Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1251(კ-24) 14 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ.ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 აგვისტოს №1984 განკარგულება; ბ) დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ... №41, №43-ის მომიჯნავე ტერიტორია, საერთო ფართი - 893.00 კვ.მ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 აგვისტოს №1984 განკარგულება და დაევალა მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორის მითითებით, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ სადაო მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით. ამასთან, მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა. სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან მოწმის ჩვენება ვერბალური ხასიათის მტკიცებულებაა, რომელიც იურიდიულ ფორმას იძენს ნოტარიულად დამოწმებული განცხადების სახით. ამგვარი მტკიცებულებით გადმოიცემა მოწმეთა მიერ სუბიექტური თვალით დანახული რეალობა, რომლის ნამდვილობაც ობიექტურად არსებული გარემოებების ამსახველ, კანონითა და წესით გათვალისწინებული დოკუმენტებით დადგენილ მოცემულობასთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს. მოწმის ჩვენება დამოუკიდებლად, სხვა მტკიცებულებებით გამყარების გარეშე, არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობის ფაქტის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული. ამასთან, საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2020 წლის 16 იანვარს ქ.ჩ-მა განცხადებით (რეგისტრაციის №...) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ... №41 და №43-ის მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართი - 893.00 კვ.მ. განცხადებაზე წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, განცხადება/თანხმობა (ს.ფ. 65-70); ბ) 2020 წლის 16 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება/თანხმობის თანახმად, ზ.ჯ-ე, ე.ა-ი და მ.ფ-ი, როგორც ქ.ჩ-ის მეზობლები, ადასტურებენ, რომ ქ.ჩ-ი 1983 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 893 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ... №41 და №43-ის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულმა პირებმა თანხმობა განაცხადეს, რომ ქ.ჩ-მა მოახდინოს ზემოაღნიშნული ქონების ლეგალიზაცია/რეგისტრაცია/დაკანონება (ს.ფ. 69-70); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 იანვარს №... წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიას ეცნობა, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში ეგზავნებოდათ ქ.ჩ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ...ს ქ. №41 და №43- ის მიმდებარე ტერიტორია (ს.ფ. 62); დ) 2022 წლის 7 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამოსილი პირების მიერ შედგა დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, ქ. თბილისი, ქუჩა ... №41, №43-ის მიმდებარედ ადგილზე გასვლით გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადით და არის ერთიან სივრცეში, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთად. დღეის მდგომარეობით არ არის რაიმე სახის შიდა ტიხარი (ს.ფ. 78-86); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 18 ივლისის №46 სხდომის ოქმით, განმცხადებელს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ მიუთითა, რომ ორთოფოტოებით (აეროგადაღებებით), ფოტოსურათებით და ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, კომისიის მიერ დადგინდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა სხვა დაინტერესებული პირიც. მართალია, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა კომისიამ მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებები არ იძლეოდა ვარაუდის საკმარის საფუძველს, რომ ქ.ჩ-ი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით. კომისიამ ასევე მიუთითა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას (ს.ფ. 57-60, 53-55); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 18 ივლისის №46 სხდომის ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 აგვისტოს №1984 განკარგულებით ქ.ჩ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ქუჩა ... №41 და №43-ის მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართი - 893.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე (ს.ფ. 53-55); ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 თებერვლის №8 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ნ.ხ-ის განცხადება და უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ქუჩა ... №41/43-ის მიმდებარედ, საერთო ფართი - 920 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), არ დასტურდებოდა თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი, ასევე აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს (ს.ფ. 87); თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 19 ივლისის №16-01212003469 წერილის თანახმად, ქ. თბილისი, ქუჩა ... №41 და №43-ის მიმდებარედ 893.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში (ს.ფ. 60); ი) უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ... №41; №43, (საკადასტრო კოდი - №..., ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1024.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - ...; ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1) რეგისტრირებულია ქ.ჩ-ის საკუთრების უფლება (...) (ს.ფ. 19);

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

დადგენილია, რომ ქ.ჩ-ი ითხოვს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ... №41; №43, (ს/კ №..., ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1024.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - ...; ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1) მომიჯნავედ არსებულ 893 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 აგვისტოს №1984 განკარგულებით, 2022 წლის 18 ივლისის №46 სხდომის ოქმის საფუძველზე, ქ.ჩ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ქუჩა ... №41 და №43-ის მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართი - 893.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე შემდეგი საფუძვლებით: ა) ორთოფოტოებით (აეროგადაღებებით), ფოტოსურათებითა და ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე; ბ) მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა სხვა დაინტერესებული პირიც. მართალია, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა კომისიამ მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებები არ იძლეოდა ვარაუდის საკმარის საფუძველს, რომ ქ.ჩ-ი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით; გ) საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის თანახმად, აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესითა და ამ კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სზაკ-ის 107.2 მუხ.). სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტის - მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით კანონის ამოქმედებამდე, განსამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე უტყუარი მტკიცებულება. ამავდროულად, მითითებული არგუმენტის საპირისპიროდ, საქმის მასალებით, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №41 და №43-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადით და არის ერთიან სივრცეში, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთად. დღეის მდგომარეობით არ არის რაიმე სახის შიდა ტიხარი. 2020 წლის 16 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება/თანხმობით ქ.ჩ-ის მეზობლები ადასტურებენ, რომ ქ.ჩ-ი 1983 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 893 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ... №41 და №43-ის მიმდებარე ტერიტორია.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა სხვა დაინტერესებული პირიც, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული არგუმენტი, ცალკე აღებული, დამოუკიდებლად, არ შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადგენისათვის საკმარისი საფუძველი, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 05 თებერვლის №8 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ კომისიის მიერ განხილულ იქნა ნ.ხ-ს განცხადება, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №41/43-ის მიმდებარედ, 920.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ნ.ხ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 87-88). ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ ნ.ხ-ი არის ქ.ჩ-ის დედა, უძრავი ქონება კი, რომლის მომიჯნავედაც ითხოვს მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას, რეგისტრირებული იყო მამის სახელზე და მათ ოჯახს დაკავებული ჰქონდა 1984 წლიდან და დღემდე სარგებლობს ამ ქონებით.

ამდენად, საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია