Facebook Twitter

№ბს-1270(კ-23) 21 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №04/24520 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40488 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №04/24520 და 2018 წლის 13 ივლისის №04/40488 გადაწყვეტილებები.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლომ სამსახურის მიერ დარღვევად ჩათვალა ის გარემოება, რომ კლინიკა 6 თვეში არ შემოწმდა და მეტი დრო მიეცა ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად, რაც მხარის უკეთეს პოზიციაში ჩაყენებაა და არა სამსახურის გადაცდომა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2017 წლის 28 თებერვალს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა („განმახორციელებელი“) და შპს „...ს“ („მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, მხარეებმა ხელშეკრულების გაფორმებისას იხელმძღვანელეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით („დადგენილება“) დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1; „პროგრამა“) მე-3 და მე-4 მუხლებით. ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „დადგენილების“ №1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.დ“, №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.დ“ და მეორე პუნქტის „გ.დ“, №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა - „მომსახურება“) განხორციელება. 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდება 2017 წლის პირველი მარტიდან. სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში, ხოლო ხელშეკრულების 5.2. პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 5.2.1. 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 5.2.5. 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად კი, პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილიდან და 51% ნაკლებ შემთხვევაში მაჩვენებელი არ დგინდება; 51% და მეტის შემთხვევაში კი, აღნიშნული განისაზღვრებოდა სერვისის მიმწოდებლის მიერ. ხელშეკრულების 5.4.1. პუნქტის თანახმად, კანონმდებლობით და მის შესასრულებლად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიეღო ყველა პროგრამული და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა, მათ შორის რეფერალის შემთხვევა, ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, თუ იგი წარმოადგენს III დონის პერინატალური სერვისების მიმწოდებელს. ამავე ხელშეკრულების მე-11 პუნქტში მიეთითა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის პირველ მარტამდე. 2018 წლის 1 მარტს შპს „...ის“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის შედგა შეთანხმება „სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (ტ.1, ს.ფ 28-31, 32-34); ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილს მიღებულ №04/24520 გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, „პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით“. გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა მონაცემები შესაბამის დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში (ხელშეკრულება გაფორმებულია 2017 წლის 1 მარტს) მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის, მისი შემცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სათანადო მაჩვენებელთან შესაბამისობისა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ზემოაღნიშნულ პერიოდში ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთების რაოდენობის (ხელოვნური კოდი CSE) თაობაზე. სააგენტომ მიუთითა, რომ მიღებული ინფორმაციით, შპს „...ის“ მიერ დარღვეულია პროგრამისა და ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, არ ფიქსირდება მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების ტენდენცია, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე, კლინიკას დაეკისრა საჯარიმო სანქცია 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ 27); გ) 2018 წლის 4 მაისს შპს „...ის“ გენერალურმა დირექტორმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს №43558 წერილით აცნობა, რომ არ ეთანხმებოდა 2018 წლის 27 აპრილის №04/24520 გადაწყვეტილებას და ითხოვა ეცნობებინათ, თუ რა მონაცემზე დაყრდნობით განხორციელდა ჯარიმის დაკისრება (ტ.1, ს.ფ 228). აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 ივნისის №04/35128 წერილით შპს „...ას“ ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, „პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად“. ამავე წერილის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განსაზღვრულია 5%. 2016 წლის განმავლობაში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენდა 41%, ხოლო განსახილველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ამ მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 38%, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების პირობის დარღვევას და ზემოთ ხსენებული ნორმით მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველია. საჯარიმო სანქციები შეადგენს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფიქსირებული შეტყობინებების საფუძველზე, გადაცემული საკეისრო კვეთების (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) რაოდენობის (212) ნამრავლს საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე (300 ლარი), სულ, საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 63 600 ლარით (ტ.1, ს.ფ 229); 2018 წლის 28 ივნისის №04/37473 გადაწყვეტილებით შპს „...ის“ დამატებით ეცნობა, რომ პერინატალური სერვისის მიმწოდებელ შესაბამის დაწესებულებებთან 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრა საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 31%-35%- იან შუალედში - 1%-ს; 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განსაზღვრულია 5%. 2016 წლის განმავლობაში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენდა 41%, ხოლო განსახილველ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ამ მაჩვენებელმა, შეადგინა დაახლოებით 38%, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების პირობის დარღვევას და ზემოთ ხსენებული ნორმით მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველია. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, ასევე მიუთითა, რომ საჯარიმო სანქციის დაკისრების თაობაზე შპს „...ას“ ეცნობა სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №04/24520 გადაწყვეტილებით. სტატისტიკური მონაცემების მხრივ გარკვეული ხარვეზის დაფიქსირების გამო გადაიხედა საჯარიმო სანქციის ოდენობა, რომელმაც შეადგინა 60 000 ლარი. საჯარიმო სანქციები შეადგენს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფიქსირებული შეტყობინებების საფუძველზე, გადაცემული საკეისრო კვეთების (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) რაოდენობის (212) ნამრავლს საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800) ლარი და მშობიარობის ლიმიტს (500) შორის სხვაობაზე (300) ლარი, სულ, საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 63 600 ლარით (ტ.1, ს.ფ 143-144); დ) 2018 წლის 25 მაისს შპს „...მა“ №50891 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და 2018 წლის 27 აპრილის №04/24520 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე გადაწყვეტილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციის (60 000 ლარი) გაუქმება მოითხოვა (ტ.1, ს.ფ 237-245); ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40488 გადაწყვეტილებით, გასწორდა სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №04/24520 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის ჯამური ოდენობა და განისაზღვრა 63 600 ლარით; შპს „...ის“ 2018 წლის 25 მაისის №50891 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. №04/40488 გადაწყვეტილებით სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს „...ას“ მიერ დარღვეული იქნა პროგრამისა და ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, არ დაფიქსირდა მშობიარეთა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების ტენდენცია. ამასთან, სააგენტომ მიუთითა, რომ დადგენილებისა და კონტრაქტის ფარგლებში, მომსახურების ხარისხის განსაზღვრისას, გაითვალისწინება კლინიკის მიერ განხორციელებული მშობიარობებისა და საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობა, მათ შორის, არაპროგრამული პაციენტების შემთხვევების ჩათვლით, თუმცა, სანქცია გამოითვლება მხოლოდ პროგრამული პაციენტების რაოდენობის მიხედვით (ტ.1, ს.ფ 140-142).

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №04/24520 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელე დაჯარიმდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40488 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 2​1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 1-ლი მუხლი).

სადავო პერიოდში მოქმედი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან: ა) თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში – სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია პირი: ა.ა) რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონე ან პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე; ა.ბ) რომლის საანგარიშგებო წლის წინა წლის განმავლობაში გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა >500-ზე. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირება დაიწყეს საანგარიშგებო წელს ან საანგარიშგებო წლის წინა წელს ისე, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან არ შესრულებულა საანგარიშგებო წლის წინა სრული კალენდარული წელი, ასევე საუნივერსიტეტო სტაციონარებზე – სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილ, მრავალპროფილიან, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებშიც სამეანო-ნეონატალური მიმართულებით მიმდინარეობს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და სამეცნიერო კვლევა.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის №102 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი: ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 19​1 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილება ამოქმედდა 2017 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №577 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 19​1 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილება ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №180 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება ამ დანართის 19​1 მუხლის შესაბამისად. ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ზემოაღნიშნული პუნქტის მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელის დაჯარიმების საფუძველი გახდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ისეთი რედაქცია, რომელიც ვერ გავრცელდებოდა 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების მიმართ, რითაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა გასაჩივრებული აქტის მატერიალური კანონიერება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არსებითად დაეფუძნა სამართლებრივ საფუძველს - ნორმას, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის დროს არ იყო მოქმედი.

ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის რედაქცია ცალსახად ადგენდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა მითითებულ 6 თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „...ის“ შემოწმება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი უნდა განეხორციელებინა მასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის დასრულების და არა 1 წლის გასვლის შემდგომ. ამასთან, უდავოა, რომ შემოწმების პერიოდის მოცულობის ზუსტი დადგენა აუცილებელია როგორც დარღვევის გამოვლენის, ისე საჯარიმო სანქციის განსაზღვრისა და წინა შემოწმების შედეგებთან შედარების კუთხითაც, ვინაიდან თუნდაც ერთი დღით მეტი ან ნაკლები პერიოდის მონაცემების შეჯამებამ შესაძლოა განსხვავებული სურათი შექმნას (სუსგ 22.07.2021 ბს-1257(კ-20)).

შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.12.2023წ. №38038 და 22.01.2024წ. №02240 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 3180 (300+2880) ლარის 70 პროცენტი - 2226 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია