საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-928(კ-25) 2 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ლ-ი
მესამე პირი - ზ. ლ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 7 აპრილს ი. ლ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც უძრავ ნივთზე - ს/კ ... გაბათილდება (გაუქმდება) ა. დ. ლ-ის თანასაკუთრების უფლება. მოსარჩელე არ ეთანხმება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას ს/კ ... უძრავ ნივთზე ა. ლ-ის თანამესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ და მიიჩნევს, რომ სააგენტომ სადავო საკითხი არ შეისწავლა სრულფასოვნად, მიღებული გადაწყვეტილება კი უსაფუძვლო და არასამართლიანია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით ი. ლ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ლ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმის გარემოებების არასრულყოფილად შესწავლის შედეგად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ. ლ-ი საკომლო წიგნში გადახაზული იყო, თუმცა მაინც მოხდა მისი, როგორც უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ აღრიცხვა მაშინ, როდესაც გასაჩივრებულ აქტში თვით სააგენტო მიუთითებს, რომ საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები ვერ იქნა დადგენილი, კერძოდ ის გარემოება, თუ რა გახდა ა. დ. ლ-ის გადახაზვის მიზეზი. საბოლოოდ, გამოუკვლეველი დარჩა ის გარემოება, ა. დ. ლ-ი, ასევე მოსარჩელე ი. ლ-ი და მესამე პირი ზ. ლ-ი წარმოადგენდნენ ერთ თუ ორ სხვადასხვა კომლს. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად იქნა გამოყენებული საკითხის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც განაპირობა სადავო განჩინების მიღება. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ ა. ლ-სა და კ. ლ-ზე გაცემული უფლების დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტის, ასევე საკომლო წიგნებში არსებული მონაცემებით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ორი სხვადასხვა კომლის საკუთრებას. კასატორი მიუთითებს, რომ 1986-1996 წლებში არსებობდა ორი საარქივო ჩანაწერი, რითაც დგინდება ა. დ. ლ-ის კომლისა და ი. ლ-ის კომლის ორ დამოუკიდებელ კომლად არსებობა. საკომლო წიგნში ა. დ. ლ-ის გადახაზვასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე საჯარო რეესტრმა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, არაერთგზის გამოითხოვა ინფორმაცია როგორც საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონული არქივიდან, ისე სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოდან. სასამართლოს მითითება დამატებითი ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით არასრულია, ვინაიდან სადავო განჩინებაში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი უწყებიდან არ გამოითხოვა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ლ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. მოწინააღმდეგე მხარეს - ი. ლ-ს თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილების კანონიერება. გასაჩივრებული აქტით არ დაკმაყოფილდა ი. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში ა. ლ-ის თანასაკუთრების უფლების გაუქმება.
საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებულია ა. ლ-ის, ზ. ლ-ისა და ი. ლ-ის თანასაკუთრების უფლება. 2023 წლის 16 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერში უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონული არქივის 2022 წლის 14 მარტის №36/13367 საარქივო ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 აპრილის №... ცნობა-დახასიათება, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონული არქივის 2022 წლის 19 აპრილის №36/20266 საარქივო ცნობა, №57 მიღება-ჩაბარების აქტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილება და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2022 წლის 18 ნოემბრის №... ოქმი.
2023 წლის 10 იანვარს ი. ლ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტექნიკური შეცდომის გასწორების მოთხოვნით, კერძოდ, თანამესაკუთრეთა სიიდან ა. ლ-ის ამოღების მიზნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 იანვრის №... გადაწყვეტილებით ი. ლ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. დასახელებულ აქტში მარეგისტრირებელმა ორგანომ განმარტა, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ხარვეზის შესწორების შესახებ სარეგისტრაციო განცხადებას დართულ სარეგისტრაციო დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დგინდებოდა.
დადგენილია, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 იანვრის №... გადაწყვეტილება ი. ლ-მა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №... სადავო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივარი. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ 1986-1995 წლებში სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში იძებნებოდა ორი საკომლო ჩანაწერი; 2022 წლის 19 აპრილის №36/20266 საარქივო ცნობის თანახმად, კომლის ყველა წევრი გადახაზულია. სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომლის ყველა წევრი, გარდა ა. დ. ლ-ისა, გადატანილია №12 წიგნში; საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტაციით არ დგინდება ა. დ. ლ-ის კომლიდან გადახაზვის მიზეზი, ამასთან, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. ვინაიდან საჯარო რეესტრში დაცული და მოძიებული მონაცემებით ვერ დგინდებოდა, რა სამართლებრივი საფუძვლებით მოხდა ა. ლ-ის საკომლო ჩანაწერიდან გადახაზვა, აგრეთვე ბუნდოვნად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ იმავე წლებში (1986-1996 წლებში) არსებობდა ორი საარქივო ჩანაწერი, რის გამოც ვერ ხდება იდენტიფიცირება, წარმოადგენდა თუ არა ი. ლ-ის კომლი ა. ლ-ის კომლის გაგრძელებას, ან ხომ არ წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ კომლს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. დასახელებული ნორმატიული აქტი საჯარო რეესტრის მაწარმოებელ ორგანოს ავალდებულებს აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა (მუხ. 28).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებზე დაყრდნობით მზადდება: ა) ცნობა-დახასიათება, რომელიც ასახავს ინდივიდუალური უფლების ობიექტთან დაკავშირებით არქივში აღრიცხულ ბოლო მდგომარეობას; ბ) საინვენტარიზაციო გეგმა, რომელიც ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, ასევე, რიგ შემთხვევებში, უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში ერთ უძრავ ნივთზე დაცულია რამდენიმე ურთიერთშეუსაბამო ინფორმაცია/გეგმა, უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს ბოლო მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია/გეგმა. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე უფლება არ არის აღრიცხული ან აღრიცხულია არასრულად, მაგრამ სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ტექნიკური აღრიცხვის არქივი ინფორმაციას (ცნობა- დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა) გასცემს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით. ტექნიკური აღრიცხვის არქივის საფუძველზე მომზადებულ ინფორმაციაში (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა) გაუქმებული უფლება არ მიეთითება.
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთზე კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და აღინიშნება მათი საერთო საკუთრების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს არ წარედგინება კომლის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი იქნება წარდგენილი, ხოლო კომლის დანარჩენ წევრებთან დაკავშირებით გაკეთდება მითითება თანამესაკუთრის არსებობის თაობაზე, ხოლო მე-4 პუნქტი ადგენს, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. ლ-ის მამას - ი. (კ.) ლ-ს 1995 წლის ოქტომბრის №57 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, თელავის რაიონის სოფელ ...ში გადაეცა 0,24 ჰა ფართობი ორ მიწის ნაკვეთად, კერძოდ, ეზო სახლით - 0,07 ჰა და ... ნაკვეთი ...თან 0,17 ჰა. ასევე დადგენილია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1170 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი ლიტერ „ა“, 1988 წლის ტექნიკური პასპორტის საფუძველზე, აღრიცხული იყო ა. ლ-ზე. დადგენილია, რომ თელავის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ა. დ. ლ-ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ა. ლ-ი - უფროსი, გადახაზულია, გადახაზვის მიზეზი უცნობია, კ. ლ-ი - შვილი (გადახაზულია), ზ. ლ-ი - რძალი (გადახაზულია), ნ. ლ-ი - შვილიშვილი (გადახაზულია), ი. ლ-ი - შვილიშვილი (გადახაზულია). კომლს ერიცხება 1956 წელს აგებული 70 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა მიწა. საკომლო წიგნში ასევე აღნიშნულია, რომ ლ-ი კ. ცოლ-შვილთან ერთად გადატანილია №12 წიგნში (გვ. 30), ხოლო ა. ლ-ის შესახებ 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლო წიგნში ჩანაწერი არ მოიპოვება. 1995 წლის ოქტომბრის №57 მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ კ. ლ-ისთვის გადაცემული სახლიანი მიწის ნაკვეთი იდენტურია ტექ-აღრიცხვის არქივში ა. ლ-ზე მითითებული მიწის ნაკვეთისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
განსახილველ შემთხვევაში, ნიშანდობლივია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ იმ პირობებში, როდესაც ა. ლ-ი საკომლო წიგნში გადახაზული იყო, იგი მაინც აღრიცხა უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ. ამასთან, გასაჩივრებულ აქტში თვით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები ვერ იქნა დადგენილი, კერძოდ, რა გახდა ა. დ. ლ-ის გადახაზვის მიზეზი, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კი ვერ მოიპოვა. ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ თავდაპირველად, საკომლო წიგნში ყველა პირი, მათ შორის, მოსარჩელე და მესამე პირი ერთ კომლად ფიქსირდებოდა, შემდგომში კი მოხდა მათი გადახაზვა და ა. ლ-ის გარდა, საკომლო წიგნის სხვა გვერდზე გადატანა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ა. ლ-ი, ზ. ლ-ი და ი. ლ-ი ერთ კომლში ირიცხებოდნენ თუ ორ სხვადასხვა კომლს წარმოადგენდნენ. საკითხის გადაწყვეტისათვის ასევე არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოების გარკვევას, თუ როდის გარდაიცვალა ა. ლ-ი. მართალია, სააგენტომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია ა. ლ-ის გარდაცვალების ფაქტის დასადგენად, ხოლო დასახელებული ორგანოსგან არ იქნა მიღებული სრულყოფილი ინფორმაცია, რაც საჩივრის განმხილველ ორგანოს შესაძლებლობას მისცემდა სადავო საკითხზე მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა დასახელებული გარემოება ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე დამატებით კვლევას საჭიროებდა, რაც არ განხორციელებულა. საგულისხმოა, რომ ა. ლ-ის გარდაცვალების ფაქტის/გარდაცვალების თარიღის დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, მიწის რეფორმის პერიოდში მიწის ნაკვეთები, მათ შორის, საკარმიდამო ფართები, საკუთრებაში გადაეცემოდათ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლებს, ანუ კომლის შემადგენლობაში რიცხულ ყველა წევრს, ე.ი. ოჯახებს და არა ინდივიდუალურ პირებს - ოჯახის უფროსებს (სუსგ №ბს-803(კ-23), 25.01.2024წ). არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული). აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა, სხვა ადგილას მიეღო ასევე ქონება მიღება-ჩაბარების აქტით (სუსგ №ას-402-2021, 04.11.2021წ.; №ას-464-2022, 06.10.2022წ.; №ას-516-2021, 30.11.2021წ.). საყურადღებოა, რომ წინამდებარე საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, მოსარჩელემ განმარტა, რომ ა. ლ-ი გარდაიცვალა 1994 წელს. საყურადღებოა, რომ №57 მიღება-ჩაბარების აქტი გამოიცა 1995 წელს. ამასთან, არსებითია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დადგინდეს საკომლო წიგნში ა. ლ-ის გადახაზვის მიზეზი მისი გარდაცვალება გახდა თუ მისი ცალკე კომლად გამოყოფა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დადგენილი ა. დ. ლ-ი წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის კომლის წევრს, რაც საკითხის განხილვისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის ან კანონით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №... სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 07.08.2025წ. №40380 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.08.2025წ. №40380 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე