საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-620(კ-24) 2 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - დ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. ბ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 აგვისტოს №1188 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ჩაერთო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ჩაერთო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის პირველი ოქტომბრის №3/181 ბრძანების თანახმად, დანართი №1-ში მითითებულ ობიექტებს (მათ შორის, ...ს ...ზე №...-ში მდებარე ობიექტს (ძეგლთა ნუსხაში იდენტიფიცირებულია ...ს ... №18)), დანართი №2-ში მითითებული სააღრიცხვო ბარათების შესაბამისად, მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი; ბ) 2017 წლის 25 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ...ზე, №...-ის მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 25.00 კვ.მ ფართზე, რეგისტრირებულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება (ქონების საკადასტრო კოდი - №...). 2018 წლის 9 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ...ზე, №...-ში მდებარე 62.15 კვ.მ ფართზე (სარდაფი), 2018 წლის 9 ოქტომბრის №... უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია დ. ბ-ის საკუთრების უფლება (ქონების საკადასტრო კოდი - №...); გ) 2020 წლის 10 დეკემბერს, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სამსახურის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე, განხორციელდა ...ს ...ზე №...-ში მდებარე დ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ობიექტის დათვალიერება; დ) 2020 წლის 21 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, დ. ბ-ის მიმართ შედგა №... მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში განთავსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე, დ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ ფართში (საკადასტრო კოდი - №...) განხორციელებულია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კერძოდ: დამატებულია ნიშები, კარის ღიობები, შეცვლილია სარდაფში ჩასასვლელი კარის ვიზუალი და გაბარიტები, დამატებულია გამწოვი მილები, შეცვლილია არსებული ფანჯრის გაბარიტი და ვიზუალი, აგრეთვე, დამატებულია შიდა ფართი შენობა-ნაგებობის გაბარიტების უცვლელად. ამავე მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა, განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოსაყვანად; ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 იანვრის №... შემოწმების აქტის თანახმად, დ. ბ-ის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 დეკემბრის №... მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა; ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში დ. ბ-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 12 თებერვალს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც დ. ბ-იმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განაცხადა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მის მიერ არ არის განხორციელებული. აღნიშნა, რომ მიმართული აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის, აწესრიგებს დოკუმენტაციას, რისთვისაც ითხოვა მაქსიმალური ვადა. მოსარჩელემ განმარტა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები, არც წინა მესაკუთრის მიერ არის განხორციელებული. მისი ინფორმაციით, ფართში არსებული შიდა კონფიგურაცია თავდაპირველ მდგომარეობას შეესაბამება; ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მარტის №4-3136-გ/21 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 21 დეკემბრის №... მითითების (შემოწმების აქტი №..., შედგენილი 2021 წლის 18 იანვარს) საფუძველზე დ. ბ-ის მიმართ დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა გაგრძელდა 2 თვით. ამავე ბრძანების თანახმად, დ. ბ-ის მიმართ, დადგენილების მიღებისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადა აითვალა 2021 წლის 18 მარტიდან 2021 წლის 18 მაისის ჩათვლით; თ) ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...-...ის რაიონული განყოფილების უფროსის 2021 წლის 18 მაისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2021 წლის 18 მაისს, ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში მდებარე, დ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ფართის (საკადასტრო კოდი - №...) ხელმეორედ გადამოწმებისას დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 დეკემბრის №... მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ გამოსწორებულა; ი) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილებით, დ. ბ-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ... ..., №..., №... საკადასტრო კოდზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის (დამატებულია ნიშები, კარის ღიობები, შეცვლილია სარდაფში ჩასასვლელი კარის ვიზუალი და გაბარიტები, დამატებულია გამწოვი მილები, დამატებულია შიდა ფართი შენობა-ნაგებობის გაბარიტების უცვლელად. აგრეთვე შეცვლილია არსებული ფანჯრის გაბარიტი და ვიზუალი, რომელიც განთავსებულია №... საკადასტრო კოდზე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი)). ამავე დადგენილებით, დ. ბ-ის დაევალა, ქ. თბილისში, ... ..., №..., №... საკადასტრო კოდზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე რეკონსტრუირებული ობიექტის (დამატებულია ნიშები, კარის ღიობები, შეცვლილია სარდაფში ჩასასვლელი კარის ვიზუალი და გაბარიტები, დამატებულია გამწოვი მილები, დამატებულია შიდა ფართი შენობა-ნაგებობის გაბარიტების უცვლელად. აგრეთვე შეცვლილია არსებული ფანჯრის გაბარიტი და ვიზუალი, რომელიც განთავსებულია №... საკადასტრო კოდზე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი)) საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა; კ) 2021 წლის 16 აგვისტოს დ. ბ-იმა №19/01211951476-01 ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა; ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 აგვისტოს №1188 ბრძანებით, დ. ბ-ის 2021 წლის 14 ივლისის №19/01211951476-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილება; მ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 იანვრის №19/25 მიმართვის თანახმად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დოკუმენტთა საცავში არ მოიძებნა ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში არსებული ნაგებობის შესახებ საპროექტო დოკუმენტაცია (ნახაზები, ფოტომასალა); ნ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით (საქმე №3/5895-21), საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოთხოვილია ნებისმიერი მასალა, რომელიც უკავშირდება ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში მდებარე ობიექტზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) 2016 წელს განხორციელებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. გამოთხოვილია არქიტექტურული პროექტი, რა სახით იყო აღნიშნული შენობა აღრიცხული მუნიციპალური განვითარების ფონდში, რა სახით იქნა შეთანხმებული ცვლილების და რეკონსტრუქციის პროექტი და ასევე, ამ რეკონსტრუქციის შედეგის ამსახველი მტკიცებულებები. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2022 წლის 19 დეკემბრის №3487-გ პასუხის თანახმად, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს არ განუხორციელებია აღნიშნული პროექტი; ო) 2019 წლის 13 დეკემბერს დ. ბ-ის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილია მოთხოვნა - ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში არსებულ უძრავ ნივთზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების (არსებულ ფასადზე გრაფიკული სამხატვრო სამუშაოების, არსებული გამწოვი მილის მოწესრიგებისა და საფეხმავლო ბილიკზე არსებულ სარდაფში ჩასანათებელი ლუქის, გზის ნიშნულიდან 20 სმ-ით აწევის თაობაზე) წარმოების ნებართვის გაცემაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, წარდგენილ განცხადებაზე დადგენილია ხარვეზი, მათ შორის, ლუქის აწევასთან დაკავშირებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №5842807 ბრძანებით, მოწონებულია ქ. თბილისში (სექტორი - ...ი), ...ს ...ზე №...-ში (უძრავი ძეგლი) საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების არქიტექტურული პროექტი და განისაზღვრა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემის ვალდებულება. ამავე ბრძანების თანახმად, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 18 მარტიდან 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. არქიტექტურულ პროექტზე დართული განმარტებითი ბარათის თანახმად, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში. მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის გვერდითა ფასადზე გრაფიკული სამხატვრო სამუშაოების შესრულებას წარდგენილი ესკიზისა და ფოტომონტაჟის მიხედვით. ასევე, არსებული დაზიანებული სავენტილაციო არხის მილის მოწესრიგებას.
სასამართლომ განმარტა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელია სათანადო ნებართვის არსებობა. აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში კი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მესაკუთრეს/კანონიერ მოსარგებლეს განუსაზღვრავს ვადას ძეგლის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით მას ეკისრება ჯარიმა. კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყოს სამართალდამრღვევი და ვის შეიძლება დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს (სუბიექტს), რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეს/მოსარგებლეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მას არ განუხორციელებია. ასევე, მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე არსებული სახით მოიპოვა საკუთრების უფლება 2018 წელს. ამასთან, განმარტავს, რომ მისი ინტერესი უძრავი ქონების სწორედ პირველადი/ავთენტური სახის შენარჩუნება იყო. მოსარჩელე ადასტურებს, რომ გამწოვი მილი დაამონტაჟა, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის პირველი მითითებისთანავე მოხსნა და თავდაპირველი მდგომარეობა აღადგინა. გარდა ამისა, ვარაუდობს, რომ ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში მდებარე ობიექტზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2016 წელსაა განხორციელებული, მაშინ, როდესაც თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში, ...ს ...ზე სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 12 თებერვალს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც დ. ბ-იმა აღნიშნა, რომ მიმართული აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის, აწესრიგებს დოკუმენტაციას, რისთვისაც ითხოვა მაქსიმალური ვადა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა პოზიცია სადავო გარემოებებთან მიმართებით. საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმით, დაკვალვის აქტით, ფოტო-მასალითა და მოწმის ჩვენებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ს ...ზე, №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელებულია ისეთი სახის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები, რომლებსაც ესაჭიროება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა, რაც სადავო შემთხვევაში, სახეზე არ არის. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია კონკრეტულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე სამართალდარღვევის სუბიექტის განსაზღვრასთან დაკავშირებით. კერძოდ, ვინაიდან შეუძლებელია მშენებლობის მწარმოებელი პირის დადგენა, დ. ბ-ისთვის, როგორც მესაკუთრისთვის, პასუხისმგებლობის დაკისრება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ დ. ბ-ისთვის სახდელის შეფარდება არ მომხდარა მყისიერად, მას მიეცა მითითება, განესაზღვრა გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, თუმცა, მის მიერ არ განხორციელებულა უკანონო სამშენებლო სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე, უდავოა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ინფორმაცია ან მტკიცებულება, რითიც დაადასტურებდა სხვა პირის მიერ სადავო სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას და მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობას. სასამართლომ საინვენტარიზაციო გეგმასთან/ნახაზთან მიმართებით, დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელსაც მიუხედავად მისი ხასიათისა, შეიძლება დაეყრდნოს ადმინისტრაციული ორგანო, თუმცა, მხედველობაში მიიღოს მისი სახე. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ის გარემოება, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება არ აკმაყოფილებს დღეს არსებულ სტანდარტს, დამოუკიდებლად და განყენებულად ვერ გახდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, აღნიშნული არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება, მოსარჩელის მითითებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №5842807 ბრძანებაზე, რომლითაც მოწონებულია ქ. თბილისში (სექტორი - ...ი), ...ს ...ზე №...-ში (უძრავი ძეგლი) საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების არქიტექტურული პროექტი და განსაზღვრულია უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემის ვალდებულება, სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №5842807 ბრძანებით მოწონებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის გვერდითა ფასადზე გრაფიკული სამხატვრო სამუშაოების შესრულებას წარდგენილი ესკიზისა და ფოტომონტაჟის მიხედვით, ასევე, არსებული დაზიანებული სავენტილაციო არხის მილის მოწესრიგებას. შესაბამისად, აღნიშნული სადავო საკითხზე, გავლენას ვერ მოახდენს.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზე არ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, ასევე, არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 აგვისტოს №1188 ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დ. ბ-ის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსამართლე ილონა თოდუას მიერ საქმის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხილვაში ეჭვის შეტანის საფუძვლები, შუამდგომლობის ავტორმა ვერ მიუთითა გარემოებები, რომლებიც შეიძლება ქმნიდეს მოსამართლის მიერ საქმისადმი წინასწარი დაინტერესების საფუძველს. აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები, სასამართლოს შეფასებით, არ ქმნის გონიერი დამკვირვებლის თვალში მოსამართლის მიკერძოებულად აღქმის საკმარის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის პოზიცია ემყარება იმ გარემოებას, რომ მოსამართლე ილონა თოდუას 2012 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული მისი და მისი კომპანიების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრაციული საქმების განხილვაში, რომლებზედაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ცნობილია პოლიტდევნილად, რაც სასამართლოს აზრით, არ შეიძლება გახდეს სასამართლოს მიკერძოებულობის დამადასტურებელი ფაქტი. სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კომპეტენცია სწორედ სასამართლოს აქვს, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წყვეტს სარჩელის საფუძვლიანობისა და კანონშესაბამისობის საკითხს თითოეული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს, მართლზომიერად დაჯარიმდა თუ არა აპელანტი (მოსარჩელე) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის და მართებულად დაევალა თუ არა მას ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ-ის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიეცა მითითება, განესაზღვრა გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, თუმცა, მის მიერ არ განხორციელებულა უკანონო სამშენებლო სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი სადავო აქტების ბათილად ცნობას და სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უკანონო რეკონსტრუქციის განხორციელების დრო არ დაუდგენია, შესაბამისად, არც განმახორციელებელი პირი და საერთოდ 2007 წლის შენობის მდგომარეობაც არ გამოუკვლევია, რომ არსებული მდგომარეობისთვის შეედარებინა. ერთადერთი ფაქტი ის არის, რომ 1989 წლის ბუნდოვანი საინვენტარიზაციო გეგმით 30 წლის შემდეგ აჯარიმებენ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადაკეთებას სთხოვენ, რომელმაც არსებული სახით შენობა 2018 წელს შეიძინა. ასევე, 2016 წელს მოხდა მთლიანად ქუჩის და შენობის რეკონსტრუქცია მერიის მიერ, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ.
სასამართლოს მითითებით კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. ზოგადი წესის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მშენებლობის განმახორციელებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა და მხოლოდ ასეთი პირის მოუძიებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს უძრავი ქონების მესაკუთრეს ან/და მოსარგებლეს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი არ გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას, დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. უდავოა, რომ აპელანტს არც ადმინისტრაციული წარმოებისას და არც სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია, რაიმე სახის ინფორმაცია ან მტკიცებულება, რითიც დაადასტურებდა სხვა პირის მიერ სადავო სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას და მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობას. ამდენად, მშენებლობის მწარმოებელი პირის დაუდგენლობის პირობებში დ. ბ-ისთვის, როგორც მესაკუთრისთვის, პასუხისმგებლობის დაკისრება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან. საინვენტარიზაციო გეგმასთან/ნახაზთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ მტკიცებულებას, რომელსაც მიუხედავად მისი ხასიათისა, შეიძლება დაეყრდნოს ადმინისტრაციული ორგანო. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ის გარემოება, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება არ აკმაყოფილებს დღეს არსებულ სტანდარტს, დამოუკიდებლად და განყენებულად ვერ გახდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია და არ არის გამყარებული მტკიცებულებებით აპელანტის არგუმენტი მერიის მხრიდან 2016 წელს მთლიანად ქუჩის და შენობის რეკონსტრუქციის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოთხოვილ იქნა ნებისმიერი მასალა, რომელიც უკავშირდება ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში მდებარე ობიექტზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) 2016 წელს განხორციელებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2022 წლის 19 დეკემბრის №3487- გ პასუხის თანახმად ირკვევა, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს არ განუხორციელებია აღნიშნული პროექტი. ამდენად, აღნიშნული წერილი გამორიცხავს მოსარჩელის ვარაუდს მასზედ, რომ ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში მდებარე ობიექტზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2016 წელს განხორციელდა თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში. აპელანტი მხარე ასევე აპელირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №5842807 ბრძანებაზე, რომლითაც მოწონებულია ქ. თბილისში (სექტორი - ...ი), ...ს ...ზე №...-ში (უძრავი ძეგლი) საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების არქიტექტურული პროექტი და განსაზღვრულია უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემის ვალდებულება. იმის დასადგენად, რამდენად გამორიცხავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №5842807 ბრძანება სადავო აქტით დადგენილი სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტს, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილებაზე, რომლითაც დ. ბ-ი დაჯარიმებულია შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შემდეგი სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის: უძრავ ნივთზე დამატებულია ნიშები, კარის ღიობები, შეცვლილია სარდაფში ჩასასვლელი კარის ვიზუალი და გაბარიტები, დამატებულია გამწოვი მილები, დამატებულია შიდა ფართი შენობა-ნაგებობის გაბარიტების უცვლელად. აგრეთვე შეცვლილია არსებული ფანჯრის გაბარიტი და ვიზუალი, რომელიც განთავსებულია №... საკადასტრო კოდზე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №5842807 ბრძანებით მოწონებული სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის გვერდითა ფასადზე გრაფიკული სამხატვრო სამუშაოების შესრულებას წარდგენილი ესკიზისა და ფოტომონტაჟის მიხედვით, ასევე, არსებული დაზიანებული სავენტილაციო არხის მილის მოწესრიგებას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ აღნიშნული ბრძანება სადავო საკითხზე, გავლენას ვერ მოახდენს.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ, რომ აპელანტის - დ. ბ-ის მიერ, ქ. თბილისში, ...ს ...ზე, №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელებულია ისეთი სახის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები, რომლებსაც ესაჭიროება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა. სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა იმგვარი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებსაც შეიძლება გამოეწვია სადავო გარემოებების სხვაგვარი შეფასება. საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 აგვისტოს №1188 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება, ასევე 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-იმა.
კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებს რომ შეცვლილია შენობის თავდაპირველი იერსახე ან იგი შეცვლილია ნებართვის გარეშე. შესაბამისად, გაუგებარია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა იმის დადგენა, რომ განხორციელებულია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მიუხედავად აღნიშნულისა, მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 დეკემბრის მითითების მიხედვით, მოსარჩელეს დაევალა ფართის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. ადამინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის პრინციპი. მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება დაჯარიმების შესახებ იმგვარად იქნა გამოცემული, რომ არ იქნა გამოკვლეული, როგორი იყო შენობის პროექტი თავდაპირველად და განხორციელდა თუ არა უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამასთან, გაუგებარია თუ მუნიციპალური ინსპექცია მიიჩნევს, რომ უნებართვო რეკონსტრუქცია არის განხორციელებული, როგორ ვერ ადგენს მის განმხორციელებელ პირს იმ პირობებში, როდესაც ყველა მესაკუთრის მონაცემები საჯარო რეესტრში აღრიცხულია.
კასატორის განმარტებით, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა. მუნიციპალური ინსპექცია, ისე, რომ სათანადოდ არ ადგენს მოხდა თუ არა შენობის უნებართვო რეკონსტრუქცია ან როდის მოხდა, აჯარიმებს მოსარჩელეს და მოითხოვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გადაკეთებას. ადმინისტრაციული ორგანოები ეყრდნობიან 1989 წლის საინვენტარიზაციო გეგმას და მას ადარებენ არსებულ მდგომარეობას. საგულისხმოა, რომ გეგმაზე არ ჩანს ის ცვლილებები, რაზეც მოსარჩელეს ედავებიან. ამასთან, დოკუმენტი არის არა საინვენტარიზაციო გეგმა, არამედ სართულებრივი გეგმა, რომლის სიზუსტეც სადავოა. გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ მთავარია არა 1989 წლის პერიოდის მდგომარეობა, არამედ 2007 წლის, რადგან სწორედ ამ დროს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შენობას.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სრულად იქნა უგულებელყოფილი ის ფაქტი, რომ 2016 წელს მერიის მიერ განხორციელდა მთლიანი ქუჩის და, მათ შორის, ამ შენობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დარღვეულია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. ...ზე №...-ში მდებარე ობიექტი წლებია ასეთ მდგომარეობაშია. შენობის იერსახე არ არის დამახინჯებული, არ ამახინჯებს გარემოს, არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. სახელმწიფო ინტერესი არის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შეუნარჩუნდეთ თავიანთი პირვანდელი იერსახე, თუმცა იმის დადგენა, პირვანდელი მდგომარეობა შეცვლილია თუ არა, შეუძლებელია. ამ მოცემულობაში მოსარჩელის მხრიდან 8000 ლარის ჯარიმის გადახდა არანაირ საჯარო ინტერესს არ ემსახურება.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლე ილონა თოდუას 2012 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული მოსარჩელისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრაციული საქმეების განხილვაში, რომლებზედაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, დ. ბ-ი ცნობილია პოლიტდევნილად. არაკანონიერი გადაწყვეტილებების გამო მოსარჩელე იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს და ავსტრიაში მიეღო თავშესაფარი. საქმის განხილვისას მოსამართლის აცილების წინაპირობას წარმოადგენს მიუკერძოებლობის არარსებობის საფრთხე ან მხარის დასაბუთებული ეჭვები მოსამართლის მიკერძოების თაობაზე. მიუკერძოებლობის შეფასებისას ყურადღება ექცევა თვით მოვლენათა გარეგნულად გამოჩენის, საზოგადოების მიერ მისი აღქმის ფორმასაც. მოსამართლე საქმის განხილვისას, არა მხოლოდ უნდა იყოს მიუკერძოებელი, არამედ გონიერი დამკვირვებლის თვალშიც უნდა აღიქმებოდეს ასეთად. გონიერი/ობიექტური დამკვირვებლის თვალში აღნიშნული მოსამართლე ვერ იქნება აღქმული მიუკერძოებლად, მიუხედავად იმისა, სუბიექტურ ან/და ობიექტურ ტესტს დააკმაყოფილებს თუ არა. მოსარჩელე ყოველთვის საჯაროდ უპირისპირდებოდა და ამხელდა ყველა პიროვნებას, ვინც მისთვის ქონების წართმევაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, მოსამართლე ილონა თოდუასაც. აქვეყნებდა მათ სიას, წართმეულ შენობაზე გააკრა შესაბამისი ბანერი, სია და ინფორმაცია ასევე გავრცელებულ იქნა მედია საშულებებითაც. შესაბამისად, დგინდება, რომ საჯაროდ დაპირისპიებული იყო მოსამართლესთან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 თებერვლის განჩინებით დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება დ. ბ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის პირველი ოქტომბრის №3/181 ბრძანების თანახმად, დანართი №1-ში მითითებულ ობიექტებს (მათ შორის, ...ს ...ზე №...-ში მდებარე ობიექტს (ძეგლთა ნუსხაში იდენტიფიცირებულია ...ს ... №...)), დანართი №2-ში მითითებული სააღრიცხვო ბარათების შესაბამისად, მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (ტ.1, ს.ფ 219-255); ბ) 2017 წლის 25 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ...ზე, №...-ის მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 25.00 კვ.მ ფართზე, რეგისტრირებულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება (ქონების საკადასტრო კოდი - №...). 2018 წლის 9 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ...ზე, №...-ში მდებარე 62.15 კვ.მ ფართზე (სარდაფი), 2018 წლის 9 ოქტომბრის №... უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია დ. ბ-ის საკუთრების უფლება (ქონების საკადასტრო კოდი №..., უფლების რეგისტრაციის თარიღი 2018 წლის 9 ოქტომბერი) (ტ.1, ს.ფ 141-142, 19-20); გ) 2020 წლის 10 დეკემბერს, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სამსახურის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე, განხორციელდა ...ს ...ზე №...-ში მდებარე დ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ობიექტის დათვალიერება (ტ.1, ს.ფ 97-98); დ) 2020 წლის 21 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, დ. ბ-ის მიმართ შედგა №... მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში განთავსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე, დ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ ფართში (საკადასტრო კოდი - №...) განხორციელებულია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კერძოდ: დამატებულია ნიშები, კარის ღიობები, შეცვლილია სარდაფში ჩასასვლელი კარის ვიზუალი და გაბარიტები, დამატებულია გამწოვი მილები, შეცვლილია არსებული ფანჯრის გაბარიტი და ვიზუალი, აგრეთვე, დამატებულია შიდა ფართი შენობა-ნაგებობის გაბარიტების უცვლელად. ამავე მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა, განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოსაყვანად (ტ.1, ს.ფ 99-100); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 იანვრის №... შემოწმების აქტის თანახმად, დ. ბ-ის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 დეკემბრის №... მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა (ტ.1, ს.ფ 101-102); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში დ. ბ-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 12 თებერვალს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც დ. ბ-იმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განაცხადა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მის მიერ არ არის განხორციელებული. აღნიშნა, რომ მიმართული აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის, აწესრიგებს დოკუმენტაციას, რისთვისაც ითხოვა მაქსიმალური ვადა. მოსარჩელემ განმარტა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები, არც წინა მესაკუთრის მიერ არის განხორციელებული. მისი ინფორმაციით, ფართში არსებული შიდა კონფიგურაცია თავდაპირველ მდგომარეობას შეესაბამება (ტ.1, ს.ფ 103); ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მარტის №4-3136-გ/21 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 21 დეკემბრის №... მითითების (შემოწმების აქტი №..., შედგენილი 2021 წლის 18 იანვარს) საფუძველზე დ. ბ-ის მიმართ დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა გაგრძელდა 2 თვით. ამავე ბრძანების თანახმად, დ. ბ-ის მიმართ, დადგენილების მიღებისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადა აითვალა 2021 წლის 18 მარტიდან 2021 წლის 18 მაისის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ 104); თ) ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...-...ის რაიონული განყოფილების უფროსის 2021 წლის 18 მაისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2021 წლის 18 მაისს, ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში მდებარე, დ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ფართის (საკადასტრო კოდი - №...) ხელმეორედ გადამოწმებისას დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 დეკემბრის №... მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ გამოსწორებულა (ტ.1, ს.ფ 105); ი) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილებით, დ. ბ-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ... ..., №..., №... საკადასტრო კოდზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის (დამატებულია ნიშები, კარის ღიობები, შეცვლილია სარდაფში ჩასასვლელი კარის ვიზუალი და გაბარიტები, დამატებულია გამწოვი მილები, დამატებულია შიდა ფართი შენობა-ნაგებობის გაბარიტების უცვლელად. აგრეთვე შეცვლილია არსებული ფანჯრის გაბარიტი და ვიზუალი, რომელიც განთავსებულია №... საკადასტრო კოდზე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი)). ამავე დადგენილებით, დ. ბ-ის დაევალა, ქ. თბილისში, ... ..., №..., №... საკადასტრო კოდზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე რეკონსტრუირებული ობიექტის (დამატებულია ნიშები, კარის ღიობები, შეცვლილია სარდაფში ჩასასვლელი კარის ვიზუალი და გაბარიტები, დამატებულია გამწოვი მილები, დამატებულია შიდა ფართი შენობა-ნაგებობის გაბარიტების უცვლელად. აგრეთვე შეცვლილია არსებული ფანჯრის გაბარიტი და ვიზუალი, რომელიც განთავსებულია №... საკადასტრო კოდზე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი)) საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა (ტ.1, ს.ფ 106-109); კ) 2021 წლის 14 ივლისს დ. ბ-იმა №19/01211951476-01 ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა (ტ.1, ს.ფ 65, 66-67); ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 აგვისტოს №1188 ბრძანებით, დ. ბ-ის 2021 წლის 14 ივლისის №19/01211951476-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილება (ტ.1, ს.ფ 21-29); მ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 იანვრის №19/25 მიმართვის თანახმად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დოკუმენტთა საცავში არ მოიძებნა ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში არსებული ნაგებობის შესახებ საპროექტო დოკუმენტაცია (ნახაზები, ფოტომასალა) (ტ.1, ს.ფ 292); ნ) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2022 წლის 19 დეკემბრის №3487-გ წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს არ განუხორციელებია ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში მდებარე ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტი (ტ.2, ს.ფ 181); ო) 2019 წლის 13 დეკემბერს დ. ბ-ის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილია მოთხოვნა - ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში არსებულ უძრავ ნივთზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების (არსებულ ფასადზე გრაფიკული სამხატვრო სამუშაოების, არსებული გამწოვი მილის მოწესრიგებისა და საფეხმავლო ბილიკზე არსებულ სარდაფში ჩასანათებელი ლუქის, გზის ნიშნულიდან 20 სმ-ით აწევის თაობაზე) წარმოების ნებართვის გაცემაზე (ტ.1, ს.ფ 78). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №... გადაწყვეტილებით, დ. ბ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე დადგენილია ხარვეზი, მათ შორის, ლუქის აწევასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ 79-80). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №5842807 ბრძანებით, მოწონებულია ქ. თბილისში (სექტორი - ...ი), ...ს ...ზე №...-ში (უძრავი ძეგლი) საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების არქიტექტურული პროექტი და განისაზღვრა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემის ვალდებულება. ამავე ბრძანების თანახმად, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 18 მარტიდან 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით (ტ.2, ს.ფ 117-118). არქიტექტურულ პროექტზე დართული განმარტებითი ბარათის თანახმად, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში. მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის გვერდითა ფასადზე გრაფიკული სამხატვრო სამუშაოების შესრულებას წარდგენილი ესკიზისა და ფოტომონტაჟის მიხედვით. ასევე, არსებული დაზიანებული სავენტილაციო არხის მილის მოწესრიგებას (ტ.2, ს.ფ 55-70).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილებისა და შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 აგვისტოს №1188 ბრძანების კანონიერება. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს დ. ბ-ის სამართალდამრღვევად მიჩნევის, მისთვის 8000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებისა და შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის დავალების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, რომელიც ადგენს: ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (1-ლი მუხლი).
მითითებული კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა უძრავი ნივთის მესაკუთრისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას უშვებს მშენებლობის განმახორციელებელი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში. ამასთან, უძრავი ნივთის მესაკუთრეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი, არ ადასტურებს უძრავი ქონების მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისათვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში: სწორედ მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, ზედამხედველობის ორგანოს მითითების შესრულება, მის საკუთრებაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინება საქმეზე ბს-215-213(კ-12)).
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების წესს, კერძოდ, (1) ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
ზემოაღნიშნული კოდექსის 124-ე მუხლის მიხედვით, (1) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ; (2) დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით; (3) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.
მითითებული კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, (1) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; (2) მოტივირებული საფუძვლის არსებობისას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით; (4) თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ.
ზემოაღნიშნული კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 131-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, დ. ბ-ის მიმართ შედგა №... მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში განთავსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე, დ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ ფართში (საკადასტრო კოდი - №...) განხორციელებულია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კერძოდ: დამატებულია ნიშები, კარის ღიობები, შეცვლილია სარდაფში ჩასასვლელი კარის ვიზუალი და გაბარიტები, დამატებულია გამწოვი მილები, შეცვლილია არსებული ფანჯრის გაბარიტი და ვიზუალი, აგრეთვე, დამატებულია შიდა ფართი შენობა-ნაგებობის გაბარიტების უცვლელად. ამავე მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა, განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 იანვრის №... შემოწმების აქტის თანახმად, დ. ბ-ის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 დეკემბრის №... მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა. შედეგად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრე - დ. ბ-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით და დაევალა, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე რეკონსტრუირებული ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება (1-ლი მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამავე კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები იყოფა შემდეგ ტიპებად: ა) კვლევითი სამუშაოები – სამეცნიერო-საძიებო და პრაქტიკული სამუშაოები, რომელთა მიზანია ძეგლთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, მისი მდგომარეობის, დაზიანებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოები – ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა.
დასახელებული ნორმების სამართლებრივი ანალიზის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის სამუშაოს განხორციელებისას აუცილებელია ნებართვის მოპოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე განხორციელებული ზემოქმედება ჩაითვლება უნებართვოდ წარმოებულ, თვითნებურ სამუშაოდ, რისთვისაც განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისი პასუხისმგებლობა.
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №137 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირების უფლება. სამინისტრომ კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება მოახდინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე, სადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების კონტროლისა და ზედამხედველობის ვალდებულება გააჩნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას. შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექცია წარმოადგენდა სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. ძეგლის სტატუსი ასევე შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობას, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ერთეულია. ამ შემთხვევაში მის უძრავ და მოძრავ ნაწილებზე ვრცელდება ამ კანონით უძრავი და მოძრავი ძეგლების მიმართ დადგენილი შესაბამისი წესები. ამასთან, ამავე კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა განმარტებულია როგორც სამართლებრივ, სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ისე იქნა გამოცემული სადავო დადგენილება, რომ სრულად არ ყოფილა შესწავლილი და გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, მოსარჩელეს ისე დაეკისრა პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ დაუდგენია მათი განხორციელების დრო და განმახორციელებელი პირის ვინაობა. საგულისხმოა, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის პირველი ოქტომბრის №3/181 ბრძანების თანახმად, ...ს ...ზე №...-ში მდებარე ობიექტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. შესაბამისად, არსებითი ხასიათის მნიშვნელობას იძენს დადგინდეს შენობა-ნაგებობის მდგომარეობა 2007 წლისათვის. როგორც ზემოთ აღინიშნა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის სამუშაოს განხორციელებისას აუცილებელია ნებართვის მოპოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე განხორციელებული ზემოქმედება ჩაითვლება უნებართვოდ წარმოებულ, თვითნებურ სამუშაოდ, რისთვისაც განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისი პასუხისმგებლობა. წინამდებარე დავის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სადავო სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე განხორციელებული იყო იმ დროისათვის როდესაც შენობა-ნაგებობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს რამდენად აქვს მოსარჩელეს შესაძლებლობა მოიყვანოს ობიექტი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, დ. ბ-ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია სათანადო ზომები სამუშაოების განხორციელების დროისა და მისი განმახორციელებელი პირის ვინაობის დასადგენად, მიუთითებს მოპასუხე ინსპექციის მიერ საქმის გარემოებების არასათანადოდ გამოკვლევაზე.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კასატორის შედავებას, რომ 2016 წელს მერიის მიერ განხორციელდა მთლიანი ქუჩის და, მათ შორის, მისი შენობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, რაც აგრეთვე, შეფასების გარეშე იქნა დატოვებული მოპასუხის მიერ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე დავის ფარგლებში გამოთხოვილ იქნა ნებისმიერი მასალა, რომელიც უკავშირდება ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში მდებარე ობიექტზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) 2016 წელს განხორციელებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, არქიტექტურული პროექტი, რა სახით იყო აღნიშნული შენობა აღრიცხული მუნიციპალური განვითარების ფონდში, რა სახით იქნა შეთანხმებული ცვლილების და რეკონსტრუქციის პროექტი და ასევე ამ რეკონსტრუქციის შედეგის ამსახველი მტკიცებულებები. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2022 წლის 19 დეკემბრის №3487-გ პასუხის თანახმად, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს არ განუხორციელებია აღნიშნული პროექტი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2022 წლის 19 დეკემბრის №3487-გ მომართვა არ ქმნის კასატორის ზემოაღნიშნული შედავების გამორიცხვის საფუძველს. აღნიშნული პროექტი არ განხორციელებულა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რაც არ გამორიცხავს სადავო დადგენილების საფუძვლად მითითებული რეკონსტრუქციის განხორციელებას სხვა პირის მიერ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის იმ გარემოების დადგენის საფუძველს, განხორციელდა თუ არა ქ. თბილისში, ...ს ...ზე №...-ში მდებარე ობიექტის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია სხვა პირის მიერ იმ სახით, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიმართ სადავო დადგენილების გამოცემას.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს პასუხისმგებლობა დაეკისრა I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო რეკონტრუქციისათვის. აღნიშნულთან, დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, (1) შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად: ა) I კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო რისკით; ბ) II კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდებადაბალი რისკით; გ) III კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება საშუალო რისკით; დ) IV კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება მაღალი რისკით; ე) V კლასის შენობა-ნაგებობა − მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულება პირველად, 2008 წლის 27 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილების სახით, ასახულ იქნა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით) მე-60 მუხლში, რომელიც მანამდე დასახელებული შეტყობინების ვალდებულებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, ნებართვის აღებისა და შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდებოდა 2008 წლის 27 ოქტომბრამდე, I კლასის შენობა-ნაგებობაზე, განხორციელებულ რეკონსტრუქციაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული სკანონმდებლო რეგულირება I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების პერიოდის დადგენის საჭიროებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ასეთის არსებობის შემთხვევაში დასადგენია სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების დრო და განმახორციელებელი პირის ვინაობა, რა დროსაც შეფასება უნდა მიეცეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად შეაფასოს სადავო საკითხი. ამდენად, არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში არსებობს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 აგვისტოს №1188 ბრძანების სრულად ბათილად ცნობის წინაპირობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ 30), სააპელაციო საჩივარზე - 150 ლარი (ტ.2, ს.ფ 256), ხოლო საკასაციო საჩივარზე - 300 ლარი (ტ.3, ს.ფ 98), რომლის გადახდაც სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებას მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვაკუთხედი და მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია, ხოლო მის წარმოებაში არსებულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა მოსამართლის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს. ამასთან, სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების (დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პატიოსნება, ეთიკური ნორმების დაცვა, თანასწორობა, კომპეტენტურობა და გულმოდგინება) მიხედვით, მოსამართლემ თვითაცილება უნდა მოითხოვოს ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისაგან, რომელშიც ობიექტურ დამკვირვებელს შესაძლოა, გაუჩნდეს ეჭვი, რომ მოსამართლეს შეუძლია საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა. სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად განხილვის პრინციპი და შესაბამისად, გარკვეული წინაპირობების არსებობისას საქმის აცილების ვალდებულება წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების შემადგენელ ელემენტსაც, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, მისი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას და მისთვის წაყენებული ნებისმიერი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას საქმე გონივრულ ვადებში, სამართლიანად და საჯაროდ გაარჩიოს კანონის საფუძველზე შექმნილმა დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. მოცემულ შემთხვევაში დ. ბ-ი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რომელიც მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანას განაპირობებდა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა აცილებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობს მითითებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის №... დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე და დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 აგვისტოს №1188 ბრძანება;
7. დ. ბ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დ. ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 550 (100+150+300) ლარის ოდენობით ანაზღაურება;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა