საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1074(კ-24) 21 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ.გ-ე, მესამე პირი - გ.გ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №MIA 7 23 01418913 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 აგვისტოს №... ექსპერტიზის დასკვნისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის კანონიერ ძალაში შესული დადგენილების საფუძველზე, იმსჯელოს აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ბრალეული მძღოლის - გ.გ-ის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გ.გ-ე საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №MIA 7 23 01418913 გადაწყვეტილება და დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს 2022 წლის 6 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესწავლა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №MIA 7 23 01418913 გადაწყვეტილების (წერილის) შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან. აღნიშნული აქტით ლ.გ-ეს მის განცხადებაზე, რომლითაც ითხოვდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მეორე მძღოლის - გ.გ-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საქმისწარმოების დაწყებას და მასზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას, ეთქვა უარი, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის №4/4864-22 დადგენილებით მოპასუხე მხარეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საქმის ხელახლა განხილვა არ დავალებია. სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში არ უხელმძღვანელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევთა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაგზავნის შესახებ, არამედ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ. ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს დადგენილება აღასრულა იმ ჩარჩოებში და იმ ფარგლებში, რაც სასამართლომ იმპერატიულად დაავალა. შესაბამისად, დეპარტამენტი ვერ გასცდება სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილს და მხოლოდ იმ ჩარჩოებში მოქმედებს, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლომ განუსაზღვრა და კონკრეტულად მიუთითა. ლ.გ-ეს სასამართლო სხდომებზეც არ დაუყენებია საკითხი გ.გ-ისთვის სახდელის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელეს სამოქალაქო წესით შეუძლია ედავოს გ.გ-ეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. საგულისხმოა, რომ გ.გ-ესთან მიმართებით სახდელის დადების ვადებიც გასულია.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2022 წლის 6 ივნისს, ლ.გ-ე „...ას“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ... მოძრაობდა ქ. თბილისი, ..., ...ის ქუჩაზე მე-3 მ/რ-ის მხრიდან ...ის მიმართულებით, ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი. როდესაც მიუახლოვდა №... საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ გზის მონაკვეთს, დაიკავა გზის სავალი ნაწილის მარცხენა მონაკვეთი, შეამცირა სიჩქარე, ჩართო მარცხენა ციმციმა მაშუქი, დაიწყო მარცხნივ მოხვევა მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლის მიზნით. ამ დროს, საპირისპიროდ უკიდურეს მარცხენა ზოლში მოძრავმა ავტომანქანამ დაუთმო გზა, რის შემდეგაც, ლ.გ-ე შევიდა/გადაადგილდა საპირისპირო უკიდურეს მარცხენა (წარმოსახვით) ზოლში, სადაც მოხდა შეჯახება „...“ მარკის ავტომანქანასთან, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., რომელსაც მართავდა გ.გ-ე; ბ) 2022 წლის 7 ივნისს ლ.გ-ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (№... საჯარიმო ქვითარი), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად და განესაზღვრა სახდელი - ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. 2022 წლის 7 ივნისს გ.გ-ის მიმართ შედგენილ იქნა №... საჯარიმო ქვითარი, ასკ-ის 125-6-2 მუხლით, რომელიც დროულად გადახდილი აქვს 2022 წლის 11 ივნისს; გ) ლ.გ-ე არ დაეთანხმა საჯარიმო ქვითარს და 2022 წლის 7 ივნისს, საჩივრით მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომლითაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №... საჯარიმო ქვითრის გაუქმება მოითხოვა. 2022 წლის 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის №MIA 3 22 01851171 დადგენილებით ლ.გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა 2022 წლის 7 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (№... საჯარიმო ქვითარი); დ) ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული 29.05.2022 წლის №757/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დადგინდა, რომ ლ.გ-ის მხრიდან უგულებელყოფილ იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნები. კანონის აღნიშნული მოთხოვნის დაცვის შემთხვევაში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა; ე) 2022 წლის 11 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური №... ექსპერტიზის დასკვნით, ავტომობილ „...ს“, სახ. ნომრით ..., მძღოლის - გ.გ-ის მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; ვ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის დადგენილებით (საქმე №4/4864-22), ლ.გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, დაკმაყოფილდა; გაუქმდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმი და 2022 წლის 7 ივლისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის №MIA 3 22 01851171 დადგენილება; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №MIA 7 23 01418913 წერილით ლ.გ-ეს მის განცხადებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მეორე მძღოლის - გ.გ-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყებას და მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას, ეთქვა უარი, ვინაიდან სასამართლოს მითითებული დადგენილებით მოპასუხე მხარეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საქმის ხელახლა განხილვა არ დავალებია.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ იქნა ორი ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ლ.გ-ის ბრალეულობის შეფასების თვალსაზრისით ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათს ატარებდა. სასამართლომ მხოლოდ ერთი ექსპერტიზის დასკვნა გაიზიარა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა მოეხდინა ორივე ექსპერტიზის დასკვნის შეფასება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2022 წლის 6 ივნისს, ლ.გ-ე „...ას“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ... მოძრაობდა ქ. თბილისი, ..., ...ის ქუჩაზე მე-3 მ/რ-ის მხრიდან ...ის მიმართულებით, ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი. როდესაც მიუახლოვდა №... საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ გზის მონაკვეთს, დაიკავა გზის სავალი ნაწილის მარცხენა მონაკვეთი, შეამცირა სიჩქარე, ჩართო მარცხენა ციმციმა მაშუქი, დაიწყო მარცხნივ მოხვევა მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლის მიზნით. ამ დროს, საპირისპიროდ უკიდურეს მარცხენა ზოლში მოძრავმა ავტომანქანამ დაუთმო გზა, რის შემდეგაც, ლ.გ-ე შევიდა/გადაადგილდა საპირისპირო უკიდურეს მარცხენა (წარმოსახვით) ზოლში, სადაც მოხდა შეჯახება „...“ მარკის ა/მანაქანასთან, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ..., რომელსაც მართავდა გ.გ-ე (ს.ფ 30-45); ბ) 2022 წლის 7 ივნისს, ლ.გ-ის მიმართ, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №... (საჯარიმო ქვითარი), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად და განესაზღვრა სახდელი - ჯარიმა 250 ლარის ოდენობით (ს.ფ 136); გ) ლ.გ-ემ 2022 წლის 7 ივნისს, საჩივრით მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომლითაც №... საჯარიმო ქვითრის გაუქმება მოითხოვა. 2022 წლის 7 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის MIA 3 22 01851171 დადგენილებით, ლ.გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა 2022 წლის 7 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (№... საჯარიმო ქვითარი) (ს.ფ 132-134); დ) 2022 წლის 29 მაისის, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №757/ა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტი გიორგი თვალავაძე), მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ლ.გ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა (ს.ფ 121-123); ე) 2022 წლის 11 აგვისტოს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური №... ექსპერტიზის დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „...ს“, სახ. ნომრით ..., მძღოლის - გ.გ-ის მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. მოცემულ საგზაო პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის „... ...ის“, სახ. ნომრით ... მძღოლზე, ლ.გ-ეზე, ტექნიკური თვალსაზრისით, არ იყო დამოკიდებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება (ს.ფ 168-181); ვ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის დადგენილებით (საქმე №4/4864-22), ლ.გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმი და 2022 წლის 7 ივლისის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის №MIA 3 22 01851171 დადგენილება (ს.ფ 30-45); ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის MIA 7 23 01418913 წერილით ლ.გ-ეს მის განცხადებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მეორე მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყებას და მასზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას, ეთქვა უარი, იმ საფუძველზე მითითებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის დადგენილებით (საქმე №4/4864-22) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საქმის ხელახლა განხილვა არ დავალებია (ს.ფ 49-50); თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის MIA 8 23 01914238 წერილით ლ.გ-ეს მის განცხადებაზე ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის დადგენილება საქმეზე №4/4864-22, შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული დადგენილებით ლ.გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმი და 2022 წლის 7 ივლისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის №MIA 3 22 01851171 დადგენილება. ამავე მიმართვით, ლ.გ-ეს მის განცხადებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მეორე მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყებას და მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას, უარი ეთქვა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ სასამართლოს დადგენილებით მოპასუხე მხარეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საქმის ხელახლა განხილვა არ დავალებია (ს.ფ 54).
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში, განმარტავს, რომ ლ.გ-ეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №MIA 7 23 01418913 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის 2022 წლის 6 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესწავლის დავალების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს (1-ლი მუხლი).
ზემოაღნიშნული კოდექსის 264-ე მუხლის მიხედვით, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით (საქმე №4/4864-22), ლ.გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, დაკმაყოფილდა; გაუქმდა 2022 წლის 7 ივნისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმი და 2022 წლის 7 ივლისის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის №MIA 3 22 01851171 დადგენილება. ამავე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ლ.გ-ემ მანევრის შესრულება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ იგი არ უქმნიდა საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით, რაც გამორიცხავს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნის დარღვევის ფაქტობრივ მოცემულობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს (1-ლი მუხლი).
ზემოაღნიშნული დებულების მე-4 მუხლის თანახმად, დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, სამართალდარღვევაზე ან სხვა შესაძლო საფრთხეზე რეაგირება, თავიდან აცილება და აღკვეთა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; გ) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აცილების-აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; დ) კანონმდებლობის შესაბამისად სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვა; ე) კომპეტენციის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. მე-5 მუხლის საფუძველზე, დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახდენს დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენას, აღკვეთასა და თავიდან აცილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულების ღონისძიებების გამოყენებას, აგრეთვე, დანაშაულის გამოძიებასა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს, აგრეთვე, ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობას; გ) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე, პირთა განცხადებებსა და საჩივრებსდა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს; დ) სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით იყენებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულ/ განთავსებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემას, არასტაციონალურ (მოძრავ) სიჩქარის მზომ და ნომრის ამომცნობ საშუალებებს; დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობას და ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უზრუნველყოფს უცხოელების დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას; ვ) აწესრიგებს საგზაო მოძრაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით უზრუნველყოფს გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზებას; ზ) ახდენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და სხვა ნორმატიული აქტების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს; თ) მონაწილეობს საგზაო – სატრანსპორტო შემთხვევისა და აღნიშნულის შედეგად დაშავებული პირების, საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ერთიან სახელმწიფო აღრიცხვაში; ი) ახორციელებს სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირებას; კ) ახდენს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კონტროლს, უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირებას; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამოვლენა, შესწავლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა და არ საჭიროებდა სასამართლოს მიერ დამატებით მითითებას. შესაბამისად, კასატორის შედავება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით შემთხვევის ხელახალი შესწავლა არ დავალებია, არ ქმნიდა ლ.გ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. ამდენად, მართებულად იქნა ცნობილი ბათილად გასაჩივრებული აქტი და დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს 2022 წლის 6 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესწავლა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია