საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-1005 (კ-24) 22 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ.გ-ემ 09.08.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.06.2023წ. NIDP 0 23 00001399 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე თ.გ-ისა და განაცხადით გათვალისწინებული პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.2024წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ზ.გ-ე და ს.გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.2024წ. გადაწყვეტილებით თ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.06.2023წ. NIDP 0 23 00001399 ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ.გ-ის და განაცხადით გათვალისწინებული პირების ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "დევნილთა შესახებ" კანონის მე-2, მე-4, მე-6, მე-13 მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლზე და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 24.01.2022წ. მდგომარეობით, თ.გ-ის განაცხადი შეფასდა 5.5 ქულით (1,5 ქულა - 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი - 1 წევრი; 1,5 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად; 1.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი; 1,5 ქულა - მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023წ. N30 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ქუთაისში იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით, თ.გ-ეს დედის და ძმის დაკანონებულ ბინაში ცხოვრების გამო, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.06.2023წ. NIDP 0 23 00001399 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023წ. (ოქმი N30) გადაწყვეტილების საფუძველზე თ.გ-ეს და განაცხადით გათვალისწინებულ პირებს უარი ეთქვათ ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის ფაქტი. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შეფასების მიღმა დარჩა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე მარტოხელა დედაა, ზრდის ორ არასრულწლოვანს, მას საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობს დედისა და ძმის თანასაკუთრებაში არსებულ ფართში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტის სააპელაციო პრეტენზია ძირითადად დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ მონიტორინგის ჯგუფს, მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელის დედის ბინაში არ დახვდა თავად მოსარჩელე, რაც აპელანტის მტკიცებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობს დედის საკუთრებაში და იგი ფაქტობრივად ცხოვრობს თბილისში. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებში დაცულ განცხადებებზე, რომლითაც მოსარჩელე მიმართავდა ადმინისტრაციულ ორგანოს და განუმარტავდა, რომ კონკრეტულად მონიტორინგის დღეს, პირადი საჭიროებიდან გამომდინარე იმყოფებოდა თბილისში. ამდენად, ის გარემოება, რომ მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე არ დახვდა თ.გ-ე, პალატის მოსაზრებით, ვერ გახდება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სააპელაციო პალატამ "ბავშვის უფლებათა კონვენციაზე" მითითებით აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვანთა ინტერესები გათვალისწინებულ იქნა იმ მოცულობით რაც სააგენტოს ევალებოდა. კასატორმა მიუთითა, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი მთლიანად საჭიროებებზეა მორგებული. ადმინისტრაციული ორგანო ყველა ფაქტობრივი გარემოების თუ წერილობითი მტკიცებულების შესწავლის საფუძველზე ადგენს საცხოვრებლის პირობებს, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნულის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას. კასატორმა აღნიშნა, რომ 14.03.2022წ. განაცხადის ელექტრონულ ფორმაში მითითებულ მისამართზე (ქ. ქუთაისი, ...ის გამზ. N..., ბინა N...) განხორციელდა ვიზიტი და შეივსო გასაუბრების ოქმი. განმაცხადებელი მისამართზე არ იმყოფებოდა. მონტორინგის ჯგუფს სახლში დახვდა მოსარჩელის დედა - ნ.გ-ე, რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილი იმყოფებოდა თბილისში. 17.03.2022წ. კიდევ ერთხელ განხორციელდა მონიტორინგი მითითებულ მისამართზე, თუმცა მოსარჩელე იქ არ იმყოფებოდა. დედის განმარტებით თ.გ-ე შვილებთან ერთად წასული იყო თბილისში სამკურნალოდ. 31.03.2022წ. განხორციელდა დამატებითი ვიზიტი მონიტორინგის მისამართზე და შეივსო შესაბამისი ფორმა. მოსარჩელის განმარტებით ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 2022 წლის თებერვლის თვიდან. 2020-2022 წლებში ცხოვრობდა ქუთაისში, ყოფ. ...ოს შენობაში, ხოლო 1997-2020 წლებში ცხოვრობდა რუსეთში. მოსარჩელესთან ერთად მისამართზე იმყოფებოდა დედა - ნ.გ-ე, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს ზემოაღნიშნული ბინა. შვილებთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ იმყოფებოდნენ თბილისში. კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში, ...ის გამზ. ...-ში, მეორე სართულზე მდებარე ბინა N.... თ.გ-ის ოჯახს სახელმწიფომ დაუკანონა, კერძოდ, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) საკითხების განმხილველი კომისიის 08.07.2015წ. (ოქმი N16) გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ბინა თანასაკუთრებაში გადაეცათ ა.გ-ეს, გ.გ-ეს, ე.გ-ეს, თ.გ-ეს და ნ.გ-ეს (მოსარჩელის დედა). 05.02.2023წ. მონიტორინგის მისამართზე კვლავ განხორციელდა ვიზიტი. მისამართზე იმყოფებოდა მოსარჩელის დედა, მამა და ძმა. დედის განმარტებით მოსარჩელე იმყოფებოდა თბილისში, ხოლო მის მეუღლესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ. კასატორმა მიუთითა, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, რომელმაც არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო. კასატორი თვლის, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება არის კანონიერი და დასაბუთებული, შესაბამისად, სახეზე არ არის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელე თ.გ-ე და მისი არასრულწლოვანი შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. თ.გ-ეს დადგენილი აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ის გამზ. N...-ში მდებარე N... ბინაში. თ.გ-ემ 24.09.2021წ. შვილებთან, ზ.გ-ესთან (დაბ.: ... ... ...წ.) და ს.გ-ესთან (დაბ.: ... ... ...წ.) ერთად შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად თ.გ-ის ოჯახი შეფასდა 5.5 ქულით (1,5 ქულა - 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი - 1 წევრი; 1,5 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად; 1.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი; 1,5 ქულა - მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023წ. N30 სხდომის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა თ.გ-ეს. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა დედის და ძმის დაკანონებულ ბინაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.06.2023წ. NIDP 0 23 00001399 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023წ. (ოქმი N30) გადაწყვეტილების საფუძველზე თ.გ-ეს ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას თ.გ-ის საკუთრებაში არ ყოფილა რეგისტრირებული რაიმე სახის უძრავი ქონება. მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად ფიქსირდება ქ. ქუთაისში, ...ის გამზ. N...-ში მდებარე ბინა N..., რომელიც საქმის მასალების თანახმად წარმოადგენს თ.გ-ის დედის თანასაკუთრებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ბინა თ.გ-ის ოჯახს დაუკანონდა, თავადვე მიუთითებს ოჯახის წევრებს, რომელთაც თანასაკუთრებაში გადაეცათ ზემოაღნიშნული ფართი, თუმცა თ.გ-ე მათ შორის არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების თანახმად, თ.გ-ეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. ამასთან, თავად კასატორი მიუთითებს, რომ თ.გ-ის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის, მიმართ არსებობს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, თუმცა განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ცხოვრობს დედის და ძმის დაკანონებულ ბინაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუსგ 18.03.2020წ. №ბს-156(კ-20)). აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 5,5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელეს მიენიჭა ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად ცხოვრების კრიტერიუმის გამო. უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იძულებულია დროებით იცხოვროს სხვის საკუთრებაში არსებულ სახლში - არ წარმოადგენს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არის მარტოხელა დედა, რომელიც განაცხადს აკეთებს ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. საკასაციო პალატა "ბავშვის უფლებათა კოდექსის" მე-3 მუხლის "თ" ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნების განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ.გ-ის ოჯახისათვის (განაცხადით გათვალისწინებული პირებისათვის) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი