Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1267(კ-25) 18 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. ბ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 3 ნოემბრის №3176 განკარგულება; ბ) დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 3 ნოემბრის №3176 განკარგულება და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი და სამართლებრივად დაუსაბუთებული განჩინების მიღება. სასამართლომ არასწორად დაასაბუთა, თუ რატომ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგო. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია შემდეგ ფაქტობრივი გარემოებები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 1 აპრილის №... წერილობითი მიმართვით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ე. ბ-ის მიერ სააგენტოში წარდგენილი და სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ... ქუჩა №59-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 367 კვ.მ, განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. განმცხადებლის მიერ საქმეზე წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ საკვლევი მიწის ნაკვეთის საზღვრებში 2006 წლის ორთოფოტოზე შენობა-ნაგებობების არსებობის დადასტურება, ორთოფოტოს დაბალი ხარისხისა (გარჩევადობის) და ხშირი მწვანე საფარის გამო, შეუძლებელია. №01/2 შენობა-ნაგებობის ადგილზე 2010 წლის ორთოფოტოზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა, შესაბამისად, აღნიშნული აშენებულია 2010 წელს ან 2010 წლამდე პერიოდში. შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობის (აშენების ზუსტი პერიოდის) დადგენა ორთოფოტოებით შეუძლებელია.

კასატორის განმარტებით, კონკრეტულ პერიოდში არსებული უძრავი ქონების ობიექტური რეალობის ამსახველ მტკიცებულებას წარმოადგენს ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ობიექტურად განისაზღვროს დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა, კერძოდ, დადგინდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და შემოწმდეს დროში მისი განვითარება. ამგვარი ტექნოლოგიური საშუალებები გამორიცხავს სხვა მტკიცებულებებით იმ გარემოების დადგენის საშუალებას, რაც კონკრეტული, ობიექტური ფაქტების განმსაზღვრელი მტკიცებულებით დადასტურებას ექვემდებარება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაზიარება, ვინაიდან ხსენებული დასკვნა არათუ ადასტურებს მოცემულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის არსებობას კანონის ამოქმედებამდე, არამედ აღნიშნავს შემდეგს - „შენობა-ნაგებობის“ ან საძირკვლის ხანდაზმულობის დადგენა, რომ აშენებულია 2007 წლამდე, ორთოფოტოებით შეუძლებელია“. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ კომისიას ადგილზე გასვლით, მეზობლების გამოკითხვითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში შესწავლის საფუძველზე, ჰქონდა საპირისპიროს დადგენის შესაძლებლობა.

კასატორის განმარტებით, სხვა საკანონმდებლო მოწესრიგებასთან ერთად ასევე არსებითი ხასიათისაა იმ ფაქტის დადასტურება, რომ განმცხადებელი უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს დაეუფლა კანონის ამოქმედებამდე და მას დაუფლებიდან აღიარების მოთხოვნამდე უწყვეტად ფლობს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს მოსარჩელე მხარის საქალაქო სასამართლოში გაკეთებული ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი დროის გარკვეულ მონაკვეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სხვადასხვა ადგილას (დიდი ლილო, გორის რაიონი და სხვა) და მხოლოდ 2017 წელს დაბრუნდა სადაო ტერიტორიაზე.

კასატორის განმარტებით, სადავო დადგენილება გამოცემულია 2023 წლის 3 ნოემბერს, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2023 წლის 16 ოქტომბერს გამართული სხდომის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი არ იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 11 ოქტომბრის მიმართვაში მოცემული ინფორმაცია. აღნიშნული მტკიცებულებები შეიძლება გახდეს კომისიისათვის ხელახალი მიმართვის საფუძველი და არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს კომისიის მიერ გამოცემულ სადავო აქტის კანონიერებასთან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2021 წლის 17 მარტს ე. ბ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ... ქუჩა №59-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 367 კვ.მ (ს.ფ. 92, 93); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 1 აპრილის №... წერილობითი მიმართვით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ე. ბ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ... ქუჩა №59-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 367 კვ.მ, განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ს.ფ. 81); გ) საქმეში წარმოდგენილია ნ. გ-ის, გ. ა-ისა და გ. ნ-ის 2021 წლის 18 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ მათი მეზობელი, ე. ბ-ი 1984 წლიდან დღემდე ფლობს/სარგებლობს და განაგებს 367 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ... ქუჩა №59-ის მიმდებარედ (ს.ფ. 23); დ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 9 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, საკვლევი მიწის ნაკვეთის საზღვრებში №01/2 შენობა-ნაგებობის ადგილზე 2010 წლის ორთოფოტოზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა, შესაბამისად, აღნიშნული აშენებულია 2010 წელს ან 2010 წლამდე პერიოდში. შენობა-ნაგებობების ან საძირკვლის ხანდაზმულობის დადგენა, რომ აშენებულია 2007 წლამდე, ორთოფოტოებით შეუძლებელია. ამავე დასკვნის თანახმად, მოხდა წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შედარება 2006, 2010 და 2014 წლების ორთოფოტოებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2006 წლის ორთოფოტოზე წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი საკვლევი მიწის ნაკვეთის ფარგლებში, ორთოფოტოს დაბალი ხარისხისა (გარჩევადობის) და ხშირი მწვანე საფარის გამო შენობა-ნაგებობების არსებობის დადასტურება შეუძლებელია (ს.ფ. 28-44); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 3 ნოემბრის №3176 განკარგულებით, ე. ბ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისი, ... ქუჩა №59-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 367 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულების თანახმად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ე. ბ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) არ დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა კანონის ამოქმედებამდე (ს.ფ. 18-19).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 3 ნოემბრის №3176 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) არ დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა კანონის ამოქმედებამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის თანახმად, აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამასთანავე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სზაკ-ის 107.2 მუხ.). სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.).

საკასაციო სასამართლო, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებულ დავებთან მიმართებით ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელსაც უკავშირდება მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა-არარსებობის ფაქტის დადასტურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთზე კონკრეტულ პერიოდში უძრავი ქონების არსებობა-არარსებობის ფაქტის დადგენა ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებების - ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მეშვეობით არის შესაძლებელი“ (იხ. სუს-ის 13.12.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-698-698(კ-18)).

საკასაციო სასამართლო, თავის მხრივ, კვლავაც მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და ამავდროულად განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ორთოფოტო არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს კონკრეტულ პერიოდში შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთზე განთავსებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეაფასოს საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები და გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების გათვალისწინებით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო განკარგულებაში მხოლოდ იმ გარემოების მითითება, რომ ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) არ დგინდება მიწის ნაკვეთზე განთავსებულია თუ არა საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა კანონის ამოქმედებამდე, ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმის გარემოებები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 9 ოქტომბრის დასკვნით დადგენილია, რომ მოხდა სადაო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შედარება 2006, 2010 და 2014 წლების ორთოფოტოებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2006 წლის ორთოფოტოზე წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი საკვლევი მიწის ნაკვეთის ფარგლებში, ორთოფოტოს დაბალი ხარისხისა (გარჩევადობის) და ხშირი მწვანე საფარის გამო შენობა-ნაგებობების არსებობის დადასტურება შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შენობა-ნაგებობის არსებობის დადგენის მიზნით ორთოფოტოების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტერიტორიაზე ხშირი მწვანე საფარის არსებობა და ნარგავებით დაფარულ ტერიტორიაზე მხოლოდ ორთოფოტოები ვერ იქნება შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტის დამდგენი მტკიცებულება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) არ დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა კანონის ამოქმედებამდე, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 11 ოქტომბრის წერილი, რომლის თანახმად, მითითებული ტერიტორიის აეროგადაღება, 2007 წლამდე პერიოდში, განხორციელდა 2005 და 2006 წლებში. აღნიშნული წლების ორთოფოტოების ხარისხისა და გაფოთლილი მცენარეულობის გამო, რთულია მითითებულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის იდენტიფიცირება. მათგან, 2005 წლის ორთოფოტოზე შედარებით იკვეთება ნაგებობის მსგავსი კონტური (ს.ფ. 201-202).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007წ.), არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია 2000-2005 წლის ოროფოტოების ექსპერტის დასკვნასთან ერთობლიობაში შეფასება, მით უფრო, რომ 2023 წლის 9 ოქტომბრის ექსპერტის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ 2006 წლის ორთოფოტოს დაბალი ხარისხის (გარჩევადობის) და ხშირი მწვანე საფარის გამო შენობა-ნაგებობის არსებობის დადასტურება შეუძლებელია, რაც სრულებით არ გამორიცხავს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში შესწავლის საფუძველზე საპირისპიროს დადგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 3 ნოემბრის №3176 განკარგულება ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა