Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-107(კ-25) 21 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შ.ბ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ.ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის №IDP 3 23 00000294 ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შ.ბ-ის ოჯახის, ...ის მუნიციპალიტეტში, გრძევლადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის №IDP 3 23 00000294 ბრძანება, „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ.ბ-ის ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) ...ის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. თითოეული დევნილი ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად იხილავს სააგენტო და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების და წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე - შ.ბ-ემ 2022 შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. განაცხადის დამუშავების შედეგად ოჯახს მიენიჭა 6.5 ქულა. განაცხადის ელექტრონული ფორმიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე, ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი. განაცხადს აკეთებს მეუღლესთან და ერთ შვილთან ერთად. აპლიკაციაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე ქ. ..., ...ის ქ. №..., ბინა №... (დევნილთა დასახლება) 2022 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელს ადგილზე დახვდა მხოლოდ მოსარჩელის ძმა - ე.ბ-ე და მისი მეუღლე ნ.ბ-ე. მათი განმარტებით, მოსარჩელე ერთი კვირაა არ იმყოფება მონიტორინგის მისამართზე და მეუღლესთან ერთად ნათესავებთან არის ქ. თბილისში (ზუსტი მისამართი არ იციან). განაცხადში შეყვანილი შვილი - ფ.ბ-ე იმყოფება რუსეთის ფედერაციაში შვილებთან ერთად, ხოლო მეორე შვილი - ი.ბ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში. განაცხადში მითითებული ნომერი ეკუთვნის ძმას - ე.ბ-ეს, რომელიც განმცხადებელს და მისი ოჯახის წევრებს არ დაუკავშირდა და განაცხადა, რომ 3 დღეში იქნებიან მონიტორინგის მისამართზე. მითითებულ მისამართზე მეზობლებთანაც მოხდა მოსარჩელის მოკითხვა, რომლებმაც განმარტეს, რომ შ.ბ-ეს არ იცნობდნენ, ხოლო ზემოაღნიშნულ მისამართზე კი, ცხოვრობს ე.ბ-ე. 2022 წლის 3 დეკემბერს მისამართზე ქ. ..., ...ის ქ. №31, განხორციელდა მონიტორინგი. განმცხადებელი ადგილზე მივიდა სატელეფონო საუბრის შემდეგ. როგორც მან განმარტა ძმასთან - ე.ბ-ესთან ცხოვრობს 2022 წლის მაისიდან. მანამდე ცხოვრობდა რუსეთში. მონიტორინგის მისამართზე სახლის მესაკუთრე არის მოსარჩელის ცოლის ძმა - ლ.ხ-ა. შვილები ცხოვრობენ ქ. თბილსში. მოსარჩელის განმარტებით ის და მისი მეუღლე დროებით ცხოვრობენ ცოლის ძმის საკუთრებაში, ვინაიდან ე.ბ-ის მისამართზე, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობს გამო ცხოვრება შეუძლებელია. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, რომელმაც 2022 წლის 23 დეკემბერს (ოქმი №...) იმსჯელა აღნიშნულ საკითზე და გადაწყვიტა არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით იმ საფუძველზე მითითებით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს ქირის გარეშე ცხოვრების გამო.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება მოსარჩელისათვის მინიჭებულ მაღალ ქულასთან (6.5) დაკავშირებით, ვინაიდან გარდა ქულისა, ასევე მნიშვნელოვანია სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება და მხედველობაში მიღება, როგორც მოხდა შ.ბ-ის შემთხვევაში. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის მიზეზი. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება ის ფაქტიც, რომ სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) შ.ბ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დევნილის №... მოწმობაში იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია აფხაზეთი, ოჩამჩირე, ს. ..., ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია იმერეთი, ქ. ... (ს.ფ. 16); ბ) შ.ბ-ემ 2022 წლის 20 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. განაცხადში შ.ბ-ესთან ერთად მითითებული არიან დარეჯან ხვიჩია (მეუღლე) და ფ.ბ-ე (შვილი) (ს.ფ. 46-47); გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2022 წლის მდგომარებით, ოჯახი შეფასდა 6.5 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები 3 წევრი - 2,50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობელის ოჯახთან ერთად - 1,50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1,0 ქულა; ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი - 1,5 ქულა). ელექტრონული ფორმაში აღნიშნულია, რომ შ.ბ-ეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე, ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი, განაცხადს აკეთებს მეუღლესთან და ერთ შვილთან ერთად (ს.ფ. 45); დ) 2022 წლის 30 ნოემბრის გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ. ..., ...ის ქ. №1-ში მდებარე დევნილთა ჩასახლებაში განხორციელებული ვიზიტისას მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა მოსარჩელის ძმა - ე.ბ-ე, მეუღლესთან ნ.ბ-ესთან ერთად, რომელთა განმარტებითაც, მოსარჩელე შ.ბ-ე მეუღლესთან ერთად დროებით იმყოფებოდა ქალაქ თბილისში, ნათესავთან (ს.ფ. 63); ე) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, 2022 წლის 3 დეკემბერს ვიზიტი განხორციელდა მისამართზე ქ. ..., ...ის ქ. №31, მოსარჩელის ცოლის ძმის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც მოსარჩელე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა დროებით, ძმის - ე.ბ-ის სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ შ.ბ-ე 1993 წლიდან 2012 წლამდე ცხოვრობდა ქ. ...ში, ... ,,...ში’’, 2012 წლიდან 2022 წლამდე რუსეთში, ...ის მხარე სოფ. ..., 2022 წლის მაისის თვიდან ცხოვრობს ძმასთან - ე.ბ-ის საკუთრებაში (ს.ფ. 59-62); ვ) 2020 წლის 24 სექტემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონების მდებარე ქ. ..., ...ის ქ. №31, ს.კ. ..., მესაკუთრეა ლ.ხ-ა (ს.ფ. 74); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 29 ნოემბრის №... წერილის თანახმად, წერილის მომზადების მომენტისათვის შ.ბ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 110); თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის №97 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა ...ის მუნიციპალიტეტის - ...ის დასახლებაში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში, იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით, შ.ბ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს ქირის გარეშე ცხოვრების გამო (ს.ფ. 65-69); ი) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის №IDP 3 23 00000294 ბრძანებით შ.ბ-ის ოჯახს (განცხადებაში გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე უარი ეთქვა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, ...ის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ. 70);

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) შესაბამისად. „წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ბრძანების დანართი №7 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №8 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავენ კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. „წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია) („წესის“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი).

„წესით“ განსაზღვრულია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების დამუშავების სრული პროცედურა, რაც მოიცავს: განცხადების მიღებას, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით. აღნიშნულის შემდგომ, მონიტორინგის დეპარტამენტი ახდენს კომისიის მიერ გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №5) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ ამ დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. დამუშავებული მასალები გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით („წესის“ მე-3 მუხლის მე-5-მე-8 პუნქტები).

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ქირის გარეშე ცხოვრების გამო განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობა იყო. საქმეში დაცული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, მოსარჩელის განაცხადი 2022 წლის მდგომარებით, შეფასდა 6.5 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები 3 წევრი - 2,50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობელის ოჯახთან ერთად - 1,50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1,0 ქულა; ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი - 1,5 ქულა). ამასთანავე, მოსარჩელის სახელზე 2023 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ ირიცხებოდა.

საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არ აქვს რაიმე სახის უძრავი ქონება და არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იძულებულია დროებით, ქირის გარეშე იცხოვროს სხვის საკუთრებაში არსებულ სახლში - არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-156(კ-20)).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია