ას-10-365-07 12 მარტი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ. უ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ხ-ის წარმომადგენელმა ტ. ხ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. უ-ს მიმართ და მოითხოვა საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა, კერძოდ, ქ.წყალტუბოში, ... ქ. ¹4\45-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მის საკუთრებაში გადაცემა და მოპასუხის სასარგებლოდ შესაბამისი კომპენსაციის გადახდა ან პირიქით - მოპასუხისათვის აღნიშნული ბინის გადაცემა და მისთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თ. ხ-ე ცნობილ იქნა მისი და მისი მეუღლის მოპასუხე ნ. უ-ს ქორწინების განმავლობაში შეძენილი წყალტუბოში ... ქ. ¹4\45-ში მდებარე ბინისა და მოძრავი ქონების თანამესაკუთრედ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2005 წლის 20 ივლისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ მოპასუხე არ თანხმდება თანასაკუთრებაში მყოფი ქონების განაწილების არც ერთ სავარაუდო ვარიანტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა, აგრეთვე, ქ.წყალტუბოში, ... ქ. ¹4\45-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მთლიანად მის საკუთრებაში გადაცემა და მოპასუხისათვის ამ სახლის კუთვნილი ნაწილის შესაბამისი კომპენსაციის გადაცემა ან პირიქით, აღნიშნული საცხოვრებელი ბინის მოპასუხისათვის გადაცემა და შესაბამისი კომპენსაციის მოსარჩელესათვის გადაცემა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ნ. უ-ს მოპასუხე თ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოძრავი და უძრავი ქონების ღირებულების, 5187,5 ლარისა და 1965 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დღეს არსებული კურსით ანაზღაურება.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. უ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ხ-ის წარმომადგენელ ვ. კ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, ნ. უ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. უ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება. საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, იცოდა სასამართლო სხდომის შესახებ, მაგრამ მისი სასამართლოში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობით, რასაც ადასტურებდა შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რომელიც ერთვოდა საჩივარს, მაგრამ ვერ შეძლო აღნიშნულის თაობაზე თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ნ. უ-ს საჩივარი არ დამაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. უ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კასატორის განმარტებით, მართალია იცოდა, სასამართლო სხდომის შესახებ, მაგრამ მისი სასამართლოში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობით, რასაც ადასტურებს სამედიცინო ცნობა, რომელიც ერთვის საჩივარს. მან ვერ შეძლო აღნიშნულის თაობაზე თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით ნ. უ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მეხუთე ნაწილის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. უ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. უ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით ნ. უ-ს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 169-170). მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ნ. უ-ს გაეგზავნა 2007 წლის 24 იანვარს (ს.ფ. 171), კასატორს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 1 თებერვალს (ს.ფ. 172). კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 16 თებერვლის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. უ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. უ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.