Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1342(კ-24) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ.ტ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 5 ოქტომბერს რ.ტ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხე მხარის დაზუსტების შემდგომ მოპასუხედ მიუთითა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, რ.ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანების საფუძველზე შექმნილი 2023 წლის 7 ივნისის კომისიის სხდომის ოქმი/გადაწყვეტილება რ.ტ-ის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 8 ივნისის MES 6230000658971 ბრძანება რ.ტ-ის ნაწილში; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად აქვს მითითებული სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, რ.ტ-ე არ ითხოვდა 2023 წლის 8 ივნისის N658971 ბრძანების ბათილად ცნობას. მოსარჩელეს არ დაუზუსტებია მოთხოვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 4 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე რ.ტ-ემ დააზუსტა მოთხოვნა და ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილება, რ.ტ-ის საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მე-2 ნაწილის გადალახვაზე 2023 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმი და 2023 წლის 8 ივნისის MES 6 23 0000658971 ბრძანება უარის თქმის ნაწილში; დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ.ტ-ეს ,,საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი’’ ჩაეთვლება გადალახულად და რ.ტ-ის სახელზე გაიცემა სერტიფიკატი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 8 ივნისის MES 6 23 0000658971 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა მეორე ინსტანციის სასამართლოში არის მოთხოვნის გაზრდა, რაც არ არის დასაშვები. სააპელაციო პალატის განმარტებით, რ.ტ-ემ მოახდინა მოთხოვნის ტრანსფორმირება, რაც შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. სასარჩელო მოთხოვნა არ გასცდენია მოსარჩელის ინტერესის ფარგლებს, ვინაიდან საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მე-2 ნაწილის გადალახვაზე 2023 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება აისახა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 8 ივნისის MES 6 23 0000658971 ბრძანებაში, რომლითაც დამტკიცდა დირექტორობის უფლების მქონე პირთა სია, რომელშიც არ იყო მითითებული რ.ტ-ე. ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და ბრძანება ერთმანეთის თანმდევ შედეგს წარმოადგენს, შესაბამისად, ერთობლიობაში პირდაპირი და უშუალო ზიანის მომტანია მოსარჩელისთვის. აღნიშნული მოცემულობა კი ქმნის სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების სამართლებრივ წინაპირობას, რაც განხორციელდა მოსარჩელის მიერ და ის არ სცდება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის შეცვლის ან გადიდების დაუშვებლობასთან დაკავშირებით (სსკ 381-ე მუხლი).

სააპელაციო პალატამ მიუთითა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ მე-4, მე-6, მე-16, მე-17 მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ კომისიის წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობენ, თუმცა, როდესაც უარს ეუბნებიან რომელიმე კონკურსანტს სერტიფიცირების ეტაპის გადალახვასა და დირექტორობის უფლების მოპოვებაზე, იგი უნდა იყოს აუცილებლად დასაბუთებული. ბუნებრივია კონკურსანტს, რომელსაც უარი ეთქვა სერტიფიცირების მეორე ეტაპის გადალახვასა და დირექტორობის უფლების მოპოვებაზე, უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი და მისი ანალიზი სასამართლოსთვის არის მიუწვდომელი. ასეთ პირობებში შეუძლებელია იმის შემოწმება, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა კონკურსის მეორე ეტაპი. დაცული იყო თუ არა სამართლიანი კონკურენციის პრინციპები. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა გასაჩივრებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანების საფუძველზე შექმნილი 2023 წლის 7 ივნისის კომისიის სხდომის ოქმის/გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 8 ივნისის MES 6230000658971 ბრძანების რ.ტ-ის ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას მოსარჩელე მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოთხოვნის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სახეზეა ორი დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2023 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმი და 2023 წლის 8 ივნისის ბრძანება, შესაბამისად, მათი ერთიანობაში მოაზრება არასწორია. ამასთან, კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებით დადგენილ შეფასების კრიტერიუმებზე. კასატორის განმარტებით, კომისიამ საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან შესაბამისობის დადგენისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიღებული შედეგების გათვალისწინებით შეაფასა რ.ტ-ე, კომისიის 2023 წლის 7 ივნისის ოქმში მითითებულია კრიტერიუმები, რითაც იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას და რითაც შეფასებული იქნა მოსარჩელე. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაუბრება წარმოადგენს არა პირის კონკრეტიზებული, ვიწრო სპეციალური ცოდნის შემოწმებას, არამედ კონკურსანტის პირადი უნარ-ჩვევების, პერსონალური თვისებების შემოწმების პროცესს. კასატორის განმარტებით, წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ადმინისტრაციულმა ორგანომ მოახდინოს კონკურსანტის კონკრეტული სიტყვების ციტირება, რომელიც დაადასტურებდა დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განსახორციელებელ შეფასებებს. კასატორს მიაჩნია, რომ ეს იმდენად შეფასებითი საკითხია, რომ ვიდეოჩანაწერის არსებობის შემთხვევაშიც კი, იარსებებდა აზრთა სხვადასხვაობა შესაბამისი ქულის დაწერის სამართლიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი შეფასებითი საკითხების გადასაწყვეტად აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, რომელშიც ორივე ინსტანციის სასამართლო ჩაერია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 17 მარტის MES 723 0000309627 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის - გასაუბრების ჩატარების მიზნით კომისიის შემადგენლობა. კომისია შედგებოდა 6 წევრისაგან. აღნიშნულმა კომისიამ 2023 წლის 17 მარტის სხდომის ოქმით განსაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილზე - გასაუბრებაზე დირექტორობის მსურველ პირთა შეფასების კრიტერიუმები. კერძოდ, კომისია შეთანხმდა, რომ დირექტორობის მსურველ პირთა გასაუბრების დროს დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები შეფასდებოდა 6 კრიტერიუმით: მართვის სტილი; მოსაზრებებისა და შეხედულებების არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი; რეფლექსიის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი; შემოქმედებითი მიდგომა; ეფექტური კომუნიკაციის უნარი. თითოეულ კრიტერიუმში კანდიდატი ფასდებოდა 5 ქულიანი სისტემით. გასაუბრების მაქსიმალური შეფასება იყო 30 ქულა. იმისათვის, რომ დირექტორობის მსურველ პირს წარმატებით გაევლო გასაუბრების ეტაპი, ჯამურად უნდა დაეგროვებინა 18 ქულა ან მეტი (60% ან მეტი).

დადგენილია, რომ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის - გასაუბრების ჩატარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 17 მარტის MES 7 23 0000309627 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმის თანახმად, ჩატარდა საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილი - გასაუბრება. გასაუბრება წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის საფუძველზეც შეფასდა კანდიდატების შესაბამისობა დირექტორის პოზიციასთან. საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების გასაუბრების ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, რ.ტ-ე შეფასდა შემდეგნაირად: მართვის სტილი - 3 ქულა; მოსაზრებებისა და შეხედულებების არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი - 2 ქულა; რეფლექსიის უნარი - 2 ქულა; გადაწყვეტილების მიღების უნარი - 2 ქულა; შემოქმედებითი მიდგომა - 2 ქულა; ეფექტური კომუნიკაციის უნარი - 3 ქულა. ჯამში საერთო შეფასებამ შეადგინა 14 ქულა. შესაბამისად, რ.ტ-ემ საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილი - გასაუბრება, წარმატებით ვერ გადალახა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 8 ივნისის MES 6 230000658971 ბრძანებით, დამტკიცდა დირექტორობის უფლების მქონე იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2023 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. აღნიშნულ სიაში (დანართში) ვერ მოხვდა რ.ტ-ე.

საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების შესახებ კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 4 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე რ.ტ-ემ დააზუსტა მოთხოვნა და ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილება, რ.ტ-ის საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მე-2 ნაწილის გადალახვაზე - 2023 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმი და 2023 წლის 8 ივნისის MES 6 23 0000658971 ბრძანება უარის თქმის ნაწილში; დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ.ტ-ეს ,,საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი’’ ჩაეთვლება გადალახულად და რ.ტ-ის სახელზე გაიცემა სერტიფიკატი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მე-2 ნაწილის გადალახვის შესახებ 2023 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება აისახა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 8 ივნისის MES 6 23 0000658971 ბრძანებაში, რომლითაც დამტკიცდა დირექტორობის უფლების მქონე პირთა სია და აღნიშნულ სიაში არ იყო მითითებული რ.ტ-ე. ამდენად, სადავო ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების თანმდევ შედეგს წარმოადგენს და გასაჩივრებულ ოქმთან ერთობლიობაში პირდაპირი და უშუალო ზიანის მომტანია მოსარჩელისთვის. აღნიშნული მოცემულობა კი ქმნიდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების სამართლებრივ წინაპირობას და ვერ იქნება მიჩნეული მოთხოვნის გაზრდად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ (ძალადაკარგულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის N36/ნ ბრძანებით) მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორობის უფლების მქონე პირი იყო პირი, რომელიც შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის წარმატებით გავლის შედეგად მოიპოვებდა დირექტორობის უფლების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სერტიფიცირების ეტაპი შედგებოდა ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი მოიცავდა ტესტირებას (შემდგომში - ტესტირება). ტესტირება ტარდებოდა ელექტრონულად, მართვის სისტემის სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მეორე ნაწილი მოიცავდა გასაუბრებას (შემდგომში – გასაუბრება) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან. გასაუბრებაზე დაიშვებოდა დირექტორობის მსურველი, რომელიც გადალახავდა ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, რაც შეადგენდა ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60 პროცენტს. ამასთან, მითითებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დირექტორობის მსურველთა გასაუბრებას ატარებდნენ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია/კომისიები. ამავე წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრული იყო, რომ სერტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებდა დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიას, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება, რაც ქვეყნდებოდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის - გასაუბრების ჩატარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 17 მარტის MES 7 23 0000309627 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმის თანახმად, ჩატარდა საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილი - გასაუბრება. გასაუბრება წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის საფუძველზეც შეფასდა კანდიდატების შესაბამისობა დირექტორის პოზიციასთან. ამავე კომისიის 2023 წლის 17 მარტის სხდომის ოქმით განსაზღვრული საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების გასაუბრების ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, გასაუბრების ეტაპზე რ.ტ-ის საერთო შეფასებამ შეადგინა 14 ქულა. შესაბამისად, რ.ტ-ემ საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილი - გასაუბრება, წარმატებით ვერ გადალახა და იგი ვერ მოხვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 8 ივნისის MES 6 230000658971 ბრძანებით დამტკიცებულ დირექტორობის უფლების მქონე იმ პირთა სიაში, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2023 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. „დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია“ (სუსგ 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18)). „შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (სუსგ 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18)).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია კომისიის თითოეული წევრის მიერ მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის საკითხის შემოწმება სცდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, თუმცა სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს რ.ტ-ესთან ჩატარებული გასაუბრებისა და მისთვის კონკრეტული შეფასების მინიჭების მართლზომიერება და არა მიზანშეწონილობა. სასამართლო არ არის კომისიის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის გადამოწმებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს კომისიის მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების სასამართლო კონტროლიდან სრულ გამორიცხვას. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია კონკურსანტთა შეფასებისას კომისია მოქმედებდა შეფასების თავისუფალი სივრცის ფარგლებში და დაუშვებელია სასამართლოს მიერ კომისიის ფუნქციების შეთავსება, თუმცა შემფასებლის მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში უფლებამოსილების გადაჭარბება ან არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია. სასამართლო იცავს შეფასების თავისუფალ სივრცეს, თუმცა იმავდროულად, თვითნებობის ფაქტის აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, უკიდეგანო შეფასების სივრცე, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა (სუსგ 24.12.2021წ. Nბს-590(კ-20)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკურსის, მოცემულ შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის - გასაუბრების ჩატარების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კონტროლი ფორმალურ ხასიათს არ ატარებს, შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გადასინჯვა და სასარჩელო წარმოებით უფლების დაცვა ეფექტურ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. კონკურსის შედეგად პირის შეფასება არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც სადავო სხდომის ოქმი და არც სადავო ბრძანება არ შეიცავს ინფორმაციას რ.ტ-ესთან ჩატარებული გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ, არ ირკვევა დასმული შეკითხვებისა და გაცემული პასუხების შინაარსი თუ ფორმულირება, რის გამოც გაურკვეველია მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების შეფასების საფუძვლები, დასმული კითხვების შემხებლობა შეფასების წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებთან. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რ.ტ-ესთან გასაუბრების მიმდინარეობის პროცესის დეტალურად ამსახველი სხვა რაიმე დოკუმენტი. ამგვარი დოკუმენტის არსებობაზე არც ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს. მეტიც, გასაუბრების პროცესის ჩანაწერის არარსებობაზე კასატორი თავადვე აღნიშნავს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მოსარჩელესთან გასაუბრების პროცესის ამსახველი დოკუმენტი, სასამართლოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის - გასაუბრების კანონიერების შემოწმება რ.ტ-ის ნაწილში, ფაქტობრივად შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომისიის წევრების მიერ გარკვეულ კრიტერიუმებთან მიმართებით ქულების ინდივიდუალურად დაწერა, არ ქმნის გასაუბრების ეტაპის ობიექტურად ჩატარებულად მიჩნევის საკმარის საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით და უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პოზიცია სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში ჩარევასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი