საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-853(2კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები– 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე); 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი; 16.2)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ბ-ემ 2023 წლის 6 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 2 თებერვლის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე, ამავე სააგენტოსათვის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლებისა და საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის შედეგად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2022 წლის 11 მაისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 2 თებერვალს სადავო გადაწყვეტილებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე ეთქვა უარი. უარის მიზეზად მითითებულია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას სააგენტოს მიერ ვერ იქნა მოძიებული საკუთრების უფლების/მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმით, იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მიერ დადასტურდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის 2007 წლის 20 სექტემბრამდე, ასევე, ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის თარიღისათვის ფლობის ფაქტი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს საკუთრების რეგისტრაციის ყველა პირობას, მისი ოჯახი ოდითგანვე ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნულ ნაკვეთს, როგორც სხვა მოსახლეები, რომელთა ნაწილმა უკვე განახორციელა საკუთრების რეგისტრაცია. შესაბამისად, იგი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებებს მიიჩნევს უკანონოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით ჯ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 2 თებერვლის №... გადაწყვეტილება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება, ასევე, საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის შედეგად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ბ-ე 1990 წლიდან ფლობს და სარგებლობს ხელვაჩაურში, სოფ ...ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 884.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ასევე, ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 36.90 საცხოვრებელ სახლსა და 230.00 კვ.მ დამხმარე ნაგებობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი სახლის სარგებლობა მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დამხმარე ნაგებობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ კოლმეურნეობის დროს წარმოადგენდა ყოფილი მაღაზიის ტერიტორიასა და მეურნეობის საწყობებს, რომელიც ამჟამად არ ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში და რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო მამაპაპისეული, კოლმეურნეობის დაშლის პერიოდიდან მიწის ნაკვეთსაც და შენობა-ნაგებობასაც ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე ჯ. ბ-ე. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ იყო გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორები არ იზიარებენ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას უძრავი ქონების მოსარჩელის მიერ 1990-იანი წლებიდან უწყვეტად ფლობა-სარგებლობასთან დაკავშირებით და განმარტავენ, რომ სადავო აქტებით ჯ. ბ-ეს მართებულად ეთქვა უარი რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციო უძრავი ნივთი მოქცეულია არაფიქსირებულ საზღვრებში და ნაკვეთი არის დაუმუშავებელი, ხოლო უძრავ ნივთთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში დაცულ ე.წ. „ყვითელ ფენებში“ მითითებულია იჯარა/სახელმწიფო (ყოფილი მაღაზიის ტერიტორია - 5.10%; მეურნეობის საწყობი (ამჟამად დანგრეული) – 67,26%). ადმინისტრაციულ ორგანოებს მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება იმ მოტივით, რომ არ დგინდება ქონების თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისისა და 26 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკუთრების უფლება აღიაროს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის გარდა, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთზე) იმ შემთხვევაშიც, თუ მასზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა, ან ის არ არის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით განისაზღვრა გეოგრაფიული არეალები, რომელთა შორის განსაზღვრულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ინსტრუქციას დაემატა IV1 თავი, რომელიც უკავშირდება მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენასა და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხებს. ხსენებული თავის 371 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სისტემური რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის 11 მაისს ჯ. ბ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 884 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია მოითხოვა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილზე დათვალიერების ოქმით და სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მოძიებული დოკუმენტაციით არ დადასტურდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა და სარგებლობა. ამასთან, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 31 იანვრის №13/5364 წერილით მიზანშეუწონლად მიიჩნია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უძრავ ნივთზე უფლების აღიარება. წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ორთოფოტოს, დათვალიერების ოქმისა და ფოტოსურათების მიხედვით, არ დგინდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის 2007 წლის 20 სექტემბრამდე თვითნებურად დაკავებისა და ფაქტიური ფლობის ფაქტი, ასევე სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ტერიტორია „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მიხედვით, წარმოადგენს მეურნეობის საწყობის და ყოფილი მაღაზიის შენობებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 2 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ეს იმ საფუძვლით ეთქვა უარი რეგისტრაციაზე, რომ არ დასტურდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა და სარგებლობა. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2022 წლის 4 ივლისის №... ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ ჯ. ბ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული 885 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დაუმუშავებელია, მიწის ნაკვეთზე განლაგებულია 2 შენობა ნაგებობა, №1 შენობა - არასაცხოვრებელი 37.8 კვ.მ, ხოლო №2 შენობა 237.7 კვ.მ, დანგრეულია.
ქვედა ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირი ჯ. ბ-ე ფაქტობრივად ფლობდა მიწის ნაკვეთს დაახლოებით 1970 წლიდან, ნაკვეთი არ არის დამუშავებული და მასზე დგას ორი არასაცხოვრებელი შენობა. ნაკვეთს ერთი მხრიდან ესაზღვრება მდინარე და ნაკვეთთან ახლოს გადის გზა.
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწით სარგებლობის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს მიწის კანონმდებლობით. ხსენებული კანონის მე-19 მუხლის მიხედვით, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.
„წყლის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად. წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს. მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: ა) 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 10 მეტრი; ბ) 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 20 მეტრი; გ) 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 30 მეტრი; დ) 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის - 50 მეტრი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 378 მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ჯ. ბ-ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს ერთი მხრიდან ესაზღვრება მდინარე. თუმცა დათვალიერების ოქმში მითითებული არ არის მდინარე რა მანძილითაა დაშორებული ასაღიარებელი მიწის ნაკვეთიდან. ამ კუთხით სხვადასხვა მონაცემებია მითითებული საქმეში წარმოდგენილ მასალებში, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდინარესთან დაახლოებით 1,3 მეტრის დაშორებით, ხოლო 2020 წლის ორთოფოტოს თანახმად, ადგილზე დათვალიერების შედეგად განსაზღვრული მიწის ნაკვეთიდან წყლით დაფარულ ტერიტორიამდე უმოკლესი მანძილი შეადგენს დაახლოებით 2 მეტრს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ სადავო გადაწყვეტილებების საფუძვლად მითითებული გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ არის, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში, დასაზუსტებელია მიწის ნაკვეთთან არსებული წყლის ობიექტი მიეკუთვნება თუ არა მდინარის კატეგორიას, ხოლო მისი არსებობის დადასტურების შემთხვევაში, განსაზღვრას საჭიროების მიწის ნაკვეთსა და აღნიშნულ ობიექტს შორის მანძილი. ასევე საყურადღებოა ჯ. ბ-ის მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომლის თანახმად, 1990-იან წლებში ისინი ჯ. ბ-ეს ეხმარებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ 884 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 36.9 კვ.მ საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში, ასევე ადასტურებენ, რომ 884 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ კიდევ ერთ, 230 კვ.მ ფართის მქონე დამხმარე ნაგებობაში არასოდეს უფუნქციონირებია რაიმე კომერციულ ობიექტს და მას 1990 წლიდან დღემდე უწყვეტად ფლობს ჯ. ბ-ე. მიწის ნაკვეთზე არსებულ 230 კვ.მ ფართის მქონე ობიექტთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 31 იანვრის №13/5364 წერილის თანახმად, შენობა წარმოადგენს მეურნეობის საწყობის და ყოფილი მაღაზიის შენობებს. აღნიშნული დოკუმენტის არსებობის პირობებში კი, დამატებით შესწავლას საჭიროებს მითითებული შენობა-ნაგებობა ვის ბალანსზეა, რამეთუ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აღნიშნული გარემოება არ გამოკვლეულა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო აქტების ბათილად ცნობასა და მოპასუხისათვის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლების, ასევე, საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის შედეგად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 06.08.2025წ. №40205 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.08.2025წ. №40205 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე