საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-815(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. შ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ. შ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 19.09.2024 წლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ბათილად ცნობა;
1.2. მოპასუხის 19.09.2024 წლის №23559 ბრძანების ბათილად ცნობა;
1.3. მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს განესაზღვრება მომეტებული რისკის სახე და მოთავსდება №... პენიტენციურ დაწესებულებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.03.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 8 სექტემბრის №1/3609-06 განაჩენით მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 პუნქტებით (1961 წლის რედაქციით), 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (31.05.2006 წლამდე მოქმედი რედაქციით), 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (31.05.2006 წლამდე მოქმედი რედაქციით), 19.379-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მოსარჩელე ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 29.11.2007 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. ასევე – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლის მე-3 ნაწილით (31.05.2006 წლამდე მოქმედი რედაქცია) და, ასევე, გათავისუფლდა აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ამასთან, მოსარჩელე №... პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, 01.10.2020 წელს, სტაციონალური მკურნალობის მიზნით, გადაიყვანეს ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე „ლ...ში“, მოთავსდა პალატაში, სადაც მოთავსების ადგილიდან გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა დააკავა ესკორტის ოფიცერთა ჯგუფმა.
2.2. მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმისა და მოპასუხის №... პენიტენციური დაწესებულების 26.04.2024 წლის №123334/21 წერილის თანახმად, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ მოსარჩელის მიმართ გამოვლინდა შემდეგი დისციპლინური დარღვევები:
- 11.01.2006 წელს მოათავსეს სამარტოო საკანში 5 დღის ვადით, საკანში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერების დროს საკანში აღმოჩნდა მობილური ტელეფონი;
- 30.06.2020 წელს შეეზღუდა მაღაზიით სარგებლობის უფლება 01 თვით, საკანში ხმაურისა და №... დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის მენეჯერის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიების გამო. აღნიშნული განკარგულება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.05.2023 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი;
- 04.11.2020 წელს გამოეცხადა საყვედური, საკნის შემოწმებისას უკმაყოფილების გამოთქმისა და მორიგე განწესის წევრების შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიების გამო;
- 14.11.2020 წელს გამოეცხადა საყვედური დაწესებულების თანამშრომლებთან საუბრისას უკმაყოფილების გამოხატვისა და ხმამაღალი ტონით საუბრის გამო, აღნიშნული განკარგულება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.05.2023 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი;
- 07.12.2022 წელს შეეზღუდა მაღაზიით სარგებლობის უფლება 01 თვის ვადით დაწესებულების ადმინისტრაციის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიების გამო, აღნიშნული განკარგულება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.05.2023 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი;
- 04.10.2023 წლის განკარგულების საფუძველზე, გამოეცხადა საყვედური დაწესებულების თანამშრომლებთან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიების გამო.
ამასთან, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ მოსარჩელის მიმართ გამოყენებულია წახალისების ფორმები, კერძოდ:
- 30.01.2014 წელს, №47 ბრძანების საფუძველზე, მიეცა დამატებით ხანმოკლე პაემანი;
- 29.10.2014 წელს, №783 ბრძანების საფუძველზე, გამოეცხადა მადლობა;
- 17.03.2017 წელს, №692 ბრძანების საფუძველზე, მიეცა დამატებით ხანმოკლე პაემანი.
2.3. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 17.10.2023 წლის სხდომის ოქმის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, მოსარჩელის საშიშროების რისკის სახედ განსაზღვრულიყო მაღალი რისკი.
2.4. მსჯავრდებულ მოსარჩელისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №... პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ მოპასუხის გენერალური დირექტორის 17.10.2023 წლის №23847 ბრძანების თანახმად, საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულ მოსარჩელეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსდა №... პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.02.2024 წლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის გენერალური დირექტორის 17.10.2023 წლის №23847 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოცემულ ეტაპზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.2024 წლის განჩინებით შეჩერებულია ზემოაღნიშნული საქმის განხილვა.
2.6. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 19.09.2024 წლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად, მსჯავრდებულთა რისკის შეფასების გუნდმა დაადგინა, რომ მოსარჩელე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 პუნქტებით (1961 წლის რედაქციით), 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (31.05.2006 წლამდე მოქმედი რედაქციით), 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (31.05.2006 წლამდე მოქმედი რედაქციით), 19.379-ე მუხლის პირველი ნაწილით. გარდა ამისა, იხდიდა რა სასჯელს №... პენიტენციურ დაწესებულებაში, 01.10.2020 წელს გადაიყვანეს სტაციონალური მკურნალობის მიზნით ქ. თბილისში ...ს ქ. №...-ში მდებარე, „ლ...ში“, სადაც მოთავსდა კლინიკის მეხუთე სართულზე არსებულ №... პალატაში. 01.10.2020 წელს, დაახლოებით 21:15 საათზე, მოსარჩელე, მოთავსების ადგილიდან გაქცევის მიზნით, გამოვიდა პალატიდან, სირბილით გადალახა დერეფანი, ჩაამტვრია სათადარიგო კიბეზე გასასვლელი კარი და სცადა მიმალვა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 08.05.2019 წლის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ თანახმად, 12.11.2020 წელს მსჯავრდებულ მოსარჩელეს დაუდგინდა საშიშროების მაღალი რისკი, რის შემდეგაც მოხდა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება და 11.11.2021 წელს განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი, ასევე – 04.11.2022 წელს განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი; 17.10.2023 წელსაც განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი.
მსჯავრდებული მოსარჩელე სასჯელის მოხდის პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა სახის პროგრამაში, მათ შორის: შემთხვევის მართვის პროგრამა, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამა, სატრენინგო მოდული კოგნიტური და სოციალური უნარების განმტკიცება, სატრენინგო მოდული ბიბლიოთერაპია, სატრენინგო მოდული დანაშაულის გაცნობიერება/ნაბიჯი ცვლილებებისკენ, სატრენინგო მოდული სამოქალაქო განათლება, სწრაფი ჩარევის პროგრამა. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის მეექვსე ეტაპი წარმატებით აქვს გავლილი.
ამასთან, მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში ჩართული იყო სასწავლო პროგრამებში, მათ შორის: ინფორმაციული პროგრამები, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებები, საქართველოს ისტორიის კურსი, საინფორმაციო კურსი ტრეფიკინგი, საინფორმაციო კურსი ტუბერკულოზი და მკურნალობაზე დამოკიდებულება, საინფორმაციო კურსი ბ და ც ჰეპატიტი, ინგლისური ენის კურსი, სატრენინგო მოდული ბ და ც ჰეპატიტი, საინფორმაციო კურსი ტუბერკულოზი, საინფორმაციო კურსი ტრეფიკინგი, საინფორმაციო კურსი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებები, კომპიუტერული პროგრამის სწავლების კურსი, პროგრამა „ქართული ენა, როგორც მეორე ენა“, საინფორმაციო ტრენინგ კურსი აივ ინფექციისა და შიდსის თაობაზე. მსჯავრდებული 2017 წელს დაესწრო კულტურულ ღონისძიებას ქართული ენისა და მისი ისტორიის თაობაზე.
მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმის III ნაწილით დადგენილია, რომ მსჯავრდებულს აქვს მუშაობის სურვილი, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა. ამავე ნაწილში დამატებით განიმარტა, რომ მსჯავრდებული კომუნიკაციაში ღია და გახსნილია. მას კატეგორიულად არ აქვს მიმღებლობა ანტისოციალური ქცევის მქონე პირების მიმართ. გასაუბრებისას ვლინდება ცვლილებებისათვის მზაობის ტენდენცია. საუბრისას ავლენს კონსტრუქციულ/რეალისტურ გეგმებს მომავლისადმი. მისი გადმოცემით გათავისუფლების შემდგომ სურს დასაქმდეს მისი პროფესიით - ლიფტების ინჟინრის თანამდებობაზე.
კომუნიკაციისას საკუთარი აზრის გამოხატვა შეუძლია აგრესიის გარეშე. საუბრობს გათავისუფლების შემდგომ პირად განვითარებასთან დაკავშირებულ ინტერესებზე. ავლენს უნარებს გააკონტროლოს ემოციები და ქცევები. არ ავლენს ინფორმაციას აგრესიულობის თაობაზე სხვების მიმართ, განსაკუთრებით მათი კონტროლის მიზნით. კომუნიკაციის უნარებთან დაკავშირებული სირთულეები არ ვლინდება. ავლენს წარსული გამოცდილების/შეცდომების გათვალისწინების უნარს.
2.7. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 19.09.2024 წლის სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად, საშიშროების რისკების ბოლო გადაფასების შემდეგ, მართალია, მოსარჩელის მხრიდან დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მსჯავრდებულის ქცევა უკეთესობისაკენ არ შეცვლილა. ხშირ შემთხვევაში ცდილობს თანამშრომლების პროვოცირებასა და გამოწვევას, რათა შემდგომში გამოიყენოს სათავისოდ. მას არ აქვს შეგნებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და საზოგადოებისათვის საშიში ხასიათი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე არის გაქცევისკენ მიდრეკილების მქონე მსჯავრდებული. ინარჩუნებს მოჩვენებით სიმშვიდეს. ამდენად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა დაასკვნა, რომ მოსარჩელის განთავსება ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე - პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, მოსარჩელის საშიშროების რისკის სახედ განსაზღვრულიყო მაღალი რისკი.
2.8. მოპასუხის გენერალური დირექტორის 19.09.2024 წლის №23559 ბრძანებით, მსჯავრდებულ მოსარჩელეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსდა №... პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.9. სასამართლომ მიუთითა „პენიტენციური კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფებს, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოებას. აღნიშნული კოდექსის 52-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში; 52-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი.
2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 08.05.2019 წლის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის მიხედვით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება. მითითებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საშიშროების მაღალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მაღალი. მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. სასამართლომ, ასევე, მიუთითა ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-12 მუხლზე, მე-13 მუხლის პირველ, მე-6, მე-8-მე-9 პუნქტებზე, მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე.
2.11. სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 17.10.2023 წლის სხდომის ოქმის თანახმად, მოსარჩელის განთავსება ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნებოდა როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, მოსარჩელის საშიშროების რისკის სახედ განსაზღვრულიყო მაღალი რისკი. მოპასუხის გენერალური დირექტორის მსჯავრდებულ მოსარჩელისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №... პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ 17.10.2023 წლის №23847 ბრძანების თანახმად, საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულ მოსარჩელეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსდა №... პენიტენციურ დაწესებულებაში. დადგენილია, რომ მოსარჩელემ აღნიშნული აქტები გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამავე სასამართლოს 08.02.2024 წლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოცემულ ეტაპზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.2024 წლის განჩინებით შეჩერებულია ზემოაღნიშნული საქმის განხილვა.
2.12. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 19.09.2024 წლის სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად, საშიშროების რისკების ბოლო გადაფასების შემდეგ, მართალია, მოსარჩელის მხრიდან დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მსჯავრდებულის ქცევა უკეთესობისაკენ არ შეცვლილა. ოქმში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ხშირ შემთხვევაში ცდილობს თანამშრომლების პროვოცირებასა და გამოწვევას, რათა შემდგომში გამოიყენოს სათავისოდ. მას არ აქვს შეგნებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და საზოგადოებისათვის საშიში ხასიათი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე არის გაქცევისკენ მიდრეკილების მქონე მსჯავრდებული. ინარჩუნებს მოჩვენებით სიმშვიდეს. ამდენად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ მოსარჩელის განთავსება ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, მსჯავრდებულ მოსარჩელის საშიშროების რისკის სახედ განსაზღვრულიყო მაღალი რისკი. ამასთან, ოქმი შეიცავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 08.05.2019 წლის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებულ ინფორმაციას.
2.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
2.14. გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის გადამოწმების მიზნით, სასამართლომ გამოითხოვა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 19.09.2024 წლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია. სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ინფორმაცია, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მხარეებს გააცნოს და სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახოს, თუმცა, საგულისხმოა, რომ მოცემული მტკიცებულება სასამართლომ გამოიკვლია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად. სასამართლომ მიუთითა სადავო ოქმზე, მისი გამოცემის ფაქტობრივ საფუძვლებსა და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებზე, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებზე და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად აღნიშნა, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მინიჭებული აქვს აღნიშნული. სასამართლოს მითითებით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 19.09.2024 წლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი დასაბუთებულია (მითითებული ინფორმაციის გათვალისწინებით), არ ეწინააღმდეგება საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებსა და ზემოთ მითითებულ სამართლებრივ ნორმებს, რის გამოც არ დგინდება მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აქედან გამომდინარე, ასევე, არ არსებობს მოპასუხის გენერალური დირექტორის 19.09.2024 წლის №23559 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების წინაპირობები.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. გასაჩივრებული აქტების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გადამოწმების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა მტკიცებულებები დავის საგანთან დაკავშირებით, კერძოდ, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 19.09.2024 წლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი და მოსარჩელის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია. აღნიშნული დოკუმენტი სასამართლოში წარმოდგენილია, როგორც საიდუმლო და, შესაბამისად, სასამართლოც არ არის უფლებამოსილი, აღნიშნული ინფორმაციის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ის გააცნოს მხარეებს და ასახოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, თუმცა ეს მტკიცებულება სასამართლომ გამოიკვლია კანონის მოთხოვნით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მათი ურთიერთშეჯერების შედეგად, არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება.
4.2. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობასა და მოსარჩელის სოციალურ აქტივობებში ჩართულობას, პალატამ განმარტა, რომ მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი კრიტერიუმია სწორედ წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, ფასდება სასჯელის მოხდის პერიოდში აღნიშნული ფაქტის არსებობა/არარსებობა და სხვა კრიტერიუმებთან ერთად მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამ კონტექსტში სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: ცხადია, სასამართლო მიესალმება მსჯავრდებულთა ჩართულობას სოციალურ აქტივობებში, მათ კარგ ყოფაქცევას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა მსჯავრდებულის დადებითი კუთხით ცვლილება არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი და გადამწყვეტი ფაქტორი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისათვის. რისკის დადგენის პროცესში დაწესებულებაში გამოვლენილ ქცევასთან და დაწესებულებაში არსებულ რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობასთან, ასევე, წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, როგორიცაა: მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე - დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და სხვა (სუსგ №ბს-125(კ-23), 06.07.2023წ.).
4.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მოტივზე, კერძოდ:
4.3.1. 08.07.1994 წელს, მოსარჩელე მცირეწლოვან შვილთან და მეგობართან ერთად საკუთარი მანქანით მოძრაობდა მეტროსადგურ „...ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსარჩელემ არამართებულად გააჩერა მანქანა გზის სავალ ნაწილზე, რა დროსაც ავტომანქანით მას გვერდით ჩაუარა პოლიციის სამმა თანამშრომელმა. ავტომანქანის მძღოლმა თავაზიანი ფორმით შენიშვნა მისცა მოსარჩელეს მანქანის უხერხულად გაჩერების გამო და გააგრძელა გზა. ამაზე განაწყენებული მოსარჩელე ხმოვანი სიგნალებით გამოეკიდა მას, დაახლოებით 20-30 მეტრის გავლის შემდეგ აიძულა გაეჩერებინა მანქანა. მოსარჩელე მის თანმხლებ პირთან ერთად გადმოვიდა მანქანიდან, რის საპასუხოდ პოლიციელებიც გადმოვიდნენ მანქანიდან და მივიდნენ მათთან. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოსარჩელემ მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი „...ის“ სისტემის პისტოლეტიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, ყელის არეში ესროლა ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე პოლიციელს, რის შემდეგაც თანმხლებ პირთან ერთად გაიქცა მანქანისკენ და სალონში ჩაჯდომამდე კვლავ განახორციელა გასროლები მიწაზე წაქცეული პოლიციელების მიმართულებით; შემდეგ ჩაჯდა ავტომანქანაში, მაგრამ ისევ გადმოვიდა და, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კვლავ მოახდინა თითო-თითო საკონტროლო გასროლა პოლიციელთა მიმართულებით. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მოსარჩელე ჩაჯდა ავტომანქანაში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა;
4.3.2. მანვე ჩაიდინა მონოპოლიური საქმიანობა, კერძოდ: ლიფტების შეკეთება–მომსახურების საქმიანობის განხორციელების მიზნით, დააფუძნა შპს „კ...“ და დასახელებულ მომსახურებაზე მაღალი ფასების დასაწესებლად, ასევე - კონკურენტი ფირმების ბაზრიდან გასაძევებლად, სისტემატურად ემუქრებოდა კონკურენტებს სიცოცხლის მოსპობით, ხოლო როცა ამით შედეგს ვერ მიაღწია, თანამზრახველებთან ერთად დააზიანა მათ მომსახურებაში არსებული ლიფტების ძრავები;
4.3.3. ასევე – 15.09.2003 წელს, დაახლოებით 00:05 საათზე, რ.დ. და მოსარჩელე მივიდნენ ზ.ზ-ის საცხოვრებელ სახლთან, სადაც მოსარჩელემ, შეკვეთით, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობები ზ.ზ-ს. მოსარჩელემ შეკვეთის საბოლოოდ სისრულეში მოყვანის მიზნით, მის მიმართ აწარმოა საკონტროლო გასროლები, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა;
4.3.4. მოსარჩელე სასჯელს იხდიდა №... პენიტენციურ დაწესებულებაში. 01.10.2020 წელს, სტაციონარული მკურნალობის მიზნით, გადაიყვანეს ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე „ლ...ში“, სადაც მოთავსდა კლინიკის მეხუთე სართულზე არსებულ №... პალატაში. 01.10.2020 წელს, დაახლოებით 21:15 საათზე, მოსარჩელე, მოთავსების ადგილიდან გაქცევის მიზნით, გამოვიდა პალატიდან, სირბილით გადალახა დერეფანი, ჩაამტვრია სათადარიგო, კიბეზე გასასვლელი კარი და სცადა მიმალვა, თუმცა დააკავეს ესკორტის ოფიცერთა ჯგუფის წევრებმა.
4.4. ზემოაღნიშნული ინფორმაციისა და საქმეზე დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ შეაფასა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სადავო აქტების მიღებისას არ დარღვეულა სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნა.
4.5. გადაწყვეტილება მიღებულია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (№2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (შდრ. სუსგ №ას-807-2020, 12.11.2020წ; №ას-1150-2020, 29.09.2021წ; №ბს-940(2კ-24), 30.05.2025წ; №ბს-606(კ-23), 25.07.2023წ; №ბს-1309(2კ-22), 14.02.2024წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება, №18114/02) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. სხვა საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (23.10.1996 წლის №21920/93 გადაწყვეტილება, პარ. 48) (სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).
9. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 19.09.2024 წლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმისა და მოპასუხის 19.09.2024 წლის №23559 ბრძანების კანონიერება, რომელთა საფუძველზე მოსარჩელეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
10. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
11. სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულებები, დაიცვას თავისუფლებააღკვეთილი პირების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და აარიდოს მათ ყოველგვარი საფრთხე, რომელიც, მათ შორის, სხვა პატიმრობაში მყოფი პირებისგან ემუქრებათ. მეტიც, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ასეთი პირი საკუთარი თავიდან მომდინარე საფრთხისგანაც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 21.12.2022 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №1/10/1676, II-29). საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებს, გარემოების მიუხედავად, ინარჩუნებენ თავისუფლებააღკვეთილი პირები. ეს უფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს კანონიერი საფუძვლის გარეშე (შალიკაშვილი მ., მიქანაძე გ., ხასია მ.(ზ.), სასჯელაღსრულების სამართალი, თბილისი, 2014, გვ. 56).
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, პატიმრობაში მყოფი პირები მოწყვლად მდგომარეობაში არიან და ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ისინი. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ პირი დაკავებული იყოს მისი ადამიანური ღირსების პატივისცემის შესაბამის პირობებში, რომ ღონისძიების აღსრულების წესი და მეთოდი არ აყენებდეს მას ისეთ ტანჯვას ან გაჭირვებას, რომლის ინტენსივობა აღემატება პატიმრობისთვის დამახასიათებელი ტანჯვის გარდაუვალ დონეს და რომ პატიმრობის პრაქტიკული მოთხოვნების გათვალისწინებით, მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი (SZAFRAŃSKI v. POLAND, №17249/12, 15.12.2015წ., §22; VALAŠINAS v. LITHUANIA, №44558/98, 24.07.2001წ., §102; KUDŁA v. POLAND, №30210/96, 26.10.2000წ., §94).
13. მაღალი უსაფრთხოების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება, იქნება ეს წინასწარი პატიმრობა თუ სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, თავისთავად არ წარმოშობს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხს. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული კატეგორიის პატიმრობაში მყოფი პირებისთვის დააწესოს მაღალი უსაფრთხოების სასჯელაღსრულების რეჟიმები. კონვენციის ხელშემკვრელ ბევრ სახელმწიფოში საშიშ მსჯავრდებულებზე ვრცელდება უფრო მკაცრი უსაფრთხოების წესები. ეს ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს გაქცევის, თავდასხმის ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დარღვევის რისკის თავიდან აცილებას, გულისხმობს ასეთი მსჯავრდებულების სხვა პატიმრობაში მყოფი პირებისგან განცალკევებას და უფრო მკაცრ კონტროლს. ასეთი სპეციალური საპატიმრო რეჟიმები თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს, თუმცა აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაცული იყოს პატიმრობაში მყოფი პირების ზემოაღნიშნული გარანტიები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი) (PIECHOWICZ v. POLAND, №20071/07, 17.04.2012წ., §161, §162; HORYCH v. POLAND, №13621/08, 17.04.2012წ., §88, §89).
14. ევროსასამართლოს განმარტებით, მსჯავრდებულის სპეციალურ მაღალი უსაფრთხოების რეჟიმში განთავსება თავისთავად არ წარმოადგენს არც კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას, თუმცა იმისათვის, რომ ასეთი ღონისძიება შეესაბამებოდეს ამ მუხლის მოთხოვნებს, ის გამოყენებულ უნდა იქნეს „კანონის შესაბამისად“, ემსახურებოდეს კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანს და, ამასთან, იყოს „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ (MASLÁK v. SLOVAKIA (No. 2), №38321/17, 31.03.2022წ., §141).
15. სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობისა და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „პენიტენციური კოდექსი“ („პენიტენციური კოდექსის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილი). ამ კოდექსის მიზანია ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვასა და რეალიზაციაზე ორიენტირებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სამართლებრივი გარანტიების შექმნა, რაც შესაბამის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენით ეფექტიანად უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის უფლებების დაცვას და, მეორე მხრივ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
16. მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რომლის ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი. მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატურად დარღვევისას, მსჯავრდებულის, სხვა პირთა და პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სხვა შემთხვევებში. მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი („პენიტენციური კოდექსის“ 52-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 ნაწილები).
17. პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა (გარდა 08.05.2019 წლის №395 ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულებისა) საშიშროების რისკის სახეებს, შეფასების/გადაფასების წესს, რისკის შეფასების კრიტერიუმებს, რისკის შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესსა და პირობებს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის, აგრეთვე მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 08.05.2019 წლის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი“ (შემდეგში - „წესი“).
18. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს. ჯგუფის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას (შევსებულ ფორმას) ჯგუფის უფროსი წარუდგენს დირექტორს, რომელიც ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის მიზნით გაუგზავნოს მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდს. გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დატოვების, ასევე, იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი. საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს უკვე შეფასებულ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას. გადაფასება ხორციელდება საშიშროების მაღალი რისკის დადგენიდან არაუგვიანეს 12 თვისა. პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია (წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი).
19. თავდაპირველი შეფასების შედეგების პერიოდული გადაფასება და ამგვარი შედეგების სასამართლო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა დამატებით უზრუნველყოფს, რომ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება სწორად და ობიექტურად შეფასდეს და, მეორე მხრივ, თავად მსჯავრდებულს ანიჭებს შესაძლებლობას, მოახდინოს საკუთარი ქცევის კორექტირება და, შედეგად, გადაინაცვლოს იმგვარ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს სასჯელის მოხდის შეღავათიანი, გაუმჯობესებული პირობებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.05.2019 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/1/704, II-48). მსჯავრდებული პირის მხრიდან მომდინარე საშიშროების ხარისხის შეფასებისათვის დადგენილი სამართლებრივი ჩარჩო ამგვარ შეფასებაზე უფლებამოსილ ორგანოს საშუალებას აძლევს, შექმნას შეძლებისდაგვარად სრული სურათი, განახორციელოს ყოველმხრივი გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების/გადაყვანის თაობაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.03.2025 წლის გადაწყვეტილება საქმეზე N1/1/1602,1603, II-88).
20. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სახეები ერთმანეთისგან განსხვავდება იქ მოთავსებული მსჯავრდებული სუბიექტების, რისკების დონისა და ამგვარი რისკების შესაბამისი უსაფრთხოების ზომების ინტენსივობით (სუსგ №ბს-165(კ-23), 20.03.2025წ.). განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა („პენიტენციური კოდექსის“ 38-ე მუხლის პირველი ნაწილი)) სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფებს, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოებას („პენიტენციური კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი, იხ. ასევე - წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი).
21. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მოთავსების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო უზრუნველყოფს საშიშროების რისკების დადგენას სწორედ ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსდებიან მსჯავრდებულები მხოლოდ ინდივიდუალური შეფასების შედეგად, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი კოლეგიური ორგანო და რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია, მხედველობაში მიიღოს არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მსჯავრდებულისგან მომდინარე რისკებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.03.2025 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №1/1/1602,1603, II-90).
22. წესის მე-4 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ) დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ) მსჯავრდებულის ასაკი; ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; რ) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, რისკების სწორი შეფასება, გადაფასება, მათთვის სხვადასხვა შესაბამისი საცხოვრებელი პირობების/რეჟიმის შერჩევა და შემდგომ შესაბამის დაწესებულებაში განთავსება შეადგენს პენიტენციური სისტემის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას. ამ საკითხებზეა დამოკიდებული, როგორც თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლებები და საცხოვრებელი პირობები, ასევე - სასჯელის მიზნის მიღწევა. პატიმრობაში მყოფი პირების კატეგორიების მიხედვით განცალკევებით განთავსებას ადგენს აგრეთვე „პატიმრებთან მოპყრობის შესახებ“ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები (ე.წ. ნელსონ მანდელას წესები). სხვადასხვა კატეგორიის პატიმრები უნდა განთავსდნენ სხვადასხვა დაწესებულებებში ან ერთი დაწესებულების სხვადასხვა, ერთმანეთისგან იზოლირებულ ნაწილში. პატიმართა კატეგორიები იყოფა მათი სქესის, ასაკის, წარსულში ნასამართლობის, მოქმედი დაპატიმრების მიზეზებისა და მათთან მოპყრობის საჭიროებების ნიშნებით (წესი 11) (სუსგ №ბს-165(კ-23), 20.03.2025წ.).
24. ამასთან, როგორც საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, სასამართლოს მიერ საშიშროების რისკის განსაზღვრისა და თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის კანონიერად მიჩნევა არ გამორიცხავს, სამომავლოდ, მსჯავრდებულის მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დადებითი ქცევის განგრძობის შემთხვევაში, საშიშროების გადაფასების შედეგად მისთვის შედარებით მსუბუქი რისკის განსაზღვრას (სუსგ №ბს-125(კ-23), 06.07.2023წ.).
25. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 პუნქტებით (1961 წლის რედაქცია), 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (31.05.2006 წლამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (31.05.2006 წლამდე მოქმედი რედაქცია), 19.379-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოსარჩელე, ასევე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 29.11.2007 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. ასევე – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლის მე-3 ნაწილით (31.05.2006 წლამდე მოქმედი რედაქცია) და, ასევე, გათავისუფლდა აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან (იხ. მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა, ტ.1, ს.ფ. 223-234, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 19.09.2024 წლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ამონაწერი, ტ.1, ს.ფ. 235-238; ასევე - იხ. წინამდებარე განჩინების 4.3 პუნქტი).
26. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე №3 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, 01.10.2020 წელს, სტაციონალური მკურნალობის მიზნით, გადაიყვანეს ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე „ლ...ში“, მოთავსდა კლინიკის მეხუთე სართულზე არსებულ პალატაში. 01.10.2020 წელს, დაახლოებით 21:15 საათზე, მოსარჩელე, მოთავსების ადგილიდან გაქცევის მიზნით, გამოვიდა პალატიდან, სირბილით გადალახა დერეფანი, ჩაამტვრია სათადარიგო კიბეზე გასასვლელი კარი და სცადა მიმალვა, თუმცა დააკავა ესკორტის ოფიცერთა ჯგუფმა. მოსარჩელე ამ დანაშაულისთვის (გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.379-ე მუხლის პირველი ნაწილით) ცნობილ იქნა დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 30.03.2021 წლის განაჩენით (იხ. 30.03.2021 წლის განაჩენი, ტ.1, ს.ფ. 123-126).
27. მოპასუხის №... პენიტენციური დაწესებულების 26.04.2024 წლის №123334/21 წერილის (ტ.1, ს.ფ. 171) თანახმად:
27.1. სასჯელის მოხდის პერიოდში მოსარჩელის მიმართ გამოყენებულია შემდეგი დისციპლინური ღონისძიებები:
27.1.1. 11.08.2005 წელს გამოეცხადა საყვედური, საკანში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერების დროს მობილური ტელეფონის აღმოჩენის გამო;
27.1.2. 11.01.2006 წელს მოათავსეს სამარტოო საკანში 5 დღით, საკანში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერების დროს მობილური ტელეფონის აღმოჩენის გამო;
27.1.3. 30.06.2020 წელს შეეზღუდა მაღაზიით სარგებლობის უფლება 01 თვით, საკანში ხმაურისა და №... დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის მენეჯერის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიების გამო. აღნიშნული განკარგულება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.05.2023 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი;
27.1.4. 04.11.2020 წელს გამოეცხადა საყვედური, საკნის შემოწმებისას უკმაყოფილების გამოთქმისა და მორიგე განწესის წევრების შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიების გამო;
27.1.5. 14.11.2020 წელს გამოეცხადა საყვედური დაწესებულების თანამშრომლებთან საუბრისას უკმაყოფილების გამოხატვისა და ხმამაღალი ტონით საუბრის გამო, აღნიშნული განკარგულება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.05.2023 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი;
27.1.6. 07.12.2022 წელს შეეზღუდა მაღაზიით სარგებლობის უფლება 01 თვის ვადით დაწესებულების ადმინისტრაციის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიების გამო, აღნიშნული განკარგულება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.05.2023 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი;
27.1.7. 04.10.2023 წელს გამოეცხადა საყვედური დაწესებულების თანამშრომლებთან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიების გამო (აღნიშნული განკარგულება მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, საქმე №3-773/23 [ტ.1, ს.ფ. 99-101]).
27.2. ასევე, სასჯელის მოხდის პერიოდში მოსარჩელის მიმართ გამოყენებულია შემდეგი წახალისების ფორმები, კერძოდ:
27.2.1. 30.01.2014 წელს №47 ბრძანებით მიეცა დამატებით ხანმოკლე პაემნის უფლება;
27.2.2. 29.10.2014 წელს, №783 ბრძანების საფუძველზე, გამოეცხადა მადლობა;
27.2.3. 17.03.2017 წელს №692 ბრძანებით მიეცა დამატებით ხანმოკლე პაემნის უფლება.
28. დადგენილია, რომ მოსარჩელეს 12.11.2020 წელს, 11.11.2021 წელს, 04.11.2022 წელსა და 17.10.2023 წელს მიენიჭა საშიშროების მაღალი რისკი და შესაბამისი ბრძანებებით სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება (მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 19.09.2024 წლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ამონაწერი, ტ.1, ს.ფ. 235-238; იხ. პირადი საქმე, ტ.1, ს.ფ. 223, 243, 254, 266). მოსარჩელისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №... პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ მოპასუხის გენერალური დირექტორის 04.11.2022 წლის ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2024 წლის გადაწყვეტილებით და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ტ.1, ს.ფ. 69-93). აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2024 წლის განჩინებით (ტ.1, ს.ფ. 255-261). მოსარჩელისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №... პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ მოპასუხის გენერალური დირექტორის 17.10.2023 წლის ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.2024 წლის გადაწყვეტილებით (ტ.1, ს.ფ. 104-112). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2024 წლის განჩინებით შეჩერდა საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციულ საქმეზე №3-773/23 საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (ტ.1, ს.ფ. 113-117).
29. წინამდებარე საქმეში სადავოა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 19.09.2024 წლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი, რომლის თანახმად, გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ მოსარჩელის საშიშროების რისკის სახე არის მაღალი (ტ.1, ს.ფ. 235-238), და, ასევე - აღნიშნულზე დაყრდნობით, მოპასუხის გენერალური დირექტორის მიერ 19.09.2024 წელს მიღებული №23559 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – №... პენიტენციური დაწესებულება (ტ.1, ს.ფ. 239).
30. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ საშიშროების რისკის შეფასების პროცესში შედგენილია მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა. მასში აღნიშნულია მსჯავრდებული მოსარჩელის პირადი მონაცემები, ინფორმაცია დანაშაულისა და სასჯელის შესახებ, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაული (გაქცევის მცდელობა), დისციპლინური დარღვევები, წახალისების ფორმები, დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის ქცევასთან დაკავშირებით, ინფორმაცია სარეაბილიტაციო, სოციალურ, სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, ინფორმაცია მსჯავრდებულის პიროვნებასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ.223-234).
31. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის სადავო 19.09.2024 წლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის (ღია ნაწილის) ამონაწერიდან ირკვევა, რომ გუნდმა განიხილა №... პენიტენციური დაწესებულების მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული „დანართი №1“, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია „დანართი №2“ მოსარჩელის შესახებ; მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევისთვის გამოყენებულია დისციპლინური სახდელები; მხედველობაში მიიღო პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაულის გამო მოსარჩელის მიმართ 30.03.2021 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, მოსარჩელესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია მსჯავრდებულის სარეაბილიტაციო, სოციალურ, სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, ინფორმაცია მსჯავრდებულის პიროვნებასთან დაკავშირებით.
საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა დაადგინა, რომ საშიშროების რისკების ბოლო გადაფასების შემდეგ (17.10.2023წ.), მართალია, მოსარჩელის მხრიდან დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მსჯავრდებულის ქცევა უკეთესობისაკენ არ შეცვლილა. ხშირ შემთხვევაში ცდილობს თანამშრომლების პროვოცირებასა და გამოწვევას, რათა შემდგომში გამოიყენოს სათავისოდ. მას არ აქვს შეგნებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და საზოგადოებისათვის საშიში ხასიათი. მოსარჩელე არის გაქცევისკენ მიდრეკილების მქონე მსჯავრდებული; ინარჩუნებს მოჩვენებით სიმშვიდეს.
საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა დაასკვნა, რომ მოსარჩელის განთავსება ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე - პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა მოსარჩელის რისკის სახედ ერთხმად განსაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი (ტ.1, ს.ფ. 235-238).
32. საკასაციო სასამართლომ მოპასუხისგან გამოითხოვა მსჯავრდებულის შესახებ საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 19.09.2024 წლის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია პალატამ გამოიკვლია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა საიდუმლო ინფორმაცია ვერ აისახება სასამართლოს განჩინებაში.
33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების განსაზღვრა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. სზაკ-ის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
34. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდი ითვალისწინებს არა მხოლოდ პატიმრობაში მყოფი პირის პერსონალურ, პირად ინტერესებს, არამედ დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროების ხარისხს, სხვა პატიმრობაში მყოფი პირების უსაფრთხოებას. მსჯავრდებულთა კონკრეტულ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება იმგვარად უნდა იქნეს მიღებული, რომ მიღწეულ იქნეს როგორც სასჯელის მიზნები, აგრეთვე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირება. მსჯავრდებულთათვის საშიშროების რისკის განსაზღვრა სხვადასხვა საკითხთა ერთობლივ შეფასებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ კომპლექსურ პროცესში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით, რამდენადაც საკითხის სპეციფიკურობა და მსჯავრდებულებზე ყოველდღიური დაკვირვების ფაქტობრივი შესაძლებლობა ამარტივებს ზემოხსენებულ კრიტერიუმთა შეფასების პროცესს. ცხადია, აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უკონტროლო თავისუფლებას და სასამართლო რევიზიის სრულ გამორიცხვას, თუმცა თავისუფალი მოქმედების ფართო არეალი გარკვეულწილად ავიწროვებს სასამართლო კონტროლის ფარგლებს. ამასთან, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, შესაძლებლობა აქვს ზემოქმედება მოახდინოს მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე, როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. სადავოობისას, სასამართლო აფასებს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებას (შდრ. სუსგ №ბს-125(კ-23), 06.07.2023წ; №ბს-585(კ-23), 10.10.2023წ.).
35. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას, მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დაწესებულებაში გამოვლენილ ქცევას, გაქცევის მცდელობის ფაქტს, საკასაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის შესახებ გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციას და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ აქვს დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად აქვს გამოკვლეული მოსარჩელის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში გამოვლენილი ქცევის როგორც დადებითი, ასევე - ნეგატიური ასპექტები.
36. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 30.06.2020 წლის, 14.11.2020 წლისა და 07.12.2022 წლის განკარგულებები მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.05.2023 წლის გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი. პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოყენებული დისციპლინური ღონისძიებები არის მისი საშიშროების რისკის განსაზღვრის ერთ-ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმი.
37. რაც შეეხება კასატორის მითითებას მის ჩართულობაზე სხვადასხვა სოციალურ თუ სასწავლო პროგრამებში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რისკის დადგენის პროცესში, დაწესებულებაში გამოვლენილ ქცევასთან და დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობასთან, ასევე, წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, როგორიცაა: მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე, დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და სხვა (შდრ. სუსგ №ბს-125(კ-23), 06.07.2023წ.).
38. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის საშიშროების მაღალი რისკის განსაზღვრის შესახებ მიღებულია საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
39. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
40. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მხარეს (შდრ. სუსგ №ბს-181(კ-22), 12.10.2022წ; №ბს-1248 (კ-22), 28.05.2024წ.).
41. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. შ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2025 წლის განჩინება.
3. თ. შ-ეის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. თ. შ-ეს (პ/ნ: ...) უკან დაუბრუნდეს ი. ბ-ის (პ/ნ: ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №61145008, გადახდის თარიღი 24.06.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
5. თ. შ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტ.2, ს.ფ. 290-322, 369-372).
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე