საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1076(კ-25) 18 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ც. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ც. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2763 განკარგულება; ბ) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც აღიარებულ იქნება ც. კ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... დასახლება, 360-ე კილომეტრზე, 125გ-ს მიმდებარედ (ნაკვეთი 124-ის მიმდებარედ) არსებულ მიწის ნაკვეთზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ც. კ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ც. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ც. კ-ის მიერ.
კასატორის განმარტებით, 2013 წელს მ. კ-ისთვის მთლიან ფართობზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ გამხდარა მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის დაუდასტურებლობა, არამედ უარის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მთლიან ფართობზე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მიზანშეუწონელი იყო საკუთრების უფლების აღიარება. ასევე, ც. კ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლი ასევე არ გამხდარა ის ფაქტი, რომ აღნიშნული საკითხი კომისიის მიერ მანამდე უკვე განხილული იყო. შესაბამისად, მიმდინარე საქმისწარმოების პროცესში აღიარების კომისიას უნდა გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი. ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განხილვისას ფორმალურად მიუდგა საკითხს, რამაც განაპირობა საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღება. სადავო განკარგულებაში უარის თქმის საფუძვლად მითითებული არ არის, რომ მოცემულ მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონა (რზ-2) ვრცელდებოდა, რასაც აგრეთვე იზიარებს სასამართლოც და აღნიშნავს, რომ კომისიას აღნიშნულთან დაკავშირებით არც კი უმსჯელია, თუმცა მაინც ასკვნის, რომ დაუშვებელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს, რაც დასტურდება თავად აღიარების კომისიის 2024 წლის 20 დეკემბრის წერილით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღიარების კომისიამ სრულყოფილად შეისწავლოს საქმის მასალები, განკარგულებაში ზუსტად და სრულყოფილად ასახოს, თუ რატომ უთხრა უარი მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე, რათა ნათელი იყოს აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში გაუგებარია, კონკრეტულად რა საფუძვლით უთხრა აღიარების კომისიამ მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი, რადგან განკარგულების მიღების შემდეგ სასამართლო პროცესზე უარის თქმის ისეთ საფუძვლებზე უთითებდა კომისიის წარმომადგენელი, რომელიც განკარგულებაში არ არის ასახული.
კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს აღიარების კომისიის 2024 წლის 20 დეკემბრის №55-01243553459 წერილი. აღნიშნული წერილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2). საქმეში წარმოდგენილია ასევე, მოწმეთა ჩვენებები, გადახდის ქვითრები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 27 აპრილის დასკვნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა 2005 წლამდეა აშენებული.
კასატორის განმარტებით, სასამართლო არასწორად ადგენს, რომ 2010 წლის აეროფოტოგადაღებაზე მიწის ნაკვეთი ცარიელია, მაშინ, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002785223 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე, შპს „...ის“ მიერ მომზადებულ აზომვით ნახაზზე, მიწის ნაკვეთის საზღვრებში 2005, 2006, 2010, 2014 წლების ორთოფოტოებზე 01/1 შენობის ადგილზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა, შესაბამისად, შენობა-ნაგებობა აშენებულია 2005 წლამდე.
კასატორის განმარტებით, სასამართლო არასწორად იზიარებს კომისიის მითითებას, რომ მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეობის საფუძვლით, მიწის ნაკვეთების დაუსრულებელი ათვისება და შემდგომ მასზე საკუთრების უფლების აღიარება. საქმის მასალებითა და აეროფოტოგადაღებებით არ დგინდებოდა საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი მითითებული კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის, რაც თავად განმცხადებელმაც დაადასტურა 2022 წლის 6 ოქტომბერს გამართული კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი 65). მ. კ-ის თავდაპირველი განცხადების განხილვისას, მართალია, საკუთრების უფლების აღიარება, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოიცავდა განსახილველი განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს, თუმცა საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით (1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე), რადგან არ დადგინდა გადაწყვეტილების მიღების დროისათვის (2013 წელი) განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სრულად ფლობისა და სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე პერიოდში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი, გამორიცხავდა ამჟამინდელი მესაკუთრის მიერ მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას. კომისიის აღნიშნული მითითება რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. ც. კ-ე საკუთების უფლების აღიარებას არ ითხოვს მიწის ნაკვეთის მომიჯნავეობის საფუძვლით, არამედ აღნიშნულ ნაკვეთზე დგას შენობა-ნაგებობა, რაც კომისიას საერთოდ არ გამოუკვლევია. ამასთან, მ. კ-ის თავდაპირველი განცხადების განხილვისას, საკუთრების უფლების აღიარება, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოიცავდა ც. კ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსაც. 2013 წლის 7 თებერვალს აღაირების კომისიის №339 ოქმის ჩანაწერის მიხედვით, შესაბამისმა სამსახურმა ადგილზე დაათვალიერა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, სადაც მ. კ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მ. კ-ეს 1000 კვ.მ-ზე ეღიარა საკუთრების უფლება, ვინაიდან ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარება მთლიან ფართობზე. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ რეალურად კომისიამ 2013 წელს დაადგინა კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობის - 3330 კვ.მ-ის ფლობის ფაქტი, თუმცა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარება მთლიან ფართობზე, თუმცა მითითებული არ არის კონკრეტულად რა გარემოების გამო ჩათვალა კომისიამ მიზანშეუწონლად მთლიან ფართობზე საკუთრების უფლების აღიარება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა 2020 წლის 14 იანვრით დათარიღებული მოწმეების ნოტარიულად დამოწმებული ჩვენება, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ ც. კ-ე 1975 წლიდან ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას. სასამართლოს არ შეუფასებია „...ის“ ქვითრები, რომლებიც 2004 წლით თარიღდება, ასევე, 1975-1979 წლებში სამშენებლო მასალის შეძენის ქვითრები. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს, რომ მოსარჩელე 2007 წლამდე ფლობდა ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს და დღემდე ფლობს. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2013 წელს მ. კ-ის მიერ მოთხოვნილი 3330 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოიცავდა სადავო მიწის ნაკვეთსაც. აღნიშნულ 3330 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო და დღესაც არის 2 შენობა-ნაგებობა. ფაქტია, რომ 2013 წელს მ. კ-ეს 3330 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან უღიარეს 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო და დღესაც არის შენობა-ნაგებობა, ც. კ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კი, განთავსებულია მეორე შენობა-ნაგებობა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო განკარგულების გამოცემისას კომისიას არ უმსჯელია მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე და მხოლოდ იმაზე მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი უკვე აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ც. კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2012 წლის 10 აპრილს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №12/50859-7 განცხადებით მიმართა მ. კ-ემ და ქ. თბილისში, ... დასახლება, 360-ე კილომეტრზე, 125გ-ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 3330 კვ.მ-ს. ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 26 აპრილის №299 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების (საკითხი №16) თანახმად, მ. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. 2010 წლის აეროფოტოგადაღებაზე მიწის ნაკვეთი ცარიელია (ს.ფ 76-80); ბ) 2013 წლის 17 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №12/4231-7 განცხადებით მიმართა მ. კ-ემ და ქ. თბილისში, ... დასახლება, 360-ე კილომეტრზე, 125გ-ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 3330 კვ.მ-ს. ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 7 თებერვლის №339 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების (საკითხი №30) თანახმად, აღნიშნული საკითხი კომისიის მიერ ერთხელ უკვე განხილულ იქნა 2012 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №299) და კომისიის მიერ მიღებულია საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამსახურმა ადგილზე დაათვალიერა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, სადაც მ. კ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. კომისიამ დაადგინა, რომ წარდგენილ მიწის ნაკვეთს მინიჭებოდა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო შენობები. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარება მოხდა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარება მთლიან ფართობზე. მიწის ნაკვეთის დანიშნულებაა - არასასოფლო-სამეურნეო. ამდენად, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 7 თებერვლის №339 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების (საკითხი №30) თანახმად, განხილულ მიწის ნაკვეთს (ქ. თბილისში, ... დასახლება, 360-ე კილომეტრზე, 125 გ-ს მიმდებარედ) 1000 კვ.მ-ს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი; საკუთრების უფლება ეღიარა მ. კ-ეს; დადგინდა, რომ საკუთრების უფლების მოწმობა გაიცემოდა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ (ს.ფ 81-84); გ) ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 15/04/2019) დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ... დასახლება, 360-ე კილომეტრზე, 125გ-ს მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1), აღირიცხა მ. კ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საკუთრების უფლების მოწმობა №128, დამოწმების თარიღი: 27/03/2019, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (ს.ფ 69-70); დ) ც. კ-ემ 2019 წლის 29 მაისს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ... დასახლება, 360-ე კილომეტრზე, 125გ-ს მიმდებარედ (ნაკვეთი 124-ის მიმდებარედ) არსებულ 995 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.ფ 63, 64-65); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივნისის №... მიმართვით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაეგზავნა ც. კ-ის განცხადება, ქ. თბილისში, ... დასახლება, 360-ე კილომეტრზე, 125გ-ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ასევე, გადაგზავნილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია (ს.ფ 61); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე განხილულ იქნა ც. კ-ის განცხადება (რეესტრში წარდგენილი 11.06.2019წ.), საკითხი №20. აღნიშნული ოქმის თანახმად, ც. კ-ემ კომისიის წევრის მიერ დასმული შეკითხვების პასუხად განაცხადა, რომ მ. კ-ე მისი ყოფილი მეუღლე იყო. უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დიდი ხანია შემოღობილია, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა ადრე ფარდულივით იყო და ამჟამად კაპიტალური შენობაა, რომლის კედლებიც ბლოკითაა ამოშენებული, საძირკველიც აქვს და მას საცხოვრებელ ფართად იყენებს. მ. კ-ის მიერ აღიარებული და მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთები ერთიან სივრცესა და მიჯნაში არაა განთავსებული, არამედ მავთულბადითაა გამოყოფილი (ს.ფ 52-58); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2763 განკარგულების თანახმად, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე (2019 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივნისის №... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაიგზავნა ც. კ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მისამართი: ქალაქი თბილისი, ... ...ი, №6, დაზუსტებული ფართობი - 1000 კვ.მ, ს/კ ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 995 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება. ამავე განკარგულების თანახმად, ც. კ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 7 თებერვლის №339 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით (საკითხი №30) განხილულ მიწის ნაკვეთს, კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით (საერთო ფართობი 1000 კვ.მ) მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და საკუთრების უფლება ეღიარა მ. კ-ეს. საოქმო ჩანაწერით განისაზღვრა, რომ საკუთრების უფლების მოწმობა გაიცემოდა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ. აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 27 მარტს კომისიის მიერ გაიცა №128 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №... გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა მ. კ-ის საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) განხორციელდა საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაცია, რის შედეგადაც დღევანდელი მდგომარეობით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქალაქი თბილისი, ... ...ი, №6, დაზუსტებული ფართობი - 1000 კვ.მ., ს/კ ...) დარეგისტრირდა დ. კ-ის, ნ. კ-ისა და ც. კ-ის თანასაკუთრების უფლება. დადგინდა, რომ ც. კ-ე წარდგენილი განცხადებით ითხოვდა კომისიის მიერ საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის (საერთო ფართობი 1000 კვ.მ.) მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 995 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებას. კომისიამ აღნიშნა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეობის საფუძვლით, მიწის ნაკვეთების დაუსრულებელი ათვისება და შემდგომ მასზე საკუთრების უფლების აღიარება. საქმის მასალებითა და აეროფოტოგადაღებებით არ დგინდებოდა, საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი მითითებული კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის, რაც თავად განმცხადებელმაც დაადასტურა 2022 წლის 6 ოქტომბერს გამართულ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი №65). გარდა ამისა, მ. კ-ის თავდაპირველი განცხადების განხილვისას, მართალია საკუთრების უფლების აღიარება, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოიცავდა განსახილველი განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს, თუმცა საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით (1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე), რადგან გადაწყვეტილების მიღების დროისათვის (2013 წელი) არ დადგინდა განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სრულად ფლობისა და სარგებლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე პერიოდში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი, გამორიცხავდა ამჟამინდელი მესაკუთრის მიერ მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას (ს.ფ 49-51); თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 10 თებერვლის №67-01200412466 წერილის თანახმად, ქ. თბილისი, ... დასახლება, 360-ე კილომეტრზე, 125გ-ს მიმდებარედ მდებარე 995 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება სარეკრეაციო ზონა (რზ-2) (ს.ფ 60); ი) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 27 აპრილის №002785223 დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე, შპს ,,...ის“ მიერ მომზადებულ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის საზღვრებში 2005, 2006, 2010, 2014 წლების ორთოფოტოებზე №01/1 შენობის ადგილზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა. შესაბამისად, შენობა-ნაგებობა აშენებულია 2005 წლამდე (ს.ფ 124-142).
მოცემულ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქ. თბილისში, ... დასახლება, 360-ე კილომეტრზე, 125გ-ს მიმდებარედ (ნაკვეთი 124-ის მიმდებარედ) არსებულ მიწის ნაკვეთზე ც. კ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ისევ არის განთავსებული. ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითებას, რომ მოსარჩელის ყოფილი მეუღლის მ. კ-ის განცხადება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოიცავდა სადავო მიწის ნაკვეთსაც. თავდაპირველად კომისიამ მიიჩნია, რომ არ დადგინდა განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე პერიოდში, რის გამოც მ. კ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო განმეორებით წარდგენილი განცხადების განხილვისას საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით მხოლოდ 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე. საგულისხმოა, რომ კომისიის მითითებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა ძალაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2024 წლის 20 დეკემბრის №55-01243553459 წერილის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული ახალი მტკიცებულების კვლევა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, სცდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც მითითებული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განჩინება;
3. ც. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.09.2025წ. №29555885937 საგადახდო დავალებით შალვა ხვთისიაშვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. ც. კ-ის შუამდგომლობა მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა