Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-689(3კ-25) 02 მარტი, 2026 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ. ჯ-ა, ს. მ-ე, გო. ჯ-ა, გუ. ჯ-ა, ნ. ჯ-ა

მოპასუხე - დ. ჯ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ს. მ-ემ და გ. ჯ-ამ 2022 წლის 09 თებერვალს სარჩელით მიმართეს სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და დ. ჯ-ას მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დ. ჯ-ას შორის 2009 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეები უზრუნველყოფილი იქნებოდნენ საცხოვრებელი ფართით. 2023 წლის 23 იანვარს ს. მ-ეის, გ. ჯ-ას, გო. ჯ-ას, გუ. ჯ-ასა და ნ. ჯ-ას მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დ. ჯ-ას მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: 1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №62 განკარგულების ნაწილობრივ, ს. მ-ეისა და გ. ჯ-ას ნაწილში, ბათილად ცნობა; 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დ. ჯ-ას შორის 2009 წლის 04 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების (ქ. სენაკი, ... №..., მე-2 სართული, კორპუსი №..., საკადასტრო კოდი: ...,) ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ, ს. მ-ეისა და გ. ჯ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ნაწილში ბათილად ცნობა; 3. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის №03/25 გადაწყვეტილების (აქტი) საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა; 4. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოხდება მოსარჩელეების ს. მ-ეის, გ. ჯ-ას, გო. ჯ-ას, გუ. ჯ-ასა და ნ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

სარჩელის მიხედვით, 2021 წლის 10 სექტემბერს ს. მ-ემ შეავსო განაცხადი №... საცხოვრებელი ფართის მიღების შესახებ; განცხადებაში დაფიქსირებული ოჯახის წევრები არიან: გ. ჯ-ა, ს. მ-ე, გო. ჯ-ა, გუ. ჯ-ა და ნ. ჯ-ა.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2022 წლის 10 იანვრის №03/25 საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ ს. მ-ე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით ქ.სენაკში, ... №...-ში, მეორე სართულზე მდებარე ბინით, საკადასტრო კოდი ... და განუმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილი პირი/დევნილი ოჯახი ხელმეორედ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას არ ექვემდებარება.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2009 წლის სექტემბერში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს დ. ჯ-ა, რომელიც ასევე რეგისტრირებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ, გ. ჯ-ასა და ს. მ-ეს კი ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელი არ აქვთ მოწერილი და მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და ის, რომ სახელმწიფომ მათ სარგებლობაში და არა საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი ფართი. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ზემოაღნიშნულ ფართში მათ არ უცხოვრიათ, ცხოვრობენ სხვადასხვა ქალაქებში და ბოლო ხუთი წელი ცხოვრობენ ქუთაისში ქირით. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ როგორც დევნილებს სახელმწიფოსგან ეკუთვნით საცხოვრებელი ფართი.

სენაკი რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. მ-ეის, გ. ჯ-ას, ნ. ჯ-ას, გუ. ჯ-ასა და გო. ჯ-ას სარჩელი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, დ. ჯ-ას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემის დავალებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით ს. მ-ეის, გ. ჯ-ას, გო. ჯ-ას, გუ. ჯ-ასა და ნ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ (ს. მ-ეისა და გ. ჯ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დ. ჯ-ას შორის 2009 წლის 04 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების (ქ. სენაკი, ... №..., მე-2 სართული, კორპუსი №..., საკადასტრო კოდი - ...) ნასყიდობის ხელშეკრულება; ნაწილობრივ (ს. მ-ეის და გ. ჯ-ას ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის №03/25 გადაწყვეტილება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების: ს. მ-ეის, გ. ჯ-ას, გო. ჯ-ას, გუ. ჯ-ასა და ნ. ჯ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს მოსარჩელეებისა და მოპასუხე დ. ჯ-ას რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართები იდენტური იყო, ასევე მინიჭებული ჰქონდათ ერთი სარეგისტრაციო ნომერი. კასატორის განმარტებით, 2009 და 2013 წლის დევნილის ანკეტებითაც დასტურდება, რომ ისინი ერთი ოჯახის წევრებს წარმოადგენენ, ასევე გ. ჯ-ას 2013 წლის დევნილის ანკეტაში მითითებულია, რომ უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. ამდენად, ვინაიდან სახელმწიფომ დ. ჯ-ა უზრუნველყო გრძელვადიანი საცხოვრებლით მისი ოჯახის წევრებთან ერთად, არ არსებობს მოსარჩელეების ხელმეორედ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნის ხანდაზმულობას, კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილთათვის ბინების საკუთრებაში გადაცემას წინ უძღოდა მთელი რიგი ღონისძიებები, ასევე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საკასაციო საჩივარს თან ურთავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზიდან ამოღებულ ოჯახის დეკლარაციას და ითხოვს აღნიშნული მტკიცებულების საქმეზე დართვას, რომლითაც დასტურდება, რომ 2008 წლის მდგომარეობით ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ დ. ჯ-ა, გ. ჯ-ა, ს. მ-ე, გო. ჯ-ა და ლ. ჯ-ა, მისამართად კი მითითებულია საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის მისამართი, ამდენად, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელეთა მითითებას იმ საკითხზე, რომ მათთვის უცნობი იყო პრივატიზების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელეთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების წინაპირობები.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს, რომ მოსარჩელეები მოპასუხესთან - დ. ჯ-ასთან ერთად ერთ ოჯახად იყვნენ რეგისტრირებული, ამასთან, ს. მ-ემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2008 წლის 11 ივლისს წარდგენილი განცხადებით პირადად მოითხოვა სადავო ფართში რეგისტრაცია, სადაც ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, შესაბამისად, საცხოვრებლის გადაცემა მოხდა ოჯახისთვის და მოსარჩელეებს ცალკე უძრავი ნივთი ვერ გადაეცემოდათ. ამასთანავე, გასაჩივრებული ხელშეკრულების დადება არ საჭიროებდა მათ თანხმობას, რადგან ხელშეკრულებით მოსარჩელეთა უფლებები არ შეზღუდულა და მათ ვალდებულება არ დაკისრებიათ. საკასაციო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

კასატორი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ სადავო განკარგულება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავს მის ბათილად ცნობას. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოსარჩელეები და მოპასუხე - დ. ჯ-ა ცხოვრობდნენ ერთსა და იმავე მისამართზე, რასაც ადასტურებს მოსარჩელეთა დევნილის ანკეტები, ასევე სადავო განკარგულების გამოცემის დროისთვის გ. ჯ-ას, დ. ჯ-ასა და ს. მ-ეს ჰქონდათ იდენტური სარეგისტრაციო ნომრები - .... აღნიშნულ გარემოებებზე მითითების შედეგად კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სადავო განკარგულების გამოცემისა და ქონების პრივატიზების მომენტისთვის ს. მ-ე და გ. ჯ-ა წარმოადგენდნენ დ. ჯ-ას ოჯახის წევრებს. რაც შეეხება 2009 წლის 4 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებას, კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან ის არ აკისრებს რამე ვალდებულებას მოსარჩელეებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხესთან გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულების მოქმედების მოსარჩელეთა მიმართ გავრცელების კანონიერება იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეები: გ. ჯ-ა, ს. მ-ე, გო. ჯ-ა, გუ. ჯ-ა და ნ. ჯ-ა ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობდნენ და ხელშეკრულების დადების შესახებ წერილობითი თანხმობა არ წარუდგენიათ.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (1996წ.) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დევნილის ერთ-ერთ უფლებას განეკუთვნებოდა სოციალური და სხვა დახმარებების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, დევნილის უფლებები უნდა დაეცვა სახელმწიფოს.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. „სამოქმედო გეგმის“ 2.1.1. პუნქტიდან გამომდინარე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას, სადაც ეს შესაძლებელია, და მათი დევნილი ოჯახებისათვის სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) საკუთრებაში გადაცემას. პირველ ეტაპზე არსებობდა დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ორი კატეგორია: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრები; ბ) ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო შეიძენდა კერძო მესაკუთრეებისაგან და შესთავაზებდა დევნილებს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს მათთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს, 2009-2012 წლებისთვის კი სახელმწიფომ შეიმუშავა დევნილთა განსახლების სპეციალური გეგმა, რომელიც გულისხმობდა დევნილებისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების გადაცემასაც, პრივატიზების გზით. ამასთან, უშუალოდ პრივატიზების პროცესს არეგულირებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს პირდაპირი მიყიდვა. დასახელებული კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. იმავე კანონის 31 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია. ამრიგად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის აუცილებელი იყო პრეზიდენტის განკარგულების გამოცემა, რომლის მიღების შემდეგაც ფორმდებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას კი მხარეებს უნდა დაეცვათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ მოქმედი სპეციალური წესები, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას მესამე პირთა მიმართ აქვს შემზღუდველი ხასიათი, მისი ნამდვილობა და ძალაში შესვლა დამოკიდებულია სწორედ მესამე პირთა ინფორმირებასა და მათ მიერ ხელშეკრულების დადებაზე წერილობითი თანხმობის წარდგენაზე.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ გ. ჯ-ა, ს. მ-ე, გო. ჯ-ა, გუ. ჯ-ა და ნ. ჯ-ა წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს.

საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე, დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში, 2009 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დ. ჯ-ას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, დ. ჯ-ას საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. სენაკში, ... №3, მე-2 სართული, კორპუსი №..., ფართი 60,518 მ2. ამასთანავე, დ. ჯ-ამ იკისრა ლ. ჯ-ას, გ. ჯ-ასა და ს. მ-ეის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება. დასახელებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს მხოლოდ დ. ჯ-ა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, სადავო განკარგულების გამოცემის და ხელშეკრულების გაფორმების დროს, დ. ჯ-ას, ს. მ-ეის და გ. ჯ-ას ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. ასევე, ს. მ-ეს და გ. ჯ-ას ოჯახს დღეს უკვე მინიჭებული აქვთ დ. ჯ-ასგან განსხვავებული ოჯახის სარეგისტრაციო ნომერი, რაც ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული პირები ერთიან საოჯახო მეურნეობას არ ეწევიან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეს თან ერთვის 2008 წლის 04 და 28 სექტემბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტები, სადაც ს. მ-ეის, გ. ჯ-ასა და დ. ჯ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - სენაკი, სამხედრო ქალაქი, თუმცა არ არის მითითება ფართის ან ბინის ნომერზე, ხოლო რაც შეეხება 2013 წლის დევნილის ანკეტებს, მოსარჩელეებისა და მოპასუხის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - სამეგრელო-ზემო სვანეთი, სენაკი, კორპუსი №..., ბინა №6, საქმეში ასევე წარმოდგენილია ს. მ-ეის განცხადება, რომლითაც 2008 წლის 03 ივლისს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოახსენა, რომ 2007 წლის ნოემბრიდან ცხოვრობს ქ. სენაკი, 19 ...ში, აღრიცხვაზე იმყოფება ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №...-ში და ითხოვა ქ. სენაკი, ...ში რეგისტრაცია ოჯახთან ერთად. 2008 წლის 03 ივნისს შპს „კ...ის“ მიერ გაცემული №31 ცნობის თანახმად ს. ა.-ს ასული მ-ე ნამდვილად ცხოვრობდა ქ. სენაკის, ...ში. გააჩნდა საცხოვრებელი ფართი სახლი №..., ოთახი №7-ში. ამდენად, ს. მ-ეის შემთხვევაში, არც სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდე და არც შემდეგ, მიუხედავად იმისა, ემთხვეოდა თუ არა მისი დროებითი რეგისტრაციის მისამართი თუ ოჯახის სარეგისტრაციო ნომერი დ. ჯ-ასას, მითითებული არ არის, რომ იგი ცხოვრობს სახელმწიფოსგან გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში გადაცემულ ფართში, პირიქით, დევნილის ანკეტაში ხაზგასმულია, რომ საცხოვრებელი მისამართი, სადაც ს. მ-ე ცხოვრობს მას არ ეკუთვნის, იგი ცხოვრობს დევნილთა ჩასახლებაში და ელოდება სახელმწიფოსგან ფართით დაკმაყოფილებას.

დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა, სადავო ხელშეკრულების კანონიერების შემოწმებისას, აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება, მართალია, მოსარჩელეებს ანიჭებს გარკვეულ უფლებას - გათვალისწინებულია მათ მიერ ხელშეკრულებაში მითითებული საცხოვრებლით სარგებლობის უფლება, თუმცა იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა, როგორც დევნილებმა, დაკარგეს შესაძლებლობა, მოეთხოვათ სხვა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამრიგად, მოსარჩელეთა ხელშეკრულების დადების თაობაზე ინფორმირებას, პირობების გაცნობასა და მათი მოსაზრების მოსმენას საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და მათგან წერილობითი თანხმობის მიღება სავალდებულო ხასიათს ატარებდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ისინი მოპასუხე დ. ჯ-ასთან ერთად ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ. სწორედ ამიტომ, ვინაიდან პრეზიდენტის განკარგულება გამოცემულია და ხელშეკრულება დადებულია მოსარჩელეთა სავალდებულო თანხმობის გარეშე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ხელშეკრულება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი მოსარჩელეთა ნაწილში.

რაც შეეხება კასატორთა მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 22-ე მუხლის მეორე პუნქტის, ისე მოქმედი რედაქციის 65 მუხლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო მანამდე, სანამ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის №03/25 გადაწყვეტილებით (აქტით) უარი არ ეთქვა ს. მ-ეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე დაკმაყოფილებული იყო საცხოვრებელი ფართით, მოპასუხეებმა კი ვერ წარმოადგინეს განკარგულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელე მხარისათვის ოფიციალური გაცნობის დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტაცია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

საგულისხმოა, რომ იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმარტება გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-1143(2კ-19) და 2020 წლის 5 მარტის №ბს-1271(2კ-19) განჩინებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შუამდგომლობას საქმეზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საინფორმაციო პორტალიდან“ მოპოვებული ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალების დართვის თაობაზე და დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამდენად, საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს დაუშვებელია ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები დაუბრუნდეს მხარეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება;

3. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მტკიცებულებები (საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) დაუბრუნდეს მხარეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

თ. ზამბახიძე