საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1373(2კ-24) 10 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე დ.ც-ა; მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ.ც-ამ 2024 წლის 26 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 12 აპრილის №0011174 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 ივნისის №791 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ.ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 12 აპრილის №0011174 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 ივნისის №791 ბრძანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე, 94-ე, 101-ე, 123-ე, 131-ე მუხლები და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე ვერ გაიზიარა მუნიციპალიტეტის მერიის ის განმარტება, რომ სადავო აქტებში ასახულ სამართალდარღვევას უნდა მიენიჭოს პრეიუდიციული მნიშვნელობა. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასებისას, ადმინისტრაციული საქმის განმხილველ სასამართლოს არ ზღუდავს ძალაში მყოფი ადმინისტრაციული აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, უფრო მეტიც, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო რიგ შემთხვევებში ვალდებულია მიიღოს ზომები დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით.
საქმის მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ.ც-ა უძრავი ქონების მესაკუთრეა 2020 წლის აგვისტოდან, ხოლო მითითება შედგა ი.ჩ-ის მიმართ 2021 წლის თებერვალს, შესაბამისად მითითებულ პერიოდში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს აწესრიგებდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები“, რომლის 4.4 მუხლის თანახმად, შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას ან/და მშენებლობის შეტყობინებას. შეკეთება ისეთი მშენებლობაა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება შენობა - ნაგებობის იერსახე და მზიდი კონსტრუქციები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში იერსახისა და მზიდი კონსტრუქციების ცვლილების ფაქტი არ დგინდება, რის გამოც მოსაზრება, რომ სადავო აქტებში ასახულ სამართალდარღვევას უნდა მიენიჭოს პრეიუდიციული მნიშვნელობა, უსაფუძვლოდ მიიჩნია.
პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების კანონიერება შედავებულია იმ კუთხით, რომ დადგენილებით პირდაპირ განესაზღვრა დემონტაჟი, ისე რომ არ მომხდარა მისთვის მითითებით დარღვევის აღმოფხვრისათვის ვადის განსაზღვრა, ასევე არ იყო მიწვეული ზეპირ მოსმენაზე. ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ძირითად გამყარებულია იმ არგუმენტით, რომ მოცემულ პირობებში, ვალდებულება ობიექტების დემონტაჟის შესახებ უნდა დაფიქსირებულიყო სწორედ ხსენებული უძრავი ნივთის მესაკუთრის მიმართ, ვინაიდან აღნიშნულ უძრავ ნივთზე არსებობს მისი ფაქტობრივი ბატონობა. დემონტაჟის სხვა პირისთვის დავალების შემთხვევაში ხსენებული დადგენილება აღნიშნულ ნაწილში დარჩებოდა აღუსრულებელი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა. მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები.
სააპელაციო პალატა დემონტაჟის შესახებ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საზომი პროპორციულობის პრინციპია, რომლის თანახმად რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას, ამასთანავე, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უძრავ ქონებაზე არსებული კონსტრუქციების დემონტაჟის პირობებში საფრთხე ექმნება პირის უსაფრთხოებას, რაც ცალსახად გამორიცხავს დემონტაჟის აღსრულების შესაბამისობას საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ნორმებთან, რამდენადაც ზუსტადაც რომ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს კანონმდებლის მიზანს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის არსებული ვითარების ამსახველ ფოტოსურათებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N45-ში (საკადასტრო კოდით...) რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, მოწყობილია აივნისთვის განკუთვნილი მოაჯირი, კერამიკული ფილები, გათბობის აგრეგატი და მისი შესაფუთი კარადა. წარმომადგენლის მსჯელობით, აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელებას ესაჭიროებოდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია შეთანხმებული შეტყობინების - მშენებლობის ნებართვის სახით. შესაბამისად, ის გარემოება რომ აღნიშნული მშენებლობის კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია საქმეში არ არის, წარმომადგენლის მსჯელობით ცალსახად მიუთითებს განხორციელებული მშენებლობის უნებართვო ხასიათზე, რაც მისივე შეფასებით, წარმოადგენს ხსენებულ ობიექტებთან მიმართებით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის, შესაბამისი სუბიექტისთვის აღნიშნული ობიექტების დემონტაჟის დავალების საფუძველს.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ სამშენებლო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესების ერთ - ერთი მიზანია შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების გამოვლენა მათი გამოსწორების მიზნით. ამასთან სამართალდარღვევის გამოსწორება, თავის მხრივ, გულისხმობს მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას. განმარტავს, რომ მითითება წარმოადგენს სამართლებრივ - დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც გამოიცემა დადგენილება. მითითებით მხარეს განესაზღვრება ვადა გარკვეული მოქმედებების განსახორციელებლად და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ გამოიცემა დადგენილება სამართალდამრღვევის მიმართ. თუმცა, უშუალოდ დადგენილებაში, სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვალდებულების ასახვის ნაწილში, ადმინისტრაციული ორგანო ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N45-ში (ს/კ...) რეგისტრირებული იმ უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რომელზეც განხორციელებულია სადავო დადგენილებაში მითითებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, წარმოადგენს დ.ც-ა. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მოცემულ პირობებში, ვალდებულება ობიექტების დემონტაჟის შესახებ უნდა დაფიქსირებულიყო სწორედ უძრავი ნივთის მესაკუთრის მიმართ, ვინაიდან აღნიშნულ უძრავ ნივთზე არსებობს მისი ფაქტობრივი ბატონობა, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ მისი ნების გამოვლენის გარეშე, მხოლოდ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი ვერ მოახდენს ზემოხსენებული უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟს. კასატორი მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 12 აპრილის N001174 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით მასში მითითებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის სხვა პირისთვის დავალების შემთხვევაში ხსენებული დადგენილება აღნიშნულ ნაწილში დარჩებოდა აღუსრულებელი, რაც გამოიწვევდა წარმოშობილი სამართალურთიერთობის არსებობას მოქმედი კანონმდებლობის მიღმა და არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი.
კასატორის მსჯელობით, უნებართვო მშენებლობის ობიექტის დემონტაჟი წარმოადგენს სამართალდარღვევის აღმოფხვრის ერთ - ერთ ფორმას, რომლის მიზანი სამართალდარღვევის აღმოფხვრა და ობიექტის იმ ფორმის შენარჩუნებაა, რომელიც არსებობდა უნებართვო მშენებლობის განხორციელებამდე.
ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მხარეს განემარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ე.წ. "ნახტომისებური კასაციის" ინსტიტუტს, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს სააპელაციო წესით და პირდაპირ საკასაციო სასამართლოსთვის მიმართვა არ დაიშვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე დ.ც-ას სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 12 აპრილის №0011174 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 ივნისის №791 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა.
უპირველესად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი განუხილველად არის დატოვებული და შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების შედეგი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 ივნისის №791 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) კანონიერების შეფასების ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: უძრავი ქონების ნასყიდობის N200567014 ხელშეკრულებით (18.08.2020 წელი) დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N45-ში მდებარე უძრავი ქონება, საცხოვრებელი ფართი 60ბ (სხვენსახურავი) 31.10 კვ.მ ი.ჩ-მა მიჰყიდა დ.ც-ას. დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა 2021 წლის 25 თებერვალს ინსპექტირების შედეგად, გამოავლინეს უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები. დათვალიერების ოქმში უკანონო რეკონსტრუქციის მშენებელ პირად დაფიქსირებულია ი.ჩ-ი, ხოლო მესაკუთრედ - დ.ც-ა. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა №4-6/ო-122-21 დათვალიერების ოქმი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2021 წლის 25 თებერვალს ი.ჩ-ის მიმართ შედგა №001174 მითითება, რომლის თანახმად, ქ.თბილისში, ...ის ქ.N45-ში მოქალაქე დ.ც-ას საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სხვენ სართულის ფასადზე, ი.ჩ-ის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია აივნისთვის განკუთვნილი მოაჯირი, კერამიკული ფილებით, გათბობის აგრეგატი და მისი შესაფუთი კარადა. მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა, განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით, უნებართვოდ წარმოებული ნაწილების დემონტაჟის განსახორციელებლად.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 25 თებერვლის №001174 მითითება, 2021 წლის 2 მარტს ჩაიბარა ი.ჩ-მა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2021 წლის 23 მარტს ი.ჩ-ის მიმართ შედგა №001174 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, 2021 წლის 25 თებერვლის №001174 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ იქნა შესრულებული.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, ი.ჩ-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 7 აპრილს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც ი.ჩ-მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია მის მიერ 2020 წლის 17 აგვისტომდე.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2021 წლის 12 აპრილს მიიღო №001174 დადგენილება, რომლითაც ი.ჩ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N45-ში (საკადასტრო კოდით №...) რეგისტრირებულ ფასადზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აივნისთვის განკუთვნილი მოაჯირის, კერამიკული ფილების, გათბობის აგრეგატისა და მისი შესაფუთი კარადის მოწყობისთვის. ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N45-ში (საკადასტრო კოდით №...) რეგისტრირებული ფართის მესაკუთრეს (დ.ც-ა) დაევალა ფართის ფასადზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამუშაოების დემონტაჟი.
დადგენილია, რომ დ.ც-ამ 2021 წლის 27 აპრილს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 12 აპრილის №001174 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის ბათილად ცნობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 ივნისის №791 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა დ.ც-ას ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 12 აპრილის №001174 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი.
საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 93-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, შენობა - ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, I კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. II−IV კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას. კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება; ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ხოლო 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის მარტივი შეტყობინებისა და მშენებლობის დეტალური შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა, მისი შინაარსი და მშენებლობის შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტით რეგლამენტირებულია, რომ მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა - ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა - ნაგებობის მახასიათებლებს.
მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, მათ შორის, I კლასის შენობა - ნაგებობის შემთხვევაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემულ შეტყობინებას, სხვა კლასის შენობა - ნაგებობების შემთხვევაში კი - შესაბამის მშენებლობის ნებართვას. შესაბამისად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება უნებართვო მშენებლობას.
მშენებლობის კანონით დადგენილი პროცედურის დარღვევით განხორციელებისას კი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მითითებული კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. თავის მხრივ, მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 12 აპრილის №0011174 დადგენილების თანახმად, ჩადენილია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილს „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ თბილისში, ...ის ქუჩა N45-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე, ი.ჩ-ის მიერ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია აივნისათვის განკუთვნილი მოაჯირი, კერამიკული ფილები, გათბობის აგრეგატი და მისი შესაფუთი კარადა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილს „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის 11−31 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილს „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირისათვის სანქციის დაკისრებისთვის სახეზე უნდა ყოფილიყო უნებართვო მშენებლობა, ხოლო ამავე კოდექსის მესამე მუხლის „ჰ18“ პუნქტის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა - ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში უშუალოდ სამართალდამრღვევის მიერ არ არის შედავებული მის მიმართ შერაცხული ქმედება, დ.ც-ას მიერ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის პირობებშიც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად შეფასდა დემონტაჟის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ მოაჯირის, კერამიკული ფილების, გათბობის აგრეგატის და მისი შესაფუთი კარადის მოწყობა საჭიროებდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მშენებლობის დადასტურებას ან/და ნებართვას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ.ც-ა უძრავი ქონების მესაკუთრეა 2020 წლის აგვისტოდან, ხოლო მითითება შედგა ი.ჩ-ის მიმართ 2021 წლის თებერვალს, შესაბამისად მითითებულ პერიოდში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს აწესრიგებდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობანაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები“, რომლის 4.4 მუხლის თანახმად, შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას ან/და მშენებლობის შეტყობინებას. შეკეთება ისეთი მშენებლობაა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება შენობა - ნაგებობის იერსახე და მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ე) შენობა - ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); განსახილველ შემთხვევაში იერსახისა და მზიდი კონსტრუქციების ცვლილების ფაქტი არ დგინდება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა. პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. გადაწყვეტილების დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღების დროსაც კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 12 აპრილის №0011174 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო მას ვეღარ შეაფასებს. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დადგენილების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის პირობებში, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 ივნისის №791 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი