Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1271(კ-24) 29 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ც-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.ც-ემ 2022 წლის 5 ივლისს სარჩელით მიმართა ბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მიმართ, ხოლო 2022 წლის 1 ნოემბერს სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 11 აპრილის №MOD 2 22 00414276 წერილის ბათილად ცნობა, „ლ.ც-ის 2022 წლის 10 მაისის №523160 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2022 წლის 08 ივნისის №MOD 3 22 00000023 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მოსარჩელე ლ.ც-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ.ც-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 11 აპრილის №MOD 2 22 00414276 აქტი; ბათილად იქნა ცნობილი „ლ.ც-ის 2022 წლის 10 მაისის №523160 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2022 წლის 08 ივნისის №MOD 3 22 00000023 ბრძანება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მოსარჩელე ლ.ც-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის მიზნით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონში განხორციელებული ცვილებებით დაკონკრეტდა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური. საყურადღებოა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მანამდე მოქმედ რედაქცაში მითითებული იყო, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩათვილისათვის საკმარისი იყო სამხედრო სამსახური. ცვილებების განხორციელებამდე მსგავსი სასარჩელო მოთხოვნის სააქმებთან მიმართებაში არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურში ნამსახურების პერიოდი მიიჩნეოდა სამხედრო სამსახურში მუშოაბის პერიოდად და სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებისათვის მხედველობაში მიიღებოდა, მიუხედავად იმ გარემოებისა, კანონში არ იყო პირდაპირი მითითება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურზე (იხ. თასპ 2020 წლის 10 მარტი, 3ბ/152-20; სუსგ 2021 წლის 10 სექტემბერი, Nბს-657(კ-20)). პალატამ კანონპროექტის განმარტებით ბარათზე მითითებით აღნიშნა, რომ ცვლილების მიზანი იყო კანონში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. ცვლილებამდე სასამართლოსთვის მიმართვის გზით ხდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ჩათვლა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში, ვინაიდან სასამართლომ განმარტა, რომ ამ სექტორში მუშაობა წარმოადგენდა სამხედრო ძალებში სამსახურს. პალატის მითითებით, კანონმდებლის ნებას წარმოადგენდა აღნიშნული ცვლილებებით საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხის კონკრეტიზაცია და მოწესრიგება, ამასთანავე გაკეთებულია დათქმა პერიოდთან მიმართებაში და მისი მოქმედება გაავრცელა სქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2022 წლის პირველი იანვრიდან განთავისუფლებულ პირებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 21 პუნქტისა და 373 მუხლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა საქართველოს თადაცვის სამინისტროდან 2022 წლის 1 იანვრიდან დათხოვნის შემდეგ, ხოლო ლ.ც-ე დათხოვნილ იქნა 2022 წლის 1 იანვრამდე, რის გამოც, ლ.ც-ე არ წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს, რაც ქმნის მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 27 აგვისტოს №MOD 4 21 00003879 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ... განყოფილების მთავარი ინსპექტორი, თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი ლ.ც-ე გათავისუფლდა სამსახურიდან 2021 წლის 24 აგვისტოდან. ლ.ც-ემ 2022 წლის 24 მარტს N337498 განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის წლების დაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 11 აპრილის №MOD 2 22 00414276 სადავო წერილით ლ.ც-ეს ეცნობა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამავე კანონით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციისათვის დასანიშნ წელთა ნამსახურების გაანგარიშებაში ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური“ ითვლება, თუმცა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის შესაბამისად, წარდგინება სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოში იგზავნება, მხოლოდ 2022 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლებულ პირებზე. შესაბამისად, ლ.ც-ის განცხადება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და შუამდგომლობის მომზადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ლ.ც-ემ 2022 წლის 10 მაისის N523160 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 11 აპრილის №MOD 2 22 00414276 წერილის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და მათი სათანადო ორგანოში გადაგზავნის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2022 წლის 08 ივნისის №MOD 3 22 00000023 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ.ც-ის 2022 წლის 10 მაისის №523160 ადმინისტრაციული საჩივარი. ბრძანებაში მითითებულია, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 21 პუნქტის და 373 მუხლის თანახმად, ლ.ც-ე არ წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-16 მუხლები განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის ნუსხაში სხვადასხვა უწყებაში მუშაობის, სწავლებისა და საშეღავათო პერიოდის გავრცელების საკითხებს. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება, მათ შორის: სამხედრო სამსახური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური. მოცემული სახით აღნიშნული ნორმა ჩამოყალიბდა 2021 წლის 09 ივნისს და ამოქმედდა 2022 წლის 01 იანვრიდან. მანამდე არსებული ჩანაწერი არ ითვალისწინებდა კონკრეტულად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლას, როგორც აუცილებელ პირობას. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლით განისაზღვრა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2022 წლის 1 იანვრიდან დათხოვნის შემდეგ (აღნიშნული შინაარსი ამოქმედდა 2022 წლის 01 იანვრიდან).

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განხორციელებული ცვლილიებების მიზნებზე და კანონპროექტების განმარტებით ბარათებზე მითითებით აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განპირობებულია იმ პირთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხის დარეგულირების აუცილებლობით, რომლებიც მსახურობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებით. ცვლილების მიზანია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა სახელმწიფო უწყებების სპეციალური წოდების მქონე პირებთან არსებული არათანაბარი მიდგომის აღმოფხვრა. კანონპროექტი უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირთათვის დამატებითი სოციალური გარანტიების შემოღებას. ცვლილების მიზანია მოტივაციის გაზრდა და იმ პირთა სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლებიც მსახურობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებით და აკმაყოფილებენ სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად დადგენილ კანონმდებლობის მოთხოვნებს. განმარტებით ბარათში გამოკვეთილია თავდაცვის სამინისტროში სამხედრო და სპეციალური წოდებების დაბალანსებული სისტემის არსებობის და სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირთა სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვის აუცილებლობა. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის მიზნით ცვლილებები განხორციელდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონშიც. ცვლილების თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოების (მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახური) სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, სამსახურიდან დათხოვნისას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ აგრეთვე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახური პერიოდი. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე არსებული განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად განსაზღვრულია, რომ კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან არსებული პრაქტიკის მიხედვით, ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოებიდან დათხოვნილ მოსამსახურებს საერთო წელთა ნამსახურობაში ისედაც ეთვლებოდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახური პერიოდი. შესაბამისად, ცვლილების შედეგად ტექნიკურად გასწორდება კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული სამართლებრივი ხარვეზი. „ბ.დ“ ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. „ბ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად განმეორებით განიმარტა, რომ წინამდებარე კანონის მიღება არ გამოიწვევდა ამ პირთა ფინანსურ მდგომარეობის ცვლილებას, ვინაიდან არსებული პრაქტიკის მიხედვით, ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოებიდან დათხოვნილ მოსამსახურებს საერთო წელთა ნამსახურობაში ისედაც ეთვლებათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახური პერიოდი.

ამდენად, კანონში განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებით მომსახურე პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას და მათი სხვა სახელმწიფო უწყებებთან მიმართებით თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას. ცვლილებების ფორმალური ხასიათითა და განმარტებითი ბარათებით დასტურდება, რომ ცვლილებები არსებითად არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს და მხოლოდ არსებულ პრაქტიკასთან კანონმდებლობის ტექნიკურ შეთავსებას ემსახურება. აღნიშნული ცვლილებები სოციალური დაცვის სისტემაში სამართლებრივი ბალანსის უზრუნველყოფას ემსახურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად იმპერატიულად დადგინდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის პერიოდის სამხედრო მოსამსახურის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის ვალდებულება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიზანს სამხედრო მოსამსახურის უფლების არა შეზღუდვა, არამედ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის ცვლილებით არ განსაზღვრულა რაიმე ახალი შეზღუდვა, არამედ დაზუსტდა არსებული სამართლებრივი ნორმა და მის ტექსტში მკაფიოდ აისახა ის ნორმატიული შინაარსი, რაც მანამდეც პრაქტიკაში განსამარტ საკითხს წარმოადგენდა. ძველი ნორმა უფლებას ანიჭებდა გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს წელთა ნამსახურების დაანგარიშებისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიეღო გადაწყვეტილება, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობაში პირისთვის სპეციალური წოდებით სამსახურის ჩათვლის საკითხზე (ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება), ახალმა ჩანაწერმა კი, სპეციალური წოდებით სამსახურის პერიოდის ჩათვლა არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებად, არამედ მის ვალდებულებად აქცია. განხორციელებული ცვლილება საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორების გზით უფლების რეალიზაციის გამარტივებას ისახავს მიზნად და არა ახალი უფლების მინიჭებით იმ პირთა უფლების შეზღუდვას, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2022 წლის 1 იანვრამდე. გასათვალისწინებელია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა კომპენსაციის გაანგარიშება. სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე საქმის მასალებში დაცულ დოკუმენტაციაზე, რომლითაც დგინდება ლ.ც-ის სამხედრო სამსახურში 20-ზე მეტი კალენდარული წლის ნამსახურობა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით და მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებით არ დასტურდება ლ.ც-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშების გამომრიცხველი გარემოებები, რაც ქმნის სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი