წლის 23 ივნისის N002350 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 7 დეკემბრის N002350 დადგენილებით ლ. გ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, ... ქუჩა N166, კორპუსი 4-ში ს/კ ..., შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური ავტოფარეხის (შენობა N11) მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით ლ. გ-ს დაევალა უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის შენობა N11 დემონტაჟი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 9 მარტის N264 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ის 2022 წლის 24 იანვრის N19/01230241843-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 7 დეკემბრის N002350 ბრძანება.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს N6063434 ბრძანებით ლ. გ-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, საბურთალოზე ... ქუჩის N166-ში მდებარე ს/კ ... მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული, მის საკუთრებაში არსებული N... უძრავი ქონების (ავტოფარეხი შენობა N11, ფართობი 18.31 კვ.მ.) ლეგალიზებაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 7 ნოემბრის N1052 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ის 2022 წლის 5 სექტემბრის N19/01222482767-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს N6063434 ბრძანება.
სადავო გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამშენებლო წესრიგის სამართალი არის მართლწესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აწესრიგებს მართლწესრიგის სამართლით დაცული სიკეთეებისათვის სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების საკითხებს (სუს ბს-240 (2კ-24) 2024 წლის 25 ივნისის განჩინება)). სამშენებლო წესრიგის სამართალი იყოფა პრევენციულ (სამშენებლო ნებართვების სამართალი და სამშენებლო ზედამხედველობა) და რეპრესიულ (დარღვევების გამოვლენა და რეაგირება) სამშენებლო წესრიგის სამართლად. სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. რიგი სამშენებლო საქმიანობები ექვემდებარება შესაბამისი ნებართვის/ შეთანხმების მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, გადაამოწმოს განხორციელებული ჩარევის კანონმდებლობასთან შესაბამისობა (სუს ბს-710(3კ-კს-21) 2023 წლის 17 იანვრის განჩინება).
მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი. საკასაციო პალატა მიუთითებს აღნიშნული კოდექსის 122-ე, 123-ე, 124-ე, 131-ე მუხლებზე სადაც დეტალურად არის განმარტებული თუ რა შეიძლება იყო სამშენებლო სამართალდარღვევა. ასევე განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების წესი სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილება მითითების გაცემის შესახებ, კერძოდ უფლებამოსილება გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. ასევე დარეგულირებულია მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მითითების შესრულების შემოწმება, შემოწმების ვადა, შემოწმების აქტის შედგენა და მასში ინფორმაციას - მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ ასახვის პროცედურა. ამავე კოდექსის ასევე 131-ე მუხლით მოწესრიგებულია უნებართვო მშენებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სარჩელის ავტორის იმ არგუმენტზე, რომ დაჯარიმება მოხდა საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლის გარეშე. სარჩელში აკონკრეტებს, რომ ავტოფარეხი აშენდა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1992 წლის 8 ივლისის დადგენილების საფუძველზე ავტოფარეხის წინა მესაკუთრის ბ. გ-ის მიერ და, რომ ნაგებობა უკვე წარმოადგენს საკუთრების უფლების ობიექტს და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
საკასაციო პალატა მიუთითებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 23 ივნისის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის N002350 მითითებით დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და ლ. გ-ს სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში მითითებულ ობიექტზე განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან კაპიტალური ავტოფარეხის დემონტაჟის განხორციელება. ინსპექციის 2022 წლის 9 აგვისტოს N002350 შემოწმების აქტით დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა და 2022 წლის 7 დეკემბრის N002350 დადგენილებით დაჯარიმდა 8 000 ლარით. ასევე დაევალა უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის შენობა N11 დემონტაჟი. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ავტოფარეხი არის საკუთრების უფლების ობიექტი (ს/კ ...). 2015 წლის 06 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით ქალაქი თბილისი, ... ქუჩა №166, კორპუსი 4, ავტოფარეხი შენობა №11-ზე ს/კ ... რეგისტრირებულია ლ. გ-ის საკუთრების უფლება (საფუძველი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...ას’’ N5 კრების ოქმი), რაც ადასტურებს, რომ 2015 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით ავტოფარეხი აღნიშნული სახით და ფუნქციური მახასიათებლებით უკვე არსებობდა. გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ვინაიდან ლ. გ-ის საკუთრების უფლება სადავო შენობა - ნაგებობაზე (ავტოფარეხზე) რეგისტრირებულია, ასეთი ობიექტის დემონტაჟის დავალება ხელყოფს და გაუმართლებელ ჩარევას გამოიწვევს ფიზიკური პირის საკუთრების უფლებაში. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე და არსებული რეგულაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გასაზიარებლად მიიჩნევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან - სანქციისაგან გათავისუფლებას და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას.
რაც შეეხება სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 9 მარტის N264 ბრძანებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ის 2022 წლის 24 იანვრის N19/01230241843-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 7 დეკემბრის N002350 დადგენილება, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 7 დეკემბრის N002350 დადგენილების თაობაზე წარდგენილ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგს. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ზემდგომ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მხედველობაში უნდა მიეღო ნაგებობის საკუთრებად რეგისტრაციისა და საკუთრების უფლებაში ჩარევის მიზანშეწონილობა. ამდენად, საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 178-ე და 201-ე მუხლებზე მითითებით მოცემულ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტის კანონშეუსაბამობის თაობაზე და თვლის, რომ სახეზეა აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
სადავო საკითხის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 23 ივნისის N002350 მითითების გაცემის შემდგომ, ლ. გ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურს. მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა 2020 წლის 9 მარტის საქართველოს მთავრობის №153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ საფუძველზე, სადავო N11 ავტოფარეხის ლეგალიზება. დადგენილია, რომ სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს N6063434 ბრძანებით, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სადავო აქტი დასაბუთებულა იმ არგუმენტაციაზე მითითებით, რომ ობიექტი არ შეესაბამება ქ. თბილისის განაშენიანების სამომავლო განვითარებისათვის მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს, რადგან იგი არის უსახური, განაშენიანებასთან შეუსაბამო და მისი ლეგალიზების შემთხვევაში, ვერ მოხდება არსებულ გარემოში მისი სრულყოფილი ჩაწერა. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ლ. გ-ის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარდგენილი თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1992 წლის 8 ივლისის №10.19.260 გადაწყვეტილება და მისი დანართი, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისში ... ქუჩა №166, კორპუსი №4-ში საერთო სარგებლობის ეზოში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცალკეულ მესაკუთრეებს ნება დაერთოთ ერთიან რიგში ცხაურის ტიპის ავტოსადგომის მოწყობაზე, რომელთა შორისაა ბ. გ-ი, რომელიც იყო ავტოფარეხის თავდაპირველი მესაკუთრე.
საკასაციო პალატის მოსაზრებით სადავო აქტი არ სცემს დასაბუთებულ პასუხს ექცევა თუ არა აღნიშნული ნაგებობა 2020 წლის 9 მარტის საქართველოს მთავრობის №153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ მოქმედების სფეროში. კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის (შემდგომში – ობიექტი ან მისი ნაწილი) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. მე-2 პუნქტის თანახმად წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული (მშენებლობადამთავრებული) ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ. მე-3 პუნქტის თანახმად ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება - დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას. მე-4 პუნქტის თანახმად აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ. მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და მშენებლობის დასრულება გათვალისწინებულია ფართის მატების გარეშე, უკვე არსებულ გაბარიტში. მე-5 პუნქტის თანახმად ამ წესის მოქმედება ვრცელდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე აშენებულ (მშენებლობადამთავრებულ) იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზეც, რომლებზეც 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები ფართის მატების გარეშე. მე-6 პუნქტის თანახმად ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი 12 ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ამრიგად, ადმინისტრაციულ ორგანოს არც ის საკითხი გამოუკვლევია, ხომ არ ექცეოდა დასახელებული ობიექტი კანონით განსაზღვრულ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც შესაძლებელი იყო მისი ლეგალიზება.
შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება ესარგებლა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32.4 მუხლით. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (სუს 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს- 681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სუს 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).
რაც შეეხებ აქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 7 ნოემბრის №1052 ბრძანებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი (05.09.2022 წელი) ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063434 გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, საკასაციო პალატა გასაზიარებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯლობას მისი ბათილად ცნობის მატერიალური და ფაქტობრივი წინაპირობების არსებობის თაობაზე. იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063434 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად სახეზეა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 7 ნოემბრის №1052 ბრძანების კანონშეუსაბამობაც.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს, რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა - განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 01 მაისს N00636 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 01 მაისს N00636 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე