Facebook Twitter

ას-1007-1205-08 28 აპრილი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი – ლ. სანიკიძე

კასატორი – ე. თ-ური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «კ.» დირექტორი ვ. გ-ძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჩ-იანი (მოპასუხეები)

წარმომადგენელი _ ვ. ვ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების გამგეობის ოქმების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «კ.» აქციონერთა ნაწილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «კ.» დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიმართ შემდეგი საფუძვლებით: 1998-1999 წლებში სს «კ.» შრომითი კოლექტივის მნიშვნელოვანმა ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს, ხოლო სასამართლო პროცესზე მათ შეიტყვეს, რომ მოპასუხეები საზოგადოების აქციონერები არიან. მათთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ წლიური ბალანსის შედგენიდან ორი თვის ვადაში უნდა მოწვეულიყო საერთო კრება. დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ გაგზავნილი წერილებით ისინი ითხოვდნენ, გარკვეულიყო, თუ რა პრინციპით მოხდა წილების გადანაწილება და რის საფუძველზე გამოეყო აქციები «ფ. 91-ს». შპს «ფ. 91-ისათვის» აქციათა გადაცემის შესახებ 1995 წლის 22 აგვისტოს საერთო კრების ოქმი უნდა გაუქმდეს და საზოგადოების საერთო კრებას დაევალოს აქციათა ხელახლა გადანაწილება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: ნაძალადევის რაიონის სასამართლომ 1998 წელს განიხილა მოცემული სარჩელის იდენტური სარჩელი და გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა არგუმენტი, რომ საზოგადოების აქციონერებად ყოფნის ფაქტი მათთვის ცნობილი გახდა 1998 წელს სასამართლოში დავის განხილვის დროს, ვინაიდან ისინი იღებდნენ დივიდენდებს, რაც უწყისებზე მათი ხელმოწერით დასტურდება. ამ უწყისებში მითითებულია თითოეულის კუთვნილი წილიც. უსაფუძვლოა შპს «ფ.-91-ისათვის» აქციათა გადაცემის კანონიერების გადასინჯვა, ვინაიდან 1995 წელს მოსალოდნელი სიძნელეების გადასაწყვეტად, კერძოდ, სახელფასო დავალიანების, ვალებისა და სხვა ხარჯების დასაფარად აქციათა ნაწილი გადაეცა «ფ.-91-ს». თბილისის ¹7 სამკერვალო ფაბრიკას გაფორმებული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რის შემდეგ დარეგისტრირდა შპს და შრომით კოლექტივს უსასყიდლოდ გადაეცა გამოსყიდული ქონების 60%. 1995 წელს შპს გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, წილთა განაწილება კი დარჩა უცვლელი. 1998 წელს სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეთათვის აღნიშნული ცნობილი იყო, ხოლო რაც, შეეხება «ფ.-91-სათვის» დარჩენილი 40%-ის გადაცემის კანონიერების გადასინჯვას, ამ ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია და ვადის აღდგენის შემთხვევაშიც აქციათა დარჩენილი 40% აქციონერებზე ვერ გადანაწილდება.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სს «კ.» აქციონერებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სს «კ.» აქციონერების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სს «კ.» აქციონერთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ყადაღა მოეხსნა სს «კ.» სახელზე რიცხულ შემდეგ უძრავ ქონებას: ქ.თბილისში, ... ქ.¹87-ში, ... ქ.¹6-ში, გლდანის პირველი მ/რ-ის ¹8 კორპუსსა და დაბა წყნეთში მდებარე შენობა-ნაგებობებს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციის შედეგად 1993 წელს შეიქმნა შპს „კ.“, რომლის წესდება, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 1993 წლის ოქტომბერში რეგისტრაციაში გატარდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაში. 1995 წლის 22 აგვისტოს შედგა შპს ფირმა „კ.“ გამგეობის სხდომა, რომელზეც დადგინდა, რომ ფირმაში შექმნილია მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რისი გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე, მონაწილეთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად და სხვადასხვა ხარჯის დასაფარად საზოგადოების წილთა გაუნაწილებელი 40%, რომელიც გამიზნულია სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის, გადაეცეს ახალ მოწილეს. შპს ფირმა „კ.“ გამგეობის 1995 წლის 25 სექტემბრის ¹7 ოქმით ირკვევა, რომ ფირმის საწესდებო ფონდის 40%, რაც 82 250 000 კუპონს შეადგენდა, გადაეცა შპს „ფ.-91-ს“, რომელიც მიღებულ იქნა შპს ფირმა „კ.“ მონაწილედ. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით 1995 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილ საწარმოებს მიეცათ ვადა ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ხელახალი რეგისტრაციისათვის 1996 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულის შესასრულებლად, 1995 წლის 18 დეკემბერს ჩატარდა შპს ფირმა „კ.“ მონაწილეთა კონფერენცია, სადაც გადაწყდა, რომ შპს გარდაიქმნას სააქციო საზოგადოებად. ამავე კონფერენციაზე მიღებულ იქნა სს „კ.“ წესდება. შპს „კ.“ წესდების 1.3 მუხლი თანახმად, ეროვნული და უცხოური კაპიტალის მოზიდვისათვის და ამ საფუძველზე ფირმის ეფექტურად ფუნქციონირების, მეტი მოგების მიღების, ფირმის მონაწილეებისა და მუშაკების საყოფაცხოვრებო და სოციალურ-კულტურული მოთხოვნილებების თანმიმდევრული დაკმაყოფილების მიზნით, საწესდებო ფონდის 30% ანუ 61660 კუპონი არ ნაწილდება ფირმის მონაწილეთა შორის, გამოიყოფა საინვესტიციო საქმიანობის ობიექტების სახით, ინვესტიციების დაბანდებისათვის. საწესდებო ფონდის 10%, ანუ 220590 კუპონი, აგრეთვე, არ ნაწილდება ფირმის მონაწილეთა შორის, გამოიყოფა ფირმის გამგეობის განკარგულებაში და გამოიყენება ინტელექტუალური ქონების ობიექტების (ფირმისათვის საჭირო სპეციალისტების) ფირმაში მოზიდვისათვის, ახალი მონაწილის მიღებისათვის, ფირმაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ცალკეული სადავო საკითხების რეგულირებისა და გადაწყვეტისათვის, ფირმის მონაწილის წილის (წილის ნაწილის) შეძენისათვის და სხვა. საზოგადოების წესდების 6.1 მუხლის შესაბამისად, ფირმის მართვის ორგანოებს წარმოადგენს ფირმის მონაწილეთა კონფერენცია, ფირმის გამგეობა, ფირმის გენერალური დირექტორი. 6.12 მუხლის მიხედვით, ფირმის მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხები გამოიტანება განსახილველად ფირმის გამგეობაზე, რომელიც ატარებს თავის სხდომებს და იხილავს საკითხებს ფირმის მონაწილეთა კონფერენციის მიერ დამტკიცებული ფირმის გამგეობის დებულების შესაბამისად. შპს „კ.“ დებულების 1.4 მუხლის თანახმად, გამგეობა იხილავს თავის სხდომებზე ფირმის მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელოვან საკითხებს, ხოლო 3.1 მუხლის შესაბამისად, გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნებოდა ფირმის მიერ მონაწილის წილის შეძენის, მონაწილის მიერ თავისი წილის (წილის ნაწილის) ფირმის ერთ ან რამდენიმე მონაწილეზე, მესამე პირზე (პირებზე) გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ფირმის მონაწილის მიღება, ფირმის ფონდების (გარდა გენერალური დირექტორის ფონდისა) შექმნის წყაროების, ოდენობის, შექმნისა და გამოყენების წესის განსაზღვრა, ეროვნული და უცხოური კაპიტალის მოზიდვისა და ინვესტიციების დაბანდების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „კ.“ გამგეობის 1995 წლის 22 აგვისტოს და 25 სექტემბრის ¹7 ოქმები, რომლებითაც გადაწყდა საზოგადოებაში ახალი წევრის მიღება ფირმის მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. პალატამ მიუთითა, რომ შპს „კ.“ გამგეობა მოქმედებდა საზოგადოების წესდებისა და დებულების შესაბამისად, კერძოდ, გამგეობას გააჩნდა უფლებამოსილება, განეკარგა საზოგადოების საწესდებოდ ფონდის 40%, ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ შპს „კოლხეთის“ გამგეობას საზოგადოების გაუნაწილებელი კაპიტალის აქციონერთა თანხმობის გარეშე განაწილების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან გამგეობა მოქმედებდა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ის არ იყო შეზღუდული აქციონერთა ნებართვით. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებაზე, შპს „ფ.-91-მა“ გაუწია თუ არა ფინანსური დახმარება შპს „კ.“ და შეიტანა თუ არა საზოგადოებაში განსაზღვრული თანხა, ვინაიდან მითითებული გარემოება სასამართლოს წარმოებაში არსებულ დავასთან კავშირში არ არის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი შპს „კ.“ გამგეობის 1995 წლის 22 აგვისტოს ¹6 და 25 სექტემბრის ¹7 ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე ხანდაზმულია. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა 2000 წლის 1 დეკემბერს აღძრული სარჩელით მოითხოვეს აქციონერებს შორის აქციათა განაწილება, ასევე დაზუსტებული სასარჩელო განცხადების წარსადგენად _ სს „კ.“ წილების განაწილების შესახებ დოკუმენტაციის გამოთხოვა. სადავო ოქმები და სხვა მასალები სს „კ.“ აქციონერ ე. თ-ურს ჩაბარდა 2001 წლის 4 ივლისს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეთათვის სადავო ოქმების თაობაზე სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, ხოლო მოთხოვნა ზემოაღნიშნული ოქმების ბათილად ცნობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს წარედგინა 2001 წლის 26 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 15.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა დარღვეულია. პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, სს „კოლხეთის“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას ყადაღა უნდა მოეხსნას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. თ-ურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: არასწორია სასამართლოს მითითება შპს «კ.» ახალი წევრის მიღებისათვის წილთა 40%-ის გადაცემაზე, რადგან საზოგადოების წესდების მიხედვით სხვადასხვა მიზნებისათვის, მათ შორის, ახალი მონაწილის მიღებისათვის განსაზღვრული იყო წილთა მხოლოდ 10%, დარჩენილი 30% კი არც ფირმის მონაწილეებს შორის უნდა განაწილებულიყო და არც ახალი წევრის შემოყვანისთვის არ იყო გამიზნული, არამედ, შპს „კ.“ წესდების 1.3 მუხლის თანახმად, უნდა მოხმარებოდა საზოგადოების მოგების გაზრდას, ფირმის მონაწილეებისა და მუშაკების საყოფაცხოვრებო და სოციალურ-კულტურული პირობების გაუმჯობესებას. გამგეობას უფლება არ ჰქონდა, თავისი შეხედულებებისამებრ ერთპიროვნულად განეკარგა იგი. გამგეობის განკარგულებაში რჩებოდა მხოლოდ საწესდებო ფონდის 10%, რაც უნდა გამოყენებულიყო ინტელექტუალური ქონების ობიექტების, საჭირო სპეციალისტების მოწვევისათვის, საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებული ცალკეული სადავო საკითხების გადაწყვეტისათვის, მონაწილის მიერ თავისი წილის ან წილის ნაწილის შეძენისთვის, აგრეთვე, ახალი მონაწილის მიღებისთვის, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამგეობას იმის უფლებაც არ ჰქონდა, მთლიანად 10% მხოლოდ ახალი წევრის მიღებისათვის განეკარგა. ამდენად, დაირღვა შპს „კ.“ წესდების 1.3 მუხლის მოთხოვნები და საზოგადოების მოწილეთა ინტერესები. შპს «კ.» ხელმძღვანელობამ დაარღვია 1995 წელსა და ამჟამადაც მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მეექვსე პუნქტი და თავისი მოქმედებებით გააუარესა საზოგადოებისა და მის მოწილეთა მდგომარეობა. სასამართლომ არასწორად მიუთითა შპს „კ.“ დებულებაზე, ვინაიდან დებულება ჰქონდა არა შპს „კ.“, არამედ მის გამგეობას, რომლის 1.4 პუნქტის მიხედვით გამგეობას არ გააჩნდა უფლება, განეხილა ფირმის მონაწილეთა კონფერენციისა და სარევიზიო კომისიის განსაკუთრებულ კომპეტენციაში შემავალი საკითხები. რაც შეეხება 3.1 პუნქტს, რომელზედაც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, გამგეობისათვის უპირველესი სამართლებრივი დოკუმენტი იყო ფირმის წესდება, რომლის საფუძველზეც შემუშავდა დებულება. მართალია, გამგეობას შეეძლო ახალი მონაწილის მიღება, მაგრამ მხოლოდ საწესდებო ფონდის 10%-ის ფარგლებში და ისიც მთლიანად არა. გაურკვეველია, რა მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა სასამართლომ შპს «ფ. 91-ის» შპს «კ.» პარტნიორად მიღების საკითხი, ვინაიდან «მეწარმეთა შესახებ» კანონის 3, 3.7, 5, 5.4.3 და 46.3 მუხლების დარღვევით, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის შპს «ფირმა 91-ის» პარტნიორად რეგისტრაციის დოკუმენტაცია და სასამართლოს მიერ გაცემული ცნობის, ასევე სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული მასალები არც სს „კ.“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას არ ერთვის. ამდენად, 1995 წლის 22 აგვისტოს ¹6 ოქმს, ასევე ამავე წლის 25 სექტემბრის ¹7 ოქმს იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია და, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, გარიგება მოჩვენებითია. შპს „ფირმა 91-ს“ 40% წილის სანაცვლოდ შენატანის შპს «კ.» ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე, 382-ე, 202-ე და მე-5 მუხლები, როდესაც 2008 წლის 28 მაისს საქმის გამოკვლევა დაამთავრა, პროცესი გადადო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად და მტკიცებულებად მიიღო მოპასუხის მიერ წარდგენილი ქვითრები. სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 47.3 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები და საზოგადოების წესდების 1.3 მუხლი, როდესაც გაუზარდა გამგეობას კომპეტენცია და კანონიერად ჩაუთვალა საწესდებო ფონდის გაუნაწილებელი 40%-ის გასხვისება. ამასთან, შპს „კოლხეთის“ წესდების 8.1 მუხლი ითვალისწინებს ახალი წევრის შემოყვანის გზით საწესდებო კაპიტალის გაზრდას, რაც არ განხორციელებულა, 8.3 მუხლი კი პარტნიორს ანიჭებდა წილის შესყიდვის უპირატეს უფლებას, რაც უგულებელყოფილ იქნა. ¹7 ოქმის საფუძველზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ინვესტორისათვის წილების გადანაწილებას, უფრო მეტიც, მისი მე-4 პუნქტის თანახმად, ფინანსური დახმარება რაიმე გარანტიით უზრუნველყოფილი არ ყოფილა. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი 1997-1998 წლების დირექტორის საანგარიშო მოხსენებიდან ცნობილი გახდა, რომ სს „კ.“ ვალის დაფარვის ანგარიშში ფირმა 91-ს“ გადაუფორმა უძრავი ქონება, პანსიონატის შენობა და ვალის გასტუმრების ანგარიშში გადაეცა წყნეთის პიონერთა ბანაკი, რაზეც გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. გაურკვეველია, რა შეიტანა შპს „ფ. 91-მა“ მიღებული 40% წილის ანგარიშში. კასატორმა იშუამდგომლა, მოწინააღმდეგე მხარისათვის მტკიცებულებების, კერძოდ, შპს „91-ის“ სადამფუძნებლო დოკუმენტების, „ფ. 91-ისათვის“ აქციებისა და სერტიფიკატის გაცემის საფუძვლის ამსახველი მასალის, წყნეთის დასასვენებელი სახლის გადაცემის დოკუმენტაციის, «მაუდკამვოლთან» და გერმანიის ფირმასთან დადებული ხელშეკრულებების წარმოდგენა, რაც, სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, არ წარმოდგენილა. აღნიშნულს ადასტურებს სს „კ.“ წარმომადგენელი ს.კაჩკოვიც, რომელმაც განმარტა, რომ «ფ. 91-ის» აქციების გაცემასთან დაკავშირებული საბუთები არ გააჩნია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა, რომ სხვა დოკუმენტაცია არ გააჩნია და წარმოადგინა სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მასალები, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო წილის დათმობასთან და მოწილედ მიღებასთან. ყოველივე ზემოხსენებულით დასტურდება, რომ ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ არის, რადგანაც მოპასუხეს იმთავითვე შეეძლო განემარტა, რომ მას აქციონერად ახალი წევრის შემოყვანის სხვა დოკუმენტაცია არ გააჩნდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შპს «კ.» გამგეობამ როგორც საზოგადოებას, ისე მის პარტნიორებს მიაყენა უდიდესი ზიანი. შპს «ფ. 91“ აქციონერად დაფიქსირებულია მხოლოდ 1995 წლის 29 დეკემბერს რეგისტრირებულ სს „კ.“ წესდებაში, თუმცა გაურკვეველია, რის საფუძველზე გაკეთდა ჩანაწერი წესდებაში. აღნიშნული წესდება მიღებულია 1995 წლის 18 დეკემბრის სააქციო საზოგადოების კონფერენციის მიერ, რომლის ოქმით აღნიშნულ საკითხზე კრებას არ უმსჯელია. საზოგადოების წესდება აქციონერთა მიერ ხელმოწერილი არ არის და მისი არსებობა მხოლოდ სარჩელის შეტანის შემდეგ გახდა კასატორისათვის ცნობილი, ამავე დროს შეიტყო შპს „ფ. 91-ის“ აქციონერად მიღების თაობაზეც. შპს-ს სარეზერვო ფონდის 40% იყო გამოსყიდული ქონების ნაწილი, რომელიც აქციებში არ განთავსებულა. აღნიშნული მოპასუხემაც დაადასტურა 2001 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე. ფაქტობრივად, მოხდა საწესდებო კაპიტალის 40%-ის ლიკვიდაცია. აღნიშნულს ადასტურებს სს „კ.“ წესდება, რომელშიც ცვლილება შესულია მხოლოდ 2002 წლის მარტში და იგი ეხება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდას. შპს „ფ. 91“ ვერც 1995 წლის 25 სექტემბერს და 1995 წლის 29 დეკემბერს ვერ გახდებოდა სს-ის დამფუძნებელი და სარეზერვო ფონდის 40%-ის მფლობელი. ამდენად, წესდების 1.2 მუხლი ეწინააღმდეგება იმ დროს მოქმედ კანონს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციის შედეგად 1993 წელს შეიქმნა შპს „კ.“. 1995 წლის 22 აგვისტოს შედგა შპს ფირმა „კ.“ გამგეობის სხდომა, რომელზეც დადგინდა, რომ ფირმაში შექმნილია მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რისი გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე, მონაწილეთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად და სხვადასხვა ხარჯის დასაფარად საზოგადოების წილთა გაუნაწილებელი 40%, რომელიც გამიზნულია სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის, გადაეცეს ახალ მოწილეს. შპს ფირმა „კ.“ გამგეობის 1995 წლის 25 სექტემბრის ¹7 ოქმით ირკვევა, რომ ფირმის საწესდებო ფონდის 40%, რაც 82 250 000 კუპონს შეადგენდა, გადაეცა შპს „ფ.-91-ს“, რომელიც მიღებულ იქნა შპს ფირმა „კ.“ მონაწილედ. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით 1995 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილ საწარმოებს მიეცათ ვადა ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ხელახალი რეგისტრაციისათვის 1996 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულის შესასრულებლად, 1995 წლის 18 დეკემბერს ჩატარდა შპს ფირმა „კ.“ მონაწილეთა კონფერენცია, სადაც გადაწყდა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაიქმნას სააქციო საზოგადოებად. ამავე კონფერენციაზე მიღებულ იქნა სს „კ.“ წესდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. თ-ურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ _ შპს «კ.» გამგეობის 1995 წლის 22 აგვისტოსა და 25 სექტემბრის სხდომის ოქმები შპს «ფ. 91-ისათვის» 30% აქციების გადაცემის ნაწილში გაუქმდეს და აღნიშნული აქციები დაუბრუნდეს სს «კ.», ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ კანონის დარღვევის გარეშე დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას მოცემულ დავაზე, ვინაიდან არ არსებობს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ სარჩელი შპს «კ.» გამგეობის 1995 წლის 22 აგვისტოს ¹6 და 1997 წლის 15 სექტემბრის ¹7 ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე ხანდაზმულია «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 15.2 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ნორმით დაუშვებელია პარტნიორთა კრების, საერთო კრების, აგრეთვე, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ. ამ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ოქმები და სხვა მასალები სს «კ.» აქციონერ ე. თ-ურს ჩაბარდა 2001 წლის 4 ივლისს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2001 წლის 26 ნოემბერს.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევისათვის სასამართლოს უნდა დაედგინა ამა თუ იმ მტკიცებულების არა მარტო ერთი, არამედ ყველა მოსარჩელისათვის ჩაბარების დრო, ვინაიდან, როგორც ცნობილია, სარჩელი და სააპელაციო საჩივარიც წარდგენილია ოცი აქციონერის მიერ. ამასთან, სადავო გამგეობის ოქმების გარკვეულ დროში არსებობა არ შეიძლება გახდეს ამ დროიდან მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი.

რაც შეეხება მითითებული გარემოების სამართლებრივ შეფასებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა პრეტენზია მიმართულია შპს ფირმა «კ.» გამგეობის კრების იმ გადაწყვეტილებებზე, რომლითაც შეილახა მათი, როგორც აქციონერთა ქონებრივი უფლებები, ვინაიდან აქცია წარმოადგენს საკუთრების ობიექტს და, შესაბამისად, მასზე უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. ამდენად, აქციონერები პრეტენზიას აცხადებდნენ არა კრების ჩატარების კანონიერებაზე, არამედ ამ კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მათი უფლებების უხეშ დარღვევაზე. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლის არა პირველი, არამედ მეორე ნაწილი, როგორც ეს იქნა მითითებული ამავე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 17 ივლისის ¹3კ/1209-02 და 2006 წლის 24 მარტის ¹ას-474-788-05 განჩინებებით.

«მეწარმეთა შესახებ» კანონის 1.1 მუხლი განსაზღვრავს ამ კანონის მოქმედების სფეროს. კანონი არ არეგულირებს მთლიანად სამეწარმეო საქმიანობას და მასთან დაკავშირებულ ყველა ურთიერთობას. «მეწარმეთა შესახებ» კანონი შემოიფარგლება მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთა მოწყობის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების განსაზღვრითა და მასთან დაკავშირებული საკითხებით. აქედან გამომდინარე, მე-15 მუხლის მეორე ნაწილში მითითებული ხანდაზმულობის ვადა ძირითადად დაკავშირებულია «მეწარმეთა შესახებ» კანონის დანაწესების საფუძველზე განსაზღვრული კრების მოწვევისა და ოქმის შედგენის პროცედურულ საკითხებზე პრეტენზიების წარდგენასთან. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოდ მიიჩნევენ არა სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობას, არამედ სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, სარჩელის მოთხოვნა (დავის საგანი) ქონებრივი ხასიათისაა და მოსარჩელეები – სააქციო საზოგადოების აქციონერები, ითხოვენ დარღვეული ქონებრივი უფლებების აღდგენას – არაუფლებამოსილი პირის(გამგეობის) მიერ დადებული გარიგების (გადაწყვეტილების) საფუძველზე განხორციელებული აქციების არაკანონიერად გადაცემის გაუქმებას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ შპს „კოლხეთის“ დებულების 1.4 და 3.1 მუხლების საფუძველზე გამგეობას უფლება ჰქონდა, განეკარგა წილთა 40%. შპს „კ.“ გამგეობის დებულების 1.4 მუხლის თანახმად, გამგეობა იხილავს თავის სხდომებზე ფირმის მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელოვან საკითხებს, ხოლო 3.1 მუხლის შესაბამისად, გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნებოდა ფირმის მიერ მონაწილის წილის შეძენის, მონაწილის მიერ თავისი წილის (წილის ნაწილის) ფირმის ერთ ან რამდენიმე მონაწილეზე, მესამე პირზე (პირებზე) გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ფირმის მონაწილის მიღება, ფირმის ფონდების (გარდა გენერალური დირექტორის ფონდისა) შექმნის წყაროების, ოდენობის, შექმნისა და გამოყენების წესის განსაზღვრა, ეროვნული და უცხოური კაპიტალის მოზიდვისა და ინვესტიციების დაბანდების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

აღნიშნული მუხლები განსაზღვრავენ გამგეობის კომპეტენციას, ხოლო, რაც შეეხება სადავო აქციების ნაწილს, მათი დანიშნულება განსაზღვრულია შპს «კოლხეთის» წესდების 1.3 მუხლით, რომლის მიხედვითაც ეროვნული და უცხოური კაპიტალის მოზიდვისათვის და ამ საფუძველზე ფირმის ეფექტურად ფუნქციონირების, მეტი მოგების მიღების, ფირმის მონაწილეებისა და მუშაკების საყოფაცხოვრებო და სოციალურ-კულტურული მოთხოვნილებების თანმიმდევრული დაკმაყოფილების მიზნით, საწესდებო ფონდის 30% ანუ 61660 კუპონი არ ნაწილდება ფირმის მონაწილეთა შორის, გამოიყოფა საინვესტიციო საქმიანობის ობიექტების სახით, ინვესტიციების დაბანდებისათვის. საწესდებო ფონდის 10%, ანუ 220590 კუპონი, აგრეთვე, არ ნაწილდება ფირმის მონაწილეთა შორის, გამოიყოფა ფირმის გამგეობის განკარგულებაში და გამოიყენება ინტელექტუალური ქონების ობიექტების (ფირმისათვის საჭირო სპეციალისტების) ფირმაში მოზიდვისათვის, ახალი მონაწილის მიღებისათვის, ფირმაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ცალკეული სადავო საკითხების რეგულირებისა და გადაწყვეტისათვის, ფირმის მონაწილის წილის (წილის ნაწილის) შეძენისათვის და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუნაწილებელი საწესდებო ფონდის დანიშნულება განსაზღვრულია რა საზოგადოების საქმიანობის მომწესრიგებელი ძირითადი დოკუმენტით _ წესდებით, გამგეობის უფლებამოსილება დადგენილია მხოლოდ გაუნაწილებელი ფონდის 10%-ის განკარგვაზე. ამდენად, შპს-ს გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა დარჩენილი 30%. შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, აქციონერთა სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და აღნიშნული აქციები დაუბრუნდეს სს «კ.». რაც შეეხება საწესდებო ფონდის 10%-ს, გამგეობის მიერ მისი განკარგვა კანონიერია და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ე. თ-ურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ ნაწილში:

ე. თ-ურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

შპს «კ.» გამგეობის 1995 წლის 22 აგვისტოსა და 25 სექტემბრის სხდომის ოქმები შპს «ფ. 91-ისათვის» 30% აქციების გადაცემის ნაწილში გაუქმდეს და აღნიშნული აქციები დაუბრუნდეს სს «კ.».

დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.