Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1161(კ-24) 22 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ...“, მესამე პირი - შპს „ ჯ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 10 აგვისტოს შპს „მ...ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „ჯ...ის“ მიმართ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 25 მაისის №01/11-60 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შპს „მ...ზე“ 140 000 ლარის დარიცხვის გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, შპს „მ...ზე“ 140 000 ლარის დარიცხვის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი გახმობის საფუძვლით. ამავე კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით შპს „ჯ...“ საქმეში ჩაება მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 25 მაისის №01/11-60 გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და მესამე პირის - შპს „ჯ...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-12 მუხლები, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 29-ე, 155-ე მუხლები, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ მე-7 მუხლი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლი და ყურადღება გაამახვილა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ წყლის ხარჯის მნიშვნელოვანი მატება და შესაბამისად, შპს „მ...სათვის“ 2020 წლის იანვარში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 108 867.60 ლარის დარიცხვა გამოწვეულია შპს „მ...ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი D=200 მმ-იანი მილსადენის დაზიანებით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის არსებითია დაზიანებული მილის ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვროს მილის დაზიანებით დაღვრილი წყლის საფასურის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. შესაბამისად, მიიჩნია, რომ მთავარ სადავო საკითხს სწორედ მილის მოვლა - პატრონობაზე პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრა წარმოადგენს. მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 21-ე, 24-ე მუხლებზე და საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელზე, რომლის სიგრძეა 1829746.67 მეტრი, 2019 წლის 18 ივლისიდან რეგისტრირებულია შპს „ჯ...ის“ საკუთრების უფლება (ს/კ ...). საქმეში დაცული საკადასტრო გეგმისა და თბილისის მერიის ერთიანი რუკით დადასტურებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული წყალმომარაგების ქსელი (ს/კ ...), გადის შპს „მ...ს“ საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და იგი არის წყლის D=200 მმ-იანი მილი, საიდანაც D=100 მმ-იანი მილით მარაგდება მოსარჩელე, ხოლო D=80 მმ-იანი განშტოებით მეზობლად არსებული ყოფილი ...ის, ...სა და ...ის ...ის შენობა, სადაც ამჟამად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები. სააპელაციო სასამართლოს მიერ, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „ჯ...ის“ საკუთრებაში მყოფი ხაზოვანი ნაგებობა - 200 მმ დიამეტრიანი რკინის მილი განთავსებულია შპს „მ...ს“ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამავდროულად გამოიყენება როგორც მოსარჩელის, ასევე მის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე მცხოვრები მოსახლეობის წყლით მოსამარაგებლად. შესაბამისად, შპს „ჯ...ის“ ხაზობრივი ნაგებობა, რომელიც საერთო მოხმარების მიზნით განთავსებულია მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე, უზრუნველყოფს წყლის მიწოდებით როგორც მოსარჩელეს, ასევე მეზობელი მიწის ნაკვეთის მაცხოვრებლებსაც და მათი სარგებლობისათვის განკუთვნილ ხაზობრივ ნაგებობას წარმოადგენს ასევე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთება, რომ ვინაიდან წარმოდგენილი მილი გადის მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე, ეს ქმნის მოსარჩელისათვის გახარჯული წყლის საფასურის დაკისრების საკმარის საფუძველს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ შიდა ქსელად მიჩნევის ერთადერთ პირობად მისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საზღვრებში მოქცევა არ წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხაზობრივი ნაგებობა თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს, რომელზეც საკუთრების უფლება ასევე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

სააპელაციო სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 25 მაისის №01/11-60 სადავო გადაწყვეტილების კანონიერება შეფასდა მისი გამოცემის დროს მოქმედ სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისობაში, ხოლო „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ განხორციელებული ცვლილებები გავლენას ვერ მოახდენს მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, კომისიის სადავო გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების ჭრილში უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის წარმომადგენლის მითითება სადავო გადაწყვეტილების გამოცემის შემდგომ განხორციელებული ცვლილებებით ჩამოყალიბებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ახალ რედაქციაზე. ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ შპს „მ...ს“ 2019 წლის 1 ივლისისა და შპს „ჯ...ის“ 2019 წლის 5 ივლისის წერილები არ გამორიცხავდა მოსარჩელის მიერ, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას 200 მმ დიამეტრის მქონე მილის დაზიანებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე არ დასტურდება შპს „ჯ...ის“ კუთვნილი მილის შპს „მ...ს“ მიერ დაზიანების ფაქტი. მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება არც სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 25 მაისის №01/11-60 სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გამხდარა. აპელანტის მიერ გამოთქმული ეჭვი და შპს „მ...ს“ სავარაუდო ქმედებით მილის დაზიანების ალბათობა კი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით ვერ გახდება მოსარჩელის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.

კასატორის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, შპს „მონო" განეკუთვნება არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებელს, ხოლო ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან, თუ ტექნიკური რეგლამენტით და მწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული". აპელირებს დადგენილების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „გ" ქვეპუნქტზე, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. კასატორის განმარტებით, ნორმატიული დანაწესების თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ ეკისრება მის საკუთრებაში განთავსებული სხვა პირის კუთვნილი წყალარინების ქსელის მოვლა - პატრონობის ვალდებულება. არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებელი პასუხისმგებელია მის კუთვნილ ტერიტორიაზე აღრიცხვის კვანძის/მრიცხველის შემდეგ არსებული შიდა ქსელის მოვლა - პატრონობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ ამ კონკრეტული ქსელით ხდება მისი სასმელი წყლით მომარაგება. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის ანუ დამონტაჟებული მრიცხველის შემდგომ, შპს „მ...ს" კუთვნილ ტერიტორიაზე ე.წ. „წითელ ხაზებს" შიგნით არსებული შიდა ქსელის დაზიანებამ განაპირობა მრიცხველით აღრიცხული სასმელი წყლის საფასურის გაზრდა. ვინაიდან შიდა ქსელის მოვლა - პატრონობაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, წარმომადგენლის მსჯელობით, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აღრიცხული სასმელი წყლის საფასურის ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი.

წარმომადგენლის მსჯელობით, ცალკეულ შემთხვევაში ენერგეტიკის სფეროს რეგულირებისა და საჯარო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია და ვალდებულიც ჩაერიოს ორი სუბიექტის წყალმომარაგების ლიცენზიატისა და მომხმარებლის სახელშეკრულებო თავისუფლებაში და განსაზღვროს პასუხისმგებლობათა მექანიზმები, რათა უზრუნველყოს სხვათა ავტონომიის პატივისცემა, ცალკეული მომხმარებლების თანაბარ პირობებში ჩაყენება და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა. ბუნებრივი გაზის სექტორში სახელშეკრულებო თავისუფლების იდეა და მისი შესრულების უზრუნველყოფის არსი სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ სხვა ლეგიტიმური ინტერესებით შეზღუდვის პირობებში. შესაბამისად, ცალკეული აბონენტის ინტერესის შეზღუდვა აუცილებელიცაა, რადგან მისი ცალმხრივი რეალიზაცია ხშირად წარმოშობს ღირებულებათა კონფლიქტს.

კასატორი მიიჩნევს, რომ როგორც შპს „მ...ს", ისე შპს "ჯ...ის" მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია კომისიის მიერ შესწავლილი და გამოკვლეული იქნა საფუძვლიანად, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებულია და მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მითითებული კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმის და იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებისათვის არსებითია კომისიის ფუნქციების სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს განმსაზღვრელი კანონის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ დებულებათა და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ ნორმების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპებთან შესაბამისობის ანალიზი, რაც ხელს შეუწყობს საერთო სასამართლოებს მსგავსი კატეგორიის საქმეებზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების თაობაზე წამოჭრილი სასამართლო კონფლიქტების კანონიერ სამართლიან განხილვა - გადაწყვეტაში.

კასატორის მსჯელობით, კომისიისთვის ფართო პროფილის ავტონომიურობის გადაცემით, კანონმდებელი ხაზს უსვამს რეგულირებად სფეროში სახელმწიფო ნებელობის განსაკუთრებულობას. მიიჩნევს, რომ უნდა მოახდინოს კომისიის უფლებამოსილების როგორც აღმჭურველი, ასევე შემბოჭველ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი ნორმების სრული ანალიზი, რომ ერთმნიშვნელოვნად გადაწყდეს ლიცენზიატის მიერ აღრიცხვის კვანძის შეცვლაზე, კომისიაში ადმინისტრაციული სამართალწარმოების მართლზომიერებისა და დაინტერესებული პირების მოთხოვნების ობიექტური რეალიზების წინაპირობები. კასატორის მსჯელობით, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება. მისივე მსჯელობით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების არასწორ განმარტებას, მიიჩნევს, რომ სასამართლომ კომისიის სადავო გადაწყვეტილების განხილვისას ვერ უზრუნველყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების გადამოწმება, რამაც კასატორის განმარტებით არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garc...a Ru...z v. Spa...n [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უპირველესად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 25 მაისის №01/11-60 გადაწყვეტილების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: მოსარჩელე შპს „მ...“ წარმოადგენს შპს „ჯ...ის“ აბონენტს №... მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. ... კვარტალი №..., მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: ...

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელზე, რომლის სიგრძეა 1829746.67 მეტრი, 2019 წლის 18 ივლისიდან რეგისტრირებულია შპს „ჯ...ის“ საკუთრების უფლება (ს/კ...). საქმეში დაცული საკადასტრო გეგმისა და თბილისის მერიის ერთიანი რუკით დადგენილია, რომ აღნიშნული წყალმომარაგების ქსელი (ს/კ ...), გადის მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) გადის შპს „ჯ...ის“ წყლის D=200 მმ-იანი მილი, საიდანაც D=100 მმ-იანი მილით მარაგდება მოსარჩელე, ხოლო D=80 მმ-იანი განშტოებით მეზობლად არსებული ყოფილი ...ის, ...სა და ...ის ხელშემწყობი ნებაყოფლობითი საზოგადოების შენობა, სადაც ამჟამად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები.

დადგენილია, რომ 2017 წლის 5 ნოემბრამდე მოსარჩელის მიერ მოხმარებული წყლის საფასურის აღრიცხვა წარმოებდა D=100 მმ-იან მილსადენზე დამონტაჟებული მრიცხველით №.... ძველი მრიცხველი დამონტაჟებული იყო შენობის შესასვლელთან, ხოლო ახალი მრიცხველის დამონტაჟება განხორციელდა 2017 წლის ნოემბერში D=200 მმ მილსადენზე, რომელიც ფიქსირდება მოსარჩელის მიწის ნაკვეთის შემოსასვლელთან, მილის დაზიანების ადგილამდე, ძველი მრიცხველის მდებარეობა წარმოდგენილია დაზიანებული ადგილის შემდეგ.

დადგენილია, რომ 2017 წლის 5 ნოემბერს შპს „ჯ...ის“ წარმომადგენლების მიერ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შემომავალ D=200 მმ-იან მილზე დამონტაჟდა ახალი მრიცხველი N.... შესაბამისად, აღნიშნული მრიცხველის მონტაჟის შემდეგ მოსარჩელის მიერ მოხმარებული წყლის საფასურის ოდენობა განისაზღვრება აღნიშნული მრიცხველის მიერ დაფიქსირებული მაჩვენებლით იძულებით გადაადგილებული პირების მიერ მოხმარებული წყლის საფასურის გამოკლებით.

დადგენილია, რომ 2020 წლის იანვრის თვეში მრიცხველის ჩვენების წაკითხვისას დაფიქსირდა მოსარჩელის მიერ მოხმარებული წყლის ხარჯის მნიშვნელოვანი მატება. აღნიშნული გარემოების დადგენისთანავე გადამოწმდა აღრიცხვის კვანძი და წყლის მრიცხველი, თუმცა მრიცხველი არ აღმოჩნდა დაზიანებული. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი D=200 მმიანი მილსადენი, რომელიც შეკეთდა შპს „ჯ...ის“ მიერ.

დადგენილია, რომ შპს „მ...ის“ დირექტორმა დ.შ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „ჯ...ის“ მიერ განხორციელებული დარიცხვის - 108 867.60 ლარის გაუქმება.

სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 25 მაისის №01/11-60 გადაწყვეტილებით, შპს „მ...ს“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შპს „მ...ს“ 2020 წლის იანვარში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 108 867.60 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.

კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 23 იანვარს შპს „მ...ს“ მრიცხველის ჩვენების გეგმიური წაკითხვის დროს დაფიქსირდა ჩვენება 165537 მ3. ხარჯმა შეადგინა 108 867.60 ლარი. კომპანიის წარმომადგენლებმა მეორე დღესვე აცნობეს აბონენტს მომატებული ხარჯის შესახებ და ვიზუალურად დაათვალიერეს აღრიცხვის კვანძი და მრიცხველი, რომელიც მუშაობდა გამართულად. ამასთან, ვინაიდან საქართველოში შეუძლებელია 100 მმ დიამეტრის მქონე მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმება, კომპანიამ აბონენტთან შეთანხმებით, არსებული მრიცხველის მიმდევრობით დაამონტაჟა საკონტროლო მრიცხველი დაკვირვების მიზნით და დაადგინა, რომ მრიცხველის მიერ აღრიცხული ხარჯი განსხვავდებოდა უმნიშვნელოდ, რაც დასაშვებია სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი მრიცხველების ცდომილების ზღვარით. კომპანიამ შპს „მ...ს“ წარმომადგენლის თხოვნის შესაბამისად, საკუთარი სახსრებით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, განახორციელა ქსელის შემოწმება და 200 მმ დიამეტრიანი რკინის მილის შეკეთება, რომელიც განთავსებული იყო ე.წ. „წითელ ხაზებში“. კომისიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „მ...ს“ დაზიანებული ჰქონდა შიდა ქსელი, სასმელი წყლის საფასურის დავალიანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგანია სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 25 მაისის №01/11-60 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც შპს „მ...სთვის“ 2020 წლის იანვარში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 108 867.60 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. აღნიშნული წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია (მითითებული „წესების“ პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).

მითითებული რეგულაციის მე-9 მუხლის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე შპს „მ...“ წარმოადგენს შპს „ჯ...ის“ აბონენტს №... მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. ... კვარტალი №..., მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი - .... ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის იანვრის თვეში მრიცხველის ჩვენების წაკითხვისას დაფიქსირდა მოხმარებული წყლის ხარჯის მნიშვნელოვანი მატება. აღნიშნული გარემოების დადგენისთანავე გადამოწმდა აღრიცხვის კვანძი და წყლის მრიცხველი, თუმცა მრიცხველი არ აღმოჩნდა დაზიანებული. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი D=200 მმ-იანი მილსადენი, რომელიც შეკეთდა შპს „ჯ...ის“ მიერ.

მხარეთა შორის სადავოს ასევე არ წარმოადგენს წყლის ხარჯის მნიშვნელოვანი მატება და შესაბამისად, შპს „მ...სთვის“ 2020 წლის იანვარში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 108 867.60 ლარის დარიცხვა გამოწვეულია შპს „მ...ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი D=200 მმ-იანი მილსადენის დაზიანებით. შპს „მ...სთვის“ შპს „ჯ...ის“ მიერ განხორციელებული დარიცხვის - 108 867.60 ლარის გაუქმების მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ დაზიანებული 200 მმ დიამეტრიანი მილი განთავსებული იყო ე.წ. „წითელ ხაზებში“ და ვინაიდან, შპს „მ...ს“ დაზიანებული ჰქონდა შიდა ქსელი, სასმელი წყლის საფასურის დავალიანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დარიცხვის აღნიშნულ საფუძველს არ დაეთანხმა შპს "მ..." და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამის ნორმებზე მითითებით განმარტა, რომ ნორმატიულად ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული წყლის მიმწოდებლის ვალდებულება უზრუნველყოს ქსელისა და მისი ელემენტების სათანადო მოვლა - პატრონობა მომხმარებლის კუთვნილ ნაგებობამდე და არა ტერიტორიის წითელ ხაზებამდე. კომისიის მოსაზრება, რომ დაზიანების ადგილის წითელ ხაზებში მდებარეობის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება შპს „მ...ს“, მოსარჩელემ არ გაიზიარა და სადავო გახადა. სარჩელის თანახმად, 2020 წლის იანვარში მომხდარი დაზიანების ადგილი არ წარმოადგენს შპს „მ...ს“ შიდა ქსელს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება დაზიანების შედეგად დაღვრილი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულება. სწორედ აღნიშნული საფუძვლით მხარემ მოითხოვა მრიცხველით აღრიცხული სასმელი წყლის საფასურის ჩამოწერა და განმარტა, რომ წყალი დაიღვარა მილის დაზიანების გამო და ამ ოდენობის წყალი შპს „მ...ს“ არ მოუხმარია.

სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 25 მაისის №01/11-60 სადავო გადაწყვეტილების საფუძვლებისა და შპს „მ...სთვის“ შპს „ჯ...ის“ მიერ განხორციელებული დარიცხვის - 108 867.60 ლარის გაუქმებაზე უარის თქმის მოტივების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის არსებითია დაზიანებული მილის ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვროს მილის დაზიანებით დაღვრილი წყლის საფასურის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მოსაზრება, რომ მთავარ სადავო საკითხს სწორედ მილის მოვლა - პატრონობაზე პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრა წარმოადგენს.

სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წყალმომარაგებისას მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და მისი შესაბამისი სტანდარტის სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება. ამ მიზნით იგი ვალდებულია: ა) მუდმივად აკონტროლოს სასმელი და ჩამდინარე წყლის ხარისხი და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან; ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებსა თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარიული პირობების დაცვა; გ) დაიცვას სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტები და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება; დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასმელი წყლის წყალმომარაგების წყაროებზე განსაზღვროს სანიტარიული დამცავი ტერიტორიები (სანიტარიული დაცვის ზონა) და არ დაუშვას ამ ტერიტორიების ფარგლებში ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება; ე) სასმელი წყლის წყალმომარაგების სანიტარიულ დამცავ ტერიტორიებსა (სანიტარიული დაცვის ზონა) და ობიექტებზე დროულად აღკვეთოს დაბინძურება და შესაძლოდ მოკლე ვადაში გაასუფთაოს დაბინძურებული ტერიტორია დაბინძურების წყაროებისაგან; ვ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის დაბინძურების ან დაბინძურების საშიშროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება. მითითებული „წესების“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, მიმწოდებელი ახორციელებს წყალარინების ქსელის მოვლაპატრონობას მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე (ნაგებობამდე), წყალარინების ქსელზე მიერთებული ყველა სხვა განშტოების და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი, ვის მფლობელობაშიც იმყოფება ეს ტერიტორია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია სათანადო მდგომარეობაში იქონიოს წყალარინების ქსელი და მისი შემადგენელი ელემენტები, მათ შორის, გამწმენდი ნაგებობები.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლითაც დასტურდება, რომ მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელზე, რომლის სიგრძეა 1829746.67 მ 2019 წლის 18 ივლისიდან რეგისტრირებულია შპს „ჯ...ის“ საკუთრების უფლება, საკადასტრო კოდი - .... საქმეში დაცული საკადასტრო გეგმისა და თბილისის მერიის ერთიანი რუკით დასტურდება, რომ აღნიშნული წყალმომარაგების ქსელი, საკადასტრო კოდი: ..., გადის შპს „მ...ს“ საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და იგი არის წყლის D=200 მმ-იანი მილი, საიდანაც D=100 მმ-იანი მილით მარაგდება შპს „მ...“, ხოლო D=80 მმ-იანი განშტოებით მეზობლად არსებული ყოფილი ...ის, ...სა და ...ის ...ის შენობა, სადაც ამჟამად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები. 2017 წლის 5 ნოემბრამდე მოსარჩელის მიერ მოხმარებული წყლის საფასურის აღრიცხვა წარმოებდა D=100 მმ-იან მილსადენზე დამონტაჟებული მრიცხველით N.... ძველი მრიცხველი დამონტაჟებული იყო შენობის შესასვლელთან, საიდანაც D=100 მმ-იანი მილით მარაგდებოდა შპს „მ...“, ხოლო ახალი მრიცხველის დამონტაჟება განხორციელდა 2017 წლის ნოემბერში D=200 მმ მილსადენზე, რომელიც ფიქსირდება შპს „მ...ს“ მიწის ნაკვეთის შესასვლელთან, მილის დაზიანების ადგილამდე. შესაბამისად, დადგენილია, რომ შპს „ჯ...ის“ საკუთრებაში მყოფი ხაზოვანი ნაგებობა - 200 მმ დიამეტრიანი რკინის მილი განთავსებულია შპს „მ...ს“ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამავდროულად გამოიყენება როგორც მოსარჩელის, ასევე მის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე მცხოვრები მოსახლეობის წყლით მოსამარაგებლად. შესაბამისად, შპს „ჯ...ის“ ხაზობრივი ნაგებობა, რომელიც საერთო მოხმარების მიზნით განთავსებულია შპს „მ...ს“ მიწის ნაკვეთზე, უზრუნველყოფს წყლის მიწოდებით როგორც მოსარჩელეს, ასევე მეზობელი მიწის ნაკვეთის მაცხოვრებლებსაც და მათი სარგებლობისათვის განკუთვნილ ხაზობრივ ნაგებობას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის დასაბუთება, რომ ვინაიდან წარმოდგენილი მილი გადის მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე და აღნიშნული ქმნის გახარჯული წყლის საფასურის დაკისრების საკმარის საფუძველს მართებულად არ იქნა გაზიარებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

საკასაციო პალატა გასათვალისწინებლად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხული ლ.გ-ის იმ განმარტებას, რომ იგი კომპანიაში მუშაობს 16 წელია, 2013 წლიდან - 2021 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. ვინაიდან კომპანია შპს „მ...“ შპს „ჯ...ის“ აბონენტია და თან საკმაოდ უხვად მოიხმარს წყალს, მათი თანამშრომელი აღმრიცხველ ობიექტზე გეგმიურად თვეში ერთხელ აღრიცხავს მოხმარებულ წყლის ოდენობას. ერთ - ერთი ასეთი აღრიცხვისას შპს "მ...ს" ადმინისტრაცია გაფრთხილებულ იქნა, რომ სადავო პერიოდში ხარჯი იყო გაზრდილი საკმაოდ (შემოწმების თარიღი 23-24 იანვარი), ცხელ ხაზზე შევიდა ზარი და ითხოვეს დახმარება, რის შემდგომაც საავარიო განყოფილება შევიდა მოსარჩელის საკუთრებაში და შეაკეთა დაზიანება. მოწმის განმარტებით, როდესაც დარწმუნდნენ, რომ იყო დაზიანება, შპს „მ...ს“ წარმომადგენლებმაც მიმართეს მოთხოვნით დაზიანების აღმოსაფხვრელად, აღნიშნული დაზიანების პოვნა მოხდა „...ის“ აპარატით, რომელიც არის სპეციალური აპარატი და ეძებს დაზიანების ადგილს. ადგილზე დათვალიერებისას წყლის ამოდინებას ადგილი არ ჰქონდა და ვიზუალურად წყლის ამოდინება არ ჩანდა, რაც გახდა მხარეთა შორის დავის მიზეზი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) რომლის თანახმად, სწორედ მიმწოდებელი ახორციელებს წყალარინების ქსელის მოვლა - პატრონობას, თუმცა მხოლოდ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე - ნაგებობამდე, ხოლო შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა - პატრონობას ახორციელებს მომხმარებელი. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ნორმატიულად ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული წყლის მიმწოდებლის ვალდებულება უზრუნველყოს ქსელისა და მისი ელემენტების სათანადო მოვლა - პატრონობა მომხმარებლის კუთვნილ ნაგებობამდე და არა ტერიტორიის წითელ ხაზებამდე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.03.2019წ.№ბს-888(კ-18)განჩინება). ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულად და ნათლად ადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას, წყალარინების ქსელის სათანადო მდგომარეობა უზრუნველყოს მომხმარებლის კუთვნილ ნაგებობამდე. საკითხის მომწესრიგებელი ნორმა, სავალდებულოობის ელემენტის შემოღებით, სწორედ წყლის მიმწოდებელ კომპანიას აკისრებს წყალარინების ქსელის მოვლა-პატრონობას მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე (ნაგებობამდე). ამასთან, იგივე ნორმა ითვალისწინებს განსხვავებულ მოწესრიგებას და ადგენს მომხმარებლის ქსელზე მიერთებული ყველა სხვა განშტოებისა და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლაპატრონობის მომხმარებლის მიერ განხორციელებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.03.2022წ. №ბს-705(კ-20)განჩინება).

შპს „მ...სთვის“ შპს „ჯ...ის“ კუთვნილი მილის მოვლა - პატრონობის ვალდებულების დაკისრება შპს „მ...ს“ წითელ ხაზებში მდებარეობის გამო, საკასაციო პალატის მოსაზრებით არ ეფუძნება სათანადო სამართლებრივ საფუძველს. გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილ აზომვით ნახაზებზე, დაზიანებული წყალარინების ქსელზე მიერთების შპს „მ...სთვის“ განკუთვნილი განშტოება შენობის შესასვლელთან მარჯვენა მხარეს არის დატანილი, სადაც ასევე დაფიქსირებულია მეზობელ მიწის ნაკვეთზე მცხოვრებთა D=80 მმ-იანი განშტოებაც. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ აღრიცხვის კვანძის დაზიანებულ მილამდე არსებობა ან ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ადგილის საკუთრების ფაქტი კი არ განაპირობებს მასზე მოვლა - პატრონობის ვალდებულების დაკისრებას, არამედ მითითებული „წესები“ მომხმარებელს არა ყველა ქსელის, არამედ კონკრეტულად წყალარინების ქსელზე მიერთებული თავისი კუთვნილი ყველა სხვა განშტოებისა და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა - პატრონობის ვალდებულებას აკისრებს. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 25 მაისის №01/11-60 სადავო გადაწყვეტილების კანონიერება შეფასდა მისი გამოცემის დროს მოქმედ სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისობაში, ხოლო „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ განხორციელებული ცვლილებები გავლენას ვერ მოახდენს მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების ჭრილში უსაფუძვლოა კასატორის მითითება სადავო გადაწყვეტილების გამოცემის შემდგომ განხორციელებული ცვლილებებით ჩამოყალიბებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ახალ რედაქციაზე.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას (ს/ნ 204400200) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2024 წლის 16 ოქტომბერს სს „...ის“ მეშვეობით N... საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება;

3. სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას (ს/ნ 204400200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2024 წლის 16 ოქტომბერს სს „...ის“ მეშვეობით N... საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი