Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1371(2კ-24) 20 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) - ვ.კ-ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 30 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვ.კ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ამავე მუხლის 15 მუხლის თანახმად კი, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, ხოლო ამავე თავის პირველი პრიმა პუნქტით თითოეული სახეობის კონტრაქტის დარღვევისთვის განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობები.

მოსარჩელის განმარტებით, ვ.კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2018 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №724 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი“ კონტრაქტი (კონტრაქტი იუნკრად ყოფნის ვადისა და დამატებით 5 კალენდარული წლის ვადით (2022 წლის 1 აპრილის შეთანხმების ოქმი). 2019 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა მე-6 მუხლში, შემცირდა კონტრაქტის თავდაპირველი რედაქციით განსაზღვრული ჯარიმა (28 000 ლარი) და 6.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ,,თუ სამხედრო მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით (გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით, დადასტურებული მიზეზის გამო (მათ შორის მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა) მას ეკისრება ჯარიმა შემდეგი ოდენობით..დ) IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში - 5 000 ლარი.

ვ.კ-ემ პირადი პატაკის საფუძველზე, ვადაზე ადრე შეწყვიტა კონტრაქტი. იგი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 1 მარტის №629 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ვ.კ-ის ნამსახურობა საქართველოს თავდაცვის ძალებში შეადგენდა 4 წელს, 5 თვეს და 21 დღეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვ.კ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 5 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ.კ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვ.კ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ.კ-ეს შორის 2018 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი“ №1/48-ს კონტრაქტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევას და განმარტა, რომ ვ.კ-ის მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის წარმოების ეტაპზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, მართალია, ადასტურებდა აღნიშნული კონტრაქტის დადებამდე და შეწყვეტის შემდგომ პერიოდში მოპასუხის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა სამედიცინო დოკუმენტაციის შინაარსით თვითმოვლის შეუძლებლობა არ დასტურდებოდა, ასევე წარმოდგენილი მასალით არ დასტურდებოდა, რომ ოჯახის ერთადერთ შემოსავალს ვ.კ-ის ანაზღაურება წარმოადგენდა. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი ფინანსური ვალდებულების ამსახველი დოკუმენტი არ ასახავს პატაკის დაწერის მომენტისთვის ვ.კ-ის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ.კ-ეს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით ფაქტობრივად წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა - 5000 ლარი არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. შესაბამისად, მიიჩნია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) შეუსაბამოდ მაღალია და უნდა განისაზღვროს 3 000 ლარით, რითაც დაცული იქნება, როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ვ.კ-ემ.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ჯარიმის თანხის შემცირებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №264 დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში, რომლის XIX თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდა 5000 ლარამდე – IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში („დ“ ქვ.პ.). ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონით დადგენილ თანხას და მასზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა - ვ.კ-ემ საკასაციო საჩივარში განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რომელიც ვ.კ-ის მძიმე ოჯახურ და ფინანსურ მდგომარეობას ადასტურებდა. აღნიშნული კი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მის მიერ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა გამოწვეული იყო მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობით (დედის ავადმყოფობა, ასევე ფინანსური პრობლემები, კერძოდ, სესხი). მისი ოჯახური მდგომარეობა არ იძლეოდა ჯარიმის გადახდის შესაძლებლობას და კონტრაქტიდან გამომდინარე, ვ.კ-ე უნდა გათავისუფლებულიყო ჯარიმის გადახდისაგან. ვ.კ-ის ფინანსური და ოჯახური მდგომარეობა სამხედრო სამსახურში მიღების შემდეგ გართულდა. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ვ.კ-ეს პატაკზე არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტები დართული, მისი მძიმე ოჯახური და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული იყო თავდაცვის სამინისტრო. კასატორის მოსაზრებით, არათუ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო, არამედ იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს ჯარიმის გადახდისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ხოლო 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით ვ.კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ.კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №3134 ბრძანებით 2018 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტი ვ.კ-ე ჩაირიცხა სსიპ დავით აღმაშენებლის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელად 2018 წლის 10 სექტემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ.კ-ეს შორის 2018 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი“ კონტრაქტი №1/48-ს.

ვ.კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2018 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი“ კონტრაქტი იუნკრად ყოფნის ვადისა და დამატებით 5 კალენდარული წლის ვადით (2022 წლის 01 აპრილის შეთანხმების ოქმი). 2019 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა მე-6 მუხლში, შემცირდა კონტრაქტის თავდაპირველი რედაქციით განსაზღვრული ჯარიმა (28 000 ლარი) და 6.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ, „თუ სამხედრო მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით (გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით, დადასტურებული მიზეზის გამო (მათ შორის, მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა)), მას ეკისრება ჯარიმა შემდეგი ოდენობით: ... დ) IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში - 5 000 ლარი“.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 01 მარტის №629 ბრძანებით ვ.კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) საფუძველზე. ვ.კ-ის ნამსახურება საქართველოს თავდაცვის ძალებში შეადგენს 4 წელს, 5 თვესა და 21 დღეს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დაუსაბუთებელია კასატორის - ვ.კ-ის მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ.კ-ეს შორის 2018 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი“ №1/48-ს კონტრაქტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევა, რომლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა). საქმის მასალებში არსებული 2023 წლის 7 თებერვლის პატაკის (ს.ფ. 31) თანახმად, ვ.კ-ე 2018 წლიდან მსახურობდა სამხედრო სამსახურში, გაცნობილი იყო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაგრამ პირადი პატაკით ითხოვდა სამსახურიდან დათხოვნას (დედის ჯანმრთელობისა და ფინანსური მდგომარეობის გამო), რაზეც მას გასაუბრება ჰქონდა ასეულის მეთაურთან, ბატალიონის იურისტთან და ბატალიონის მეთაურთან, მათ ურჩიეს, რომ გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური, მაგრამ მას არ შეუცვლია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, თხოვნა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 01 მარტის №629 ბრძანებით ვ.კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ვ.კ-ის მიერ სადავოდ არ გამხდარა სამხედრო სამსახურიდან მითითებული ნორმით დათხოვნის კანონიერება, ამასთან, მის მიერ წარდგენილი 2023 წლის 7 თებერვლის პატაკი არ შეიცავს, შესაბამის დოკუმენტებზე მითითებით, „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი“ №1/48-ს კონტრაქტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევას. აღნიშნული ნორმა სამსახურიდან დათხოვნის საგამონაკლისო შემთხვევად განიხილავს მძიმე ოჯახურ მდგომარეობას, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლას და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევასა ან დანიშვნას. ვ.კ-ეს, პირად პატაკში მითითებული გარემოებების დამამტკიცებელი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია სამსახურში არ წარუდგენია. ოჯახის წევრების კასატორის კმაყოფაზე ყოფნა, სესხის გადახდის ვალდებულების არსებობა თავისთავად არ ადასტურებს მძიმე ოჯახურ მდგომარეობას. ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული კონტრაქტი მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მოთხოვნის უფლებას თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას.

სადავოდ ქცეული პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრების საკითხთან მიმართებაში, საყურადღებოა გაფორმებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის შემთხვევაში გათვალისწინებული სანქციები. საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ.კ-ეს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით ფაქტობრივად წარმოადგენს პირგასამტეხლოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, ვ.კ-ის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევამ (კონტრაქტის შეწყვეტა) წარმოშვა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით დაკისრების გამო, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრის მიზნით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გავრცელების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და შესაბამისად მისი შემცირების დაუშვებლობის შესახებ, რადგანაც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500) მე-2 მუხლის 14 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს შეფასებას, რომ ზემოაღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა მიიჩნევა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს და, ფაქტობრივად, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს (სუსგ №ბს-175-173(კ-12), 11.07.2012წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი/გონივრული და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხისათვის 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება არის სამართლიანი და ნამსახურობის ვადის ადეკვატური.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ.კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე