Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-135(კ-25) 29 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - ქ.მ-ი, თ.მ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. და თ. მ-ებმა 2023 წლის 24 ნოემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს: სიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 24 აგვისტოს №IDP 1 23 00896352, 2023 წლის 11 სექტემბრის №IDP 1 23 00954041 წერილობითი მიმართვების, „თ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 31 ოქტომბრის №IDP 3 23 01156426 გადაწყვეტილების, „ქ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 31 ოქტომბრის №IDP 7 23 01156457 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სამომავლოდ საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნის უფლების რეალიზებისათვის, მონაცემთა ბაზაში მოსარჩელეების - ქ.მ-ისა და თ.მ-ის ფართით უზრუნველყოფილ პირებად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი მშობლის გამო მოსარჩელეების, როგორც დაღმავალი შტოს საფუძვლით, მონიშვნის გაუქმების სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წსლი 7 დეკემბრის განჩინებით, ქ. და თ. მ-ების შუამდგომლობა, დროებითი განჩინების მიღების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ქ.მ-ის და თ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილი წესითა და ვადაში უზრუნველყოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში მოსარჩელეების - ქ.მ-ისა და თ.მ-ის ფართით უზრუნველყოფილ პირებად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი მშობლის გამო მოსარჩელეების, როგორც დაღმავალი შტოს საფუძვლით, მონიშვნის გაუქმება, სამომავლოდ საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნის უფლების რეალიზებისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.

პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე სადავოა ქ.მ-ისა და თ.მ-ის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად მიჩნევის კანონიერება, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი მშობლის გამო, როგორც დაღმავალი შტოს საფუძვლით, სამომავლოდ საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნის უფლების რეალიზებისათვის. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის №10/09/03 განკარგულებასა და 2012 წელის ნასყიდობის ხელშეკრულებაში, ბინით დაკმაყოფილებულ პირად მითითებულია მხოლოდ გ.მ-ი, მას ბინა გადაეცა როგორც ერთსულიან ოჯახს. ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტებში არ არის ჩანაწერი, რომ გ.მ-ის, როგორც ოჯახის უფროსს, გადაეცა საცხოვრებელი ფართი და მან აიღო ვალდებულება სხვა ოჯახის წევრების მიმართ. ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები ქ. და თ.მ-ები, მამასთან - გ.მ-ისთან ერთად, როგორც ოჯახის წევრები, საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილებულან, თუმცა აღნიშნულს არც ადმინისტრაციული ორგანო ხდის სადავოდ. სადავო აქტებით მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ არა იმ საფუძვლით, რომ მამასთან გ.მ-სთან ერთად, როგორც ოჯახის წევრები, დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით, არამედ, როგორც მშობლის გ.მ-ის დამავალი შტოს წარმომადგენლები, ჩაითვალნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მითითებები მოსარჩელეთა და მათი მშობლის გ.მ-ის ერთ მისამართზე რეგისტრაციასა და დევნილი ოჯახის ერთ სარეგისტრაციო ნომერზე, პალატამ არარელევანტურად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საკასაციო პალატის დადგენილ პრაქტიკაზე, რომ დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი (იხ. სუსგ 01.05.2023წ. საქმე №ბს-162(კ-23)). რაც შეეხება მოსარჩელეთა მიმართ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის გამოყენების საკითხს, პალატამ აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმა და მთლიანად კანონი მიღებულ იქნა 2014 წლის 06 თებერვალს მისი 2014 წლის 01 მარტიდან ამოქმედების დათქმით (№1982- IIს). მითითებული კანონის ამოქმედებამდე არსებული და მოსარჩელეთა მამის გ.მ-ისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის დროს მოქმედი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონი არ ითვალისწინებდა მსგავს რეგულაციას, ხოლო ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ამდენად, პალატამ უდავოდ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მამას საცხოვრებელი ფართი მიღებული აქვს 2012 წელს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 06 თებერვლის კანონის ამოქმედებამდე, რომელსაც არ გააჩნია უკუქცევითი ძალა. ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეები ქ. და თ. მ-ები, მამასთან გ.მ-სთან ერთად, როგორც ოჯახის წევრები, საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილებულან, მოსარჩელეთა მამის გ.მ-ისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის დროს მოქმედი კანონმდებლობით მათ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე არ ერთმეოდათ საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება. 2014 წელს მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით შემოღებული რეგულაციის მოსარჩელეთა მიმართ გავრცელების შემთხვევაში კი, ისინი, როგორც გ.მ-ის დამავალი შტოს წარმომადგენლები, ჩაითვლებიან საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად, რაც უდავოდ აუარესებს მათ მდგომარეობას. მოსარჩელეთა მამის მიერ 2012 წელს საცხოვრებელი ფართის მიღების დროს მოქმედი კანონი ამგვარ მითითებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, გ.მ-ი, ისევე როგორც მოსარჩელეები ვერ განჭვრეტდნენ მოგვიანებით მათი მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობას, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართის მიღების უფლების დაკარგვას. სააპელაციო პალატის მოსაზრებითმ, ამგვარი მიდგომით უგულებელყოფილია სამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურობა და სამართლებრივი სიცხადე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის №03/4589 წერილზე, რომლითაც შ., თ. და ქ. მ-ების წარმომადგენელს 2020 წლის 28 თებერვლის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, შ., თ. და ქ. მ-ები არ იყვნენ დაკმაყოფილებულები სახელმწიფოს მხრიდან. საცხოვრებელი ფართი, რომელზედაც სააგენტომ მიუთითა, გ.მ-ის სახელზე ირიცხებოდა 2020 წლის მდგომარეობითაც, რაც დამატებით ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო საკითხის არასათანადოდ შეფასებას, ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებების მიღებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი არ იზიარებს მოსაზრებას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელეების დედასთან ერთდ სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, მათ მისამართის ცვლილების მოთხოვნით უნდა მიემართათ სააგენტოსთვის. ამასთან, მოსარჩელეები დევნილთა მონაცემთა ერთიან ბაზაში მამის მისამართზე არიან რეგისტრირებულნი. ნორმატიული აქტის უკუძალასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებთან მიმართებით არ დგინდება მათი მდგომარეობის გაუარესება. სააგენტოს მოსაზრებით, მხედველობაშია მისაღები, რომ მოსარჩელეები გ.მ-ის ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ, ამდენად, დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამავე ოჯახის წევრებისათვის დამატებით ფართების გადაცემა წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები - ქ. და თ. მ-ები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს და რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში.

მოსარჩელეების მამას - გ.მ-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის №10/09/03 განკარგულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ქარელის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი ბინა (ს/კ №...), რის საფუძველზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გ.მ-ის შორის 2012 წელს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 24 აგვისტოს № IDP 1 23 00896352 წერილობითი მიმართვით თ.მ-ის, და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბრის № IDP 1 23 00954041 წერილობითი მიმართვით, ქ.მ-ის განემარტათ, რომ მათი მშობელი გ.მ-ი 2012 წელს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. სააგენტომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლობის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება, და აღნიშნა, რომ კანონისმიერი შეზღუდვიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს განეხორციელებინა თ. და ქ. მ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 31 ოქტომბრის № IDP 3 23 01156426 და № IDP 7 23 01156457 გადაწყვეტილებებით თ. და ქ. მ-ების ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოცემულ საქმეში საკასაციო პალატის შეფასების საგანია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თ. და ქ. მ-ებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება მათი, როგორც საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილი მამის პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლებად და შესაბამისად, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად მიჩნევის გამო. აღსანიშნავია, რომ სადავო აქტების გამოცემის საფუძველი, სწორედ, ზემოაღნიშნული გარემოება გახდა და სადავო საკითხს არ წარმოადგენს მოსარჩელეების მამასთან ერთ ოჯახად ცხოვრებისა და რეგისტრაციის ფაქტი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. სწორედ ხსენებული ნორმის საფუძველზე ეთქვათ უარი მოსარჩელეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ანალოგიური შინაარსის ჩანაწერს შეიცავს ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტი.

მოცემულ საქმეში გასათვალისწინებელია და ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე განხორციელდა უშუალოდ გ.მ-ის სასარგებლოდ, ხოლო თ. და ქ. მ-ები არც საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის №10/09/03 განკარგულებაში და არც 2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არიან მითითებულნი როგორც ბენეფიციარები, ამავდროულად, მათი საცხოვრებლით ჯერ კიდევ უზრუნველსაყოფ პირებად მიჩნევას ადასტურებს თავად სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის №03/4589 წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, შ.მ-ი, თ.მ-ი და ქ.მ-ი არ არიან დაკმაყოფილებულები სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული გარემოებების მიუხედავად მოსარჩელეთა განსახლებაზე უარის თქმის პირობებში, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ნორამტიული შინარსის გაანალიზებას მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა (იხ. სუს. 2010 წლის 21 ოქტომბრის №ბს-479-459(კ-10) განჩინება).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შექმნის მიზანიც სწორედ დევნილთათვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნაა. განსახილველი ნორმა („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი) არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც დევნილის (ინდივიდის) საცხოვრებლის უფლების შეზღუდვა, არამედ, ნორმის მიზანია სახელმწიფოს რესურსების რაციონალური განაწილების, დუბლირებების თავიდან აცილების ხელშეწყობა იმგვარად, რომ სახელმწიფოს მოეხსნას მრავალგზის დაკმაყოფილების ვალდებულება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომელთა საცხოვრებლის საკითხი უკვე ფაქტობრივად გადაწყვეტილია. რეგულაცია მიემართება იმ შემთხვევებს, როდესაც დევნილი ოჯახი დაკმაყოფილებულია საცხოვრებლით, ხოლო შთამომავლობა უკვე ამ პირობებშია დაბადებული (საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემდგომ), წარმოადგენენ ამ საცხოვრებლის ბენეფიციარებს და ცალკე ფართით დაკმაყოფილებას აღარ ექვემდებარებიან. აღნიშნულისგან განსხვავებულია მოცემული შემთხვევა, როდესაც საცხოვრებლით დაკმაყოფილდა არა დევნილი ოჯახი, არამედ დევნილი პირი ინდივიდუალურად, ბინის გადაცემის მომენტში კი მას უკვე ჰყავდა დევნილის სტატუსის მქონე შვილები (მოსარჩელეები). იმ პირობებში, როდესაც გ.მ-ის საცხოვრებლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ არც ერთ დოკუმენტაციაში მოხსენიებულნი არ არიან ქ. და თ. მ-ები, განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „დევნილი ოჯახის“ ერთიანი დაკმაყოფილების პრეზუმფცია ვერ გავრცელდება მოსარჩელეებზე. დევნილის სტატუსი ინდივიდუალური ხასიათისაა და მისი მატარებელი პირი ფლობს შესაბამის უფლებებს უშუალოდ და არა მხოლოდ ოჯახის წევრობის საფუძველზე. შესაბამისად, ქ. და თ. მ-ები არიან ისეთ სამართლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობაში, როგორც სახელმწიფოს მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულების პირობებში მყოფი სხვა დევნილი პირები. უძრავი ქონების მხოლოდ გ.მ-ის სასარგებლოდ უზრუნველყოფას ადასტურებს გადაცემული ფართის სიმცირეც - 26.18 კვ.მ.. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი №9 არეგულირებს დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებს. „წესის“ №9 დანართით 1-2 მოსახლეზე გათვალისიწნებულია ერთოთახიანი ბინა ფართით 30-დან-40 კვ.მ.-მდე, 2-ზე მეტი მოსახლის შემთხვევაში კი, გათვალისიწნებულია ფართი 50 კვ.მ.-დან ზემოთ. აღნიშნული გარემოება დამატებით ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გ.მ-ისთვის საცხოვრებლის გადაცემისას ბენეფიციარად მოიაზრებდა მხოლოდ გ.მ-ის.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება, რომელიც არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი. კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა რომლებიც დაადასტურებდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა ბინით უზრუნველყოფას ვერ გამორიცხავს მათი მშობლის მიერ საცხოვრებელი ფართის ინდივიდუალურად მიღების ფაქტი, ხოლო მოსარჩელეთათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის სხვა გამომრიცხავი გარემოებები საქმის მასალებში არ მოიპოვება. შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თ. ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი