Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1366(კ-25) 12 მარტი, 2026 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანამემამულის სტატუსის მინიჭება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბ. ა-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხის 04.05.2023 წლის №1000869273 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.01.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 04.05.2023 წლის №1000869273 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მოსარჩელემ 14.02.2023 წელს განცხადებით მიმართა მოპასუხეს თანამემამულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ წარმოშობით ქართველია, დაიბადა ირანში, ...ში, უყვარს სამშობლო და სურს აქ ცხოვრება; მისი ოჯახის წევრებიც საქართველოში ცხოვრობენ. 20.02.2023 წლის სამოტივაციო წერილში მოსარჩელემ განმარტა, რომ უყვარს სამშობლო, სურს საქართველოში ცხოვრება და სამშობლოს განვითარებაში მონაწილეობის მიღება.

2.2. მოპასუხემ 15.02.2023 წელს №1000869273/1 განცხადებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლების არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №SSG 0 23 00058717 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

2.3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 03.05.2023 წლის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ 26.04.2023 წელს გაიმართა თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის №72 სხდომა და მომზადდა №2023/02/04 დასკვნა. დასკვნის მიხედვით, მოსარჩელე აკმაყოფილებდა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

2.4. მოპასუხის 04.05.2023 წლის №1000869273 გადაწყვეტილებით მოსარჩელის 14.02.2023 წლის №1000869273 განცხადება არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე. გადაწყვეტილების თანახმად, განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობდა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის საფუძვლები.

2.5. მოსარჩელის მიმართ 31.10.2022 წელს გაცემულია დროებითი ბინადრობის მოწმობა.

2.6. მოსარჩელის დას - ა. ა-ს, მოპასუხის 08.11.2018 წლის №1000609506 გადაწყვეტილებით, მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი. მოსარჩელის მამას - ი. ა-ს, მოპასუხის 06.03.2019 წლის №1000618320 გადაწყვეტილებით, მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი. მოსარჩელის დედას - ი. გ-ს, მოპასუხის 06.03.2019 წლის №1000618351 გადაწყვეტილებით, მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი.

2.7. სასამართლომ მიუთითა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე ნორმის მე-2 პუნქტზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზნებისთვის პირმა სრულად უნდა წარადგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ამასთან, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დასკვნებით უნდა დადასტურდეს სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობა ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილება და გამოირიცხოს საზოგადოებრივი ან/და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე.

2.8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ სააგენტოში თანამემამულის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი ყველა დოკუმენტი წარადგინა. თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 26.04.2023 წლის №2023/02/04 დასკვნის მიხედვით, მოსარჩელე აკმაყოფილებს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელეს მოპასუხის 04.05.2023 წლის №1000869273 გადაწყვეტილებით თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის წერილის გათვალისწინებით ეთქვა, ვინაიდან დეპარტამენტმა მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

2.9. სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას; შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ხსენებული ინფორმაცია მხარეებს გააცნოს და იგი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახოს. ამასთან, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავს ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე, არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

2.10. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელემ წარადგინა საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო დოკუმენტები, სათანადო დასკვნით დასტურდება მისი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისადმი შესაბამისობა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოთხოვილი ინფორმაციით არ დგინდება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველობა, მით უფრო მაშინ, როდესაც მოსარჩელის მიმართ გაცემული იყო დროებითი ბინადრობის მოწმობა და მის ოჯახის წევრებს მინიჭებული აქვთ თანამემამულის სტატუსი, სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელი საფუძვლიანია. ამრიგად, სადავო აქტი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და მოპასუხეს დავალებოდა მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერება.

9. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

10. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „კანონი“) მიზანია, განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები და ჩამოაყალიბოს ამ პოლიტიკის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი (კანონის პირველი მუხლი). კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობა ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილება დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სათანადო დასკვნით.

11. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს. სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და პირის ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის (კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები).

12. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით. მითითებული ნორმის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი საფუძველია კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ქმედების განხორციელების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 14.02.2023 წელს განცხადებით მიმართა მოპასუხეს თანამემამულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ წარმოშობით ქართველია, დაიბადა ირანში, ...ში, უყვარს სამშობლო და სურს აქ ცხოვრება, მისი ოჯახის წევრებიც საქართველოში ცხოვრობენ (ს.ფ. 53-57).

14. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სააგენტოში თანამემამულის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი ყველა დოკუმენტი წარადგინა. თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის №2023/02/04 დასკვნის მიხედვით, მოსარჩელე აკმაყოფილებს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს (ს.ფ. 39-40).

15. მოპასუხემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლების არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №SSG 0 23 00058717 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია (ს.ფ. 37, 38).

16. მოსარჩელეს მოპასუხის 04.05.2023 წლის №1000869273 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობდა კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის საფუძვლები (ს.ფ. 14).

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას (სუსგ №ბს-269(კ-25), 11.06.2025წ; №ბს-350(კ-25), 24.06.2025წ.).

18. საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლად მიჩნევას. ამასთან, საიდუმლო ინფორმაცია ვერ აისახება სასამართლოს განჩინებაში. ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ წარადგინა საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო დოკუმენტები, სათანადო დასკვნით დასტურდება მისი კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისადმი შესაბამისობა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოთხოვილი ინფორმაციით არ დგინდება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველობა, ამასთან, მოსარჩელის მიმართ გაცემული იყო დროებითი ბინადრობის მოწმობა (ს.ფ. 15), მის ოჯახის წევრებს მინიჭებული აქვთ თანამემამულის სტატუსი (ს.ფ. 17-19), საკასაციო პალატა იზიარებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.

20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ბს-351(კ-25), 21.05.2025წ; №ბს-269(კ-25), 11.06.2025წ; №ბს-350(კ-25), 24.06.2025წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2025 წლის განჩინება.

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ: 202307404) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №24964, გადახდის თარიღი 05.12.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე