Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1240(კ-24) 21 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე...“, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ე...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 28 ივნისის №001952 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ე...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) 2022 წლის 25 ნოემბრის №1121 ბრძანება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ე...ს“ მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ე...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის 2022 წლის 25 ნოემბრის №1121 ბრძანება შპს „ე...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 28 ივნისის №001952 დადგენილება და დაევალა იმავე ინსპექციას - საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქალაქ თბილისში, ... ქუჩის №38-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აგებულ რკინა-ბეტონის საყრდენ კედელსა და სამშენებლო ბლოკის ღობესთან დაკავშირებით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 28 ივნისის №001952 დადგენილებით შპს „ე...“ დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ... ქ. №38-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლისა და სამშენებლო ბლოკის ღობის (რომელიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე) მშენებლობისთვის. ამავე დადენილების სარეზოლუციო ნაწლის მე-2 პუნქტით ქ. თბილისში, ... ქ. №38-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა ამავე მისამართზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული სამშენებლო ბლოკის ღობის დემონტაჟი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მდგრადობის შენარჩუნებას. ამასთან, შესაბამისი საექსპერტო დასკვნისა და ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე კონსტრუქციული ღონისძიებების ჩატარება, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნება ფერდის შემდგომი მდგრადობა, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარდგენა, განხორციელებული სამუშაოების უსაფრთხოებისა და მდგრადობის შესახებ. ამავე დადენილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 პუნქტით ქ. თბილისში, ... ქ. №40-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა ამავე მისამართზე მდებარე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული სამშენებლო ბლოკის ღობის იმ ნაწილის დემონტაჟი, რომელიც განთავსებულია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილებით, გარიგების საფუძველზე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია - ქ. თბილისში, ... №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და მესაკუთრედ დარეგისტრირდა შპს „ე...“. საჯარო რეესტრის 2022 წლის 10 თებერვლის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №38-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შპს „ე...“. საჯარო რეესტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №40-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ხ.ნ-ე.

გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად არ დგინდება, თუ კონკრეტულად როდის განხორციელდა სადავო დადგენილებაში მითითებული სამუშაოები, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით, წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დარღვევის დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, დამრღვევი სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის დაწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობა უკავშირდება დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტს და იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას. საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის, დაკვალვის აქტისა და სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის სამშენებლო ობიექტზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტოსურათების ურთიერთშედარება-შეჯერების შედეგად, დადგენილია რომ ქ. თბილისში, ... ქ. №38-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლისა და სამშენებლო ბლოკის ღობის მშენებლობა, რომელიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. მოცემული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის აუცილებელი იყო ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი დოკუმენტაცია ვერც საჩივრის ავტორის მიერ იქნა წარდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებული სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რაც კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს დამრღვევზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კასატორის განმარტებით, ვინაიდან უტყუარად ვერ იქნა დადგენილი უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, შპს „ე...ს“ პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. საჯარო რეესტრის 2022 წლის 10 თებერვლის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №38-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სწორედ შპს „ე...“ წარმოადგენს, რომელსაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილებით გარიგების საფუძველზე წარმოეშვა საკუთრების უფლება ხსენებულ უძრავ ნივთზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებული უძრავი ნივთის მესაკუთრეებს ზემოხსენებულ პერიოდამდე წარმოადგენდნენ შპს „...“ და თ.რ-ი. შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის მიერ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი სუბიექტის გამორკვევის მიზნით, 2022 წლის 1 თებერვლის №001952 მითითებით დაწყებული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩასართავად და პოზიციის დაფიქსირების მიზნით შესაბამისი უწყების საფუძველზე, ასევე ინფორმირებულნი იყვნენ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრეები - შპს „...“ და თ.რ-ი, რომლებიც 2022 წლის 5, 12 და 28 აპრილს მუნიციპალურ ინსპექციაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომებზე არ გამოცხადდნენ. ამდენად, ინსპექციამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა უტყუარად მოეხდინა სამართალდამრღვევი სუბიექტის იდენტიფიცირება, თუმცა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის დადგენა საქმის წარმოების ფარგლებში ობიექტურად შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც, მესაკუთრეზე პასუხიმგებლობის დაკისრების საფუძველია. მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი მაშინ არის სახეზე, როდესაც იგი მისთვის დადგენილ ვადაში არ ასრულებს მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ აღმოფხვრის ამავე დოკუმენტით დაფიქსირებულ დარღვევებს. ამგვარ შემთხვევაში, მესაკუთრე, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, მაგრამ მის ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყოს სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა. შესაბამისად, მისსავე მოვალეობაში შედის სამშენებლო საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმებითა და სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რაც გამოხატულ უნდა იქნეს ზედამხედველობის ორგანოს მიერ გაცემული მითითების შესრულებასა და მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული დარღვევების გამოსწორებაში. განსახილველ შემთხვევაში შპს „ე...ს“ პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოშობს მისი უმოქმედობა, რამდენადაც მესაკუთრის მიერ არ იქნა შესრულებული მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 1 თებერვლის №001952 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად, ქ. თბილისში, ... ქ. №38-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლისა და სამშენებლო ბლოკის ღობის (რომელიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე) მშენებლობა. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებობდა მუნიციპალური ინსპექციის მიერ სადავო დაგენილების გამოცემისა და შპს „ე...ს“, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრის 8 000 ლარის ოდენობით დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი.

ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის დავალება ზოგადად წარმოადგენს მუნიციპალური ინსპექციის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ის გამომდინარეობს სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნიდან, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 19 ივლისის №004857422 საექსპერტო დასკვნაზე, რომელშიც ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხს წარმოადგენდა, თუ რა გავლენას მოახდენდა ქ. თბილისში, ... ქ. №38-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული საყრდენი კედლის დემონტაჟი მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მდგარ შენობებზე. ხსენებული საექსპერტო დასკვნით დგინდება, რომ აშენებული კედლის დემონტაჟი უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობებზე. საჩივრის ავტორს მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 28 ივნისის №001952 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დაევალა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლისა და სამშენებლო ბლოკის ღობის დემონტაჟი, ხოლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა დემონტაჟის საფრთხის შემცველობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული დასკვნის შინაარსის გათვალისწინებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და იმსჯელოს, თუ რამდენად კანონშესაბამისია სადავო დადგენილებით ზემოხსენებული სამუშაოების დემონტაჟის დავალება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 25 ნოემბრის №1121 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ე...ს“ წარმომადგენლის, ვ.ც-ის 2022 წლის 23 სექტემბერის №10/0122266469-01 ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 28 ივნისის №001952 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ამ ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 28 ივნისის №001952 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი.

კასატორი არ ეთანხმება განსახილველ საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად საკმარისად არ არის დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთებულობა იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2022 წლის 1 თებერვალს, შპს „ე...ს“ მიმართ შედგა №001952 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №38-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი და სამშენებლო ბლოკის ღობე, რომელიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე მითითებით მოსარჩელეს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების წესების დაცვითა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მდგრადობის შენარჩუნებას, ობიექტების დემონტაჟის განსახორციელებლად. ამასთან, დაევალა შესაბამისი საექსპერტო დასკვნისა და ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე კონსტრუქციული ღონისძიებების ჩატარება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ფერდის შემდგომი მდგრადობა, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარდგენა, განხორციელებული სამუშაოების უსაფრთხოებისა და მდგრადობის შესახებ (ს.ფ 166-167); ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შპს ,,ე...ს“ მიმართ 2022 წლის 28 თებერვალს შედგა №001952 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 1 თებერვლის №001952 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შესრულდა (ს.ფ 175-176); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, შპს „ე...ს“ მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2022 წლის 24 მარტს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ ნაკვეთი შეიძინეს 2016 წლის 16 ივნისს, არსებული მდგომარეობით (ს.ფ 160-161); ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი სუბიექტის გამორკვევის მიზნით, 2022 წლის 1 თებერვლის №001952 მითითებით დაწყებული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩასართავად და პოზიციის დაფიქსირების მიზნით შესაბამისი უწყების საფუძველზე, ასევე ინფორმირებულები იყვნენ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრეები - შპს „...“ და თ.რ-ი, რომლებიც 2022 წლის 5, 12 და 28 აპრილის მუნიციპალურ ინსპექციაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოცხადდნენ (ს.ფ 142-143, 145-146, 149, 152-153, 156-157); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2022 წლის 28 ივნისს მიიღო №001952 დადგენილება, რომლითაც შპს „ე...“ დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქ. თბილისში, ... ქ. №38-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლისა და სამშენებლო ბლოკის ღობის განთავსებისთვის, რომელიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №38-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა, ამავე მისამართზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული სამშენებლო ბლოკის ღობის დემონტაჟი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მდგრადობის შენარჩუნებას. ამასთან, შესაბამისი საექსპერტო დასკვნისა და ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე კონსტრუქციული ღონისძიებების ჩატარება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ფერდების შემდგომი მდგრადობა, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარდგენა, განხორციელებული სამუშაოების უსაფრთხოებისა და მდგრადობის შესახებ. 2.1 ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №40-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა ამავე მისამართზე მდებარე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული სამშენებლო ბლოკის ღობის იმ ნაწილის დემონტაჟი, რომელიც განთავსებული იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ს.ფ 56-59); ე) ქ. თბილისში, ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა თ.რ-ი. 2009 წლის 7 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწარის მიხედვით აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა შპს „...“ (ს.ფ. 149); საჯარო რეესტრის 2016 წლის 17 ივნისის ამონაწერის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, .... ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა შპს „ე...“ (ს.ფ. 114); საჯარო რეესტრის 2022 წლის 10 თებერვლის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №38-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს კვლავ წარმოადგენს შპს „ე...“ (ს.ფ. 115-121); ვ) საჯარო რეესტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №40-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ხ.ნ-ე (ს.ფ. 202); ზ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 19 ივლისის №004857422 საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №38-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე საყრდენი კედლის დემონტაჟი უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მის მომიჯნავე ნაკვეთებზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე (ს.ფ 75-81); თ) 2022 წლის 23 სექტემბერს, შპს „ე...ს“ წარმომადგენელმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 28 ივნისის №001952 დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) 2022 წლის 25 ნოემბრის №1121 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ე...ს“ წარმომადგენლის 2022 წლის 23 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივარი, კერძოდ, ძალაში დარჩა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 28 ივნისის №001952 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, ხოლო, ბათილად იქნა ცნობილი ამავე დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ამ ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ს.ფ 61-65, 96-106).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, მათ შორის, I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემულ შეტყობინებას, სხვა კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში კი - შესაბამის მშენებლობის ნებართვას. შესაბამისად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება უნებართვო მშენებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 131-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ კანონმდებელი სამართალდამრღვევ სუბიექტებად (დამრღვევად) მოიაზრებს როგორც მშენებლობის მწარმოებელ პირს, ასევე სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და მოსარგებლეს, იმ პირობებში თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი. საკასაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მსგავს სამართლებრივ საკითხზე არსებული პრაქტიკის საფუძველზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მართალია, სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ხასიათის გათვალისწინებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის, უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირი. ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უტყუარად დაადასტუროს მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა და უნებართვო მშენებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ გადააკისროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს (სუსგ ბს-579(2კ-21), 17.01.2023წ.).

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია სადავო სამუშაოების მწარმოებელი პირი. საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის მწარმოებელი პირის დასადგენად განხორციელებული მოქმედებები, მხოლოდ სადავო მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრეების ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირ მოსმენაზე მოწვევა არ ადასტურებს მოპასუხის მიერ მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარის მიერ არც უკანონო მშენებლობის განხორციელების პერიოდია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოპასუხე ვალდებულია საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია