Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1314 (კ-25) 12 მარტი, 2026 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.06.2025 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადების განხილვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ. გ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 26.02.2024 წლის N1000931489 გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 26.02.2024 წლის N01/43070 მიმართვა; დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 03.06.2025 წელს გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 26.02.2024 წლის N1000931489 გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 26.02.2024 წლის N01/43070 გადაწყვეტილება (მიმართვა) და დაევალოს სააგენტოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე მოსარჩელის განცხადების განხილვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.06.2025 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე სააგენტოს 26.02.2024 წლის N1000931489 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 26.02.2024 წლის N01/43070 მიმართვა; სააგენტოს დაევალა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე მოსარჩელის განცხადების განხილვა.

გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

5.1. სააგენტოს 30.01.2024 წლის N1000931489/7 გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე მოსარჩელის 29.01.2024 წლის N1000931489 განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ წარმოსადგენი იყო საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის (მოქალაქეობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელეს დაევალა: ა) ხარვეზის წერილით დადგენილი დოკუმენტის წარდგენა. ბ) მოსარჩელეს „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 16.02.2024 წლის ჩათვლით. აქვე განიმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტის დადგენილ ვადაში წარუდენლობის შემთხვევაში, სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 83-ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად მიიღებდა გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (ს.ფ. 94).

5.2. სააგენტოს 26.02.2024 წლის N 1000931489 გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველი დარჩა მოსარჩელის 29.01.2024 წლის N1000931489 განცხადება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე (ს.ფ. 21).

5.3. სააგენტოს 26.02.2024 წლის N01/43070 მიმართვით მოსარჩელის წარმომადგენელს N18836 წერილის პასუხად ეცნობა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 302-ე მუხლისა და მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის N2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების 50-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევიან 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ორგანული კანონის მე-10 მუხლისა და ზემოაღნიშნული დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს, თუ მისი დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე N1000931489 წარმოდგენილი და სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული დოკუმენტებით მოსარჩელე არ ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ (ს.ფ. 22).

5.4. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ორგანული კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 15.08.2018 წლამდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 31.12.2024 წლამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

5.5. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის N2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად, იმ პირების გარდა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამავე დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს, თუ მისი დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა.

5.6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, რომლის მოპოვება და სრულყოფილი გამოკვლევა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე 05.02.2024 წელს წარდგენილ N18836 განცხადებაში მიუთითებდა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე იგი ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობაც განსაზღვრავდა მის მოქალაქეობას.

5.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელის დაბადების მოწმობაზე (N...), რომლითაც ირკვევა, რომ მისი დაბადების თარიღია ... წელი, დაბადების ადგილი - საქართველო, ოზურგეთი, მშობლები: მამა -ა. გ-ი, პირადი ნომრით N..., დედა - მ. ა-ე - პირადი ნომრით ... . საქმეში ასევე დაცულია მოსარჩელის დედის - მ. ა-ის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც გაცემულია 09.08.2023 წელს. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 12.09.2011 წლის N509 ბრძანებულებით მოსარჩელის დედას - მ. ა-ეს შეუწყდა და მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. მითითებული გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიზანშეუწონლად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზოგად ნორმაზე დაყრდნობით განმცხადებლისათვის ხარვეზის დადგენა და ფორმალური მიდგომის გამოყენებით განცხადების განუხილველად დატოვება. სასამარეთლოს განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააგენტოს 26.02.2024 წლის N1000931489 გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ემსჯელა არა დადგენილ ვადაში დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის საფუძვლით განცხადების განუხილველად დატოვებაზე, არამედ წარდგენილი დოკუმენტაციის შინაარსობრივი შემოწმებისა და დაინტერესებული პირის მოთხოვნასთან მათი შესაბამისობის დადგენით საკითხის გადაწყვეტაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტომ N1000931489 გადაწყვეტილების მიღების დღესვე, 26.02.2024 წელს, N01/43070 მიმართვით, დადგენილი გარემოებების შეფასებისა და არსებითად განხილვის გარეშე განუმარტა მოსარჩელეს, რომ იგი არ ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ.

5.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, რომ სპეციალური კანონითა და დებულებით დეტალურადაა გაწერილი როგორც განცხადების განუხილველად დატოვების, ასევე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სზაკ-ის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვება და საქმის გარემოებების შეფასების გარეშე გადაწყვეტილების მიღება, არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და სცდება კანონით განსაზღვრულ მიზანს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არსებითად იმსჯელოს წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, ბათილად ცნო სააგენტოს 26.02.2024 წლის N1000931489 გადაწყვეტილება, 26.02.2024 წლის N01/43070 მიმართვა და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის განცხადების განხილვა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

9. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება.

10. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის განსაკუთრებული პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალურ-კულტურული კავშირი. იგი არის ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ინდივიდის სრულყოფილი ინტეგრაციის ერთგვარი გამოხატულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.03.2025 წლის გადაწყვეტილება, საქმე №3/3/1601, II-17). ცალკეულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა განსხვავდება უცხოელის მდგომარეობისაგან, რაც განპირობებულია ამ ურთიერთობისა და თავად მოქალაქეობის ბუნებით. საქართველოს კონსტიტუციის რიგი დებულებები მიუთითებს, რომ ესა თუ ის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის გადაწყვეტილება, საქმე №2/9/810,927, II-10).

11. მართალია, მოქალაქეობის უფლება, როგორც ასეთი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით არ არის გარანტირებული (შდრ. Usmanov v. Russia, 22.12.2020, №43936/18, §53,), თუმცა გარკვეული გარემოებების არსებობისას მოქალაქეობაზე თვითნებურად უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა (შდრ. Genoveze v. Malta, 11.10.2011, №53124/09, §30) (სუსგ №ბს-808 (კ-25), 22.12.2025წ.).

12. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში „ორგანული კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 21​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. მითითებული სამართლებრივი დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, თუმცა გამონაკლისის სახით არსებობს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (შდრ. სუსგ №ბს-534 (კ-25), 23.07.2025წ.).

13. ორგანული კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით), საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ისარგებლა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და ორგანული კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართა უფლებამოსილ ორგანოს.

15. მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი არ იყო მისი საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. სააგენტოს 26.02.2024 წლის გადაწყვეტილება, ს.ფ.21). ამასთან, მოსარჩელეს წერილობით განემარტა, რომ ორგანული კანონის 302 მუხლისა და მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის N2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევიან 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ხოლო ორგანული კანონის მე-10 მუხლისა და ზემოაღნიშნული დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს, თუ მისი დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეცნობა, რომ წარდგენილი და სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში დაცული დოკუმენტების საფუძველზე იგი არ ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ (იხ. სააგენტოს 26.02.2024 წლის მიმართვა, ს.ფ. 22).

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ: მოსარჩელის დაბადების მოწმობის (N...) შესაბამისად, მოსარჩელის დაბადების თარიღია ... წელი, დაბადების ადგილი - საქართველო, ოზურგეთი, მშობლები: მამა ა. გ-ი, პირადი ნომრით N..., დედა მ. ა-ე, პირადი ნომრით ... (ს.ფ. 23). საქმეში ასევე დაცულია მოსარჩელის დედის - მ. ა-ის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც გაცემულია 09.08.2023 წელს (ს.ფ. 28), თუმცა საქართველოს პრეზიდენტის 12.09.2011 წლის N509 ბრძანებულებით დგინდება, რომ მოსარჩელის დედას - მ. ა-ეს 12.09.2011 წელს შეუწყდა და ამავე დღეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა (ს.ფ. 149,150).

17. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, რომლის მოპოვება და სრულყოფილი გამოკვლევა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სააგენტოსთვის წარდგენილ N18836 განცხადებაში მიუთითებდა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე იგი ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ და ამასთან, დღეს მოქმედი კანონმდებლობაც განსაზღვრავდა მის მოქალაქეობას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოთდასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე მართებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობის მოტივით მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვება არამართლზომიერი იყო და მოპასუხეს უნდა ემსჯელა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადების საფუძვლიანობაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სააგენტოს 26.02.2024 წლის N1000931489 გადაწყვეტილება, ასევე 26.02.2024 წლის N01/43070 მიმართვა და დაავალა მოპასუხეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე მოსარჩელის განცხადების განხილვა.

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას (შდრ. სუსგ Nბს-667 (კ-25), 25.12.2025წ.) ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.06.2025 წლის გადაწყვეტილება.

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ: 202307404) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #21675, გადახდის თარიღი 30.10.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე