Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-930(2კ-25) 10 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. უ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. უ-მა 2022 წლის 21 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 2 მაისის №EL135934 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №19282 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 16 სექტემბრის №13984/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზია ავტომობილის შეძენა პირადი სარგებლობისთვის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საბაჟო კონტროლის გავლისას მის მიმართ უსამართლოდ იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რამეთუ მოსარჩელის ნება არ იყო დაემალა თანხის რეალური ოდენობა ან არასწორად მოეხდინა თანხის დეკლარირება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ჩამოსულ ვიზიტორს, თანხის დეკლარირებისას, რაიმე გადასახადის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია თანხის საბაჟო ორგანოსაგან დამალვის განზრახვის გამომრიცხველ გარემოებებზე, მან ვერ უზრუნველყო მისთვის შეფარდებული პასუხისმგებლობის ზომების უკანონობის ან არათანაზომიერების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ს. უ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. უ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 2 მაისის სერია №EL135934 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №19282 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 16 სექტემბრის №13984/2/2021 გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება ს. უ-ის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის არასწორი დეკლარირებით გადმოტანის ფაქტი. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ დეკლარირების ოთახში ხელბარგისა და ბარგის დეტალურად დათვალიერების შედეგად დამატებით 8380 აშშ დოლარის არსებობის ფაქტის გამოვლენის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირი განმარტება სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნებოდა გაზიარებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს. უ-ი შეეცადა საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებას ისე, რომ არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის. ხელბარგის დათვალიერების დროს, მცირე ზომის ხელბარგის ერთ ნაწილში მგზავრს აღმოაჩნდა 40000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ნაწილში - 8380 აშშ დოლარი. არასწორად დეკლარირებულმა თანხამ მოცემული დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, შეადგინა 166926 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის არასწორი დეკლარირებით გადატანის ფაქტზე, ს. უ-ის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 16692 ლარის ოდენობით.

კასატორთა მოსაზრებით, სამართალდამრღვევი შეეცადა დეკლარირებას დაქვემდებარებული 100000 ლარზე (სხვა ვალუტაში) მეტი ოდენობის ნაღდი ფულის არასწორი დეკლარირებით საქართველოში გადმოტანას, რაც წარმოადგენს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებების მნიშვნელოვან ნაწილს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ 2021 წლის 2 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ს. უ-ის მიმართ შეადგინა №EL135934 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით, უტირაუ-ქუთაისის რეისით ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრინდა ყაზახეთის მოქალაქე ს. უ-ი, რომელიც ცდილობდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით (კვეთდა მწვანე დერეფანს) 40000 აშშ დოლარისა და დამატებით 8380 აშშ დოლარის შემოტანას. მგზავრი დაჯარიმდა სსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით 16692.6 ლარის ოდენობით. ამასთან, საბაჟო გამშვები პუნქტის „ქუთაისის და სენაკის აეროპორტების“ უფლებამოსილი პირის მიერ ს. უ-ს ჩამოერთვა აღმოჩენილი ნაღდი ფული 48380 აშშ დოლარის ოდენობით, რაზედაც შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №69401067336.

დადგენილია, რომ 2021 წლის 14 მაისს ს. უ-მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, მიუთითა, რომ 2021 წლის 2 მაისს ს. უ-ი ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდა თავის ორ მეგობართან - B-v Zh. და Y-v A.-თან ერთად რამდენიმე დღით. ვიზიტის მიზანს ს. უ-ის მიერ ავტომობილის პირადი სარგებლობისთვის შეძენა წარმოადგენდა, რის გამოც მას თან ჰქონდა ავტომობილის შესაძენი თანხა, ასევე მის მეგობრებსაც. საბაჟო კონტროლის გავლისას ს. უ-ს ჰკითხეს - გააჩნდა თუ არა მას 30000 ლარზე მეტი თანხა, რაზეც განუცხადა თანხმობა. აღნიშნულის შემდგომ მან განაცხადა, რომ ჰქონდა დაახლოებით 40000 აშშ დოლარი. საბაჟო ორგანოს თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია თანხის გადათვლისა და დადეკლარირების თაობაზე. ს. უ-მა საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელს აგრეთვე გადასცა ჩანთაში არსებული თანხა დაახლოებით 8000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმ მომენტში არ ახსოვდა. ს. უ-ს ჩამოერთვა სრული თანხა.

2021 წლის 15 ივნისის სსიპ შემოსავლების სამსახურის №19282 ბრძანებით დადგენილია, რომ ს. უ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ს. უ-ის საჩივარი ასევე არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 16 სექტემბრის №13984/2/2021 გადაწყვეტილებით. საბჭომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ნაღდი ფულის შემოტანა არ იბეგრება, თუმცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით იგი ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, რაც მოცემულ საქმეში მომჩივნის მხრიდან არ შესრულებულა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსი განსაზღვრავს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებულ წესებსა და საბაჟო ფორმალობებს, საბაჟო დავის გადაწყვეტის წესს, საბაჟო სამართალდარღვევის სახეებს და ამ სამართალდარღვევების ჩადენისთვის პასუხისმგებლობას. დასახელებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს. საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ამ კოდექსში გამოყენებული ტერმინები, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოსთვის საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია გადამზიდავმა უნდა წარადგინოს.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლი საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის უკანონო გადატანა-გადმოტანით გამოწვეულ შედეგებს განსაზღვრავს, კონკრეტულად, დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ამავე მუხლის „შენიშვნის“ თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არადეკლარირებული საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად მიიჩნევა, თუ დეკლარირებული საქონლისა და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებისას, გადამზიდავი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფისთვის საბაჟო ორგანოში წარადგინოს შესაბამისი, სრულყოფილი ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით საქონლის გადატანა ან გადმოტანა იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა, უფრო კონკრეტულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე არასწორი დეკლარირებით 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციებზე“, კერძოდ, საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 2021 წლის 2 მაისს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას ს. უ-მა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს თავად განუცხადა, რომ ჰქონდა 40000 აშშ დოლარი და აღნიშნულ თანხასთან მიმართებით მან განახორციელა საქონლის დეკლარირება. საყურადღებოა, რომ მითითებული გარემოება მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. რაც შეეხება მოსარჩელის ხელბარგში არსებულ თანხას 8380 აშშ დოლარის ოდენობით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დეკლარირების ოთახში მებაჟე ოფიცერს მოსარჩელემ თავად განუცხადა ამ თანხის არსებობის შესახებ. პალატა მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლი საბაჟო სამართალდარღვევის ლეგალურ დეფინიციასა და იმ სუბიექტს განსაზღვრავს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს საგადასახადო პასუხისმგებლობა, კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, ხოლო დასახელებული მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. განსახილველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ დაძლიეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთი, ხოლო მათი მოსაზრება მოსარჩელის დაჯარიმების აუცილებლობის თაობაზე არ არის დაფუძნებული კონკრეტულ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე