Facebook Twitter

¹ას-1020-1214-08 8 აპრილი, 2009წ

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შპს ,,ფ.” დირექტორი ლ. ლ-ძე(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები--- მ. ც-ძე და ი. ს-უა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

დავის საგანი – მიუღებელი ხელფასის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ. ც-ძემ და ი. ს-უამ, მოპასუხის შპს „ფ.“ და ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამმართველოს წინააღმდეგ და მოითხოვეს 1998 წლიდან მიუღებელი სახელფასო დავალიანების – 2800 ლარისა და უქმე დღეებისათვის – 432 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელეთა განმარტებით, 1996 წელს მოსარჩელეებსა და სამტრედიის სარაიონთაშორისო ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეები იღებდნენ ვალდებულებას შეესრულებინათ სამუშაო, დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პირობებითა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად, ხოლო შპს „ფ.“ იღებდა ვალდებულებას, რომ აანაზღაურებდა შრომას შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მოსარჩელეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულეს, ხოლო მოპასუხე მხარემ, როგორც დამქირავებელმა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და უარი უთხრა მოსარჩელეებს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ისინი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ 1999 წლიდან. შპს „ფ.“ მაშინდელმა დირექტორმა კი თანხების ანაზღაურებაზე უარი განუცხადა, უფრო მეტიც, თავისი 2002 წლის 2 ოქტომბრის ¹20-ე და ¹21-ე ბრძანებებით მთლიანად გააუქმა სამსახური.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული ბრძანებები და აღდგენილ იქნა ლაბორატორიის ფუნქციონირება.

სარჩელით მოსარჩელეებმა მოითხოვეს 1999 წლიდან მიუღებელი ხელფასის მოპასუხეზე დაკისრება მ. ც-ძის სასარგებლოდ 1440 ლარის ოდენობით, ხოლო ი. ს-უას სასარგებლოდ 1440 ლარის ოდენობით. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს უქმე დღეებში მუშაობის საფასურის ანაზღაურება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. ც-ძემ და ი. ს-უამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მ. ც-ძის და ი. ს-უას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1996 წლის 1 აპრილს, ერთის მხრივ სამტრედიის ფსიქონერვოლოგიური დისპანსერსა და მეორეს მხრივ მოსარჩელეებს შორის შედგა უვადო შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თნახმად ხელფასი საბიუჯეტო სახსრებიდან უნდა გამოწერილიყო.

ასევე დადგენილია, რომ 1999 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო პროგრამების დასრულების შემდგომ, შეწყდა ნარკოლოგიური ლაბორატორიის დაფინანსება საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტიდან და 1999 წლის 1 აპრილს შპს „ფ.“ დირექტორის ¹4 ბრძანების საფუძველზე ნარკოლოგიური ლაბორატორია, (სადაც მოსარჩელეები მუშაობდნენ)- სამეურნეო ანგარიშზე გადავიდა.

პალატამ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შრომის ანაზღაურების პიობების შეცვლისა და ახალი პირობების შემოღების თაობაზე ადმინისტრაციამ ერთი თვით ადრე არ აცნობა მოსარჩელეებს.

პალატამ მიიჩნია, რომ რადგან მოსარჩელეები ფაქტობრივად ასრულებდნენ 2002 წლამდე მათზე დაკისრებულ შრომით ვალდებულებებს, სარჩელი საფუძვლიანია (ნაწილობრივ) ხელფასის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ფ.” დირექტორმა ლ. ლ-ძემ.

კასატორის განმარტებით, შპს „ფ.“ მიერ 2006 წლის 15 მარტს გაცემულ ცნობებში მითითებულია, რომ 1997 წლის 1 ნოემბრიდან 1999 წლის 1 აპრილამდე ლაბორატორია ფინანსდებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტიდან. მ. ც-ძისა და ი. ს-უას ხელფასიძ განისაზღვრებოდა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, რომელიც შეადგენდა თვეში საშუალოდ 15 ლარს. შესაბამისად, თვეში საშუალოდ 15 ლარი თითოეულ მათგანს ეძლეოდა იმის გამო, რომ მათ 1997 წლის 1 ნოემბრიდან 1999 წლის 1 აპრილამდე გასწიეს მითითებული თანხის ღირებულების სამუშაო.

კასატორის განმარტებით 1997 წლის 1 ნოემბრიდან 1999 წლის 1 აპრილამდე თითოეული მოსარჩელისათვის თვეში მიცემული საშუალოდ 15 ლარი, ეს იყო გაწეული სამუშაოს მიხედვით გაცემული თანხა. 1997 წლის 1 ნოემბრიდან 1999 წლის 1 აპრილამდე, თითოეულ მათგანს არ ეძლეოდა სარგო თვეში 15 ლარი. ეს არ იყო სარგო, რომელსაც ისინი მიიღებდნენ ყოველთვიურად. საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მ. ც-ძემ და ი. ს-უამ 1999 წლის 1 აპრილიდან 2002 წლის 1 ივნისამდე შპს „ფსიქიატრიაში“ გასწიეს იმ ღირებულების სამუშაო, რომელიც უნდა ანაზღაურდეს თვეში 15 ლარით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარში აპელანტებმა მიუთითეს, რომ მათთვის უცნობი იყო სამეურნეო ანგარიშზე გადასვლის შესახებ, რაც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, თუმცა როგორც ი. ს-უასთან, ასევე მ. ც-ძესთან 1996 წლის 1 აპრილს გაფორმებულ კონტრაქტში არის ი. ს-უასა და მ. ც-ძის ხელმოწერა. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს ეცნობათ შრომის ანაზღაურების პირობების შეცვლისა და ახალი პირობების შემოღების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, მასზე თანდართულ მტკიცებულებას და თვლის, რომ შპს ,,ფ.” დირექტორის ლ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 1996 წლის 1 აპრილს, ერთის მხრივ სამტრედიის ფსიქონერვოლოგიური დისპანსერსა და მეორეს მხრივ მოსარჩელეებს შორის შედგა უვადო შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად ხელფასი საბიუჯეტო სახსრებიდან უნდა გამოწერილიყო.

ასევე დადგენილია, რომ 1999 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო პროგრამების დასრულების შემდგომ, შეწყდა ნარკოლოგიური ლაბორატორიის დაფინანსება საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტიდან და 1999 წლის 1 აპრილს შპს „ფ.“ დირექტორის ¹4 ბრძანების საფუძველზე ნარკოლოგიური ლაბორატორია, (სადაც მოსარჩელეები მუშაობდნენ)სამეურნეო ანგარიშზე გადავიდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მ. ც-ძის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ მან არ იცოდა ორგანიზაციის სამეურნეო ანგარიშზე გადასვლის თაოაბაზე.

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია( შედავება).

კასატორი საკასაციო პრეტენზიად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ც-ძესთან 1996 წლის 1 აპრილს გაფორმებულ კონტრაქტში არის ი. ს-უასა და მ. ც-ძის ხელმოწერა. აღნიშნული კი კასატორის აზრით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს ეცნობათ შრომის ანაზღაურების პირობების შეცვლისა და ახალი პირობების შემოღების თაობაზე.

საკასაციო პალატა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, იზიარებს კასატორის მიერ წამოყენებულ შედავებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. კერძოდ კი მ. ც-ძესთან და ი. ს-უასთან 1996 წლის 1 აპრილს დადებული შრომის კონტრაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული მტკიცებულება სასამართლოს მიერ გამოკვლეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს არ უმსჯელია მითითებულ შრომის ხელშეკრულებაზე. სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ც-ძესა და ს-უასთვის არ შეუტყობინებიათ სამეურნეო ანგარიშზე გადასვლის თაობაზე, რომ სასამართლოში წარგენილი შრომის ხელშეკრულება არ შეუფასებია აღნიშნულ ნორმათა დაცვით.

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს ,,ფ.” დირექტორის ლ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.