Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-978(კ-25) 24 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - სს „ვ...“ (სს „...ს“ უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „მ...მ“ 2018 წლის 06 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდგომ საბოლოოდ მოითხოვა: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 მარტის №04/18877 გადაწყვეტილების ა. ჭ-ეის, ს. ტ-ის, ე. მ-ას, ა. მ-ის, ნ. კ-ისა და ს. ც-ას სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა; „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 მაისის №04/27205 და 2018 წლის 14 მაისის №04/28225 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე შპს „მ...ს“ 16.04.2018წ. №498/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე პაციენტების: ა. ჭ-ეის, ს. ტ-ის, ე. მ-ას, ა. მ-ის, ნ. კ-ისა და ს. ც-ას სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივლისის №04/40402 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; შპს „მ...ს“ 28.05.2018წ. №723/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40485 გადაწყვეტილებისა და შპს „მ...ს“ 29.05.2018წ. №733/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40484 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სარჩელის მიხედვით, შპს „მ...ში“ 2017 წელს მკურნალობდნენ ა. ჭ-ე, ს. ტ-ი, ე. მ-ა, ა. მ-ი, ნ. კ-ი, დ. ბ-ე, ტ. ი-ი, ს. ც-ა, მ. გ-ე, ო. ნ-ა და ს. მ-ა. მათი მკურნალობა განხორციელდა გადაუდებელი სტაციონარული პროგრამის ფარგლებში, ნაწილ შემთხვევაში I დონის ინტენსიური მკურნალობის კოდის მითითებით. მკურნალობის დასრულების შემდეგ კლინიკამ გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოითხოვა და დოკუმენტაცია წარუდგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სააგენტომ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებზე დაყრდნობით, ანაზღაურებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ნაწილი შემთხვევებისა არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ პირობებს; კერძოდ: ა. ჭ-ეის, ს. ტ-ის, ე. მ-ას, ა. მ-ისა და ნ. კ-ის შემთხვევაში სააგენტომ მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა ღრმა ანემია ან ისეთი მძიმე კლინიკური მდგომარეობა, რომელიც I დონის ინტენსიური მკურნალობის გამოყენებას გაამართლებდა, შესაბამისად მომსახურება პროგრამის პირობებს არ შეესაბამებოდა. დ. ბ-ეისა და ტ. ი-ის შემთხვევაში უარი დაეფუძნა არასწორ კოდირებას - სააგენტოს შეფასებით, წარმოდგენილი კოდები არ შეესაბამებოდა რეალურად გაწეულ მომსახურებას, რის გამოც შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. ს. ც-ას შემთხვევაში თავდაპირველად ასევე უარი ითქვა იმავე საფუძვლით - ინტენსიური მკურნალობის დაუსაბუთებლობაზე მითითებით. მ. გ-ეისა და ო. ნ-ას შემთხვევაში სააგენტომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობის საჭიროება და მომსახურება უფრო ამბულატორიულ ხასიათს ატარებდა. ს. მ-ას შემთხვევაში უარი შეეხებოდა ჰოსპიტალიზაციის იმ დღეებს, სადაც სააგენტოს შეფასებით გადაუდებელი საჭიროება აღარ იკვეთებოდა. ამგვარად, ყველა პაციენტთან მიმართებით უარის საფუძველი იყო ან გადაუდებელი სტაციონარული საჭიროების დაუსაბუთებლობა, ან ინტენსიური მკურნალობის კოდის არამართებული გამოყენება, ან მომსახურების არასწორი კოდირება, რაც სააგენტომ პროგრამის რეგულაციებთან შეუსაბამობად მიიჩნია, თუმცა სადავო გადაწყვეტილებები არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებასა და მტკიცებულებებზე მითითებას, მით უფრო მაშინ, როდესაც პაციენტის მდგომარეობის შეფასება (დიაგნოზის დასმა) და შესაბამისი მომსახურების საკითხის გადაწყვეტა (ჩარევა) წარმოადგენს ექიმის კომპეტენციას, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახამდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით შპს „მ...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ე...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებით სს „ე...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 მარტის №04/18877 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივლისის №04/40402 გადაწყვეტილებები ს. ც-ას სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ს. ც-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის №04/27205 და 2018 წლის 13 ივლისის №04/40485 გადაწყვეტილებები მ. გ-ეისა და ო. ნ-ას სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. გ-ეისა და ო. ნ-ას სამედიცინო შემთხვევების სრულად ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „...სა“ და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სს „...ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ს. მ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაევალა აუნაზღაუროს სს ,,...ს“ ს. მ-ასათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება 2017 წლის 13 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. დანარჩენ ნაწილში სს „...ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები პაციენტების: მ. გ-ეის, ო. ნ-ას, ს. ც-ას შემთხვევევის ანაზრაურების დავალების კანონიერების შესახებ და ს. მ-ას შემთხვევასთან მიმართებით დამატებით აღნიშნა, რომ აღნიშნული პაციენტი წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლეს. პაციენტი შპს ,,მ...ში“ მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2017 წლის 13 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, დიაგნოზით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა (... სხვა და დაუზუსტებელი ...ში). წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციით, ჰოსპიტალიზაციის ბოლო 3 დღის განმავლობაში, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარება არ დასტურება. შესაბამისად, შემთხვევას №... ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად (ტომი 1. ს.ფ. 38-39).

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ს. მ-ა (პ/ნ: ...) ჰოსპიტალიზებილი იყო კლინიკაში 13.10.17–20.10.17 წ.წ.-ში დიაგნოზით - „სხვა და დაუზუსტებელი ...ში.“ შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, იმ მოტივით, რომ ჰოსპიტალიზაციის ბოლო 3 დღის განმავლობაში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარება არ დასტურდება. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ დარჩენილ პერიოდზე, კერძოდ 13.10.17–17.10.17 წლის პერიოდში სამედიცინო ბარათში არსებული ინფორმაციით პაციენტისთვის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების საჭიროება სახეზე იყო, ხოლო დიაგნოზი და სამედიცინო ბარათში არსებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდა ერთმანეთს და მოცემულ შემთხვევაში პაციენტი ს. მ-ას სამედიცინო შემთხვევა კლინიკაში 13.10.17–17.10.17 წ.წ.-ში ჰოსპიტალიზაციის პერიოდში ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესი გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ს. მ-ა 2017 წლის 13 ოქტომბერს მოთავსდა შპს „მ...ში“ დიაგნოზით: ... – სხვა და დაუზუსტებელი ...ში. მკურნალობა: ..., ..., ... და .... პაციენტი იყო სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მიმღები. ჰოსპიტალიზაციის პერიოდში, გადაუდებელი I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მხოლოდ ბოლო 3 დღის განმავლობაში არ დადასტურდა, რის შედეგადაც ინსპექტირების ეტაპზე შემთხვევა შეფასდა სტატუსით „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ (მუხლი 15, პუნქტი 2, ქვეპუნქტი „ე“). ს. ც-ა 2017 წლის 18 ნოემბერს მოთავსდა იმავე კლინიკაში დიაგნოზით: ... დაუზუსტებელი, ... – .... მკურნალობა: ..., ..., ..., ...ის კონსულტაცია, ... ი/მ. ინსპექტირების ეტაპზე არ ანაზღაურდა ... კოდი, თუმცა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი ანაზღაურდებოდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მ. გ-ეე მკურნალობდა 6–7 ოქტომბერს დიაგნოზით: ... – დაკვირვება ...ის დაზიანების ეჭვით; ჩარევის კოდი: .... პაციენტს ჩატარებული ჰქონდა მხოლოდ სადიაგნოსტიკო კვლევები, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არ ანაზღაურდება (მუხლი 15, პუნქტი 2, ქვეპუნქტი „ე“). ო. ნ-ა მკურნალობდა 2 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრამდე, დიაგნოზით; ...ის სხვა სინდრომები, ..., ჩარევის კოდი: .... ჩატარებული იყო მხოლოდ სადიაგნოსტიკო კვლევა, რომელიც ასევე პროგრამით არ ანაზღაურდება.

საკასაციო საჩივარის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას პაციენტების სადავო სამედიცინო შემთხვევების თაობაზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია რაზე დაყრდნობით ჩათვალა სასამართლომ, რომ სააგენტომ სათანადოდ არ გამოიკვლია ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სადავო გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, სს „...ს“ (ს/ნ ...) უფლებამონაცვლედ დადგინდა სს „ვ...“ (ს/ნ ...);

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს ქვედა სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Va№ de Hurk v. №etherla№ds, par.61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] par.26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტები: ს. ც-ა, მ. გ-ეე, ო. ნ-ა და ს. მ-ა, როგორც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.3-ით განსაზღვრული სამედიცინო პირობებით მოსარგებლეები, მკურნალობდნენ „მ...ში“, სხვადასხვა დიაგნოზით, კერძოდ, შპს ,,მ...ს“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - მ. გ-ეე 2017 წლის 06 ოქტომბერს მოათავსეს შპს ,,მ...ში“. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ... დაკვირვება, როცა ეჭვია ...ის დაზიანებაზე. ჩატარებული მკურნალობა: იმყოფებოდა მეთვალყურეობის, მონიტორინგის ქვეშ. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, დიაგნოზით: ... დაკვირვება, როცა ეჭვია ...ის დაზიანებაზე.

შპს ,,მ...ს“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №16934 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ო. ნ-ა 2017 წლის 02 ოქტომბერს მოათავსეს შპს ,,მ...ში“. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ... თავის ტკივილის სხვა დაზუსტებული სინდრომები; ...- ...; .... ჩატარებული მკურნალობა: სიმპტომური მეთვალყურეობა. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, დიაგნოზით: ... თავის ტკივილის სხვა დაზუსტებული სინდრომები. ჩარევის კოდი: ... ...ის ....

შპს ,,მ...ს“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ს. ც-ა 2017 წლის 18 ნოემბერს მოათავსეს შპს ,,მ...ში“. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ...- ..., დაუზუსტებელი; ...ები. ჩატარებული მკურნალობა: ..., ..., ..., ...ის კონსულტაცია, ... ი/მ. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, დიაგნოზით: ...- ..., დაუზუსტებელი, ... - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა.

შპს ,,მ...ს“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №17506 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ს. მ-ა 2017 წლის 13 ოქტომბერს მოათავსეს შპს ,,მ...ში“. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ... სხვა და დაუზუსტებელი ...ში. ჩატარებული მკურნალობა: ..., ...ით, ...თ, შემდგომ ...თ, ...თ, ტკივილის მართვა -საჭიროებისამებრ, სიმპტომოთერაპია. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, დიაგნოზით: ... სხვა და დაუზუსტებელი ...ში, ... - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს. ც-ას შემთხვევასთან მიმართებით ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევები უნდა ანაზღაურებულიყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე. პაციენტების - მ. გ-ეისა და ო. ნ-ას შემთხვევასთან მიმართებით ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა შემდეგი: მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, პაციენტს ჩატარებული აქვს მხოლოდ სადიაგნოსტიკო კვლევები. შესაბამისად, შემთხვევებს მონიტორინგის და ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად (,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსანურების პირობებს“). ხოლო ს. მ-ას შემთხვევაში ანაზრაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა შემდეგი: წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციით, ჰოსპიტალიზაციის ბოლო 3 დღის განმავლობაში, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარება არ დასტურდება. შესაბამისად, მის შემთხვევას ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად.

ვინაიდან მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სააგენტოს მიერ უარის თქმის კანონიერება, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემთხვევათა ანაზღაურების პროცესუალურ წესზე და მხარეთა ვალდებულებებზე; კერძოდ ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-10 მუხლის 21 პუნქტი ითვალისწინებს პროგრამით მოსარგებლეთა დიაგნოზის ფორმირების წესს, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა №IV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის (,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (ICD-10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება „სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით.

ამავე პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, მათ შორის, „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემთხვევა არ ანაზღაურდება თუ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების პროცედურა ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი და როგორც მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულების, ასევე ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ორგანოსათვის შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც ერთი მხრივ გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებისა და გაწეული მომსახურების შესახებ სააგენტოსთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას, მეორე მხრივ, ასეთი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა კი, თავის მხრივ შეიძლება გახდეს კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზემოხსენებული პაციენტების მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე სამედიცინო დაწესებულებას ეთქვა უარი, თუმცა საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ შეიცავს აღნიშნულის თაობაზე კონკრეტულ მითითებას და დასაბუთებას, რა გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტები ადასტურებს პაციენტების მდგომარეობისა და დასმული დიაგნოზის შესაბამის მკურნალობას, ხოლო მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოებები არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია გაწეული მომსახურების რეალური სახე, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენება და სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული ჩარევის ღონისძიებები. შესაბამისად, კლინიკა ვალდებულია მიწოდებულ ინფორმაციაში ზედმიწევნით ზუსტად ასახოს ანაზღაურებას დაქვემდებარებული მომსახურების შესაბამისი მონაცემები, ამასთან, შეუსაბამობაზე მითითებისას, აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებითა და სათანადო არგუმენტაცია უნდა აისახოს ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებაში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე, რაც დაადასტურებდა პაციენტისათვის არასათანადო და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტს, შესაბამისად მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ არ დგინდება სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების გამომრიცხველი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები და მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო იმ სახის მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა ჩატარებული სამედიცინო მომსახურებების საჭიროების არარსებობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ200294519) დაუბრუნდეს 2025 წლის 12 ნოემბრის №27371 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა