#319აგ-15 26 ნოემბერი,2015 წელი
ღ-ე გ, 319აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ღ-ს განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა 2014 წლის 9 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ნ-ა და ბრალდებულ გ. ღ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ. ღ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრაა 5 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 23 აპრილიდან.
2015 წლის 5 აგვისტოს მსჯავრდებულმა გ. ღ-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის მიმართ გამოტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ღ-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია). განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ღ-მ.
2015 წლის 24 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით გ. ღ-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ გ. ღ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ღ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე