Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1267(კ-24) 30 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №619 განკარგულება; ბ) დაევალოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 1 თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც, მოხდება მოსარჩელე თ.მ-ის საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, ... №..., კორპუსი №2-ის მიმდებარედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით თ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით თ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №619 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა თ.მ-ის მიერ მოთხოვილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით, აეროფოტოგადაღებებითა და ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული საცხოვრებელი სახლი №1 და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა №2, განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. ასევე დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, ბუნდოვანია, რა მტკიცებულება მიიჩნია სასამართლომ იმის უტყუარ დასტურად, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა კანონის ამოქმედებამდე ნამდვილად იყო განთავსებული.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია შპს „ ...ის“ საკუთრებაში არსებული მილსადენი, რომელიც მთლიან სიგრძეზე კვეთს უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული ასევე დასტურდება საჯარო რეესტრისა და ქალაქ თბილისის ინტერაქტიული რუკების გადამოწმების შედეგად. შესაბამისად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტი - წყალმომარაგების ქსელი, დაუშვებელია მასზედ საკუთრების უფლების აღიარება.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონსა და მასში გათვალისწინებულ/გაუთვალისწინებელ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლების წარმოშობა მოთხოვნილია, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, საკითხი კი, თავისთავად, მოწესრიგებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლითაც აღნიშნული ორგანო ხელმძღვანელობს. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომელ მიწის ნაკვეთზე არის დაუშვებელი საკუთრების უფლების აღიარება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №619 განკარგულება, ასევე მოთხოვნილია, დაევალოს მოპასუხეს მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...№..., კორპუსი №2-ის მიმდებარედ, თ.მ-ის საკუთრების უფლების აღიარება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2020 წლის 10 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განცხადებით მიმართა თ.მ-მა და მოითხოვა უფლებათა სპორადული რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...№..., კორპ. №2-ის მიმდებარედ, 406 კვ.მ. განცხადებას ერთვოდა: საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის შესახებ, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ელ. ვერსია, ორთოფოტო (ს.ფ. 64-76); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 ივლისის №... სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №... განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე მომზადების თარიღის გრაფაში მითითებული პერიოდისთვის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 16-17, 18, 19); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 ივლისის №... მიმართვით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაიგზავნა თ.მ-ის განცხადება, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ და საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს მოძიებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან ერთად (ს.ფ. 61); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 20.10.2020 წლის №16-0120294748 წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სააგენტომ განიხილა ...№...-ში, კორპუსი №2-ის მიმდებარედ 406 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მითითებულ ტერიტორიაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის – რუკის მიხედვით, ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2). „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №6-22 დადგენილების თანახმად, მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ის რაიონში, ... ...; განეკუთვნება №... ქვეზონას, სადაც ნორმატიული ღირებულება შეადგენს 26 ლარს; „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს №20-90 გადაწყვეტილებით გადასახადის წლიური განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს – 0,26 (ს.ფ. 80, 81); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 16 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ადგილზე გასვლით გაირკვა, რომ მოთხოვილი მიწის ნაკვეთი შემოღობილია წინა გზის მხრიდან კაპიტალურად და დანარჩენი სამი გვერდი მავთულბადით. მიწის ნაკვეთზე დგას ორი კაპიტალური ნაგებობა. ადგილზე გასვლა ჩატარდა მისამართზე - ...№..., კორპუსი №2-ის მიმდებარედ, №42 სხდომის №11 საკითხის შესწავლის ფარგლებში (ს.ფ. 82); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №619 განკარგულებით თ.მ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისი, ...№..., კორპ. №2-ის მიმდებარედ, საერთო ფართი 406 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღიარების კომისიამ მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით აეროფოტოგადაღებებითა და ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული საცხოვრებელი სახლი №1 და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა №2, განთავსებულია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. ასევე დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს (ს.ფ. 21-23); ზ) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.03.2023 წლის №001576323 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ქ. თბილისში, ...№..., კორპ. №2-ის მიმდებარედ, შპს „...“-ს მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებში (დღეს არსებული შენობა-ნაგებობის ადგილზე) 1996 წლიდან ფიქსირდება შენობა-ნაგებობა. ხოლო მიწის ნაკვეთის სამხრეთით (გზის გასწვრივ) არსებული ღობე მოწყობილია 2005 წელს ან 2005 წლამდე პერიოდში (იხ. დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9 და ფოტოილუსტრაცია) (ს.ფ. 181-199); თ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.03.2018 წლის №5001465218 წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მიმართვაზე - ეცნობებინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაძლებელია თუ არა ექსპერტიზის ჩატარება შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის დადგენის მიზნით, ეცნობა, რომ წერილში დასმულ საკითხზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება შესაძლებელია შემდეგი პირობით: საკვლევი ობიექტი უნდა ჩანდეს სხვადასხვა წლებში გადაღებულ ორთოფოტოზე, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული შენობა-ნაგებობის (მისამართი, საკადასტრო კოდის ან სხვა მონაცემის მითითებით) ორთოფოტოზე დაფიქსირების შემთხვევაში მათ მიერ გაიცემა დასკვნა, რომ კონკრეტული შენობა-ნაგებობა ფიქსირდება ამა თუ იმ წლის ორთოფოტოზე. სხვა რაიმე სახით შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის განსაზღვრა მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი სახის მეთოდიკის არ არსებობის გამო შეუძლებელია (ს.ფ. 200); ი) 24.01.2023 წელს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ...საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული მილსადენი. მილსადენი მთლიან სიგრძეზე კვეთს თ.მ-ის მიერ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს (ს.ფ. 201-202, 203, ქალაქ თბილისის ინტერაქტიული რუკა……).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №619 განკარგულებით თ.მ-ის უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული საცხოვრებელი სახლი №1 და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა №2, განთავსებულია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. ამასთან, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან სადავო ტერიტორია თვითნებურად დაიკავა და მასზე განათავსა შენობა ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს კორპუსის წითელი ხაზების გარეთ. კორპუსში ბინა და სადავო ტერიტორია შეიძინა ერთად, 1996 წელს. მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო პატარა შენობა, რომელშიც წინა მეპატრონეები ცხოვრობდნენ. როცა ბინა იყიდა და კორპუსის ბინას არემონტებდა 2 წელი, ამ პერიოდის განმავლობაში თავადაც საცხოვრებლად იყენებდა ამ შენობას. შენობას აქვს პატარა სარდაფი, რომელსაც ამავე შენობიდან აქვს ჩასასვლელი. კორპუსში გადასვლის შემდეგ შენობას იყენებდა სამეურნეო მიზნით. მისივე განმარტებით, როდესაც სადავო ტერიტორია შეიძინა, მასზე გაშენებული იყო ვაზი. მან გააკეთა ხეივანი, რომელიც გადადიოდა შენობის ზევიდან. დღეის მდგომარეობით ვაზი სხვა მხარეს არის გადასული. თ.მ-ის მიერ საქმეზე წარმოდგენილია ფოტოსურათები (იხ. ს.ფ. 83-101, 113-116, 139), რომელთაგან ერთ-ერთ ფოტოსურათზე (იხ. ს.ფ. 139) ჩანს მცირე ზომის აუზი, რომელიც ამჟამადაც უცვლელი სახით არის განთავსებული სადავო მიწაზე. ფოტოსურათზე აღბეჭდილნი არიან მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც, მოსარჩელის განმარტებით, მისი შვილები არიან, მან ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული ფოტო გადაღებულია 2003 წელს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია 2003 და 2020 წლებში გადაღებულ ფოტოსურათებში ასახული ტერიტორიის იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, არ მიუთითებია საქმის მასალებით დადასტურებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის თანახმად, აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამასთანავე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სზაკ-ის 107.2 მუხ.). სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.).

საკასაციო სასამართლო, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებულ დავებთან მიმართებით ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელსაც უკავშირდება მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა-არარსებობის ფაქტის დადასტურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთზე კონკრეტულ პერიოდში უძრავი ქონების არსებობა-არარსებობის ფაქტის დადგენა ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებების - ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მეშვეობით არის შესაძლებელი“ (იხ. სუს-ის 13.12.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-698-698(კ-18)).

საკასაციო სასამართლო, თავის მხრივ, კვლავაც მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და ამავდროულად განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ორთოფოტო არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს კონკრეტულ პერიოდში შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთზე განთავსებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეაფასოს საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები და გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.03.2023 წლის №001576323 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...№..., კორპ. №2-ის მიმდებარედ, შპს „...“-ს მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებში (დღეს არსებული შენობა-ნაგებობის ადგილზე) 1996 წლიდან ფიქსირდება შენობა-ნაგებობა. ხოლო მიწის ნაკვეთის სამხრეთით (გზის გასწვრივ) არსებული ღობე მოწყობილია 2005 წელს ან 2005 წლამდე პერიოდში (იხ. დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9 და ფოტოილუსტრაცია). საყურადღებოა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა 1996, 2005, 2006, 2010, 2014 და 2020 წლის ორთოფოტოებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ შენობა-ნაგებობის არსებობის დადგენის მიზნით ორთოფოტოების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების არსებობა და ნარგავებით დაფარულ ტერიტორიაზე მხოლოდ ორთოფოტოები ვერ იქნები შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტის დამდგენი მტკიცებულება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული საცხოვრებელი სახლი №1 და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა №2, განთავსებულია კანონის ამოქმედების შემდეგ, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. სადავო გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება გარემოებები, რომელთა გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტულ შედეგამდე მივიდა. მომდევნო წლებში შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია კი, არ ქმნის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტების საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 18 ივლისს სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წერილი, რომლითაც ლ.გ-ი, ი.ქ-ი და ზ.გ-ა ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თ.მ-ი 1998 წლიდან ფლობს თანდართულ (შპს „...ს“ მიერ 2020 წლის 25 ივნისით დათარიღებული 2005 წლის ორთოფოტო) ორთოფოტოზე წითლად მონიშნულ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, რომელიც მდებარეობს, თბილისში, ...№..., კორპ. №2-ის მიმდებარედ. თ.მ-ი ზემოთხსენებულ უძრავ ქონებას უვლის და განკარგავს როგორც საკუთარს 1998 წლიდან მოყოლებული, მან უზრუნველყო სხვადასხვა ნარგავების დარგვა, მცირე ზომის აუზის გაკეთება და ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია (ს.ფ. 265-269);

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (1); სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (2).

ამდენად, საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007წ.), არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 20.10.2020 წლის №16-0120294748 წერილზე, რომლის მიხედვითაც, ...№...-ში, კორპუსი №2-ის მიმდებარედ 406 კვ.მ მიწის ნაკვეთზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის – რუკის მიხედვით, ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2). საყურადღებოა, რომ მითითებული წერილი გამოცემულია 20.10.2020 წელს, შესაბამისად, საქმის ხელახალი განხილვის პროცესში, აუცილებელია, განისაზღვროს, ხომ არ შეცვლილა ვითარება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, კვლავ ვრცელდება თუ არა მასზე სარეკრეაციო ზონის სტატუსი და შეფასდეს, ზოგადად, რამდენად დასაშვებია სადავო მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარება.

ამასთან, 24.01.2023 წელს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული მილსადენი, რომელიც კვეთს უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული, მართალია, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოებაა (საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები), თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია საკითხი იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების არსებობის პირობებში, შპს „...ის“ ბალანსზე რიცხული წყალსადენის ქსელებისგან თავისუფალ ნაკვეთზე რამდენად იყო შესაძლებელი თ.მ-ის საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, გამოსაკვლევია მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესაძლებლობა. აღნიშნული მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუყენებია შესაძლებლობა, განმცხადებლისათვის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შეთავაზების თვალსაზრისით, რათა ემსჯელა დარჩენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია