საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-54(კს-26) 02 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - რ. ს-რ
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განხილვაში იყო რ. ს-რის სარჩელი მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ, მოსარჩელის საქართველოდან გაძევების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივლისის №MIA 2 24 02158447 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-რის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. სააპელაციო საჩივარში რ. ს-რმა იშუამდგომლა საქმეში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად მისი მეუღლის - თ. ბ-ის ჩაბმის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებით რ. ს-რის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად თ. ბ-ის ჩაბმის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ასევე, 2026 წლის 9 იანვრის განჩინებით რ. ს-რის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება. მხარეებს განემარტათ მითითებული განჩინებების საბოლოო ხასიათი და მათი გასაჩივრების დაუშვებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა რ. ს-რის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ს-რის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სასარჩელო წარმოებით ითხოვდა მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივლისის №MIA 2 24 02158447 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, შესაბამისად, აღნიშნული დავა თავისი შინაარსით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII32 თავით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII32 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21127 მუხლის შესაბამისად რაიონული (საქალაქო) სასამართლო უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უცხოელის სარჩელს განიხილავს და სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კოდექსის 21122 და 21126 მუხლებით დადგენილი წესებით და დადგენილ ვადებში. ამავე კოდექსის 21126 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ამასთან, საერთო სასამართლოების სისტემა სამი ინსტანციის სასამართლოსაგან შედგება („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხ. პირველი პუნქტ.), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს გარკვეული კატეგორიის დავების მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვის შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21126 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.
მოცემულ შემთხვევაში, რ. ს-რი ასაჩივრებს მესამე პირად ჩაბმის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებას. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ განჩინება არ საჩივრდება. მართალია საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (ასკ-ის 16.23 მუხლი), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი. რაც შეეხება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII32 თავით რეგულირებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დავებზე საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დავის კატეგორიის გათვალისწინებით საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების შეზღუდვა არამხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს, რის შესახებაც განმარტებულია აგრეთვე გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებაშიც. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან საკასაციო სასამართლო მოკლებულია მისი განხილვის პროცესუალურ შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 21126 მუხლის მე-5 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ს-რის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე