საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1301(კ-24) 29 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.თ-ი; მოპასუხე - კერძო აღმასრულებელი ნ.გ-ი; მესამე პირები: ნ.დ-ე, ლ.მ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.თ-მა 2019 წლის 11 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 27 აგვისტოს №...განკარგულება; ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 3 სექტემბრის N45565 განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 სექტემბრის N71133 ადმინისტრაციული აქტი; ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 23 დეკემბრის N68080 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 იანვრის N3587 ადმინისტრაციული აქტი; უკანონოდ იქნეს ცნობილი N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში კერძო აღმასრულებლის მიმართვა (ქმედება) სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე; უკანონოდ იქნეს ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს ქმედება აუქციონის გამოცხადების თაობაზე; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მატერიალური ზიანის 44 134 ლარის გადახდა (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, 2022 წლის 03 ივნისის სხდომის ოქმი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ კერძო აღმასრულებელი ნ.გ-ი, ნ.დ-ე და ლ.მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით გ.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 აგვისტოს №...განკარგულება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 სექტემბრის №71133 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 იანვრის №3587 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტიპ; უკანონოდ იქნა ცნობილი №... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში კერძო აღმასრულებლის მიმართვა (ქმედება) სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე. უკანონოდ იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს ქმედება აუქციონის გამოცხადების თაობაზე. დანარჩენ ნაწილში გ.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა კერძო აღმასრულებლის ნ.გ-ის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, 146, 147,1416, მე-15, მე-17, მე-18, 183, 184, მე-19, 25-ე, 44-ე, 47-ე, 48-ე, 631 მუხლები, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და პროცედურების “ 1.1. მუხლი და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავი ნივთის - 81.50 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა №41-ის (მდებარე ქალაქ ..., ...ის ქუჩა №..., ხუთსართულიანი სახლის მეხუთე სართული; ს/კ ...) ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობა 2019 წლის 4 მაისს, კერძო აღმასრულებლის ნ.გ-ის მიერ, N... სააღსრულებო წარმოების საფუძველზე აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შედგენილი უძრავი ნივთის აღწერა - დაყადაღების შესახებ აქტსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ აუქციონის ვებ - გვერდზე (...) განთავსებულ მონაცემებთან, აღწერილობასთან. მიუთითა, რომ მსჯელობის საგანია, სახეზე არის თუ არა ქმედების (მოქმედება/უმოქმედობა) ჯეროვანი განხორციელება.
სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოების დეტალურ მითითებასთან ერთად ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 ნოემბრის №007995419 დასკვნაზე, სადაც მითითებულია, რომ ქალაქ ...ში, ...ის ქუჩა №...-ში, მეხუთე სართულზე მდებარე ბინა №41-ის (ს/კ №...) ფართი შეადგენს 34,58 კვ.მ.-ს, ხოლო მიშენებული ფართის გათვალისწინებით ჯამში შეადგენს 82.00 კვ.მ.-ს (დანართი №1). აღნიშნულ ფართს, დღეს არსებული მდგომარეობით, დანართ №1-ზე არსებული კარი №2-ით გააჩნია კავშირი მომიჯნავედ არსებულ საცხოვრებელ ბინასთან. შესაბამისად, აღნიშნული ბინა არ წარმოადგენს იზოლირებულ ფართს. აღნიშნულ ბინას გააჩნია მხოლოდ ერთი ოთახი, შენობის მხოლოდ ერთ მხარეს არსებული აივანი და მიშენებული ფართი. შესაბამისად, მას არ გააჩნია მისაღები, სამი საცხოვრებელი ოთახი, კაფელმეტლახით მოპირკეთებული სამზარეულო და ვანა - ტუალეტი, ასევე ორი მხრიდან ღია ტიპის აივანი.
ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა კერძო აღმასრულებლის (ნ.გ-ის) და სსიპ აღსრულების როვნული ბიუროს მხრიდან კანონისმიერი ვალდებულებების - ქმედებების (მოქმედება/უმოქმედობა) არაჯეროვანი განხორციელება, რის შედეგად, დარღვეულია ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები, რაც სასამართლოს მსჯელობით წარმოადგენს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების უკანონოდ ცნობის წინაპირობას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 27 აგვისტოს №A 19063055-012/004 განკარგულება, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 სექტემბრის N71133 და 2020 წლის 22 იანვრის N3587 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, კერძო აღმასრულებლის მიმართვა (ქმედება) სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე და სააღსრულებო ბიუროს ქმედება აუქციონის გამოცხადების თაობაზე არის კანონშეუსაბამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.
კასატორი განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146 მუხლი). წარმომადგენლის განმარტებით, კერძო აღმასრულებლის ნ.გ-ის წარმოებაში იყო N... სააღსრულებო საქმე (კრედიტორი, ლ.მ-ე, მოვალე, ნ.დ-ე), რომელიც მიმდინარეობდა ნოტარიუს ნ.ს-ის მიერ, 2019 წლის 19 აპრილს გაცემული N190432907 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმად რეალიზაციას დაექვემდებარა ნ.დ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგანი - მდებარე: ქ. ..., ქუჩა ...ის N..., სართული 5, ბინა N41, ს/კ ... კასატორის მსჯელობით, 2019 წლის 04 მაისს კერძო აღმასრულებლის ნ.გ-ის მიერ შედგენილი იქნა აღწერა დაყადაღების აქტი. ზემოხსენებული საქმის ფარგლებში მოვალის ნ.დ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე 2019 წლის 07 აგვისტოს გამოცხადდა მეორე განმეორებითი აუქციონი (... ლოტი N...). 2019 წლის 14 აგვისტოს 17:30 საათზე აუქციონი დასრულდა გ.თ-ის გამარჯვებით და მის მიერ უძრავი ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, 2019 წლის 27 აგვისტოს გაიცა N... განკარგულება (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ).
კასატორი მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ, 2019 წლის 04 მაისს შედგენილი აღწერა - დაყადაღების აქტში საჯარო რეესტრის ამონაწერში და N...შეფასების დასკვნაში არსებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება ერთმანეთს. მისივე მსჯელობით, ვინაიდან, საჯარო რეესტრის მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერი სწორად ითვლება ვიდრე მისი უზუსტობა არ დამტკიცდება. განმარტავს, რომ უძრავი ქონების მონაცემები და აღწერილობა სრულად შეესაბამება აუქციონის ვებ.გვერდზე მითითებულ მონაცემებს. შესაბამისად მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, აღნიშნული აქტის გამოცემისას აღმასრულებელს არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები.
კასატორის მითითებით, აღმასრულებლის მიერ გამოცემული განკარგულება წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობებს. მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტის გამოცემისას აღმასრულებელს არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები. ამდენად, ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას და საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში, სარჩელზე სრულად უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 04 ივნისს ნოტარიუსის მიერ დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ.მ-ემ ნ.დ-ეს ასესხა 30 600 ლარი 6 თვის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.48 %-ის დარიცხვით და გადახდით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება: ..., ...ის ქუჩა №..., ბინა 41, საცხოვრებელი ბინა, ფართით 81.50 კვ.მ.; ..., ...ის ქუჩა №..., სხვენი ფართით 80.60 კვ.მ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 04 ივნისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების აღსრულების მიზნით 2019 წლის 19 აპრილს ლ.მ-ის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, ნოტარიუსს ნ.ს-ის მიერ გაიცა №190432907 სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა სესხის თანხა 30 600 ლარი + 4259,52 ლარი (4 თვის გადაუხდელი სარგებელი) + პირგასამტეხლო 0,13% (04.12.2018 წლიდან აღსრულებამდე), აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124, 36 ლარი.
სააღსრულებო ფურცელში მითითებულია, რომ მის საფუძველზე უნდა მომხდარიყო ნ.დ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის (..., ...ის ქუჩა №..., ბინა 41-ის (უძრავი ქონების ს/კოდი: ...) და ..., ...ის ქუჩა №..., სხვენის (უძრავი ქონების ს/კოდი: ...) რეალიზაცია.
2019 წლის 22 აპრილს, ლ.მ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ნ.გ-ს 2019 წლის 19 აპრილს გაცემული №190432907 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 30 600 ლარი, 4259,52 ლარი (ოთხი თვის გადაუხდელი სარგებელი), პირგასამტეხლო 0,13% (04.12.2018 წლიდან აღსრულებამდე), აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124, 36 ლარი. თანხის ამოღების მიზნით უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია: 1. ..., ...ის ქუჩა №..., ბინა 41, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...; 2. ..., ...ის ქუჩა №..., სხვენი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .... აღნიშნული განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.
დადგენილია, რომ 2019 წლის 19 აპრილს გაცემული №190432907 სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის კერძო აღმასრულებელმა ნ.გ-მა მოვალე - ნ.დ-ეს (მის: ..., ...ის ქუჩა №..., ბინა 42) 2019 წლის 22 აპრილს გაუგზავნა №...-004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ნ.დ-ეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში გადაეხადა დაკისრებული თანხა. ამავე შეტყობინებით, მოვალე მხარეს განემარტა სააღსრულებო წარმოების მხარეთა უფლებები და სააღსრულებო წარმოების განხორციელების პროცედურები. ასევე განემარტა აუქციონის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ვებ- გვერდიდან მიღების შესახებ.
2019 წლის 22 აპრილს, კერძო აღმასრულებელმა ნ.გ-მა №...005/001 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ინფორმაცია ირიცხებოდა თუ არა მოვალე ნ.დ-ის სახელზე უძრავი ქონება; იყო თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება იპოთეკით (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) დატვირთული, როდის და ვის სასარგებლოდ; ასევე ირიცხებოდა თუ არა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ყადაღა, როდის და ვის მიერ.
2019 წლის 22 აპრილს, კერძო აღმასრულებელმა ნ.გ-მა №...-005/002 წერილით მიმართა ...ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია ირიცხებოდა თუ არა ნ.დ-ის სახელზე უძრავი ქონებები: 1. ..., ...ის ქუჩა №..., სართული 5, ბინა 41 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...; 2. ..., ...ის ქუჩა №..., სხვენი, ფართით 80.60 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .... ირიცხებოდა თუ არა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ყადაღა, როდის და ვის მიერ; დატვირთული იყო თუ არა იპოთეკით, როდის და ვის მიერ.
2019 წლის 22 აპრილს, კერძო აღმასრულებელმა ნ.გ-მა №...-006/001 წერილით მიმართა ...ის სარეგისტრაციო სამსახურს და №190432907 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა ყადაღის რეგისტრაცია მოვალე - ნ.დ-ის კუთვნილ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე: 1. ..., ...ის ქუჩა №..., სართული 5, ბინა 41, ფართით 81.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...; 2. ..., ...ის ქუჩა №..., სხვენი, ფართით 80.60 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 აპრილის №144935 წერილით, კერძო აღმასრულებელს ნ.გ-ის ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ნ.დ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე, მდებარე: ..., ...ის ქუჩა №..., ბინა 41, ფართით 81.50 კვ.მ., საკადასტრო კოდი - ...; ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება: უფლების რეგისტრაციის №892018482023, თარიღი 04.06.2018, იპოთეკარი: ლ.მ-ე, საფუძველი: 2018 წლის 04 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია საჯარო -სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა). საფუძველი: კერძო აღმასრულებელ ნ.გ-ის 2019 წლის 22 აპრილის №...- 006/001 მომართვა. ასევე ეცნობა, რომ აღნიშნულ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილით ეცნობა, რომ ნ.დ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე, მდებარე: ..., ...ის ქუჩა №..., სხვენი, ფართით 80.60 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება. იპოთეკარი: ლ.მ-ე, საფუძველი: 2018 წლის 04 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა). საფუძველი: კერძო აღმასრულებელ ნ.გ-ის 2019 წლის 22 აპრილის №...-006/001 მომართვა.
2019 წლის 04 მაისს, კერძო აღმასრულებელი ნ.გ-ი გამოცხადდა მისამართზე: ..., ...ის ქუჩა №..., ბინა 41. მის მიერ აღწერილ და დაყადაღებულ იქნა მოვალე - ნ.დ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. აღწერა - დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად, საცხოვრებელი ბინა განთავსებულია ზემოხსენებულ მისამართზე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე, წარმოადგენს იზოლირებულ, არასტანდარტულ საცხოვრებელ ბინას. შედგება სამი საცხოვრებელი ოთახისაგან: ერთი მისაღები ოთახისგან, ერთი სამზარეულოსგან და ვანა - ტუალეტისაგან. ოთახები ნაწილობრივ გარემონტებულია, კედლები გალესილია და შეღებილია, იატაკი არის ხის მასალის, სამზარეულო და ვანა - ტუალეტი მოპირკეთებულია კაფელ - მეტლახით. ბინას ორი მხრიდან აქვს ღია ტიპის აივნები. კარ - ფანჯრები არის ხის მასალის. ბინაში ჩატარებულია კოსმეტიკური რემონტი, ბინა გაზიფიცირებულია, ელექტროფიკაცია მოწყობილია, წყალგაყვანილობა - კანალიზაცია. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია ...; საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ფართი შეადგენს 81.50 კვ.მ. უძრავი ქონების აღწერა - დაყადაღების შესახებ აქტს ხელს აწერენ კერძო აღმასრულებელი ნ.გ-ი და მოვალე - ნ.დ-ე.
დადგენილია, რომ 2019 წლის 04 მაისს, კერძო აღმასრულებელი ნ.გ-ის მიერ ასევე აღწერილ და დაყადაღებულ იქნა მოვალე - ნ.დ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. აღწერა - დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად, უძრავი ქონება წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის (მისამართი- ..., ...ის ქუჩა N...) სხვენს, ფართით 80. 60 კვ.მ. არ აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი. არ არის გადატიხრული. ფართი არ არის გარემონტებული, არ არის მოწყობილი კომუნიკაციები. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია: ...; ფართით 80.60 კვ.მ. უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტს ხელს აწერენ კერძო აღმასრულებელი ნ.გ-ი და მოვალე - ნ.დ-ე.
2019 წლის 31 მაისს, კერძო აღმასრულებელმა ნ.გ-მა №...-008/001 წერილით მიმართა შპს „ ...ის“ დირექტორს და მოითხოვა ნ.დ-ის კუთვნილი უძრავი ქონების (1. ..., ...ის ქუჩა №..., სართული 5, ბინა 41, ფართი 81.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...; 2. ..., ...ის ქუჩა №..., ფართი 80.60 კვ.მ., სხვენი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) საბაზრო ფასებით შეფასება.
შპს „...ის“ (შპს ...) 2019 წლის 04 ივნისის №...დასკვნის თანახმად, ნ.დ-ის კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე: ..., ...ის ქუჩა №..., სართული 5, ბინა 41, საკადასტრო კოდი: ..., საბაზრო ღირებულებამ 114 000 ლარი შეადგინა, ხოლო შპს „...ის“ 2019 წლის 04 ივნისის №19/06-04/12 დასკვნის თანახმად, ნ.დ-ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ..., ...ის ქუჩა №..., სხვენი, საკადასტრო კოდი: ..., საბაზრო ღირებულებამ 34 000 ლარი შეადგინა.
დადგენილია, რომ 2019 წლის 17 ივნისს, კერძო აღმასრულებელმა ნ.გ-მა სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ №... - ... განაცხადით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს. კერძოდ, მის წარმოებაში არსებულ №... სააღსრულებო წარმოებაზე (კრედიტორი: ლ.მ-ე, მოვალე - ნ.დ-ე) მოვალის კუთვნილი უძრავი ქონებების (1. ..., ...ის ქუჩა №..., სართული 5, ბინა 41, ფართი 81.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...; 2. ..., ...ის ქუჩა №..., ფართი 80.60 კვ.მ., სხვენი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:...) იძულებითი რეალიზაციისათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით. კერძო აღმასრულებელმა მიუთითა, რომ განაცხადის შეტანის დღისათვის მოვალის მიმართ კრედიტორის - ლ.მ-ის მოთხოვნა შეადგენდა 40 513.3 ლარს.
სასამართლომ დაადგინა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ აუქციონის ვებ-გვერდზე (...) გამოქვეყნდა ინფორმაცია სხვენზე (მდებარე: ..., ...ის ქუჩა №..., ფართი 80.60 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ...) დანიშნული აუქციონის შესახებ. ორგანიზატორის მიერ გამოქვეყნებულ იქნა ელექტრონული აუქციონის წესი და პირობები: აუქციონის დაწყების დრო - 15.07.2019წ. 16:00 საათი, დასრულების დრო - 23.07.2019წ. 16:00 საათი. აღწერილობა: სარეალიზაციოდ განთავსებული ქონება წარმოადგენს სხვენს და განთავსებულია სხვა საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების თავზე. არ აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი, არ არის გადატიხრული, სხვენი არ არის მოწყობილი საცხოვრებლად. მითითებული უძრავი ქონება 1 700 ლარად გაიყიდა 2019 წლის 23 ივლისს.
ასევე დაადგინა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ აუქციონის ვებგვერდზე (...) გამოქვეყნდა ინფორმაცია საცხოვრებელ ბინაზე (მდებარე: ..., ...ის ქუჩა №..., სართული 5, ბინა 41, ფართი 81.50 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ...) დანიშნული აუქციონის შესახებ. ორგანიზატორის მიერ გამოქვეყნებულ იქნა ელექტრონული აუქციონის წესი და პირობები: აუქციონის დაწყების დრო - 07.08.2019წ. 17:00 საათი, დასრულების დრო 14.08.2019წ. 17:30 საათი. აღწერილობა: სარეალიზაციოდ განთავსებული ქონება წარმოადგენს ხუთ სართულიანი კაპიტალური კორპუსის მეხუთე სართულზე განთავსებულ ბინას. ბინა შედგება 3 საცხოვრებელი ოთახისაგან, იატაკი და კარფანჯრები ხისაა, სამზარეულო და ვანა-ტუალეტი მოპირკეთებულია კაფელმეტლახით, ბინას ორი მხრიდან აქვს ღია ტიპის აივნები. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბინის ფართია 81.50 კვ.მ. მითითებული უძრავი ქონება 39 900 ლარად გაიყიდა 2019 წლის 14 აგვისტოს.
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2019 წლის 24 ივლისს გამოსცა №... განკარგულება, რომლის თანახმად, ნ.დ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი ..., ...ის ქუჩა №..., საკადასტრო კოდით:...) შემძენი 2019 წლის 23 ივლისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა დ.წ-ე. აღნიშნულმა პიროვნებამ ქონება შეიძინა 1 700 ლარად. დ.წ-ემ თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის ლ.მ-ის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2019 წლის 27 აგვისტოს გამოსცა №... განკარგულება, რომლის თანახმად, ნ.დ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი ..., ...ის ქუჩა №..., სართული 5, ბინა ..., საკადასტრო კოდი: ...) შემძენი 2019 წლის 14 აგვისტოს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა გ.თ-ი. აღნიშნულმა პიროვნებამ უძრავი ქონება შეიძინა 39 900 ლარად. გ.თ-მა თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის ლ.მ-ის სასარგებლოდ.
2019 წლის 03 სექტემბერს, გ.თ-მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და მოითხოვა აუქციონის გაუქმება და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ შეძენილი უძრავი ქონების რეალური მდგომარეობა არ შეესაბამება აუქციონის ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს. კერძოდ, ბინა №...-ს არ გააჩნია შესასვლელი კარი, სველი წერტილები, სამზარეულო, მას უფიქსირდება ფართი 34.1 კვ.მ. და არა 81.50 კვ.მ., როგორც ეს აუქციონის ვებგვერდზე იყო მითითებული.
დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 სექტემბრის №71133 წერილით, გ.თ-ს ეცნობა, რომ უძრავი ქონების მონაცემები და აღწერილობა სრულად შეესაბამება აუქციონის ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერში, 2019 წლის 04 მაისის კერძო აღმასრულებლის მიერ შედგენილი აღწერა - დაყადაღების აქტში და №... შეფასების დასკვნაში არსებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება ერთმანეთს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერი სწორად ითვლება, ვიდრე მისი უზუსტობა არ დამტკიცდება. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით კი არ იკვეთება მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 ნოემბრის №007995419 დასკვნის თანახმად, ქალაქ ...ში, ...ის ქუჩა №...-ში, მეხუთე სართულზე მდებარე ბინა №...-ის (საკ. კოდი №...) ფართი შეადგენს 34,58 კვ.მ.-ს. ხოლო მიშენებული ფართის გათვალისწინებით ჯამში შეადგენს 82.00 კვ.მ.-ს (დანართი №1). აღნიშნულ ფართს, დანართ №1-ზე არსებული კარი №2-ით გააჩნია კავშირი მომიჯნავედ არსებულ საცხოვრებელ ბინასთან. შესაბამისად, აღნიშნული ბინა არ წარმოადგენს იზოლირებულ ფართს. გააჩნია მხოლოდ ერთი ოთახი, შენობის მხოლოდ ერთ მხარეს არსებული აივანი და მიშენებული ფართი. შესაბამისად, მას არ გააჩნია მისაღები, სამი საცხოვრებელი ოთახი, კაფელ - მეტლახით მოპირკეთებული სამზარეულო და ვანა - ტუალეტი, ასევე ორი მხრიდან ღია ტიპის აივანი.
2019 წლის 23 დეკემბერს, გ.თ-მა საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 27 აგვისტოს გაცემული №... განკარგულების (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ) ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება ჯამში 40 983 ლარი. კერძოდ, გადახდილი თანხა 39 900 ლარი, დარღვეული ანაბრის მიუღებელი თანხა 900 ლარი და ექსპერტიზის საფასური 183 ლარი. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ შეძენილი უძრავი ქონების რეალური მდგომარეობა არ შეესაბამება აუქციონის ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს. საჩივარს თან დაურთო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 ნოემბრის დასკვნა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2020 წლის 22 იანვრის №3587 წერილით გ.თ-ის ეცნობა, რომ უძრავი ქონების მონაცემები და აღწერილობა სრულად შეესაბამება აუქციონის ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერში, 2019 წლის 04 მაისის კერძო აღმასრულებლის მიერ შედგენილი აღწერა-დაყადაღების აქტში და №... შეფასების დასკვნაში არსებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება ერთმანეთს. რადგან საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერი სწორად ითვლება, ვიდრე მისი უზუსტობა არ დამტკიცდება. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით კი არ იკვეთებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146.1. მუხლს, რომლის თანახმად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კანონის 147.1. მუხლის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მე-41 ნაწილის მიხედვით, კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით საჯარო შეტყობინების აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ.გვერდზე გამოქვეყნების მიზნით. მიმართვა შესაძლებელია განხორციელდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის აღნიშნული მომსახურების საფასური დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს; ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით. ამავე ნორმის მე-6 ნაწილით, კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე. ამავე ნორმის მე-6 ნაწილით, კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე, ხოლო მე-7 ნაწილის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. კანონის 44-ე მუხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). ამ კანონის 47.1. მუხლის თანახმად, ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.
საკასაციო პალატა განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს ამ კანონის 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში უნდა აღინიშნოს: ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი; ბ) სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი და გვარი, ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ; გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელსაც აღასრულებენ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა; დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება; ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა და სხვა); ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება, თუ აღწერისას შესაძლებელია აღმასრულებლის მიერ ფასების დადგენა; ზ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული, და ...ის ნომრები; თ) იმ პირის დასახელება, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახავად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა; ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი; მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი; კ) კრედიტორისა და მოვალის შენიშვნები და განცხადებები და მათზე აღმასრულებლის განმარტებანი. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერენ აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას.
კანონის 631.1. მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება.
განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 27 აგვისტოს №... განკარგულების, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 სექტემბრის N71133 ადმინისტრაციული აქტის და 2020 წლის 22 იანვრის N3587 ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან. აღნიშნულზე მსჯელობის ფარგლებში კი მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავი ნივთის - 81.50 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა №...-ის, მდებარე ქალაქ ..., ...ის ქუჩა №..., ხუთსართულიანი სახლის მეხუთე სართული (ს/კ ...) - ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება თუ არა კერძო აღმასრულებლის ნ.გ-ის მიერ, N... სააღსრულებო წარმოების საფუძველზე, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით 2019 წლის 4 მაისს შედგენილ უძრავი ნივთის აღწერა - დაყადაღების შესახებ აქტსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ აუქციონის ვებ-გვერდზე (...) განთავსებულ მონაცემებს/აღწერილობას. შესაბამისად, სახეზეა თუ არა ქმედების (მოქმედება/უმოქმედობა) ჯეროვანი განხორციელება.
საკასაციო პალატის მსჯელობით, ქვედა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მართებულად გამახვილდა ყურადღება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 ნოემბრის №007995419 დასკვნაზე, სადაც მითითებულია, რომ “ქალაქ ...ში, ...ის ქუჩა №...-ში, მეხუთე სართულზე მდებარე ბინა №...-ის (საკ. კოდი №...) ფართი შეადგენს 34,58 კვ.მ.-ს, ხოლო მიშენებული ფართის გათვალისწინებით ჯამში შეადგენს 82.00 კვ.მ.-ს (დანართი №1). აღნიშნულ ფართს, დღეს არსებული მდგომარეობით, დანართ №1-ზე არსებული კარი №2-ით გააჩნია კავშირი მომიჯნავედ არსებულ საცხოვრებელ ბინასთან. შესაბამისად, აღნიშნული ბინა არ წარმოადგენს იზოლირებულ ფართს. აღნიშნულ ბინას გააჩნია მხოლოდ ერთი ოთახი, შენობის მხოლოდ ერთ მხარეს არსებული აივანი და მიშენებული ფართი. შესაბამისად, მას არ გააჩნია მისაღები, სამი საცხოვრებელი ოთახი, კაფელმეტლახით მოპირკეთებული სამზარეულო და ვანა - ტუალეტი, ასევე ორი მხრიდან ღია ტიპის აივანი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და მითითებულ სამართლებრივ ნორმათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა კერძო აღმასრულებლის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან კანონისმიერი ვალდებულებების, ქმედებების (მოქმედება/უმოქმედობა) არაჯეროვანი განხორციელება. რაც შეეხება კასატორის იმ მსჯელობას, რონ კერძო აღმასრულებლის მიერ, 2019 წლის 04 მაისს შედგენილი აღწერა - დაყადაღების აქტში, საჯარო რეესტრის ამონაწერში და N... შეფასების დასკვნაში არსებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება ერთმანეთს და რომ საჯარო რეესტრის მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია, მხოლოდ აღნიშნული მსჯელობა ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. აქვე საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი