საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1031(კ-24) 10 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.ხ-ა (ლ.ხ-ას უფლებამონაცვლე)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.ხ-ამ 2020 წლის 17 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 08 მაისის №04/10409 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 01 ივლისიდან 2020 წლის 01 აპრილის ჩათვლით მიუღებელი პენსიის ჩარიცხვის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა №3/4311-20 ადმინისტრაციული საქმეზე წარმოება მოსარჩელის ლ.ხ-ას გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აგვისტოს განჩინებით №3/4311-20 ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა წარმოება; საქმეში მოსარჩელე ლ.ხ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ.ხ-ა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 აგვისტოს განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ.ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 08 მაისის №04/10409 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ლ.ხ-ას 2019 წლის 01 ივლისიდან - 2020 წლის 01 აპრილამდე მიუღებელი კუთვნილი პენსიის გ.ხ-ას სასარგებლოდ ანაზღაურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტით შეიზღუდა ლ.ხ-ას სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება. პენსიის როგორც შეჩერების, ასევე შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენა საჭიროებდა აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით და დაინტერესებული პირის მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღებას წერილობითი სახით და მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობას, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ.ხ-ას 2018 წლის 1 ივლისიდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა, ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვა შეჩერების პერიოდში 2019 წლის 01 ივლისიდან 2020 წლის 1 აპრილამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა ექვემდებარება ანაზღაურებას მოპასუხე მხარის მხრიდან. რაც შეეხება ანაზღაურების სუბიექტს, პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან გარდაცვლილი ლ.ხ-ას პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეა გ.ხ-ა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსათვის განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს გ.ხ-ას სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ პენსიის შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი სახით გამოცემის ვალდებულება სააგენტოს არ გააჩნია. შეჩერება და შეწყვეტა კანონისმიერი საფუძვლებით არ წარმოადგენს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით განსაზღვრულ პირობებში, როდესაც კანონმდებელი ცალსახად არ ადგენს ასეთი გადაწყვეტილებების თაობაზე ბენეფიციართა წინასწარი ინფორმირების ვალდებულებას, ამასთან, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი ფორმით მიღებას არ ითვალისწინებს საპენსიო კანონმდებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ლ.ხ-ას, მის მიერ სახელმწიფო პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო, სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა 2018 წლის 1 ივლისიდან. ლ.ხ-ამ 2020 წლის 30 მარტს სახელმწიფო პენსიის განახლების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2018 წლის ივნისიდან მიუღებელი პენსიის დარიცხვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 8 მაისის N04/10409 გადაწყვეტილებით, ვინაიდან ლ.ხ-ას სახელმწიფო პენსიის განახლების შესახებ სააგენტოსთვის მიმართული ჰქონდა 2020 წლის 30 მარტს, პენსიის გაცემა განახლდა 2020 წლის აპრილიდან, პენსიონერს აუნაზღაურდა 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი, ხოლო რაც შეეხება 2019 წლის 01 ივლისიდან 2020 წლის 01 აპრილამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. პენსიის გაცემის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების ძველ მისამართზე გაგზავნის გამო ჩაუბარებლობის შესახებ ლ.ხ-ას მითითებასთან დაკავშირებით მხარეს დამატებით განემარტა, რომ საკონტაქტო და პირადი მონაცემების ნებისმიერი ცვლილების სააგენტოსთვის მიწოდება სწორედ მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. სარჩელის თანახმად დადგენილია და კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებებს, რომ პენსიის შეჩერების შესახებ შეტყობინება 2018 წლის 2 ივლისს ლ.ხ-ას გაეგზავნა ძველ მისამართზე, შესაბამისად ვერ მოხდა პენსიის შეჩრების შესახებ წერილის ჩაბარება ადრესატისთვის. კასატორი სადავო გადაწყვეტილებაში პენსიონერის პირადი მონაცემების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებას განმარტავს და ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს იმის მიუხედავად, რომ საქმეში წარმოდგენილია ლ.ხ-ას 2017 წლის 19 ოქტომბრის N24647 განცხადება, რომელშიც მითითებულია სწორედ განახლებული მისამართი, აღნიშნული კი, მხედველობაში არ მიუღია სააგენტოს და სამართლებრივი შედეგის მატარებელი დოკუმენტი მხარეს ძველ მისამართზე გაუგზავნა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს არეგულირებს, პენსიის ადმინისტრირების ორგანოს განსაზღვრავს, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს ადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის - 65 წლის ასაკის მიღწევა, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ანალოგიურ დებულებას ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ (დანართი №1) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას. ანალოგიურ დებულებას ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. შეჩერებული პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსია განახლდება და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან („წესის“ მე-20 მუხ. პირვ. პუნქტ.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლით დადგენილია, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების შესაძლებლობა მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობის მატარებელია ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. უფრო მეტიც, მოპასუხეს საერთოდ არ წარმოუდგენია ამგვარი გადაწყვეტილება. პენსიის შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძვლების სახით პენსიონერის მიმართ ფაქტობრივი გარემოებების წარმოშობა, პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და მათი ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის გარეშე, დამოუკიდებლად ვერ განაპირობებს პენსიონერის მიმართ სამართლებრივი შედეგის - პენსიის შეჩერების დადგომას. მხოლოდ ის გარემოება, რომ პენსიის შეჩერების გადაწყვეტილებას საფუძვლად კანონით გათვალისწინებული ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი დაედო, რაც მართლაც იწვევს დამდგარ შედეგს, არ შეიძლება განხილულ იქნეს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევის საკმარის სამართლებრივ საფუძვლად. პენსიის შეჩერების საფუძვლის არსებობა თავისთავად არ ადასტურებს გასაცემლის შეჩერებას, არამედ, შეჩერება საჭიროებს აღნიშნულის თაობაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისათვის შეტყობინებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარების მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ადრესატს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, საწინააღმდეგოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურდებს.
ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა ადრესატისათვის მის გაცნობაზეა დამოკიდებული. საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა ხანდაზმულ პირს არ ავალდებულებს ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიის მიღებას. პენსიონერს უფლება აქვს, ერთიანად აიღოს და ისარგებლოს რამდენიმე თვის გასაცემლით. ამგვარი მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის შეჩერების გადაწყვეტილების გამოცემის და მისი ადრესატისათვის ჩაბარების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი წესით გაცნობის საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება პირის სოციალური გარანტიების დაცვის კუთხით, რამდენადაც პირის ინფორმირებულობა ასეთ პირობებში არსებით გავლენას ახდენს მის მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ მოქმედებებზე. ამგვარი აქტის აღსრულების პირობებში, მიუღებელი საპენსიო გასაცემლების მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის მნიშვნელოვანია აღსრულების შესახებ პირის ინფორმირებულობის საკითხი, კერძოდ, ის, თუ რამდენად იცოდა პირმა ან შეიძლება სცოდნოდა მას ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ (იხ. სუსგ 2018 წლის 27 დეკემბრის საქმე ბს-798(კ-18)). ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაძიებელსა/პენსიონერსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, საქმის მასალებით არ იკვეთება სააგენტოს მცდელობა, დოკუმენტის მატერიალური ფორმით მისამართზე ჩაუბარებლობის პირობებში, სატელეფონო ან ელექტრონული ფორმით მოეხდინა კომუნიკაცია ბენეფიციართან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან ლ.ხ-ასთვის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის პირობებში, არ იქნა დაცული საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნები. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს, ასეთი აქტები ძალაში შედის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების დღიდან. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ პენსიის შეჩერების აქტი ადმინისტრაციულ ორგანოს მხარისთვის არ გაუცვნია, არ მომხდარა მისი ძალაში შესვლაც. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეეჩერებინა მისთვის პენსიის დარიცხვა, რომელიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული, რაც ქმნის 2019 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 01 აპრილამდე უკანონოდ შეჩერებული სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების საფუძველს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც 2020 წლის 06 აგვისტოს გარდაცვლილი ლ.ხ-ას უფლბემონაცვლედ დადგენილია მისი პირველი რიგის მემკვიდრე - გ.ხ-ა, ხოლო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, სწორედ გ.ხ-ას უნდა აუნაზღაურდეს აწ გარდაცვლილი ლ.ხ-ას მიუღებელი სახელმწიფო პენსია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი