Facebook Twitter

#380აგ-15 25 ნოემბერი, 2015 წელი

ბ-ე მ., 380აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ს განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ მ. ბ-ს შორის, რომლის თანახმად, მ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 7000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 20 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის განაჩენით მ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განაჩენითა და 2013 წლის 6 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 9 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 28 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

2015 წლის 5 აგვისტოს მსჯავრდებულმა მ. ბ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: მ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი და 2013 წლის 6 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2014 წლის 20 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული მ. ბ-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ მ. ბ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე