Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1221(კ-24) 22 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე კერძო აღმასრულებელი ზ.ჯ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კერძო აღმასრულებელმა ზ.ჯ-ემ 2023 წლის 28 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2023 წლის 08 თებერვლის №542 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქალაქო სასამართლოში გამართულ 2023 წლის 13 ივნისის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მიეთითა მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის ზ.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა კერძო აღმასრულებლის ზ.ჯ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის ზ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. კერძო აღმასრულებლის ზ.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ,,კერძო აღმასრულებლის - ზ.ჯ-ის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის სახით გაფრთხილების მიცემის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2023 წლის 08 თებერვლის №542 ბრძანება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146 მუხლი, 1416 მუხლის მე-2, მე-3 პუნქტები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებით დამტკიცებული „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის“ მე-2 მუხლი და არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზე, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის და შემდგომ, სააღსრულებო წარმოების დაწყების დროს სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იყო. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, საქმის მასალებში დაცული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება აღნიშნული. მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 5.2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დადასტურებულია მხოლოდ მოვალის პოზიცია, რომ მას მიაჩნდა ამ ნაწილში გადაწყვეტილება აღსრულებულად.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე რომლითაც თ.ჩ-ა აღდგენილი იქნა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების დროს ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული და კერძო აღმასრულებლის მიერ სწორად იქნა მითითებული მასზე, რომ აღსრულების ეტაპზე სადავო საკითხები არ განიხილებოდა. შპს ,,...ს“ არ წარუდგენია არც დირექტორის ბრძანება და არც ცალმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა თ.ჩ-ას აღდგენა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. თ.ჩ-ა მიუთითებდა გამოსაცდელი ვადით სამსახურში აღდგენის შეთავაზებაზე, რასაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა. ამდენად, შპს ,,...ის“ განმარტება სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებულად ჩათვლის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება 2022 წლის 01 ივნისის მდგომარეობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდა 2022 წლის 08 ნოემბერს და საინკასო დავალების საფუძველზე 64 286.80 ლარი ჩაირიცხა თ.ჩ-ას ანგარიშზე. 2022 წლის 04 ნოემბრის საინკასო დავალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 3151.3 ლარი გადახდილ იქნა როგორც აღსრულების საფასური. სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარდგენილი დოკუმენტებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, 2022 წლის 03 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, დამატებით 21 179.30 ლარი ჩამოიჭრა შპს ,,...ის“ ანგარიშიდან და ჩაირიცხა თ.ჩ-ას ანგარიშზე, ხოლო 1038.20 ლარი, როგორც აღსრულების საფასური, ჩაირიცხა ზ.ჯ-ის ანგარიშზე. ამდენად, ის საფუძველი, რომ ზ.ჯ-ემ ზედმეტ თანხაზე შეზღუდვის გავრცელებით ზიანი მიაყენა მხარეს, გაქარწყლებულად მიიჩნია და მიუთითა, რომ კერძო აღმასრულებელმა სწორედ იმ ოდენობის თანხაზე გაავრცელა შეზღუდვა, რომელიც უზრუნველყოფდა სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალე შპს ,,...ს“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებული განაცდური თანხა ნებაყოფლობით არ გადაუხდია და ამ თანხის გადახდა მოხდა იძულებით აღსრულების წესით, ჯერ 2022 წლის 01 ივნისის მდგომარეობით დაანგარიშებული 64 286.80 ლარი, ხოლო მოგვიანებით, 2022 წლის 01 ივნისიდან სააღსრულებო წარმოების აღსრულების დაწყებამდე პერიოდისათვის დაანგარიშებული თანხა - 21 179.30 ლარის ოდენობით მიმართული იქნა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შპს ,,...“ არ დაეთანხმა აღმასრულებლის მითითებას განაცდური თანხის დაანგარიშების პერიოდთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება შესაძლებელია ყოფილიყო სხვა დავის საგანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.

კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კერძო აღმასრულებელმა გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოს მას შემდე მიმართა, რაც მის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო. შემოწმების დაწყებას საფუძვლად დაედო წარმომადგენლის განცხადებები რომლებშიც მიუთითებდა, რომ ზ.ჯ-ის მხრიდან შპს „...ის“ N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას და მოვალე მხარის ინტერესების შელახვას. კერძოდ, ზ.ჯ-ე არ ითვალისწინებდა მოვალე მხარის - შპს „...ის“ მიერ, კრედიტორ თ.ჩ-ას სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით სააღსრულებო ფურცლის შესრულების ფაქტს და მოვალეს აკისრებდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე ამას ითვალისწინებდა სააღსრულებო ფურცელი, ამასთან განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ყადაღა გაავრცელა გაცილებით მეტი ოდენობის თანხაზე, ვიდრე ამას სააღსრულებო ფურცელი ითვალისწინებდა, რითაც კასატორის მსჯელობით, ზიანი მიადგა კომპანიის ინტერესებს.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 14.6 მუხლის პირველ პუნქტზე, „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის N140 ბრძანებაზე და საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს კერძო აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას და კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტს, რაც კასატორის მოსაზრებით გამოიხატა იმით, რომ არ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილება სწრაფად; რეალურად არ დაიცვა მხარეების უფლებები და კანონიერი ინტერესები, ასევე სააღსრულებო ფურცელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში აღასრულა არასწორად. კასატორის მსჯელობით, ზ.ჯ-ის მიერ სააღსრულებო ფურცელი იმგვარად იქნა გაგებული, რომ იგი სცდებოდა სასამართლოს მოთხოვნის ფარგლებს. არასწორად ჩათვალა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის დაკისრება გულისხმობდა არა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურში აღდგენას, არამედ, სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენას. იმავდროულად, მან საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები კრედიტორ თ.ჩ-ას სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით არასწორად შეაფასა და სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში ჩათვალა აღუსრულებლად.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, კერძო აღმასრულებელმა მასზე ნორმატიული აქტით დაკისრებული უფლებამოსილების შეუსრულებლობითა და არაჯეროვანი შესრულებით დაარღვია სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები. შესაბამისად, მასზე დაკისრებული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობამ და არაჯეროვანმა შესრულებამ გამოიწვია კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის ძირითადი მიზნის - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულების არაერთგზის შეფერხება, რაც კასატორის მსჯელობით, წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებთან შეუსაბამო ქმედებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ზ.ჯ-ე კერძო აღმასრულებლის საქმიანობას ახორციელებს 2010 წლის 09 თებერვლიდან N32 ლიცენზიის საფუძველზე.

კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ის“ დირექტორის 2021 წლის 20 მარტის ბრძანება თ.ჩ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; 1.2. პუნქტის თანახმად, თ.ჩ-ა აღდგა შპს „...ში“ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე; 1.3. პუნქტის თანახმად, შპს „...ის“, თ.ჩ-ას სასარგებლოდ, დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 20 მარტიდან ყოველთვიურად 5 625 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2022 წლის 03 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2/7916-21), კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აღსრულებასთან დაკავშირებით. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა თ.ჩ-ა, ხოლო მოვალეს - შპს „...“.

დადგენილია, რომ 2022 წლის 24 ოქტომბერს თ.ჩ-ას წარმომადგენელმა, ნ.ნ-ემ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ზ.ჯ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე 2022 წლის 03 ოქტომბერს გაცემული N2/17916-21 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების თაობაზე. კრედიტორმა იძულებითი განაცდურის სახით მოითხოვა 83790 ლარის ანაზღაურება და შპს ,,...ში“ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე აღდგენა.

დადგენილია, რომ 2022 წლის 24 ოქტომბერს, კერძო აღმასრულებელმა, ზ.ჯ-ემ დაიწყო N... სააღსრულებო წარმოება და მოვალე - შპს „...“ დაარეგისტრირა მოვალეთა რეესტრში. 2022 წლის 25 ოქტომბერს, კერძო აღმასრულებელმა მოვალეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ამასთან, საქართველოში რეგისტრირებულ 14 ბანკს მიმართა მოვალის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით, 89 655,3 ლარის ფარგლებში, რაც მოიცავდა კრედიტორის მიერ მოთხოვნილ თანხასა და აღსრულების საფასურს (7%-5865 ლარი). 2022 წლის 26 ოქტომბერს სს „...დან“ ზ.ჯ-ეს ეცნობა, რომ აღნიშნულ ბანკში მოვალის ანგარიშზე სრულად ირიცხებოდა ყადაღას დაქვემდებარებული თანხა.

2022 წლის 28 ოქტომბერს მოვალე - შპს „...ის“ წარმომადგენელმა, თ.კ-ემ, ზ.ჯ-ეს წარუდგინა განცხადება, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი თ.ჩ-ას სამსახურში აღდგენის ნაწილში უკვე აღსრულებული იყო 2022 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, რადგან 2022 წლის 27 მაისს, კრედიტორ თ.ჩ-ას გაეგზავნა შპს „...ის“ დირექტორის შეტყობინება, რომელშიც იგი მზადყოფნას აცხადებდა სასამართლოს 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით 2022 წლის 01 ივნისიდან თ.ჩ-ას სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, რის გამოც ეს უკანასკნელი სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო 2022 წლის 01 ივნისს, 09:00 საათზე, შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით, შესაბამისად, მოვალის წარმომადგენელი თვლიდა, რომ იძულებითი განაცდურის ოდენობა 2022 წლის 01 ივნისის მდგომარეობით უნდა დაანგარიშებულიყო, რაც საბოლოო ჯამში 83 790 ლარზე გაცილებით ნაკლებ თანხას შეადგენდა. ამასთან, თუ ზ.ჯ-ე ზემოაღნიშნულს არ გაიზიარებდა, გადაწყვეტილების განმარტების მიზნით მისი გამომცემი სასამართლოსთვის მიემართა.

დადგენილია, რომ 2022 წლის 04 ნოემბერს ნ.ნ-ემ განცხადებით მიმართა ზ.ჯ-ეს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების თაობაზე. ამ უკანასკნელმა იმავე დღეს მიმართა სს „...ას“ და მოითხოვა საინკასო დავალების გავრცელება ამავე ბანკში შპს „...ის“ ანგარიშზე არსებულ 67438,1 ლარზე, რაც წარმოადგენდა იძულებითი განაცდურის ოდენობას 2022 წლის 01 ივნისის მდგომარეობით. აღნიშნული საინკასო დავალება შესრულდა, ხოლო 2022 წლის 01 ივნისიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით დარჩენილ 22 217,2 ლარზე კერძო აღმასრულებელმა მოითხოვა ყადაღის ძალაში დატოვება.

დადგენილია, რომ 2022 წლის 04 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შემოწმების სამმართველოში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება კერძო აღმასრულებელ ზ.ჯ-ის მიერ სააღსრულებო საქმის შესაძლო კანონდარღვევებით წარმოების ფაქტთან დაკავშირებით. შემოწმების დაწყებას საფუძვლად დაედო - შპს ,,...ის“ წარმომადგენლის განცხადებები, რომლებშიც იგი მიუთითებდა, რომ ზ.ჯ-ის მიერ N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებისა და მოვალე მხარის ინტერესების შელახვის თაობაზე. კერძოდ, ზ.ჯ-ე არ ითვალისწინებდა მოვალე მხარის - შპს ,,...ის“ მიერ კრედიტორ თ.ჩ-ას სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით სააღსრულებო ფურცლის შესრულების ფაქტს და მოვალეს აკისრებდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე ამას ითვალისწინებდა სააღსრულებო ფურცელი, ამასთან, ყადაღა დაადო გაცილებით მეტ თანხას, ვიდრე ამას სააღსრულებო ფურცელი ითვალისწინებდა, რითაც ზიანი მიადგა კომპანიის ინტერესებს.

დადგენილია, რომ 2022 წლის 08 ნოემბერს ზ.ჯ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება. კერძოდ, რა დრომდე ეკისრებოდა მოვალეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამსახურში აღდგენამდე, თუ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ამასთან, ზ.ჯ-ემ აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩერა სააღსრულებო წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 06 დეკემბრის განჩინებით შპს „...ას“ და კერძო აღმასრულებელს უარი ეთქვათ ამავე სასამართლოს 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტებაზე, თუმცა განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისი პუნქტი ჩამოყალიბებულია შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ცხადია გულისხმობს დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას.

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გარემოებების დაზუსტების მიზნით, ახსნა - განმარტება ჩამოერთვა შპს „...ის“ წარმომადგენელ თ.კ-ეს, რომელმაც დაადასტურა განცხადებაში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ 2022 წლის 01 ივნისს თ.ჩ-ას სამსახურში აღდგენა უნდა ჩათვლილიყო სასამართლოს 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებად სამსახურში აღდგენის ნაწილში, ვინაიდან სასამართლოს მიზანი იყო მოვალისათვის დაეკისრებინა განაცდურის ანაზღაურება იმ დღემდე ვიდრე თ.ჩ-ა აღდგებოდა შპს „...ის“ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და მნიშვნელობა არ ჰქონდა აღდგენა იძულებით განხორციელდებოდა თუ ნებაყოფლობით. მისი განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის ნაწილში აღსრულებულად უნდა ჩათვლილიყო იმ პირობებშიც კი, როდესაც კრედიტორმა შეგნებულად არ გამოიყენა სამსახურში აღდგენის უფლება და ამით, ფაქტობრივად უარი განაცხადა სააღსრულებო ფურცლის აღსრულებაზე. თ.კ-ის განმარტებით, ...ში არსებულ ანგარიშზე ფაქტობრივად დაყადაღებული თანხის ოდენობა - 89655,3 ლარი მნიშვნელოვნად აღემატებოდა იძულებითი განაცდურის რეალურ ოდენობას. შესაბამისად, ზ.ჯ-ის მიერ ზედმეტად დაყადაღებულ იქნა 20 000 ლარზე მეტი ოდენობით თანხა, რის გამოც კომპანიამ დროულად ვერ გასცა დასაქმებულთა ხელფასები და იძულებული გახდა მათ გასაცემად მოეძიებინა სხვა თანხები. ამასთან, ზ.ჯ-ის არასწორი ქმედებებისა და მის მიერ სააღსრულებო საქმის დარღვევით წარმოების გამო დღემდე ვერ იყენებს დაყადაღებულ თანხას და ამით ზიანი ადგება კომპანიის ინტერესებს.

სამსახურებრივი შემოწმებით გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, 2023 წლის 01 თებერვალს მომზადდა N01-2023 დასკვნა კერძო აღმასრულებლის - ზ.ჯ-ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2023 წლის 01 თებერვლის №1040 წერილით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავმჯდომარეს გაეგზავნა „კერძო აღმასრულებლის - ზ.ჯ-ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2023 წლის 01 თებერვლის N01-2023 დასკვნა.

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2023 წლის 08 თებერვლის №542 ბრძანებით კერძო აღმასრულებლის - ზ.ჯ-ის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის სახით გამოყენებული იქნა გაფრთხილება.

საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. კანონის 146 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის 1416 მუხლის მე-2 პუნქტი მიხედვით, კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და ამ კანონის 1414 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევებისათვის კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ხოლო 1414 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლებისა, არის ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების მნიშვნელოვნად ან სისტემატურად დარღვევა, რაც არსებით ზიანს აყენებს კერძო ან საჯარო ინტერესებს, ასევე, კერძო აღმასრულებლისათვის შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება. კანონის 1416 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ კერძო აღმასრულებელი ვალდებულია სააღსრულებო საქმის წარმოება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული პირობებითა და ფორმით.

კერძო აღმასრულებელთა პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და ზომებს, კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ძირითად პრინციპებსა და პროცედურებს თავის მხრივ განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებით დამტკიცებული „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი“. მე-2 მუხლის თანახმად, ამ წესის საფუძველზე კერძო აღმასრულებელს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან, წესის მე-3 მუხლი ადგენს, რომ ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძო აღმასრულებლის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება ან სააღსრულებო წარმოების ლიცენზიის გაუქმება.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება 2022 წლის 01 ივნისის მდგომარეობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდა 2022 წლის 08 ნოემბერს და საინკასო დავალების საფუძველზე 64 286.80 ლარი ჩაირიცხა თ.ჩ-ას ანგარიშზე, ასევე, მითითებული, 2022 წლის 04 ნოემბრის საინკასო დავალებით ირკვევა, რომ 3151.3 ლარი გადახდილ იქნა როგორც აღსრულების საფასური. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტებით ქვედა ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, 2022 წლის 03 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, დამატებით 21 179.30 ლარი ჩამოიჭრა შპს ,,...ის“ ანგარიშიდან და ჩაირიცხა თ.ჩ-ას ანგარიშზე, ხოლო 1038.20 ლარი, როგორც აღსრულების საფასური, ჩაირიცხა ზ.ჯ-ის ანგარიშზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით კასატორის ის მოსაზრება, რომ კერძო აღმასრულებელმა ზედმეტ თანხაზე შეზღუდვის გავრცელებით ზიანი მიაყენა მხარეს, არ დასტურდება. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით, მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებელმა სწორედ იმ ოდენობის თანხაზე გაავრცელა შეზღუდვა, რომელიც უზრუნველყოფდა სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულებას.

დადგენილია, რომ მოვალე შპს ,,...ის“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებული განაცდური თანხა ნებაყოფლობით არ გადაუხდია და ამ თანხის გადახდა მოხდა იძულებით აღსრულების წესით, ჯერ 2022 წლის 01 ივნისის მდგომარეობით დაანგარიშებული 64 286.80 ლარი, ხოლო მოგვიანებით, 2022 წლის 01 ივნისიდან სააღსრულებო წარმოების აღსრულების დაწყებამდე პერიოდისათვის დაანგარიშებული თანხა - 21 179.30 ლარის ოდენობით მიმართული იქნა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. შესაბამისად დასტურდება, რომ კერძო აღმასრულებელი ზ.ჯ-ის წერილის საფუძველზე შპს ,,...ის“ ანგარიშზე დაყადაღებული თანხა 89655 ლარის ოდენობით სრულად იქნა ჩამოჭრილი, რომლიდანაც 85466 (64286+21179) ლარი ჩაირიცხა მოვალის ანგარიშზე, ხოლო 4189 (3151+1038) ლარი წარმოადგენდა სააღსრულებო წარმოების ხარჯებს. შესაბამისად, კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სადავო აქტის კანონშესაბამისობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ დაძლია მასზე არსებული მტკიცების ტვირთი, კერძოდ, საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის მართებულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი